ბათუმი,მთავარი,სიახლეები

პობედა სამინისტრომ 4 ათასით გააძვირა და ხელახლა ყიდის – აუქციონი

24.11.2023 • 2330
პობედა სამინისტრომ 4 ათასით გააძვირა და ხელახლა ყიდის – აუქციონი

„პობედა“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 5 ათას ლარად ჰქონდა გატანილი აუქციონზე და 9 ათას ლარად გაიყიდა, ხელახლა იყიდება. ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, წინა აუქციონში გამარჯვებულმა მანქანა აღარ შეიძინა.

„ფიზიკურმა პირმა, რომელმაც აუქციონზე 9 ათასი ლარი დააფიქსირა და გაიმარჯვა, შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა. ამიტომ მანქანა ხელახლა გავიტანეთ აუქციონზე გასაყიდად“, – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროს ვკითხეთ, რატომ გამოიტანეს ავტომანქანა 4 ათასი ლარით ძვირად, ვიდრე წინა აუქციონზე?

„რადგან ვაჭრობა იყო და მაქსიმალური თანხა 9 ათასი ლარი დაფიქსირდა, ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განმეორებით აუქციონზე ამავე ფასად გამოგვეტანა. თუ არ გაიყიდება, შემდეგ დავაკლებთ საწყის გასაყიდ ფასს“, – გვითხრეს სამინისტროში.

ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, წინა აუქციონზე, როცა „პობედა“ 5 ათას ლარად იყო გატანილი და ბიჯი 200 ლარი იყო, ვაჭრობაში სამი პირი მონაწილეობდა, ავტომანქანა კი მე-20 ბიჯით გაიყიდა.

ამჯერად ავტომანქანის საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია, ბიჯი კი ისევ 200 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 11 დეკემბერს დასრულდება.

აუქციონის მიხედვით:

  • „ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (ძარა: 79246, ძრავა LJ 38864, შასი: 108144, გამოშვების წელი 1953, ფერი: ყავისფერი 1/8).
  • სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ძრავა (LJ38864) წარმოადგენს არა ,,გაზ 20“-ის, არამედ სხვა მარკა მოდელის სატრანსპორტო საშუალების ძრავას. სატრანსპორტო საშუალებას სამინისტროს მფლობელობაში გადმოსვლამდე (2009 წელი) შეუცვალეს ძრავა, ხოლო აღნიშნული ცვლილება არ არის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებული, ავტომანქანის ე.წ. ტექპასპორტში მითითებულია შეცვლამდე არსებული ძრავის ნომერი.
  • ამასთან, არ არსებობს ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში, სატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, არ იქოქება და ძრავა არ მუშაობს, შესაბამისად, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ინსპექტირების ცენტრში მუშა და გამართულ მდგომარეობაში ინსპექტირების პროცედურების ჩასატარებლად.
  • აღნიშნულის გამო სატრანსპორტო საშუალების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად აღრიცხვის პროცედურები შეუძლებელი ხდება.
  • სამინისტრო არ იღებს პასუხისმგებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით რეგისტრაციის პროცედურების განხორციელების თაობაზე.“

„პობედა“ ერთადერთი პირობით იყიდება: აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

 

განახლება: „პობედა“ 9 000 ლარად ამჯერად არ გაიყიდა და სამინისტრომ აუქციონი ფასდაკლებით გამოაცხადა. ახალ აუქციონზე „პობედის“ საწყისი გასაყიდი ფასი 7 200 ლარია, ბიჯი კი – 150 ლარი. ახალი ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2024 წლის 14 თებერვალს დასრულდება.

 

  • სამინისტრო ამჯერად უპირობო აუქციონზე კიდევ ერთ მანქანას ყიდის – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბალანსზე რიცხულ „ავტომანქანა „Nissan Navara” (სახელმწიფო ნომერი DV-377-DV, გამოშვების წელი: 2008, ძრავა-2,5 ბენზინი, MNTBD03S186006305).

აუქციონზე გამოტანილი პიკაპი

ამ პიკაპის საწყისი გასაყიდი ფასი 10 ათასი ლარია, ბიჯი – 300 ლარი. აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 11 დეკემბერს დასრულდება.

„ხანგრძლივი მუშაობის შედეგად პიკაპი გამოსულია მწყობრიდან, ძრავა გამოსულია მწყობრიდან“ – აღნიშნულია აუქციონში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: