საზღვაო აკადემიაში სწავლას ქართულ ენაზე ვაპირებ – მიროსლავა უკრაინიდან

“როცა გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ომი იყო დაწყებული. დედამ მითხრა, შვილო, მოდი მოვემზადოთ, მე კი ვერ ვხვდები, სად უნდა წავიდეთ ღამის სამ საათზე. დედამ დაიჟინა, რომ ისვრიან და უნდა წავიდეთ…” – 17 წლის მიროსლავა ბელოზაროვა ომის დაწყების ღამეს იხსენებს.

მიროსლავა ხარკოვიდანაა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოჯახის წევრებთან ერთად ორი კვირა ხარკოვის მეტროს აფარებდა თავს, შემდეგ სამი თვე ლვოვში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ბოლოს კი, ქვეყნის დატოვება მაინც მოუხდათ. მიმართულებად საქართველო აირჩიეს, რადგან აქ ახლობლები ეგულებოდათ  – “თოვდა იმ დღეს, ქარბუქი იყო, არაფერი ჩანდა და მტერს გაუჭირდებოდა ჩვენთვის სროლა. სადგურშიც არავინ იყო. აქ 2022 წლის 11 ივნისს ჩამოვფრინდით, ეს მახსოვს ძალიან კარგად”.

“მივიღეთ ის ფაქტი, რომ იმ მომენტში უკრაინაში ყოფნას, ასე ვთქვათ, აზრი არ აქვს. თუმცა ბოლომდე ვფიქრობდი, რომ უკრაინიდან არ წავიდოდი და ლვოვში დავრჩებოდი. უკრაინიდან გამომგზავრება რთული იყო… საზღვართან უცებ გახსენდება სკოლის ცხოვრება, ახლობლები… იქ დავტოვეთ ბებია, ბაბუა, მამა და კიდევ ერთი ბებია”.

საბრძოლო ტექნიკისა და ტრანსპორტის დასაფარი კამუფლაჟის ქსოვა. ლვოვის საერთო საცხოვრებელი

მიროსლავამ ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ ხარკოვის სკოლაში სწავლა დისტანციურად გააგრძელა. პირველ რიგში იმიტომ, რომ იცოდა იქ გარანტირებულად გასცემდნენ ატესტატს, გარდა ამისა “ეს ჩემი საყვარელი სკოლაა და მინდოდა ვყოფილიყავი სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებული, მსურდა, მისი ერთგული დავრჩენილიყავი,” – ამბობს ის. 

მიროსლავა ჰყვება, რომ იყო შემთხვევები, როცა გაკვეთილები უქმდებოდა უშუქობის გამო და რომ მასწავლებლები სხვადასხვა ადგილას ეძებდნენ დენის ალტერნატიულ წყაროებს, რომ გაკვეთილები არ ჩაშლილიყო, “შთაგონებული ვარ ჩემი კლასის დამრიგებლის, იგივე ისტორიის მასწავლებლის სიმშვიდით, რომელიც განგაშის დროსაც კი გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი მწყობრშია და ვაგრძელებდით გაკვეთილს”.

“სკოლის გამოსაშვები საღამო, სამწუხაროდ, არ გვექნება.  ჩემი კლასიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ხარკოვში, დანარჩენები მთელ ევროპაში არიან გაბნეული. გვინდოდა, ონლაინ გვეცადა რამე, მაგრამ გადაწყდა, რომ ისინი კლასის ხელმძღვანელთან ერთად, სადმე ჩამოსხდებიან, ერთმანეთთან ახლოს, რომ რაღაც სიმბოლურიც იყოს და გულთან ახლოსაც”.

სწავლის გაგრძელება საქართველოში და ბარიერები

მიროსლავა ბათუმში, საზღვაოს განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა ეს მისი თავდაპირველი გეგმა არ ყოფილა. ხარკოვში ცხოვრების დროს, ბიზნესის ფაკულტეტზე აპირებდა სწავლას, “უნივერსიტეტიც შერჩეული მქონდა… მაგრამ ომის შემდეგ  ყველაფერი გაჩერდა, დავიკარგე, რა უნდა მექნა, არ ვიცოდი”.

  “ჩასაბარებლად რომ საზღვაო აკადემიას განვიხილავ, ჩემი მამინაცვლის დამსახურებაა. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, ამით გატაცებული არ ვარ… მაგრამ ახლა უკვე ვიწყებ ფიქრს, რომ უკრაინაში, ალბათ, კიდევ ერთ ხანს ვერ წავალ და უნდა დავიწყო აქ საკუთარი თავის შექმნა” – ამბობს ის.

ამის პარალელურად მიროსლავას სურს, რომ ხელოვნების უნივერსიტეტში, ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე ჩააბაროს, ასეთივე გეგმა ჰქონდა მას უკრაინაშიც, რადგან ცეკვა მისი დიდი ხნის გატაცებაა:

“საკმაოდ დიდი ხანია ცეკვით ვარ დაკავებული, ბავშვობიდან, უკვე 13 წელია. მიყვარს ცეკვა, ეს ის არის, რითაც მუდამ ვიწვი. ხარკოვში ვცეკვავდი ხალხურ, თანამედროვე, კლასიკურ ცეკვებს, მოკლედ სხვადასხვანაირს. აქ ვიპოვე თანამედროვე ცეკვის კოლექტივი; ძალიან მომწონს ქართული ცეკვები. ვაპირებ, რომ ვცადო მათაც ჩავუღრმავდე. რამდენიმე თვე ხარკოვშიც ვცეკვავდი ქართულს,” – ჰყვება ის.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში სამი ურკაინელი სტუდენტი სწავლობს, სამივე ნავიგაციის ფაკულტეტზეა. მათგან ორი ინგლისურ ენაზე გადის სასწავლო პროგრამას, ერთი კი, რომელმაც ენა ქართველი ოჯახის წევრებისგან იცოდა – ქართულ სექტორზეა. 

რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2024 წლის  მარტის მონაცემებით აქ ოთხი უკრაინელი სტუდენტი სწავლობს – ერთი – თურქოლოგიის ფაკულტეტზე, დანარჩენები სლავური ფილოლოგიის მიმართულებასა და სამედიცინო ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე ირიცხებიან.

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორს წელს 14 კურსდამთავრებული ჰყავს. მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა დავითაძე ამბობს, რომ მე-11 კლასის მოსწავლეთაგან, რომლებმაც დაასრულეს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ, “ზოგიერთი აპირებს თბილისში უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, სადაც სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე (მაგალითად სამედიცინო ფაკულტეტზე), ზოგიერთს კი, პროფესიულ სასწავლებლებში სურს სწავლა,” – ამბობს ის.

აქვე აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტებში, მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტს აქვს, რაც ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები საქართველოში პროფესიის შერჩევაში შეზღუდულები არიან.

გეგმები საქართველოში და ენის ბარიერი

ამჟამად მიროსლავასთვის, სწავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს ქართული ენის არასათანადო ცოდნა წარმოადგენს, თუმცა მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ქართულად ილაპარაკებს.

ეროვნული გამოცდები საქართველოში ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად ბარდება, მიროსლავა გამოცდებს ინგლისურ ენაზე ჩააბარებს, სწავლას კი ქართულ ენაზე აპირებს: “ალბათ ინგლისურ ენაზე ჩავაბარებ გამოცდებს, ცოტა ინგლისურიც უნდა ამოვქაჩო, მაგრამ ძალიან მინდა გავაძლიერო ჩემი ქართული, რომ ასევე სხვა მხრივაც განვვითარდე…” – ამბობს ის. 

იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოში ჩაირიცხოს მისაღებ გამოცდებზე და შეძლოს სწავლა ქართულენოვან პროგრამებზე, მას მოეთხოვება ქართული ენის ფლობა B2, ანუ საშუალოზე მაღალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოენოვან სტუდენტებს, ქართული ენის შემსწავლელ ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობენ, თუმცა, ეს კურსი ფასიანია.

მიროსლავა უკრაინელებისთვის განკუთვნილი ქართული ენის უფასო კურსებზე დადის, ამბობს, რომ ახალი ენა თავიდან საკმაოდ რთული ეჩვენა, თუმცა კითხვა მალევე ისწავლა და ახლა მტკიცედ სჯერა, რომ ქართულად ლაპარაკს აუცილებლად შეძლებს: 

“ჯერ მაინც დამწყებ დონეზე ვარ [ენის ცოდნის]… ალბათ, მზად ვიქნები ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება უნივერსიტეტს [ქართულად სწავლას], თუ რაიმეს ვერ გავიგებ, თამამად ვიკითხავ, ეს ხელს არ შემიშლის. დარწმუნებული ვარ, შევძლებ ქართულად ლაპარაკს. ქართულ ენაზე კომუნიკაცია ძალიან საიინტერესოა, თანაც იმ ქვეყნის ენაა, რომელიც ასე დაგვეხმარა.

თავიდან მიჭირდა აქ საკუთარი მომავლის წარმოდგენა, ახლა ვფიქრობ რომ აქ ბევრი შესაძლებლობაა და შემიძლია აქ საკუთარი მომავლის შენება. საქართველო ჩემთვის მეორე სახლივითაა,” – ამბობს მიროსლავა.

ერთი თვის წინ მიროსლავას დედამ, დაითანხმა მშობლები საქართველოში ჩამოსვლაზე, მიროსლავას მამა და კიდევ ერთი ბებია უკრაინაში დარჩნენ. 

მიროსლავა - უკრაინელი გოგო რომელიც ნაოსნობის სწავლას გეგმავს საქართველოში

რუსულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ძალაში შევიდა.

ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს, 3 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც პრეზიდენტმა კანონის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება რუსული კანონს, ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კერძოდ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მიიჩნევიან, ვალდებული არიან რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში დარეგისტრირდნენ.

რაც შეეხებათ ვადებს, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში წარმოეშვებათ.

კერძოდ, კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში ჯერ იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის შესასრულებლად უნდა განახორციელონ საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება).

ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი, ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-თან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ.

რუსული კანონის მიღების თითქმის ორთვიან საკანონმდებლო პროცესს თან ახლდა ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გრძელდება.

მედიები და სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან აღნიშნულ რუსულ კანონს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივნისის 21 საათიდან 4 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 511 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 7 779 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 15 002 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 13 280 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 090 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 824 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 739 ერთეული [+40]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 268 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 159 ერთეული [+67]
  • სპეცტექნიკა – 2 199 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 609 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 25 081 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 526 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 236 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 328 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 057 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 237 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გამოძიება არ დაიწყო – „აქტივისტებზე სატელეფონო მუქარის და შეურაცხმყოფელი წარწერების საქმე“

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და დევნიან, ასევე ტელეფონზე ეუმუქრებიან, შსს-ს მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზე არ დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 2 ივნისს ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო მუქარის და დევნის შემთხვევებზე. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მათ აუცილებლად დაუკავშირდებოდა. საია აქტივისტების ინტერესებს იცავს.

სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმიდან: ციალა ქათამიძემ, კახა და ილია გუჩმანიძეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 31 მაისს მიმართეს. ციალა ქათამიძეს ტელეფონზე დაურეკეს და დაემუქრნენ, გუჩმანიძეეს კი, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კედლებზე დაუტოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები.

„სამი სხვადასხვა ნომრიდან დამირეკეს, მემუქრებოდნენ გაქრობით. ჩემი ოჯახის წევრებსაც ურეკავენ არაიდენტიფიცირებადი ადამიანები. არ გვეშინია, ვერ გაგვაჩუმებენ,“-  ამბობს „ბათუმელებთან“ ციალა ქათამიძე, რუსული კანონის წინააღმდეგ ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში. მისი თქმით, გამოკითხვის შემდეგ, მათ სამართალდამცველი საერთოდ არ დაკავშირებია.

„112-ზე დავრეკე და მიპასუხეს, ჯერ ვერ მოვდივართ, წყალმოვარდნებიაო. მივმართავ აჭარის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს: გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს, 112-ის ზარზე მაინც ჰქონდეთ რეაგირება, დეპუტატ დიტო სამხარაძის მუქარის ვიდეოზე მოახდინონ რეაგირება. ასევე მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში, დაგმონ მუქარის ზარები და ძალადობის წამხალისებელი წარწერები ქალაქში,“ – გვითხრა ციალა ქათამიძემ.

რა მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება? – თამარ წულუკიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, ბოლოდროინდელ თავმდასხმებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების: მუქარის,  დევნის და იძულების ნიშნებს ხედავს. ის დაუშვებლად მიიჩნევს, შსს-მ ამ და სხვა მსგავს შემთხვევებზე მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყოს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მუქარა გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ეს მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

იძულება კი, ნიშნავს „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“.

იძულების მუხლიც ითვალისწინებს, სხვადასხვა სასჯელს შორის, 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

რაც შეეხება დევნას – ეს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა და გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას, შინაპატიმრობას 6 თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლით.

ამ თემაზე:

დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

ხაჭაპური ბათუმში გაძვირდა, სხვა ქალაქებში კი, გაიაფდა – კიდევ რა გამოჩნდა მაისის ინდექსით?

„ხაჭაპურის ინდექსის“ მაისის მონაცემებით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ხაჭაპური გაიაფდა, გამონაკლისი ბათუმია. აპრილთან შედარებით ერთი საშუალო ზომის იმერული ხაჭაპური ბათუმში 6.6 %-ით გაძვირდა.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი. 

„2024 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში  – 2023 წლის მაისთან შედარებით –  ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა.

2024 წლის მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.47 ლარი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე იაფად ხაჭაპურის მომზადება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც ერთი სტანდარტული ხაჭაპური 4.91 ლარი ღირს. ფასის სხვაობა დანახარჯების მიხედვით ყველაზე ძვირიან (თბილისსა) და იაფ (ქუთაისს) ქალაქებს შორის 1.56 ლარია.

თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შემცირდა, გამონაკლისი მხოლოდ ბათუმი იყო. ყველაზე დიდი, 15.5%-იანი კლება ქუთაისში დაფიქსირდა. ინდექსის აღნიშნული ვარდნა ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ, სეზონურ ტენდენციას მიყვება. როგორ წესი, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. აღნიშნული შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 509 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 7 765 ერთეული [+25]
  • ჯავშანტექნიკა – 14 980 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 13 233 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 089 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 821 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 699 ერთეული [+82]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 268 ერთეული [+38]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 092 ერთეული [+86]
  • სპეცტექნიკა – 2 195 ერთეული [+14]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 609 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 25 014 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 526 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 228 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 327 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 024 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 212 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან

„ბავშვის თანდასწრებით“ – ბევრგან შეხვდებით ამ ფრაზას, თუ ოჯახში ძალადობის საქმეებს გადახედავთ. ოჯახში ძალადობის სასტიკი ამბები ხშირად ოჯახურ გარემოში, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მათ თვალწინ ხდება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს მომენტი განსაკუთრებით რთული და მტკივნეული ბავშვებისთვისაა. მათთვის ამ ქვეყანაში შესაბამისი და ხელმისაწვდომი სერვისი რომ პრობლემაა, ეს სახალხო დამცველმაც აღნიშნა დღეს, პირველ ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. ლევან იოსელიანმა რუსული კანონი ამ ჭრილში გააკრიტიკა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე,“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

პირველი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს 3 განჩინებას გაეცნო ოჯახში ძალადობაზე ჩანაწერით: „ბავშვის თანდასწრებით“.

  • საქმე პირველი: „დანის ტარი ორჯერ დაარტყა ნეკნებში… ყოველივეს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი“ 

გამოძიების ვერსიით, განქორწინებამდე დავითი სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ცოლზე – ნინოზე, მათ შორის, ორსულობის დროს.

„…ბავშვის თანდასწრებით ჩხუბი, ნივთების დამტვრევა და ყვირილი ნ.-ს აყენებდა მორალურ ზიანს, იგი ზემოაღნიშნული ქმედებებით განიცდიდა ტანჯვას… ჩხუბი დაუწყო ნ.-ს იმის გამო, რომ იგი სახლს კარგად ვერ ალაგებდა, ხოლო როდესაც დაზარალებულმა აუხსნა, რომ ორსულობის გამო უჭირდა სახლის დალაგება, დ. შ-მა სახეში ძლიერად დაარტყა ხელი, შემდგომ ჟაკეტის საყელოში მოჰკიდა ხელი და მისაღები ოთახის კარს მიანარცხა.

…აგრესიული ტონით მიმართა, რომ მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა უფლება, საკუთარი აზრი გამოეხატა და ქმარს შეპასუხებოდა. ამის შემდეგ, დ.-მ ჯერ დალეწა ირგვლივ არსებული ნივთები, რის შემდგომაც დაიწყო ნ. უ-ზე ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, ძლიერად ურტყამდა ხელს სახეში, ტანზე, ძალადობდა ფეხითაც, მერე სამზარეულოს მოზრდილი დანის ტარი ორჯერ დაარტყა ნეკნებში და ერთხელ მარცხენა ფეხის ბარძაყში.

შედეგად ნ.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ტირილით ევედრებოდა მეუღლეს, შეეწყვიტა ძალადობრივი ქმედებები, თუმცა უშედეგოდ. ყოველივეს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი დ.,“ – ეწერა პროკურატურის დადგენილებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავითს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მას ასევე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. განაჩენი უცვლელი დატოვეს ზემდგომმა ინსტანციებმა.

  • საქმე მეორე: უზენაესი სასამართლო დასაბუთებაში ახსენებს ბავშვსაც, რომელიც ძალადობას შეესწრო 

ირაკლი თათიაზე 2 წლის შვილის თანდასწრებით ძალადობდა.

„არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ჯანმრთელობა განზრახ მსუბუქად დაუზიანა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, კერძოდ, ლარნაკი ჩაარტყა თავში, ხოლო მობილური ტელეფონი – მტევნისა და თავის არეში, ასევე, ხელებისა და ფეხების გამოყენებით აყენებდა დაზიანებებს სხეულის სხვადასხვა არეში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ირაკლი ი.-ს ოჯახში ძალადობის გარდა, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლებითაც წარუდგინეს ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

განჩინებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ირაკლი ი.-ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

ამ საქმეზე პროკურორს სასჯელის გამკაცრება მოუთხოვია:

„საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ა.-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე – ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები – მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, დანაშაულის აღიარება და მონანიება, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი

ი. ა.-მ ოჯახის წევრის – მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაულები, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით [2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია] გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუფარდეს (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). თუმცა შემდეგ დადგენილი სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაუთვალეს პირობით მსჯავრად.

პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“.

უზენაესი სასამართლო ახსენებს ბავშვსაც, რომელიც მამისგან დედაზე ძალადობას შეესწრო:

„ის ფაქტი, რომ ი. ა.-მ ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე – ლარნაკისა და ტელეფონის გამოყენებით, გათვალისწინებულია მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, კერძოდ, ი. ა-ს სამივე შემთხვევაში შეფარდებული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დაკისრებული აქვს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

აქვე გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც არ აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ და შერიგებულია მასთან,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

  • საქმე მესამე: „ხელს ძლიერად უჭერდა და თანდათან სუნთქვა უჭირდა… იმავე ოთახში იმყოფებოდნენ მათი შვილები, ხმას ვერ იღებდნენ, ჩანდნენ შეშინებულები“

ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, მოძალადე კაცმა 6 და 7 წლის ბავშვების თანდასწრებით იძალადა ცოლზე.

„დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2022 წლის 9 ივლისს მეუღლე შვილებთან ერთად, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, წასული იყო ს-ს რაიონის სოფელ მ-ში, საიდანაც ასევე ბავშვებთან ერთად დაბრუნდა გაბრაზებული. სახლში შემოსვლისთანავე შეიყვანა იგი ბავშვების ოთახში და დაუწყო ყვირილი, თუ რატომ არ უნდოდათ მათ შვილებს მასთან ყოფნა.

როდესაც დაზარალებულმა უთხრა, რომ ბავშვის სწორად აღზრდისათვის საჭირო იყო შენიშვნის მიცემა და გაწყრომა, მისი მეუღლე უფრო გაბრაზდა და დაუწყო ცემა, კერძოდ, უკან გაუწია და დაუჭირა ორივე ხელი, რის შემდეგაც მარცხენა მხარეს საფეთქელთან ძლიერად დაარტყა მუშტი…

ცდილობდა მის დახრჩობას, ეძახდა, რომ ყელში ამოუვიდა და მოკლავდა. მან მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან ხელს ძლიერად უჭერდა და თანდათან სუნთქვა უჭირდა, შეეშინდა მართლა არ მოეკლა. თავდაპირველად ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყელში წაუჭირა და ახრჩობდა, დასუსტდა და ყვირილიც აღარ შეეძლო. ამ დროს იმავე ოთახში იმყოფებოდნენ მათი შვილები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ, ხმას ვერ იღებდნენ და ჩანდნენ შეშინებულები.

როდესაც მისმა მეუღლემ – ნ. ა-მა დაინახა, რომ მართლა იხრჩობოდა, ხელი გაუშვა. იმ დღეს სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებია, რადგან ქართული არ იცოდა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მეუღლე აკონტროლებდა, რომ სახლიდან არ გასულიყო და პოლიციისათვის არ მიემართა. როდესაც მეუღლეს ეძინა, ჩუმად გამოვიდა სახლიდან, მივიდა მათი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, გამყიდველს უამბო მომხდარის შესახებ და სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან თავს კვლავ ცუდად გრძნობდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც პირობითად ჩაეთვალა 2 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი აღარ შეცვლილა.

„მსჯავრდებულმა ნ. ა-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, დაეთანხმა მათში გადმოცემულ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მუქარის ფაქტი არც საკასაციო საჩივარშია უარყოფილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

___

ამ თემაზე:

როგორ იქცევა სასამართლო, როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში 

სააკაშვილის საქმეზე „გლობალური ომის პარტიამ“ რატომ ვერ იქონია გავლენა – „ოცნების“ ლოგიკა

ვენეციის კომისიაც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცაო – ირწმუნება „ოცნება“, როცა ცდილობს, ევროპაში ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დაწუნებული რუსული კანონით აცხოვროს ქვეყანა. ამავდროულად კი, სხვა ევროპული ორგანოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „სააკაშვილის საქმეზე“ დარღვევები არ დადგინდა, „ოცნებას“ თავისი პროპაგანდის მესიჯებში შეაქვს.

როდის და როგორ მოქმედებს  „გლობალური ომის პარტია“ მმართველი პარტიის ლოგიკით? თუ „გლობალური ომის პარტიას“ გავლენა აქვს ყველ ინსტიტუციაზე დასავლეთში, რა დაემართა ევროსასამართლოს შემთხვევაში?

ამ თემაზე „ბათუმელები“ მამუკა ჟღენტს ესაუბრა, ის დიპლომატია და საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ასევე „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.

  • ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა მოტივაციით მოქმედებს „ქართული ოცნება“, რომელიც ევროპიდან და ამერიკიდან კრიტიკის საპასუხოდ „გლობალური ომის პარტიით“ აშინებს ადამიანებს, ევროსასამართლოს კი სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო აქებს. რა ლოგიკით შეიძლება „გლობალური ომის პარტიას“ გავლენა ჰქონდეს ევროპაში ყველა ინსტიტუციაზე და ევროსასამართლოზე არა?  

როგორც ყველაფერში, აქაც საქმე გვაქვს არასერიოზულ დამოკიდებულებასთან. ეს არის აგდებული დამოკიდებულება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და შემდეგ უკვე პარტნიორების მიმართ. ეს არ ეფუძნება არავითარ ლოგიკას, დასკვნებს, შეფასებას. ეს ეფუძნება მხოლოდ იმას, თუ რა თქვა ბატონმა ბიძინამ, როგორ ხასიათზე გაიღვიძა? თუ ბატონი ბიძინა იტყვის, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, მიესალმებიან, თუ თქვა, არ ვარგაო, იქ უკვე ჩნდება „გლობალური ომის პარტია“, მასონები, რაც ლაშხებს ესიზმრება.

ხომ გახსოვთ, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ ევროსასამართლომ როცა პირველი გადაწყვეტილება გამოაცხადა და არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს, წამოვიდა შეურაცხყოფის ნიაღვარი, მაშინ „გლობალური ომის პარტია“ არ არსებობდა. შემდეგ, როცა იგივე სასამართლომ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღო, ისევ პროფესიონალებად იქცნენ.

ვენეციის კომისიის მიმართაც იგივე დამოკიდებულებაა – გააჩნია, როგორ მოეწონება ესა თუ ის გადაწყვეტილება ბატონ ბიძინას. ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ხოშზე დაფუძნებული.

  • თუმცა „ოცნებაში“ იციან, რომ საქართველოში ენდობიან ევროსასამართლოს და ვენეციის კომისიასაც. თქვენი აზრით, „ოცნება“, არ ცდილობს ამ მიდგომით ამოეფაროს ევროსასამართლოს, როცა მას ეს აწყობს? 

მაგაშიც ალოგიკურები არიან. პირიქით, თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს დინამიკაში, ნებისმიერი ინსტიტუცია მათთვის ხან კარგია, ხან – ცუდი, ხან „გლობალური ომის პარტიაა“, ხან პროფესიონალები არიან.

როცა ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი იყო, გახსოვთ ხომ მაშინდელი შეფასებები? მაშინ „ომის პარტია“ არ არსებობდა, მერე მოიგონა ბატონმა ბიძინამ. მაშინ ამბობდნენ, რომ ევროსასამართლოში არის მოსამართლე საქართველოდან, რომელიც ჩვენს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილიო.

„რუსთავი 2-ის საქმეზე“ როცა შუალედურ გადაწყვეტილებას იღებდა ევროსასამართლო, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანელიძეც გააქანეს იქ, დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა შეხვედრა და გამოუშვეს – უთხრეს, რომ ეს სასამართლოა და ვერანაირი ზეგავლენა ვერავის ექნება. მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორ მუშაობენ ეს ინსტიტუციები და როგორ ამზადებენ დასკვნებს, ერთ ადამიანზე არაფერი არ არის დამოკიდებული ევროსასამართლოში, არც ვენეციის კომისიაში, საკმაოდ ბევრი ფილტრია, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ვენეციის კომისია მათთვის კარგიც იყო და ძალიან ცუდიც. ის, რომ ამ კანონპროექტზე [რუსული კანონი] ვენეციის კომისია კარგს არ დაწერდა, ფაქტია, რადგან შავზე თეთრიაო, ვერ იტყოდა. მნიშვნელოვანია ასევე: ვინ მიმართა ვენეციის კომისიას, რომ ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის სამართლებრივი დასკვნა გაგვეგო, ეს არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლება – ევროსაპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიმართა.

ამიტომაც, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საკითხებში კარგად ერკვევიან, უნდა მიაწვდინონ საზოგადოებას ხმა, რასთან გვაქვს საქმე.

მამუკა ჟღენტი
  • საკუთარ ამომრჩეველზეც ვერ აისახება დადებითად, როცა აცხადებენ, რომ აი, ევროსასამართლომ კონკრეტულ საქმეზე გაგვამართლა? 

ნდობის მოპოვებას ცდილობენ ტროლები, ის მედია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კომენტარები, რასაც ჩვენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, გამიზნულია უფრო იმისკენ, რომ ეს ბატონმა ბიძინამ მოისმინოს და შესაბამისად დაუფასოს. ისინი არც ხალხს და არც ჩვენ პარტნიორებს არ ესაუბრებიან. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების აზრი აღარ აინტერესებს.

ბოლო 2 წელი მინიმუმ მათ არანაირი საზოგადოების დაკვეთა არ აინტერესებთ. მათ პირდაპირ გადაუხვიეს იმ ყველაზე ნათელ საზოგადოებრივ დაკვეთას, რაც არის ევროპული ინტეგრაცია. ვუერთდებით რუსეთს, არ ვიცი, რა ფორმით, ესეც ალბათ გაირკვევა უახლოეს მომავალში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს კი, მართავს ივანიშვილი. ივანიშვილს ვინ მართავს: პუტინი, ბორტნიკოვი, თუ რომელიმე უწყება რუსეთის ფედერაციიდან, ამაზე მარჩიელობას ახლა აზრი არ აქვს.

  • რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას ამომრჩეველთან, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს? 

საქართველო არ არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, თუ რუსულ ჯარს არ შემოიყვანენ, ჩემი აზრით, ივანიშვილის ამბავი დასრულებულია. თუ რუსეთი ჯარს შემოიყვანს, ჩემი აზრით, მაინც დასრულებულია, მაგრამ ეს ცოტა მეტი ხნით გაგრძელდება. რუსული ჯარი იყო საქართველოში 70 წელი, მანამდე – 200 წელი და საბოლოო ჯამში, რუსებს მაინც მოუწიათ წასვლა. ჩვენთვის ეს იქნება დამოუკიდებლობის დაკარგვა, კიდევ ერთხელ სისხლი, პრობლემები…

  • უშვებთ, რომ შესაძლოა შეიარაღებული თავდასხმის განახლებაზე წავიდეს რუსეთი? 

აქ არ არის საუბარი თავდასხმაზე: დაუძახებს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ და შემოიყვანს. კონფლიქტი იქნება შემდეგ, რადგან საქართველოს მოსახლეობა არაფრით არ შეეგუება რუსულ, როგორც ირიბ მმართველობას, რაც დღეს გვაქვს, ან იმას, რომ რუსული ჩექმა შემოვა საქართველოში. ეს რა დაგვიჯდება, როგორ გაგრძელდება პროცესი და რა პერიოდით, სხვა თემაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია.

საქანელა 97 ათას ლარად სარფში – ხელვაჩაურის მერიის სავიზიტო პროექტი

ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სოფელ სარფში „სავიზიტო ბარათი [საქანელა] კონსტრუქციის მოწყობაზე“ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 97 ათას 794 ლარია.

რენდერი პროექტიდან

საქანელა პროექტის მიხედვით, სარფში, მთაზე, ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებასთან მდებარე ჩანჩქერის ზემოთ მოეწყობა.

კონსტრუქციის მოწყობა სოფლის გზის მიმდებარედაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, ეს იქნება ადგილი – გადასახედით ზღვაზე, სადაც საქანელას გარდა პროექტით დაგეგმილია სკამების, განათების, სასმელი წყლის შადრევნისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რენდერი პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.

საქანელა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა მოაწყოს.

ომბუდსმენი რუსულ კანონს ბავშვთა უფლებების ჭრილში აკრიტიკებს

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება.

გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ დღეს, პირველ ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას – მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა.

კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა.

ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პოლიციელმა სიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა – საგამოძიებო

სიძის დაჭრისთვის პოლიციელი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, პირველ ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ბრალდებულ ინსპექტორს, რომელიც უკვე დააკავეს, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ. ბ.-მ  ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

„გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრლცებულ ინფორმაციაში. 

ბრალის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 508 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 7 740 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 14 947 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 13 184 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 088 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 617 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 230 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 006 ერთეული [+101]
  • სპეცტექნიკა – 2 181 ერთეული [+17]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 607 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 964 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 525 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 219 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 326 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 998 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 182 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის მოქალაქეობა“ – ბსუ-ს პროფესორი

2024 წლის მაისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად საქართველოში ათეულობით უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გაიფიცა, მათ შორის ბათუმშიც. სტუდენტების პროტესტს არაერთი ლექტორი შეუერთდა.

ნანა ტრაპაიძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სტუდენტური პროტესტის დღეებში ის სტუდენტების გვერდით იდგა და მათ აქციის დროსაც მიმართა.

„არ შემეძლო იქ არ ვყოფილიყავი, იმდენად აუცილებლად ჩავთვალე ეს, როგორც მოქალაქემ და როგორც ჩემი სტუდენტების მასწავლებელმა.

სტუდენტებს აქვთ სურვილი, რომ ისინი გამოხატავდნენ არამარტო სტუდენტურ ერთობას, არამედ მათი პროფესორებიც იყვნენ მათ გვერდით. მათი შეძახილები ჩემთვის ამას გამოხატავდა, როცა მათ სიტყვით მივმართავდი.

აკადემიური თავისუფლება გულისხმობს პოლიტიკურ თავისუფლებას, პოლიტიკური აზროვნების თავისუფლებას.

თუ ეს პოლიტიკური აზროვნება მოითხოვს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეულ აქტივიზმს, ბუნებრივია, რომ ეს არის აუცილებელი გამოხატულება, ამას ვერ შეაკავებ.

მოქალაქე ნიშნავს იდგე იქ, სადაც შენი სამშობლო გეძახის, როგორი არაკომფორტულიც არ უნდა იყოს ეს. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის მოქალაქეობა.

სახელმწიფო არ არის მხოლოდ ინსტიტუციური სისტემა, სახელმწიფო გულისხმობს სამშობლოს ელემენტსაც.

რამაც ეს ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა, იყო არა რაიმე სისტემის მიმართ მათი მხარდაჭერა ან კრიტიკული დამოკიდებულება, არამედ ეს იყო სამშობლოს საკითხი – ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხი მათთვის. ახლა მარტო ქართული სახელმწიფოს საკითხი კი არა, არამედ აი, ამ სახელმწიფოს იდენტობის საკითხი წყდება.

საქართველოს უახლესი ისტორია, ჩვენი უახლესი გამოცდილება იცნობს სოციალურ ჭაობს. ჩვენ არც ისე დიდი ხანია, რაც ამ ჭაობიდან გამოვედით და გვახსოვს რასაც ნიშნავდა 90-იანების სოციალური ჭაობი.  ახლა კი ჩვენ აღმოვჩნდით და აღმოვჩნდებით დაკანონებული ჭაობის პირობებში და ეს კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო მძიმე იქნება აქედან გამოსვლა.

რეალურად, ისტორიის საათი გადაიწევა უკან. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. თავისი საუკეთესო ძალები უნდა მოიკრიბოს საზოგადოებამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის განწყობილება. 90-იანების კონტექსტი კიდევ სხვა იყო და თანამედროვე ქართული საზოგადოების სამოქალაქო მოთხოვნები და პრეტენზიები, მათი პოლიტიკური კულტურა, სრულიად განსხვავებულია.

შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმე გმირი და მხსნელი ამ სიტუაციაში არის, ეს არის ქართველი ახალგაზრდობა, ეს კოლექტიური „მე“ ქართველი ახალგაზრდების, რომელიც ამ დამაბრკოლებელ ფაქტორებს ამ ფატალურ რუბიკონს გადაგვალახვინებს“ – ამბობს ნანა ტრაპაიძე.

YouTube video player

___________________________________________________________

 

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

2025 წლისთვის გამოჩნდება, რუსეთი რამდენად შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. 2025 წლისთვის მძიმე მდგომარეობა დაუდგება რუსეთს აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ.

„შეტევაში ასე ჩანს, რომ რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, თანდათან შეტევის იმპულსი ქვეითდება,“ – ფრონტის ხაზს აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ნაკლებად ელის, რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს შეტევაში, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში განაგრძობს.

„მაგალითად, რობოტინო შეიძლება აიღონ, რასაც ამდენი ხანია იძახიან“, – ამბობს გადამდგარი გენერალი და გვიხსნის, რამდენად ფართოვდება უკრაინის შესაძლებლობები იმით, რომ დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის გამოყენების უფლება მას რუსეთის ტერიტორიაზეც შეეძლება:

„უკრაინას შეეძლება ზემოქმედება სადივიზიო ზურგზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე საკმაო სიღრმეშია – 120 – 150 კილომეტრი. იქ რუსეთის მიერ განლაგებული მნიშვნელოვანი ობიექტებია. შესაბამისად, რუსებს მოუწევთ გაცილებით შორ მანძილზე მომარაგების გადაჯგუფება“, – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე. მასთან საუბარი დღევანდელი შემთხვევით დავიწყეთ: უკრაინელებმა რუსეთში ნავთობტერმინალს დაარტყეს. სამხედრო ექსპერტი ციფრებს გვისახელებს, ნავთობგადამამუშავებელი პოტენციალის დაახლოებით 13 % გაუნადგურეს უკვე უკრაინელებმა რუსებს და ამას სამხედროს გარდა, ეკონომიკური გავლენაც დიდი ექნებაო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, დღეს, 31 მაისს, რუსეთში, კრასნოდარის მხარეზე შეტევა დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში. მათ დაარტყეს ნავთობტერმინალს და საბორნე გადასასვლელს. რას აჩვენებს ეს მოცემულობა? თქვენი აზრით, რისთვის ემზადებიან ახლა უკრაინელები?

უკრაინელებმა გაანადგურეს სტავროპოლის მხარეში, აზოვის ზღვაში, ერთ-ერთი უმსხვილესი საბორნე გადასასვლელი „კავკაზი“ და ნოვოროსისკთან მდებარე ტერმინალების ქსელი. ეს არის ნავთობშემნახავი, გადამამუშავებელი და ნავთობმიმწოდებელი კომპლექსი. რუსები ამბობენ, რომ უკრაინელებმა გამოიყენეს „ნეპტუნი“ და დრონები. „ნეპტუნის“ გამოყენება საეჭვოა მანძილის გამო, მაშინ ფრონტის ხაზზე უნდა მიეტანათ უკრაინელებს და იქიდან გაეშვათ, რაც ძნელი წარმოსადგენია.

დრონები გავანადგურეთო, რუსები იძახიან, მაგრამ ფაქტია ხომ, რაც განადგურდა?!

უკრაინელების მიერ მანამდე განხორციელებულ დარტყმებში სავარაუდოდ მონაწილეობდა 300 კილომეტრზე მფრინავი „ატაკამსის“ რაკეტები, კასეტური თავაკით. 300 კილომეტრზე მფრინავ „ატაკამსს“ გააჩნია 275 ე.წ. „ბომბლეტი“, ანუ პატარა ბომბი, უფრო მოკლე მანძილზე მფრინავ „ატაკამსს“ – 950 ბომბი. აღნიშნული რაკეტა ფეთქდება ჰაერში და ფარავს ფართო ტერიტორიას. თითოეული ამ პატარა ბომბის დაზიანების რადიუსი 13-15 მეტრია.

რატომ იყენებენ უკრაინელები ამას წარმატებით? – ეს ე.წ. ბუნკერების გამანადგურებელი არ არის, მაგრამ არის – ღიად განლაგებული ტექნიკის, თუნდაც სამხედრო ობიექტების, საწყობის, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს, რაც არის მოწყვლადი და ხანძრებს ადვილად ექვემდებარება, დასაზიანებლად ნამდვილად ეფექტიანი საშუალებაა.

  • რას მიაღწევს ამით უკრაინა, ეს რა მასშტაბის წარმატებაა? 

ორივე მხარეს თავისი სიღრმე აქვს ლოჯისტიკური თვალსაზრისით. არსებობს საარმიო ზურგი, დივიზიის ზურგი და ასე შემდეგ. რაც უფრო ახლოსაა მიწოდების მხარი, ადვილდება მომარაგება წინა ხაზზე მყოფი ჯარების.

გარდა ამისა, ეს ის ნავთობია, რომელსაც რუსები ჯერ კიდევ წარმატებით ჰყიდიან. შესაბამისად, ეს დარტყმა მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია რუსეთისთვის, რადგან რუსეთს ნავთობგადამამუშავებელი პოტენციალის დაახლოებით 12-13 % გაუნადგურა უკრაინამ. რამდენად აღადგენს ამას რუსეთი, სხვა თემაა.

ფაქტია, რომ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთს. ნავთობი მნიშვნელოვანია, როგორც წინა ხაზის მომარაგებისთვის, ასევე ბიუჯეტის შემავსებელია, რომ შემდეგ რუსეთმა ირანიდან თუ ჩრდილოეთ კორეიდან იყიდოს შესაბამისი სისტემები.

  • ხომ არ აჩვენებს ეს შემთხვევა იმას, რომ რუსეთს აღარ ჰყოფნის რესურსი? 

რა თქმა უნდა. როცა მოსკოვამდე ჩაფრინდება დრონი და იქ ფეთქდება, ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ირანმა როცა დაარტყა ისრაელს 300 დრონით და რაკეტით, მხოლოდ ორმა მიაღწია მიზანს ნაწილობრივ, ისიც უდაბურ ადგილებში დაეცნენ. აქ ჩანს საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა, რუსეთში კი გარღვევა გარღვევაზეა.

ზოგადად, საჰაერო თავდაცვა შრეებრივი უნდა იყოს მრავალ ფენად, მაგალითად, ს-300 შეუძლია გადაიჭიროს მიზანი 200 კმ მანძილზე, მაგრამ ვერ ხედავს 100-300 მ სიმაღლეზე. ფრთოსან რაკეტას ხმელეთის ზედაპირიდან 30-60 მ სიმაღლეზე შეუძლია გაჰყვეს რელიეფს. ეს ღრიჭოები რომ შეავსონ რუსებმა, მათ სჭირდებათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახლო და საშუალო მანძილის სისტემების განლაგება, რომლებიც უნდა ფარავდნენ, ავსებდნენ ერთმანეთს, თუმცა როგორც ჩანს, მათი რაოდენობა არ არის საკმარისი.

ასე რომ, ეს პრობლემები კარგად აქვთ უკრაინელებს შესწავლილი, ვინაიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა თითქმის ერთნაირი ჰქონდათ ომის დასაწყისში უკრაინას და რუსეთს.

  • ახლა მიაგნეს ამ ღრიჭოებს უკრაინელებმა რუსების საჰაერო თავდაცვაში? 

არა. ეს ღრიჭოები უნდა გამოჩნდეს პროცესში. შესაძლოა, ომის დასაწყისში არ იყოს და შუალედში გაჩნდეს, რადგან რაღაც განადგურდა, რაღაცამ ლოკაცია შეიცვალა და ა.შ..გასათვალისწინებელია ტერიტორიის მასშტაბებიც და სხვა გეოგრაფიული მახასიათებლები. სწორედ ამის დადგენაზე მუშაობს დაზვერვა.

ორივე მხარე მასიურად იყენებს დრონებს და აკეთებს ე.წ. საჰაერო კომბინაციას: ერთდროულად იყენებენ დრონებს, რომ ჩაირთოს და გადაიტვირთოს რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მას მიყვება ფრთოსანი რაკეტები და ბოლოს ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო პლანირებადი ბომბებიც ფეთქდება უკრაინაში ისევ: ხარკოვს ან ოდესას რას უშვრებიან, ვხედავთ ხომ?!

  • „როიტერსი“ წერს რუსეთის ხელისუფლებაში კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა თქვენ აქამდეც აღნიშნეთ, რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი უკრაინაში, თუ ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე შეთანხმება მოხდება. პუტინი ასევე მზადაა, გააგრძელოს ბრძოლა, თუ კიევი და დასავლეთი მის შეთავაზებას არ დასთანხმდება. თქვენი დაკვირვებით, რა ეტაპზე გადადის რუსეთ-უკრაინის ომი?

იმ აზრზე ვრჩები, რომ ეს დაპირისპირება იქნება ხანგრძლივი. შესაძლებელია, რაღაც მომენტში გარკვეულწილად „კორეიზაცია“ მოხდეს, ანუ გარკვეული, დაკავებული ტერიტორიები დარჩეს რუსეთს და მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა დროებით მაინც. ორივე მხარე საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებშია. ვერ იტყვი, რომ უკრაინელებს ულხინთ, ან – რუსებს. ორივე მხარეს დიდი დანაკარგებია.

რომელიმე მხარემ უნდა მიაღწიოს რაღაც მნიშვნელოვან წარმატებას, რომ აიძულოს მეორე მხარე, დაჯდეს მოლაპარაკებებზე. ჯერ-ჯერობით არცერთი მხარე არ არის ამისთვის მზად.

  • რამდენად შეიცვლება სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ, თუ ის დასავლეთიდან მიწოდებულ ტექნიკას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზეც? ამის შესახებ თავდაპირველად ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შეზღუდვა უკრაინისთვის უნდა მოიხსნას. 29 მაისს კი საფრანგეთი და გერმანიაც შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს.

არა მგონია, უკრაინას იმდენი აღჭურვილობა მისცენ, რომ რუსეთი დამარცხდეს. დასავლეთი ამ ეტაპზე უკრაინას აძლევს იმ რაოდენობის აღჭურვილობას, რომ უკრაინა არ დამარცხდეს. ეს ორი სხვადასხვა რამეა.

დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინას გაუადვილებს ვითარებას: უკრაინას შეეძლება ზემოქმედება განახორციელოს მოწინააღმდეგის ზურგზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე საკმაო სიღრმეშია – 120 – 150 კილომეტრი. იქ რუსეთის მიერ განლაგებული მნიშვნელოვანი ობიექტია. შესაბამისად, რუსებს მოუწევთ გაცილებით შორ მანძილზე გადაჯგუფება, მომარაგების მიწოდების დროის გაზრდა და ამის გამო, ეს მიწოდების ხაზებიც მეტად მოწყვლადები ხდება. იზრდება მომარაგების დროც.

ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის პრობლემაა, მაგრამ ის მიწოდებული აღჭურვილობის მოცულობა ჯერ კიდევ  არ არის „ვუნდერ ვაფენ“ – გამარჯვების იარაღი უკრაინელების ხელში. დარწმუნებული ვარ, უკრაინას ამ აღჭურვილობის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა ექნება კონკრეტული პირობებით, მაგალითად, მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, ან იმ რაიონში, საიდანაც მოხდა უკრაინელებზე თავდასხმა. გარკვეული შეზღუდვები ექნება უკრაინას და ისე ვერ იქნება, რომ შურის საძიებლად უკრაინამ რომელიმე ქალაქს დაარტყას რუსეთში, როგორც რუსები ურტყამენ, მაგალითად, ხარკოვს.

  • ეს ვერ იქნება გარდამტეხი, გამორიცხავთ? 

გარდამტეხი ეფექტი ამას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ გადამწყვეტი – არა.

  • რამდენად იზრდება უკრაინის შეტევითი პოტენციალი იმ აღჭურვილობით, რასაც დასავლეთი უკრაინას აწვდის? შვედეთმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტი მილიარდ 160 მილიონი ევროს ოდენობით. ეს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია სტოკჰოლმიდან. მასში შედის შორი რადიოლოკაციის სადაზვერვო თვითმფრინავი ASC 890, რომელსაც სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 500 კილომეტრამდე რადიუსში.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლო და საშუალო რადიოლოკაციური თვალთვალის საფრენი აპარატები, რომელიც განსაზღვრავს მოწინააღმდეგის სიღრმეში თვითმფრინავის აფრენას, რაკეტების გაშვებას, ამით ხელს უწყობს მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების, ასევე ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენას და მათ განადგურებას.

ასევე, მნიშვნელოვანია შვედეთის მხრიდან 30 ერთეული F16-ის გადაცემა ეტაპობრივად. ამას რომ დავუმატოთ სხვა ქვეყნები, რომლებიც აძლევენ უკრაინას ასევე F16-ებს, [ბელგია-30, ნორვეგია-22, დანია-19, ნიდერლანდები -24 და სხვ.] უკრაინელები ჯამურად 120 – 150 ერთეულს ითხოვდნენ და ეს რაოდენობა მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ექნებათ.

F16 უნივერსალურია. ის შეიძლება გამოიყენო, როგორც სახმელეთო მიზნების დასაზიანებლად, ასევე საჰაერო მიზნის დასაზიანებლად და ფრთოსანი რაკეტების საწინააღმდეგოდ.

  • F16-ების გადაცემა იქნება პირობა უკრაინისთვის, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა წამოიწყოს? 

კონტრშეტევისთვის კონკრეტული პირობებია საჭირო: მოწინააღმდეგეს აღარ აქვს შეტევის პოტენციალი, ის გაჩერებულია, მისი რეზერვები კი მოწყვეტილია წინა ეშელონებს. ამ დროს შენ გაგაჩნია საშუალება, რომ განახორციელო კონტრშეტევა.

უკრაინამ თუ არ მოიპოვა ჰაერში ბატონობა, უპირატესობა მაინც, ეს კონტრშეტევა განწირული იქნება იგივე შედეგისთვის, რაც მოხდა უკრაინული კონტრშეტევის დროს ზაპოროჟიეს რაიონში. 

გარდა ამისა, ახლა მიმდინარეობს უკრაინაში მობილიზაცია. უკრაინული ნორმატივებით 6 თვეა საჭირო საბრძოლო მომზადებისთვის, რომ სამხედრო მოხვდეს წინა ხაზზე. შემჭიდროებულ ვადებში 4 თვე მაინცაა საჭირო, რომ მომზადებულმა, ახალმა სისხლმა ჩაანაცვლოს გადაღლილი მებრძოლები, რომლებიც ამ დრომდე წინა ხაზზე იმყოფებიან სანგრებში.

რუსებს აქვთ ფანჯარა დაახლოებით 4 თვე, თუმცა ფანტასტიკის ჟანრად მეჩვენება, რამე სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ ამ პერიოდში. სანიტარული ზონაც კი ვერ შექმნეს, რაც პუტინისთვის გადამწვარი მიწის სინონიმია. მას უნდა შექმნას ცარიელი ტერიტორია, რათა რუსეთის მიწას ვერ სწვდებოდეს უკრაინის ძირითადი არტილერია და რეაქტიული სისტემები. ეს არის დაახლოებით 80 – 100 კილომეტრი. ვერ აკეთებენ ამას რუსები ხარკოვის მიმართულებით: ვოვჩანსკის ცენტრში მიდის ამ დრომდე ბრძოლა, იქ მდინარე ყოფს ქალაქს ორ ნაწილად, ამ მდინარეს ფორსირებაზე მიდის შეტაკებები. რუსები ვერ ახერხებენ ამასაც კი.

  • ჯერ კიდევ გაზაფხულზე უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ მაისი იქნებოდა უკრაინისთვის ძალიან რთული თვე. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება შეიცვალოს ახლა, ზაფხულში?

ვერ ვხედავ ტენდენციას მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. შეიძლება, გარკვეულ, ლოკალურ და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიონ რუსებმა, მაგალითად, რობოტინოს აღება, რასაც ამდენი ხანია უკვე იძახიან და ჯერ კიდევ ვერ აიღეს, ან კრინკის პლაცდარმის გაწმენდა, მაგრამ რამე მნიშვნელოვანს მიაღწიონ, მეეჭვება.

  • ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსები უახლოვდებიან ე.წ. კულმინაციის წერტილს, მათ აღარ შეუძლიათ შეტევა? 

კი, შეტევაში ასე ჩანს, რომ რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, თანდათან შეტევის იმპულსი ქვეითდება. რუსებისთვის დადებითი ამ ეტაპზე ის მომენტია, რომ ტალახი აღარაა, გრუნტი მყარდება, რასაც მოჰყვება ტექნიკის გადაადგილებით გამოწვეული დიდი რაოდენობის მტვრის ღრუბლები – ხელშემშლელი ფაქტორი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.

თუმცა კულმინაციის წერტილამდე მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ ის დამარცხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გადავა დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე, ოპერატიულ პაუზას აიღებს და ძალებს მოიკრებს.

  • 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი სირსკით შეცვალა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალ მთავარსარდალზე? თქვენი დაკვირვებით, შეიცვალა თუ არა ომის ტაქტიკა?

საომარი მოქმედებები უკრაინელების მხრიდან გახდა უფრო მეთოდური. ნაკლებად ვხედავთ ზალუჟნისთვის დამახასიათებელ რისკიან გადაწყვეტილებებს – სირსკი დინჯად, მეთოდურად, გათვლებზე დაფუძნებით მოქმედებს. ის უფრო პოზიციური თავდაცვითი მოქმედებების მომხრეა, ვიდრე სამანევროს. სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები მას არ შემოუტანია.

მან თავდაცვის ორგანიზებაში გამოიჩინა თავი კარგ ხელმძღვანელად. საინტერესოა, ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები თუ დააპირა უკრაინამ, როგორ გამოიჩენს თავს.

  • რა გათვლით მოქმედებს ახალი მთავარსარდალი, თქვენი დაკვირვებით? 

რაც უფრო მეტს დაუხოცავს რუსებს, მით უფრო მეტი წარმატება ექნება უკრაინას. ეს ომი გამოფიტვაზეა, რომ მაქსიმალურად გამოფიტონ რუსეთის შეტევითი პოტენციალი და დიდი ზარალი მიაყენონ.

უკრაინას იმედი აქვს, რომ დასავლეთიდან დახმარება გაიზრდება, რუსეთის რესურსები კი მცირდება. წინა ინტერვიუშიც ვთქვი თქვენთან და გავიმეორებ: 2025 წლისთვის გამოჩნდება, რუსეთი რამდენად შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. 2025 წლისთვის მძიმე მდგომარეობა დაუდგება რუსეთს აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ.

ამასობაში, დანია შემოვიდა საინტერესო ინიციატივით: უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი ჩართული იყოს ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო პოტენციალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინამ თავადაც აწარმოოს იარაღი. უკრაინის ტერიტორიაზე ეს ცოტა რთული იქნება, რადგან პირდაპირ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომაც, მგონია, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე იქნება ეს წარმოება.

ბათუმელი აქტივისტი პარლამენტარ დიტო სამხარაძეს პოლიციაში უჩივის

სამოქალაქო აქტივისტს, ციალა ქათამიძეს პარლამენტარ დიტო სამხარაძის წინააღმდეგ ბათუმში, პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეაქვს.

ციალა ქათამიძე დეპუტატს არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებში ადანაშაულებს.

ციალა ქათამიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე სექტორის” თანამშრომელი და სამოქალაქო აქტივისტია. ის ასევე ბათუმში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების თანაორგანიზატორია.

წუხელ, 30 მაისს, ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია გუჩმანიძის საცხოვრებელი ბინის კედელზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. წარწერებში, რომელიც სადარბაზოს კედელზე იყო დატანილი, ციალა ქათამიძე უცენზუროდ იყო მოხსენიებული. ბინაში, რომლის სადარბაზოშიც წარწერები დატოვეს, ცხოვრობს ილია გუჩმანიძის ძმა, კახა გუჩმანიძე, მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

დღეს, 31 მაისს, „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა დიტო სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას. ვიდეოში ასევე ჩანს ის მონაკვეთი, თუ როგორ გააკეთეს ბათუმში, სამოქალაქო აქტივისტის შეურაცხმყოფელი წარწერები.

„მივდივარ პოლიციის მეორე განყოფილებაში ილია და კახა გუჩმანიძეებთან ერთად. შეგვაქვს განაცხადი პარლამენტარ დიტო სამხარაძის წინააღმდეგ. განაცხადს დავურთავ ვიდეოს, რომელიც თავად დეპუტატმა გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე,“ – უთხრა “ბათუმელებს” ციალა ქათამიძემ.

ციალა ქათამიძესთან ერთად პოლიციაში განაცხადი შეაქვს ილია და კახა გუჩმანიძეებს. სწორედ მათი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს კედელზე დატოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები.

პარლამენტარმა, რომელმაც აღიარა, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას, იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომელთა ოფისის ფასადებზეც შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ამ სიაში არის ორგანიზაცია “მწვანე სექტორიც”, რომლის დამფუძნებლის სახლის კედელზეც 30 მაისის ღამეს შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

ვრცლად:

დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

_____________

ფოტოზე: კადრები დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან.

ვინ იშენებს ვილებს გონიოში, ზღვის სანაპიროზე – როგორ იქცა სასტუმროების პროექტი კერძო სახლებად

ბათუმში ბევრს უნდა ახსოვდეს ე.წ. „ელიტური ვილების“ პროექტი, რომელიც გონიოში, ზღვის პირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროექტის კონცეფციის დამტკიცებისას „ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა, კენჭისყრამდე, მათ გასაგონად, ვინც ბათუმის ურბანულ პოლიტიკას აპროტესტებს და ქაოსურს უწოდებს, ნიშნისმოგებით განაცხადეს, რა გვაქვს საწინააღმდეგო ბათუმში დაბალ განაშენიანებას ითხოვდნენ და აი, დაბალი განაშენიანებაო.

იმით, რომ მერიას ზღვისპირა ზოლში დაბალი ინტენსივობის განაშენიანება შესთავაზა, თავს კომპანიაც იწონებდა.

ამონარიდი კონცეფციიდან:

„შპს „გონიო 2020“ – მა გამოიჩინა ინიციატივა, მის საკუთრებაში და დაინტერესებაში არსებული გეგმარებითი ერთეულის განვითარების მიზნად დასახა დაბალი ინტენსივობის სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტური ვილების მშენებლობა, რის საფუძველზეც საჭირო გახდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ შეცვლის დადგენილი ზონის მოთხოვნებს“. 

სამშენებლო ტერიტორიას კონცეფციაში, შემდეგ კი გდგ-ში, კომპანია სამშენებლო ტერიტორიას ასე აღწერს:

„საპროექტო გეგმარებითი ერთეული საერთო ფართით 20 469 კვ.მ მდებარეობს ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის პირველი ჩიხი, N18 გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-ით.

საპროექტო ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ზღვის სანაპირო და შავი ზღვა, ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან 300 მეტრის რადიუსში – თავისუფალი ტერიტორიები. აღმოსავლეთის მხრიდან 230 მეტრის მანძილზე თავისუფალი ტერიტორიები და შემდეგ დაბალი ინტენსივობის განაშენიანება, ხოლო ნაწილობრივ სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან 300 მეტრის რადიუსში დაბალი ინტენსივობის კერძო განაშენიანება“.

სქრინი კონცეფციიდან

ე.წ. „სასტუმრო ელიტური ვილების პროექტი“, რომელიც ჯერ მერიას შემდეგ კი საკრებულოს შპს „გონიო 2020“-მა წარუდგინა, გონიოში, ზღვის პირას, ორსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის მქონე სახლებით გაშენებული უბნის მშენებლობას ითვალისწინებდა. კონცეფციაში ზოგ შემთხვევაში სიტყვა კოტეჯებიც კი იყო გამოყენებული.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სასტუმრო-ელიტური ვილების პროექტი „ოცნების“ მხარდამჭერი ინვესტორის და მისი კომპანიების დირექტორების, კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის და სხვების სახლების პროექტია.

„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ სინამდვილეში, დაბალსართულიან სახლებში, ზღვის პირას, სასტუმრო „ელიტურ ვილებს“კი არ აშენებენ, არამედ ამ ვილებში ინვესტორი, მისი კომპანიების დირექტორიები და სხვა პირები აპირებენ ცხოვრებას. განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მათ მერიას ამ ნაკვეთზე ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროექტებით მიმართეს და მშენებლობის ნებართვებიც მიიღეს.

ზღვის პირას ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს იშენებს მედეა ბოჭორიშვილი, სამშენებლო კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის მეუღლე და კომპანიის ოფიციალური მფლობელი. სახლის მშენებლობას მედეა ბოჭორიშვილი 2 777 კვ.მეტრ ფართობზე გეგმავს, სამშენებლო ფართი კი 4 504 კვ.მეტრია. ფართი გათვალისწინებულია ასევე აუზის მოსაწყობად.

მედეა ბოჭორიშვილის სახლის პროექტის რენდერი

მერის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომლითაც მან მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა, პირდაპირ წერია, რომ საუბარი ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს.

ამონარიდი ბათუმის მერის ბრძანებიდან:

„დაკმაყოფილდეს და ქალაქ ბათუმში, დასახლება გონიოში მდებარე 2 777 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ინდივიდუალური საცხ. სახლის მშენებლობის (II კლასის შენობა) მიზნით მედეა ბოჭორიშვილის სახელზე შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა“. ამ პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ასევე ვკითხულობთ.

ამონარიდი განმარტებითი ბარათიდან

ნაკვეთები უკვე დარეგისტრირებული აქვთ და აქ ინდივიდუალური სახლების მშენებლობას გეგმავენ „ალიანსის“ დირექტორები: დავით ბალაძე [აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი], აკაკი სონგულია და სხვები.

აკაკი სონგულიას მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს, ხოლო დავით ბალაძის პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია, სავარაუდოდ იმის გამო, რომ მან ამ სახლის მშენებლობა უკვე დაასრულა.

პროექტის რენდერი
მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რამდენიმე სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და კარკასი – დასრულებული

საკრებულოს მიერ განხილული და დამტკიცებული კონცეფციის მიხედვით, სასტუმრო ტიპის ვილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა სამ საკადასტრო ერთეულზე – 20 485 კვ.მ-ზე უნდა გაშენდეს. მერიის ინფორმაციით, პროექტი 6 832 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის, ხოლო 3 000 კვ.მ-ზე პარკინგის მოწყობასაც ითვალისწინებს. მერიისთვის წარდგენილ განაშენიანების კონცეფციაში არსებული რენდერების მიხედვით, კომპანია ოცდაათამდე ვილის აშენებას გეგმავს.

„ბათუმელები“ მერიისგან მეორე დღეა ელოდება პასუხს, შეიცვალა თუ არა ვილების პროექტის ფუნქციური დანიშნულება მერიის თანხმობით და შეთანხმდა თუ არა ეს საკრებულოსთან, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ეს კითხვა დღეს, 31 მაისს, საკრებულოს სხდომაზე არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსსაც დავუსვით, თუმცა უშედეგოდ, მან პასუხი არ გაგვცა.

დღეს, 31 მაისს დამტკიცებული კონცეფციის მიხედვით, ელიტური ვილების უკან, სამანქანო გზის მხარეს შპს „გონიო 2020“-ს სამი კორპუსის მშენებლობა სურს. ამ კორპუსების მშენებლობისთვის ნებართვის მოსაპოვებლად მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია უკვე წარუდგინა კომპანიამ მერიას, მერიამ კი – საკრებულოს.

რენდერი

ვილების პროექტის გაგრძელებაზე, ზღვიდან 240 მეტრში სამი კორპუსის მშენებლობის კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 31 მაისის სხდომაზე განიხილა. მერიას ამ პროექტზე გეგმარებითი დავალება 2024 წლის 13 მარტს გაუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას დავალება მისცეს ჯერ მიწის ნაკვეთის განაშენიანების კონცეფცია, შემდეგ კი დეტალური გეგმა წარადგინოს.

სამშენებლო ტერიტორია გონიოში ანდრია პირველწოდებულის I ჩიხში #16ა-ში მდებარეობს. ფართობი 12 799 კვ.მეტრია. კონცეფციის მიხედვით, შპს „გონიო 2020“ ვილების მიმდებარედ დაგეგმილ 3 კორპუსში სასტუმრო-აპარტამენტების მოწყობას გეგმავს.

კომპანიამ პროექტისთვის დადგენილზე მაღალი სიმაღლის შეთანხმება მოითხოვა:

„გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისათვის დაგეგმილია ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, მათ შორის განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლის გაზრდა დადგენილი 15 მ-დან 50 მ-მდე, ასევე განაშენიანების რეგულირების სხვა პარამეტრების და პირობების განსაზღვრა“ – ვკითხულობთ კონცეფციაში.

შპს „გონიო 2020“ „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილის, თემურ ბიწაძის კომპანიაა.

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი ისევ გაძვირდა – ტენდერი

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 150 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 650 ათასი ლარია.

თავდაპირველი გათვლებით ორივე მეჩეთის რეაბილიტაციისთვის 370 500 ლარი იყო საჭირო, თუმცა ამ თანხით გამოცხადებული ორი ტენდერი არ შედგა. ანუ, ამ დროისთვის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი 279 500 ლარით, 75,4 პროცენტით, არის გაძვირებული.

აღნიშნული მეჩეთების რეაბილიტაციაზე ბოლოს ტენდერი კმდს-ს 2023 წლის სექტემბერში ჰქონდა გამოცხადებული 500 ათასი ლარით, თუმცა არც ეს ტენდერი შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის ხის მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კმდს 2021 წელს წერდა, რომ ძეგლები სავალალო მდგომარეობაში იყო. შემდგომში ძეგლების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები კი, როგორც აღვნიშნეთ არ შედგა. მიუხედავად ამისა, კმდს-მ კვლავ ტენდერი გამოაცხადა და არ მიიღო გადაწყვეტილება ამ ძეგლებზე სამუშაოები ტენდერის გარეშე ჩაეტარებინა.

  • „ჭერის ცენტრალური ადგილი, სადაც ტრადიციულად ხეზე კვეთილობის ნიმუშები იყრის თავს, ჩამოქცეულია… დღევანდელი მდგომარეობით ჭერი სავალალო მდგომარეობაშია…“ – წერია ზვარეს მეჩეთის შესახებ კმდს-ს 2021 წლის დოკუმენტში.
  • „თითქმის ხელუხლებლადაა მოღწეული, როგორც ფასადები, ასევე ინტერიერი და ხეზე კვეთილობის ნიმუშებიც. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით იგი [შენობა] ავარიულ მდგომარეობაშია… ინტერიერში მდგომარეობა სავალალოა. იატაკის ხის წყობა ამორტიზებულია და ალაგ- ალაგ ამოცვენილი. ასევე სავალალო მდგომარეობაშია ჭერი. მისი უმეტესი ნაწილი ჩამოქცეულია. კონსტრუქციული ელემენტები ამორტიზებული და დაძრულია. შენობა კრამიტითაა გადახურული. თუმცა, იგი ვერ აკავებს წვიმის წყალს“ – წერია ძენწმანის მეჩეთის შესახებ კმდს-ს 2021 წლის დოკუმენტში.

მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი ამჯერად კმდს-მ 2024 წლის 27 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება ამავე წლის 16 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტებს არც ამჯერად ახლავს პროექტი, რომლითაც ძეგლებზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პირობის მიხედვით „სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2025 წლის პირველ დეკემბრამდე“.

ტენდერის დოკუმენტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ „2024 წლის 20 დეკემბრამდე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 150 000 ლარის სამუშაოები. 150 000 ლარზე მეტი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის ბიუჯეტიდან“.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • „2019 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 650 000 ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
  • პრეტენდენტის გამოცდილებაში არ ჩაითვლება მიმდინარე ხელშეკრულება. მიმდინარედ ჩაითვლება ყველა ის ხელშეკრულება, რომელზეც პრეტენდენტი ვერ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.“

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

  • „სამუშაოების განხორციელებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რესტავრატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 3 საკულტო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება“.

კმდს-ს სატენდერო კომისიის 2024 წლის 23 მაისის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ „2024 წელს სააგენტოს მიერ განხორციელდა [49 450 ლარად 2021 წელს შეძენილი] პროექტის გადახედვა და ხარჯთაღრიცხვის განახლება… შესასყიდი სამუშაოების ღირებულება [650 000 ლარი კი] განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე“.

აღნიშნულ ოქმში არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რატომ გახდა საჭირო ხარჯთაღრიცხვის გადახედვა და რა მიზეზების გამო არ შედგა წინა ტენდერები.

ამ თემაზე: ისტორიული ხის მეჩეთებიდან მხოლოდ ექვს აქვს ძეგლის სტატუსი – შეხვედრა ბათუმში

რა მდგომარეობაშია ზვარეს მეჩეთი ნახეთ ამ ბმულზე:

4 დახვრეტილი და 2 გადასახლებული – ერთი ოჯახის განადგურების ისტორია

სტალინური რეპრესიები – ყველაფერი, რასაც ეს სიტყვები გულისხმობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბათუმში მცხოვრებ გიორგი მოწყობილსა და მის ოჯახს.

გიორგის ბაბუას ოსმანი ერქვა, ბებიას – ვალენტინა. ოსმანი 1937 წელს დახვრიტეს სტალინის ბრძანებით, ბებია კი 10 წლით შუა აზიაში გადაასახლეს.

რეპრესიებმა მოწყობილების ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე შეიწირა, ორს კი გადასახლებაში მოუწია ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება.

  • რეპრესირებული ბებია და ბაბუა

1920-იან წლებში მწვანე კონცხზე, პატარა, ლამაზ სახლში ცხოვრობდა ვალენტინა კონოკოტინა, დედასთან, ზოია ბოიკოვა-ჟუბერთან, მამინაცვალთან, ედგარ ჟუბერთან და ორ დასთან ერთად.

დედამისი, ზოია ბოიკოვა სამ ქალიშვილს ზრდიდა. ორი მათგანი, ვერა და ვალენტინა კანაკოტინები, პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, მესამე ქალიშვილი კი მეორე ქმრისგან, ედგარ ჟუბერისგან.

ვალენტინას მამა პირველ მსოფლიო ომში დაეღუპა. დედა მეორედ დაქორწინდა 1919 წელს, როცა ფრანგ ედგარ ჟუბერს შეხვდა. ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა და ბინა მწვანე კონცხზე დაიდო.

დედა-შვილი ზოია ბოიკოვა და ვალენტინა კონოკოტინა

1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსირება მოახდინა და ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. ქვეყანაში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტები ე.წ. რევკომები. ხალხის ნაწილმა ახალ დროებას ფეხი აუწყო და ახალი, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა.

ასე მოიქცა ოსმან მოწყობილიც, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან მალევე მაღალი თანამდებობა მიიღო და აჭარაში მნიშვნელოვან პირად იქცა. 1922 წელს ოსმან მოწყობილი აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ე.წ. ცაკ – ის თავმჯდომარე გახდა.

ვალენტინა და ოსმანი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დაქორწინდნენ. მათ საბჭოთა რეპრესიებიც ერთად გამოიარეს და მსხვერპლადაც ერთად შეეწირნენ რეჟიმს.

ოსმანსა და ვალენტინას ორი შვილი – ნელი და ედნან მოწყობილები შეეძინათ.

ცოლ-ქმარი ოსმანი და ვალენტინა ქალიშვილთან, ნელი მოწყობილთან ერთად. ფოტო მოწყობილების საოჯახო ალბომიდან

1937 წლამდე მოწყობილების ოჯახი ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის კუთხეში, ბელეტაჟის სტილის სახლში ცხოვრობდნენ, დროდადრო კი სტუმრობდნენ ვალენტინას დედას, ზოიას, რომელიც ბათუმთან ახლოს, მწვანე კონცხზე მდებარე სახლში ცხოვრობდა.

1937 წლის 21 ოქტომბერს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დასახვრეტ პირთა 330-კაციან სიას.

ამ სიაში 204-ე ნომრად იყო ოსმან მოწყობილის სახელი ჩაწერილი.

ამავე თემაზე: ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს

  • 1937 და სტალინური რეპრესიები მოწყობილების ოჯახში

„როცა ოსმანი დააპატიმრეს, მისი ოჯახის გამოსასახლებლად ღამე მისულან კლდიაშვილის ქუჩაზე. ქონების უმეტესი ნაწილის კონფისკაცია მოახდინეს, მხოლოდ მცირე ოდენობის პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიუციათ, ისიც ხის ურიკაზე დაუყრიათ და ისე გამოუძევებიათ ბებია ვალენტინა ორ შვილთან ერთად სახლიდან,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოსმან მოწყობილის შვილიშვილი, გიორგი მოწყობილი.

ოსმანს და ვალენტინას ორი შვილი ჰყავდათ, ნელი და ედნან მოწყობილები. რეპრესიების დაწყების დროს ნელი 11 წლის იყო, ედნანი კი 1 წლის.

ოსმანის დაკავებით მოწყობილების ოჯახში დაკავებების სერია დაიწყო. დააკავეს ოსმანის სიმამრი ედგარ ჟუბერი. მალევე დააპატიმრეს ოსმანის მეუღლე ვალენტინა, სიდედრი – ზოია და ოსმანის ძმა, მურადი.

კიდევ ერთი ძმის, ახმედის დაკავებას კი ასე იხსენებს შვილიშვილი, გიორგი მოწყობილი.

„ახმედი ქობულეთში ცხოვრობდა. ოსმანის დაკავების შოკს ჯერ არ გადაევლო, როცა ქალების დაპატიმრების ამბავი შეიტყო. გაბრაზებულა და უთქვამს – კარგი, კაცები დააკავეს, მაგრამ ქალებს რაღას ერჩოდნენო? ვიღაცამ ამ სიტყვების გამო დაასმინა, მივიდნენ, დააპატიმრეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. სავარაუდოდ ისიც დახვრიტეს,“- ამბობს გიორგი მოწყობილი.

ახმედ მოწყობილი (მარცხნივ) დაპატიმრებამდე

ოსმანის და ვალენტინას შვილები თავდაპირველად ბებიასთან, ზოია ბოიკოვასთან იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ბებიაც დააპატიმრეს, ბავშვები გასაზრდელად წაიყვანა ოსმან მოწყობილის დედინაცვალმა.

მოწყობილების ოჯახის შესახებ მცირე მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ალექსანდრე სურმანიძეს. სურმანიძის ნაშრომში ვრცლადაა მოთხრობილი ოსმან მოწყობილის ბიოგრაფია, ასევე ვკითხულობთ, თუ რა ბედი ეწია ქალებს, რომლებიც მის გამო დააპატიმრეს.

ოსმან მოწყობილის სიდედრი ზოია ბოიკოვა დაპატიმრების მერე თბილისში, მეტეხის ციხეში მოხვდა.

როგორც მოგვიანებით გაცემული რეაბილიტაციის ცნობიდან ირკვევა, ზოია ჟუბერი პირველად 1938 წლის 3 მარტს გაასამართლა აჭარის ასსრ უმაღლესმა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლით, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების ან ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ შენახვას გულისხმობდა. მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1959 წელს გაცემულ რეაბილიტაციის ცნობაში წერია, რომ ზოია ჟუბერზე აღძრული ეს საქმე შეწყდა დანაშაულის დაუდასტურებლობის გამო.

მეორედ გაასამართლეს 1941 წლის 15 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით. ეს მუხლი გულისხმობდა აგიტაცია-პროპაგანდას, რომელიც შეიცავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას. ზოია ბოიკოვას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოჯახის თქმით, მან სასჯელი ჩაქვის ქალთა კოლონიაში მოიხადა და სახლში მხოლოდ 1949 წლის 14 ოქტომბერს შეძლო დაბრუნება.

რეაბილიტაციის ცნობები

ოსმანის მეუღლე, ვალენტინა კონოკოტინა ყაზახეთში გადაასახლეს.

ვალენტინა კონოკოტინას შესახებ არსებობს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებულ სათათბიროს 1938 წლის 7 ივლისის დადგენილება. ვალენტინას, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ვალენტინა 1938 წლის 23 სექტემბერს სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს ყაზახეთში. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1942 წლის 7 დეკემბერს.

„ბებია გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მწვანე კონცხზე დაბრუნდა, ყვავილები მოაშენა და სიკვდილამდე თითქმის არასდროს არ ლაპარაკობდა იმ ავბედით წლებზე. ხატავდა ბევრს, ძირითადად ყვავილებს. შვილიშვილებს სახლში დღემდე გვაქვს მის მიერ ფურცლებზე დახატული ყვავილები,“ – გვიყვება გიორგი მოწყობილი.

ოსმან მოწყობილის ოჯახის  განადგურების  ამბავი

დედისგან განსხვავებით ბევრს ლაპარაკობდა და საუბრობდა რეპრესიებზე მისი შვილი, ნელი მოწყობილი.

„ნელი მამიდამ ვერ აპატია სტალინს მისი ოჯახის განადგურება. მამის დაპატიმრების შემდეგ მას და მის ოჯახს ხალხის მტერს ეძახდნენ. საქართველოში ხომ არიან სტალინის მხარდამჭერები. ნელი მამიდა ყველას ეკამათებოდა. ძალიან იყო განაწყენებული იმაზე, რომ ოჯახი გაუნადგურეს – ვერ გადახარშა. სულ მაგაზე ლაპარაკობდა, რეპრესიებზე. უსინდისოს უწოდებდა სტალინს და იხსენებდა, როგორ წაართვეს ყველაფერი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოსმან მოწყობილის შვილიშვილის მეუღლე, ციური ბოლქვაძე.

მოწყობილები საოჯახო ალბომში ინახავენ ცნობებს, რომელიც ადასტურებს, რომ მათი ნათესავები უსამართლოდ იყვნენ რეპრესირებულები და რეალური დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ოჯახს აქვს ოსმან მოწყობილის, ზოია ბოიკოვას და ვალენტინა კონოკოტინას რეაბილიტაციის ცნობა. გაუჩინარებულად ითვლება ედგარ ჟუბერი, ახმედ და მურად მოწყობილები. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა მიაკვლია ინფორმაციას მათ შესახებ. ისინი იმ პირთა შორის ღმოჩნდნენ, რომლებსაც ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხვრეტდნენ კომუნისტები სტალინური რეპრესიების დროს.

___________________________

მთავარი ფოტო: ოსმან მოწყობილის და ვალენტინა კონოკოტინას შვილიშვილები ალექსანდრე აკოპიანი და გიორგი მოწყობილი, გიორგის მეუღლე ციური ბოლქვაძე

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტს 2 წლით აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა

სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.

საქმე ეხება 2024 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „იბერია 1999“-ს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.

კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი, ხოლო არბიტრს – ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:

  • ბათუმის „დინამოს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით;
  • ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს, ვიქტორ გონსალვესს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით;
  • ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით;
  • გარდა ამისა, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 200 ლარის ოდენობით.

___________________________

მთავარი ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქგვერდიდან

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა.

მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში.

განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ თავიანთი ფინანსები.

ნაკრები მუდმივ შეთავაზებებთან ერთად მოიცავს უფასო სადებეტო ბარათებს, SMS მომსახურებას, მობაილბანკს და ინტერნეტ ბანკს/hi app-ს. მოსწავლეები და სტუდენტები სარგებლობენ 0%-იანი საკომისიოთი საბანკო სერვისებზე, თანხის განაღდებასა და სავაჭრო ობიექტებში გადახდაზე.

ნაკრების გამოწერა უფასოა და შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე – tbcyouth.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.

თიბისი მუდმივად მხარს უჭერს ახალი თაობის განვითარებას და ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია

ვიდრე პროკურატურა „მუქარების ზარების საქმეზე“ არავის სჯის, საპროტესტო აქციების „არა რუსულ კანონს“ მონაწილეებს ისევ ურეკავენ და ემუქრებიან.

ერთ-ერთი, ვისაც ბათუმში წუხელ დაურეკეს, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მათე ცენტერაძეა:

„დამირეკეს გინებით, ასეთი ჩმორები როგორ ხართ, ახალგაზრდებს როგორ ემუქრებით, სახლიდან თავს არ გამოგაყოფინებთო. ჩვენ არ უნდა გამოვყოთ თავი და თქვენ გაქვთ გამოსაყოფი? ვის ეშინია? მცემთ? მომკლავთ? რას მიზამთ იმაზე უარესს, სამშობლოს გვართმევთ, თქვე, არაკაცებო, შენი მეზობელი ვარო, მისამართი ვიცო, ხოდა, იცოდეს,“ – წერს ფეისბუკზე მათე ცენტერაძე. მას, როგორც მოქალაქეს, დღეს, 31 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასწრების საშუალებაც არ მისცეს.

ტელეფონით დაემუქრნენ სამოქალაქო აქტივისტს, ციალა ქათამიძესაც: „ჯერ არაფერს გეუბნებით და ვნახოთ სანამდე შეტოპავ“- უთხრეს აქტივისტს. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ შესაბამის უწყებას მიმართავს.

ასევე, დღეს, 31 მაისს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ურეკავენ და აგინებენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან შვილებსა და დედებს.

სატელეფონო მუქარის შემთხვევებს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესცენტრში დღეს, 31 მაისს არ გვიპასუხეს, რა ეტაპზეა „სატელეფონო მუქარის საქმის“ გამოძიება.

სატელეფონო მუქარის წინა შემთხვევებზე, ერთი კვირის წინ, 24 მაისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქმის მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. სამსახურში მაშინ განმარტეს, რომ ეს ზარები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ასევე თქვეს, რომ ზარები ერთგვაროვანი – ე.წ. იდენტიფიკატორის გაყალბების მეთოდით ხორციელდებოდა, ჰქონდა წინასწარგანზრახული მიზანი, ორგანიზებული ხასიათი, იყო მასშტაბური და ხშირი. გარდა ამისა, ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინების მცდელობას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩათვალა უწყებამ, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

ამ შემთხვევაშიც მოქალაქეს თუ ვინმე ემუქრება, შეუძლია პროკურატურას, ან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართოს, პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ დამუშავების და გამოყენების შემთხვევაში კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. შესაბამისი განცხადებების ფორმები საიას ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

სატელეფონო მუქარის გარდა, აქტივისტებს შეურაცხმყოფელი წარწერებიც დახვდათ ოფისების და საცხოვრებელი სახლების ფასადებზე. წარწერები ღამით ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და პარტია „ახალის“ ოფისის ფასადზეც დატოვეს.

საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე განმარტავს, რომ იერსახის დამახინჯება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და დაჯარიმებას ითვალისწინებს 50 ლარით.

ლანჩხუთიდან სტამბოლში წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის

29 დეკემბერს, ღამის სამ საათზე, ლანჩხუთში, ურუშაძეების სახლის კარზე მაგრად დააკაკუნეს. გურულ ოდაში დედას და მის ორ ვაჟს ეძინა. კარი გააღეს თუ არა, სახლში ფორმიანი კაცები შევიდნენ და ახალგაღვიძებულ ოჯახს უთხრეს: „ერთი საათი გაქვთ სახლის დასატოვებლად, აიღეთ პირადი ნივთები. სამტრედიაში ეშელონს გაჰყვებით“. სანამ სასოწარკვეთილი დედა და შვილები ნივთებს აგროვებდნენ, ფორმიანებს სახლიდან ავეჯი გაჰქონდათ, ეზოში კი ვენახს ჩეხავდენ.

1951 წლის ბნელი ღამე იყო. დილას ლანჩხუთში გაიგეს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ავთანდილ ურუშაძის ცოლ-შვილი სამუდამოდ გადაასახლეს შუა აზიაში.

ეს ამბავი ლანჩხუთში გვიამბო ავთანდილ ურუშაძის შვილიშვილმა, რომელსაც ცნობილი ბაბუის სახელი, ავთანდილი ჰქვია.

ავთანდილ ურუშაძე მშობლების, მამისა და ბიძის ამბავს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს, მისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე ისტორია, ვიდრე მოგონებები, რომლის შესახებაც წლების წინ გაიგო.

„ყველაფერი ბიძაჩემმა, მამაჩემის ძმამ, ფრიდონ ურუშაძემ მიამბო.

მამაჩემი, ტარიელ ურუშაძე, ძალიან ადრე გარდაიცვალა, მეოთხე კლასში ვიყავი. მაშინ ოჯახში ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ბიძაჩემი შვილებსა და ძმისშვილებს გველაპარაკებოდა ამ ამბებზე. საინტერესო მოსაუბრე იყო, რაც გვაინტერესებდა, გვიყვებოდა ყველაფერს და ასე შემოგვრჩა ეს მოგონებები. კიდევ კარგი, რომ გაგვანდო ეს ყველაფერი“, – მეუბნება ავთანდილ ურუშაძე.

ავთანდილ ურუშაძე

ლანჩხუთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახლის მისაღებ ოთახში, მაგიდაზე დოკუმენტები, სხვადასხვა ცნობები და ფოტოები ალაგია. თუმცა ყველაფერი, რის შესახებაც უნდა მოჰყვეს, ავთანდილ ურუშაძემ ზეპირად იცის. უნდა, რაც შეიძლება მეტი გვითხრას თავისი ოჯახის შესახებ, რომლის ამბავიც საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკას და სტალინურ რეპრესიებს უკავშირდება.

  • ბაბუა, ავთანდილ ურუშაძე

„ეს იყო არსენ ურუშაძის ოჯახი. ავტორიტეტული ადამიანი იყო ლანჩხუთში, აზნაური, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სასულიერო პირი, გაზეთ „ივერიას“ გამავრცელებელი. დადიოდა და წერა-კითხვას ასწავლიდა გლეხებს.

ორი შვილი ჰყავდა არსენს, ერთი იყო ბაბუაჩემი, ავთანდილი.

ავთანდილი 1909 წელს დაიბადა, ისწავლა, სამხედრო სამსახური დაამთავრა, ჩინიც მიიღო, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. 1917 წელს, რუსეთის იმპერიაში რევოლუციის შემდეგ კი სოციალ-დემოკრატების წევრი გახდა.

ნოე ჟორდანია და ბაბუა, ავთანდილ ურუშაძე, თითქმის ტოლები იყვნენ, ჟორდანიას ოჯახი აქვე ცხოვრობდა და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ.

1918 წელს საქართველო გათავისუფლდა, ამაში მცირე წვლილი ალბათ ბაბუაჩემმაც შეიტანა, როგორც ამ ამბების მონაწილემ.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ბაბუას დაეწყო პრობლემები. 6 თვე იყო ოჯახში და მერე დაუწყეს დევნა, ხან მეზობელთან იმალებოდა, ხან – ტყეში და ბოლოს უთხრა მეუღლეს, გოგუცა ჩხაიძეს, არ გამეჩერება სახლში და უნდა წავიდეო. წავიდა და შეუერთდა კახეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს, რომელიც აჯანყებას ამზადებდა. ამ დროს ერთი შვილი, მამაჩემი, უკვე ჰყავდათ.

წავიდა კახეთში, მაგრამ ჩამოდიოდა პერიოდულად და 24 წელში, აჯანყებამდე დაიბადა ბიძაჩემი.

1924 წელს საქართველო ისევ დამარცხდა. ქაქუცას და მის რაზმს აქ აღარ დაედგომებოდა და წავიდნენ თურქეთში. ამ რაზმს გაჰყვა ბაბუაც. აჭარიდან, სოფლებიდან გადავიდნენ და ჩავიდნენ ჯერ სტამბულში, იქიდან კი ლევილში, სადაც ბაბუა ნოე ჟორდანიასთან და მთავრობასთან მოღვაწეობდა“, – გვიყვება ავთანდილ ურუშაძე.

რეპრესიების დროს სახლიდან წაიღეს ყველა ფოტო. ესაა ავთანდილ ურუშაძის გაზეთში გამოქვეყნებული ერთადერთი ფოტოს ასლი, რომელიც მის შვილიშვილს აქვს
  • „გადასახლებული ხართ სამუდამოდ“

ავთანდილ ურუშაძის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ოჯახის ცხოვრება გართულდა. გოგუცას ყოველ სამ დღეში ერთხელ იბარებდნენ დაკითხვაზე და ითხოვდნენ ინფორმაციას, მოდიოდა თუ არა ავთანდილი ოჯახში და სად იმყოფებოდა ახლა.

ცხოვრება ჭირდა, მაგრამ თავი გაჰქონდათ. გოგუცამ ორი შვილი წვალებით გაზარდა, კოლმეურნეობაში მუშაობდა, ბოსტანს თესავდა და წლები გადიოდა, თუმცა 1951 წლის დეკემბრის ღამეს ყველაფერი შეიცვალა.

„მოვიდნენ ღამის სამ საათზე. აყარეს დედა და ორი შვილი, მამაჩემი იყო 24 წლის, ბიძაჩემი – 20-ის. ერთი საათი მისცეს დრო. უთხრეს, თქვენ სამუდამოდ ხართ გადასახლებულიო. პირველადი საჭიროების ნივთები აიღეთ, ჩააწყვეთ, სამტრედიაში ეშელონი გიცდით და უნდა წახვიდეთო.

წაიყვანეს სამტრედიაში, შეყარეს ცხენის ვაგონებში, სადაც მარტო ხის ნარები იყო, მიუხურეს კარი და ორი კვირა ატარეს ამ მატარებლით. შუა აზიაში გადაასახლეს.

ზოგი გზაში კვდებოდა. ზოგჯერ გააღებდნენ კარს და რომელიმე მოხუცის ცხედარს პირდაპირ მატარებლიდან აგდებდნენო… ჩვენ თუ ჩუმად გვქონდა შენახული მიცვალებული, გადავიტანდით და ვმარხავდით, თუ მატარებელი სადმე გაჩერდებოდაო… ახალგაზრდები იყვნენ მამაჩემი და ბიძაჩემი, ყველაფერს აკეთებდნენ.

ბოლოს და ბოლოს გაჩერდა მატარებელი. ჩამოყარეს ეს ხალხი, ახლა სატვირთო მანქანაზე შეყარეს და წაიყვანეს რომელიღაც რაიონში. პატარა მიწური მისცეს.

რომ დავწექით, ორი დღე და ღამე გვეძინა, ისეთი დაღლილი ვიყავითო – ჰყვებოდა ბიძაჩემი“, – იხსენებს ბიძის ნაამბობს ავთანდილ ჯორბენაძე.

ურუშაძეების ოჯახმა ორწელიწადნახევარი გაატარა გადასახლებაში, შუა აზიაში. ბამბის პლანტაციებში მუშაობდნენ, მიწურში ცხოვრობდნენ ბედს შეგუებულები, რომ სახლს და მწვანე ეზოს ლანჩხუთში ვეღარასდროს ნახავდნენ.

„მარა კიდო კაი. 1953 წელს იი დესპოტი სტალინი გარდაიცვალა და დაბრუნდნენ სახლში, ლანჩხუთში“, – ღიმილით ამბობს ავთანდილ ურუშაძე და ცრემლი ერევა.

  • როგორ დაირღვა დუმილი რეპრესიებზე

ოჯახში გადასახლებას ათწლეულების განმავლობაში არ იხსენებდნენ. მამა ადრე გარდამეცვალა, მეოთხე კლასში ვიყავი, ბებია ღრმად მოხუცი წავიდა, მაგრამ ენა არ დასცდენია, ვწვალობდითო – ამბობს ავთანდილ ურუშაძე.

დუმილი ურუშაძეების ოჯახში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაირღვა, როცა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩნდა და დემოკრატიაზე დაიწყო საუბარი.

„90-იან წლებში დაიწყო ბიძაჩემმა ამაზე საუბარი, თბილისში ცხოვრობდა უკვე და არც ერთ მიტინგს არ ტოვებდა. რომ ჩამოვიდოდა ლანჩხუთში, დაგვსვამდა მის შვილებს და ჩვენ, ძმისშვილებს და გვიყვებოდა, რა გადაიტანეს. ეს უნდა იცოდეთ ბავშვებოო.

ისიც გვითხრა, ჩვენ რომ წავედით გადასახლებაში და გამოგვიცხადეს, სამუდამოდო, მერე შინაურებმა და მეზობლებმა ბუდის გაყოფაზე იჩხუბეს, ვის რა მიჰქონდაო. მან იცოდა სახელები და გვარები, მაგრამ არასდროს უთქვამს, არაა საჭირო თქვენთვის ამის ცოდნაო“, – იხსენებს ავთანდილ ურუშაძე.

მისი თქმით, ბიძამისი ყველაზე მეტად ვერ იტანდა, როცა სტალინს აქებდნენ სადმე. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ავტობუსში, სამეზობლოში თუ ქორწილში, ვინც კი ოდნავ შეაქებდა სტალინს, ის კაცი იქ ვერ გაჩერდებოდაო – ამბობს ავთანდილი.

სტალინზე საუბრისას ბრაზს თვითონაც ვერ მალავს, ამბობს, რომ მხოლოდ მისი ოჯახის ისტორია არაა ამის მიზეზი:

„ვინც კი ნაღები ხალხი იყო, ყველა 37-38 წლებში გადაასახლა. ნიჭიერი ხალხი აღარ დატოვა საქართველოში, ყველა მოხადა ნაღებივით ქვეყანას და ზოგი დახვრიტა, ზოგი – გადაასახლა. რას უნდა ვფიქრობდე მასზე?!“

  • „ეს არის ადამიანის აგდება“ – უარი კომპენსაციაზე

მას შემდეგ, რაც საქართველოში რეპრესირებული პირების ოჯახებზე კომპენსაციის გაცემა დაიწყეს, ურუშაძეების ოჯახმა საბუთების შეგროვება დაიწყო. რეაბილიტაციის ცნობასა და სხვადასხვა დოკუმენტს დაურთეს ცნობაც, იმის შესახებ, თუ როგორ დაზარალდა მათი ოჯახი სტალინური რეპრესიების შედეგად.

საბეჭდ მანქანაზე რუსულ ენაზე დაბეჭდილ „კგბ“-ეს დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ნივთები, რაც ურუშაძეების ოჯახიდან წაიღეს.

სია 22 ნივთისგან შედგება:

  • ორსართულიანი სახლი [მშენებარე]
  • სამზადისი [„ქუხნა“ – როგორც გურიაში უწოდებენ]
  • ნალია
  • გარდერობი – 1 ცალი
  • საწოლი – 3 ცალი
  • ეტაჟერი – 1 ცალი
  • ტუმბო – 1 ცალი
  • მაგიდა – 2 ცალი
  • სკამი – 6 ცალი
  • რკინის ღუმელი – 1 ცალი
  • ღვინო – 100 ლიტრა
  • საღორე – 1 ცალი
  • ქათმები – 15 ფრთა
  • ვენახი – 200 ძირი
  • ტანსაცმლის საკიდი – 1 ცალი

და ა.შ.

„ეს სია ბიძაჩემმა აიღო „კგბ“-ეს არქივიდან, ბეჭედი აქვს.

რეპრესიების დროს ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი

ყველა საბუთი შევაგროვე და წავედი ადვოკატთან, რომ სასამართლოში შემეტანა. მაგრამ არ იტყვით, რა იყო კომპენსაცია? მაქსიმუმი იყო 2 000 ლარი.

მე ვთქვი, რომ უარს ვამბობდით. ჩემი ოჯახი ამას ვერ აიღებდა. ვუთხარი, ჩემი ოჯახი გადასახლებაში იყო, იდევნებოდა და 2000 ლარად ვერ გავყიდი, არ მჭირდება ეს თანხა-მეთქი.

ჩემი აზრით, ეს არის ადამიანის აგდება. შუა აზიაში გადაასახლე, 2 ათასი ლარი რა ბედენაა? ფულზე არაა საუბარი, ადამიანის დაფასებაზეა საუბარი. ეს სამართლიანი უნდა იყოს ხომ?! ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამაზე“, – ამბობს ავთანდილ ურუშაძე.

  • ლანჩხუთიდან წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის

90-იან წლებში, თურქეთის საზღვრის გახსნის შემდეგ, ავთანდილ ურუშაძემ ჩანთა მიწით აავსო და თურქეთში, სტამბოლში წავიდა ბაბუას საფლავის მოსაძებნად.

მან უკვე იცოდა, რომ ბაბუა სტამბოლში იყო დაკრძალული.

„ბაბუაჩემი რომ გადავიდა სტამბოლიდან საფრანგეთში და შეუერთდა დროებით მთავრობას ლევილში, პოლიტიკისთვის თავი არ დაუნებებია.

ვიცით, რომ 1941-45 წლებში ბაბუაჩემი გერმანიაში, კონცლაგერებში დადიოდა, იქნებ ჩემი შვილები ფრონტზე გაიწვიეს და სადმე წავაწყდეო.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი ბაბუა თურქეთში გადავიდა იმ იმედით, რომ სახლთან ახლოს იქნებოდა და იქნებ რამე კავშირები გამოენახა ოჯახთან.

არასდროს არ შეუწყვეტია ოჯახის ძებნა.

ქართველი ადამიანი გამოგზავნა ერთხელ სახლში. უთხრა, მიდი ჩემს ოჯახში და ჩემს ცოლს და შვილებს უთხარი, გადავიყვან თურქეთში ჩუმადო. არ დამიჯერებენო – იმ კაცს უთქვამს. ბაბუას ხელიდან საათი მოუხსნია, ეს საათი გაიკეთე და ანახე, გოგუცა იცნობს საათს და დაგიჯერებსო.

მოსულა ეს კაცი ჩუმად, დალაპარაკებია ბებიას, ავთანდილისგან ვარ, მოკიდე შვილებს ხელი და თურქეთში გადაგიყვანთო. არაო, უთქვამს გოგუცას, მამამისი, არსენი ცოცხალია და მარტო ვერ დავტოვებო“.

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაბუა, ავთანდილ ურუშაძე, სტამბოლში.

1991 წელს წავედი სტამბოლში მეგობართან ერთად. სახლიდან წავიღე მიწა, სხვა არაფერი. 14 სასაფლაო შემოვიარეთ და ბოლოს ვიღაც გამოცდილმა კაცმა გვითხრა, ვერ ნახავთ ქართული სახელით და გვარით, მაშინ არ მიიღებდნენ თურქეთში მოქალაქეს, თუ თურქული სახელი და გვარი არ ექნებოდა, ამიტომ ავთანდილ ურუშაძე სხვა სახელით და გვარით იქნებოდაო.

ეს სახელი და გვარი არ ვიცი, ამიტომ მისი საფლავი ვერ ვიპოვე“, – გვიყვება ავთანდილ ურუშაძე.

ემიგრაციაში გადახვეწილი ბაბუას ფოტო ოჯახში არ აქვთ. 1951 წლის დეკემბრის იმ ღამეს, როცა ოჯახი გადაასახლეს, ყველა ფოტო წაიღეს. სახლში დარჩა მხოლოდ ორი ღია ბარათი, რომელიც ავთანდილ ურუშაძეს ემიგრაციიდან გამოუგზავნია.

„გამარჯობა მამავ, გოგუცავ და მარიამ… მომიკითხეთ ფრიდონი, ტარიელი და ქეთო. მომიკითხეთ ყველა ნათესავები და მეზობლები. მივიღე თქვენი წერილი. წერილს მაშვინ გამოვაგზავნი, როცა მივიღებ ტარიელის წერილს.

ნახვამდის, თქვენი ავთანდილი“ – ალაგ-ალაგ იკითხება ღია ბარათზე, რომელიც 1930 წლის 12 იანვრითაა დათარიღებული.

ავთანდილ ურუშაძის გამოგზავნილი ღია ბარათები ემიგრაციიდან

ნახეთ ვიდეო:

YouTube video player

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მაისის 21 საათიდან 1 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2-3 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

თბილისში 28 მაისს ანტირუსული საპროტესტო აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებისთვის, მათ შორის სპეცრაზმისთვის, 10 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები ტენდერის გარეშე შეისყიდა.

ლანჩში სამინისტრომ ჯამში 88 500 ლარი დახარჯა, თუმცა, ვის გადაუხადა თანხა, უცნობია. შესაბამისი ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე არ იძებნება და მას არც სამინისტრო ასაჯაროებს.

„გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2024 წლის 28 მაისს ქ. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა ევალებოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს, რომელთა უზრუნველყოფაც ლანჩის ნაკრებით წარმოადგენდა საჭიროებას.

კვებით უზრუნველყოფის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.

28 მაისს, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პოლიციის დანაყოფებმა კი ამ დღეს დეპუტატების პარლამენტში შესვლა და მათი იქედან „უსაფრთხოდ“ გამოსვლა უზრუნველყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 მაისს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული 200 ათასი ლარით ლანჩის შესყიდვაზე, თუმცა ეს ტენდერი სამინისტრომ შეწყვიტა.

ვრცლად: სპეცრაზმის ლანჩისთვის 200 ათასი ლარით გამოცხადებული ტენდერი შსს-მ შეწყვიტა

ანტირუსული აქციები თბილისში 2024 წლის აპრილიდან იმართება.

აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის, 28 მაისის ჩათვლით, ჯამში 753 744 ლარი დახარჯა. აქედან ტენდერით მხოლოდ 150 ათასი ლარი, დანარჩენი კი უტენდეროდ – გამარტივებული წესით.

ლანჩის შესყიდვის დღე, კომპლექტის რაოდენობა და გადახდილი თანხა [დოკუმენტებზე დაყრდნობით]:

  • 15 აპრილს – შესყიდულია 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – გადახდილია 28 640 ლარი
  • 17 აპრილს – 6 000 კომპლექტი – 53 100 ლარი
  • 19 აპრილს – 200 კომპლექტი – 1 770 ლარი
  • 20 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 21 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 28 აპრილს – 2 450 კომპლექტი – 21 682.5 ლარი
  • 1 მაისს – 9 800 კომპლექტი – 82 816 ლარი
  • 2 მაისს – 6 220 კომპლექტი – 52 323 ლარი
  • 11-12 მაისს – 18 400 კომპლექტი – 162 840 ლარი
  • 13 მაისს – 5 500 კომპლექტი – 48 675 ლარი
  • 14-15 მაისს – 15 600 კომპლექტი – 139 950 ლარი
  • 28 მაისს – 10 000 კომპლექტი – 88 500 ლარი

ვრცლად: სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ბათუმელებს“ ზოგადი პასუხი მოგვწერა, რომ ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც „ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომა“ შესყიდვების პორტალზე ვერ ხერხდება.

„ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“ – გვწერს სააგენტო.

გამოდის, რომ „ხანგრძლივი დროის პერიოდის“ გასვლამდე ვისთან გააფორმა/გააფორმებს ხელშეკრულებებს შსს, უცნობი დარჩება, რადგან ხელშეკრულებები არც პორტალზე ჩანს და მათ ასლებს არც შსს იძლევა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაცით სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას წარმოადგენს ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტატო ნუსხაც, აქედან გამომდინარე კი, სამინისტრო არ ასაჯაროებს სპეცრაზმელთა რაოდენობას, რომელიც 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ გაზარდა.

შს სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „შეკრების/მანიფესტაციის დროს მუშავდება უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით. სამოქმედო გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, აისახება შემდეგი მონაცემები: სპეციალური ღონისძიების განხორციელების ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირების მონაცემები; სპეციალური ღონისძიების პროცესში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების რაოდენობა, მათი ფუნქციები და მოქმედებათა თანამიმდევრობა; სპეციალური ღონისძიების ჩატარებისთვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები; პირადი შემადგენლობის რაოდენობა; დანაყოფების აღჭურვილობა და სხვა.“

შესაბამისად, შსს ზემოთ აღნიშნულ მონაცემებსაც არ ასაჯაროებს.

  •  რა ხდება?

28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობას უქადის.

კანონის განხილვა-დამტკიცების პერიოდში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტირუსული საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. 28 მაისს ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციების გაგრძელება დააანონსეს.

ამ თემაზე:

____________________

მთავარი ფოტო: კადრები პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან / 28.05.2024

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 507 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
  • ტანკი – 7 728 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 14 935 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 13 140 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 088 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 587 ერთეული [+55]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 229 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 905 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 164 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 606 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 902 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 208 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 325 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 972 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 135 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“ვუყურებთ მისი პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრულ და უწყვეტ დეგრადაციას” – უკრაინის საგარეო კობახიძეზე

საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, რომ უკრაინამ არტილერია რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი პარიზიდან მოქალაქეებს ემუქრება – „გავარკვევთ მათ ვინაობასაც“

რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში მონა დაუძახეს.

„პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში, აქ რა გინდა მონა“ – ასე მიმართეს მას მოქალაქეებმა პარიზის აეროპორტში.

ამ კადრების ამსახველი ვიდეო დღეს ფეისბუქზე გავრცელდა.

დღესვე ელისო ბოლქვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ „სამაგალითოდ გამოაჭენებს“ იმ ხალხს, ვინც მას მონა უწოდა.

„იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოს როგორც ნამდვილმა ქაჯებმა შემდეგს ვეტყოდი: უსახურები და საცოდავები ხართ. მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ“ [სტილი დაცულია].

ბოლქვაძემ 9-ჯერ შეიტანა სტატუსში შესწორება. ერთ-ერთი შესწორებისას იგი წერს: „კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობას“.

სქრინი ელისო ბოლქვაძის სტატუსის შესწორების ისტორიიდან

ბოლქვაძეს ფეისბუქზე, მისი სტატუსის ქვეშ უპასუხა მოქალაქემ, რომელმაც დეპუტატს რუსულ კანონზე მხარდაჭერისთვის აეროპორტში პასუხი მოსთხოვა:

„მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად. კივილი და ისტერიკა თქვენ ატეხეთ, მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვით: რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით?! ქართველებისთვის ჩინეთი, რუსეთი და ირანი გინდათ და თქვენ პარიზებში დასეირნობთ! აი ეს არის სიმართლე და გცხვენოდეთ! მე არსად გავქცეულვარ, არაფერი მაქვს გასაქცევი და თქვენ როგორ გარბიხართ, კარგად ჩანს“.

ელისო ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი მეორე დეპუტატია, რომელსაც გზად შემხვედრი მოქალაქეები პასუხს სთხოვენ რუსული კანონის მხარდაჭერისთვის.

ამავე თემაზე: 

„ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“ – რა უთხრეს დეპუტატს მაღაზიაში 

როგორ ებრძვის ბათუმელი რეზერვისტი რუსულ კანონს

თუ ბათუმში რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, ციალა ქათამიძეს აუცილებლად შენიშნავდით. ის ერთ-ერთია იმ ადამიანების შორის, რომლებიც აქციებისა თუ პერფორმანსების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული.

ციალა ამბობს, რომ სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამა თუ იმ პროცესის მიმართ.

ახლა ციალა რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძვის.

როგორც თვითონ ამბობს, პროფესიულად სამოქალაქო ორგანიზაციებში გაიზარდა, სადაც ციალა სტუდენტობიდან მოყოლებული მუშაობს. მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატშიც და საჯარო სამსახურშიც, სკოლაში ასწავლიდა სამოქალაქო განათლებას და სხვა.

თითქმის ორი წელია, ციალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტია.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ გააძლიერა სამოქალაქო პოზიცია ციალას სამსახურებრივმა თუ სხვა სახის გამოცდილებებმა, რისთვის იბრძვის ახლა და როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრების გაგრძელება, საიდან წასვლაზეც არც ერთხელ არ უფიქრია.

„ძალიან დიდი საფრთხის, გამოწვევის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევის დაძლევა ასეთი ერთობით შესაძლებელია.

მე, პირადად, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს, მირჩევნია მომკლან, დამიჭირონ… ყველა ტიპის ძალადობისთვის მზად ვარ, ოღონდ არ შემილახონ ღირსება, იმიტომ, რომ ეს კანონი ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციებში ვმუშაობდით და ვცდილობდით, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის გაგვეუმჯობესებინა ცხოვრება და ყოველდღიური ყოფა, გვაიძულებს დავირქვათ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩემთვის არ არსებობს.

მზად ვარ ვებრძოლო ყველაფერს ამ გზაზე და ათჯერ უფრო მზად ვარ ვებრძოლო რეჟიმს, რომელიც ცდილობს ღირსება აგვყაროს“, – ამბობს ციალა.

ციალა ქათამაძის ფოტო ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან “არა რუსულ კანონს”.

მისი თქმით, მთელი ქვეყანა აღფრთოვანებული უყურებს ახალგაზრდებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, იმაზე მეტად გაცნობიერებული არიან ჩვენს წარსულში, არსებულ რეალობასა და სამომავლო გეგმებში, ვიდრე გვეგონა.

„ვფიქრობ, ამაში დიდ დამსახურება აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს. მეც მინდოდა არაფორმალური განათლების მიღმა, რასაც სამოქალაქო ორგანიზაციებში სხვადასხვა დროს ვაკეთებდი, ფორმალური განათლების პროცესშიც მიმეღო მონაწილეობა და საგანმანათლებლო სისტემის ნაწილადაც მეგრძნო თავი, ახალგაზრდებთან ერთად მემსჯელა ქვეყნის გამოწვევებზე.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომიდან ცოტახნის შემდეგ, როცა ქუჩაში მივდიოდი, ჩემ თავს ვკითხე, რომ ხომ არსებობს რაღაც ტიპის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქუჩებშიც იგივე ამბები დატრიალდეს, რაც ხდება უკრაინაში, რაც იყო 2008 წელს ჩვენს თავს და რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც მოქალაქემ? ძალიან მნიშვნელოვანი მგონია უნარები, თუნდაც თავდაცვის ნაწილში. რეზერვში შესვლის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მცოდნოდა უფრო მეტი, ვიდრე ვიცოდი თავდაცვაში, სამხედრო საქმეში და ვყოფილიყავი მზად, როგორც მოქალაქე ნებისმიერი ტიპის საფრთხისთვის, მათ შორის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

რეზერვში ჩემს ყოფნას რაც შეხება, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ცოტა რამე გამიკეთებია. ყველა სხვა საკითხს რომ თავი დავანებო, ბედნიერი ვარ, რომ ვარ იმ ადამიანების თანამებრძოლი, ვისაც საქართველოს სადღეგრძელო მხოლოდ ღვინით არ დაულევია, არამედ საკუთარი სისხლით დაუმტკიცებია სამშობლოს სიყვარული 2008 წლის ომში“ – ამბობს ციალა.

სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ მმართველი ხელისუფლება ცდილობს საქართველო რუსეთის პარტნიორად აქციოს, რასაც ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს.

„ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სხვადასხვა ხელისუფლება ახსოვს. ალბათ, თითოეულს კარგზე მეტი ცუდი აქვს გაკეთებული, თუმცა ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს ამ კანონით და განსაკუთრებით ბოლო თვეებში – მათი გამოხატული პოზიციით, ვფიქრობ, ყველაზე დიდი დანაშაულია ქართული სახელმწიფოს, ქართველების, საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ჩვენი წინაპრების, თანამედროვეების და მომავალი შვილების წინაშე.

მათ გადაწყვიტეს, რომ წლობით ნაშენებ ჩვენს გეგმებს, იდეებს, ღირებულებებს, ხაზი გადაუსვან. ერთ ფაქტსაც ვერ მოიყვანს „ქართული ოცნება“ ისტორიიდან, რომ ოდესმე რუსეთი ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი იყო.

ისინი გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ სულხან საბა ორბელიანი, ილია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, არც გიორგი ანწუხელიძე, არც შინდისის გმირები“, – გვეუბნება ციალა.

ის დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში იმდენი ახალგაზრდა მივა არჩევნებზე და ეტყვის უარს უარს რუსულ ხელისუფლებას ქართული ოცნების სახით წარმოდგენილს, რამდენიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ახალგაზრდების დაინტერესება პოლიტიკით.

ციალა მიიჩნევს, რომ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, რომელიც სვამს კითხვებს საკუთარი ქვეყნის მომავლის, საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ, დემოკრატიული საზოგადოების შექმნის ამოსავალი წერტილია.

„სხვადასხვა ტიპის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. იმისთვის, რომ დავივიწყოთ საბჭოთა წარსული, როდესაც ყველამ საკუთარი მინიმუმი გეგმა იცოდა, რაც ცხოვრების განმავლობაში უნდა ეკეთებინათ.

კრიტიკული კითხვების დასმა ერთადერთი შესაძლებლობაა თავი დავაღწიოთ საბჭოთა წარსულს, რათა პასუხისმგებლობა იგრძნოს ყველა იმ საჯარო თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც არჩევნებზე ავირჩიეთ“.

ციალა რამდენიმე წელი მუშაობდა საჯარო მოხელედ ტურიზმის დეპარტამენტში. მისი თქმით, აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ საკუთარი ქვეყანა და ზუსტად იციან ვინ არის რუსეთი და რატომ არის საფრთხე რუსული მმართველობა საქართველოსთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები, სხვა საჯარო მოხელეები დღეს თუ არა ოქტომბერში აუცილებლად ეტყვიან ხელისუფლებას უარს, რომელიც მათი ყოველდღიური საქმიანობის წყალში ჩაყაროს ცდილობს.

თბილისშიც ვიყავი აქციებზე. სადაც ვნახე კადრები, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება. გვერდიგვერდ ვნახე ახალგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები. ვნახე სხვადასხვა სტატუსის, ასაკის ადამიანების ძლიერი ერთობა.

რეალურად ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ პროტესტის სათავეებთან დგანან, ყველა ბრძოლა მოუგეს ბიძინა ივანიშვილს, მის ფულს და სისტემას“, – ამბობს “, – ამბობს აქტივისტი.

ციალას თქმით, ხანდახან, როცა პესიმიზმი და ნიჰილიზმი შემოუტევს, ახსენდება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, გიორგი ანწუხელიძე და ხვდება, რომ „ახლა მოდუნების, ხელების ჩამოყრის, დანებების დრო და საშუალება ფიზიკურად არ არსებობს“.

ციალა ქათამაძის ფოტო ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან “არა რუსულ კანონს”.

მთავარი ფოტო: ირაკლი ყურუა 

ნახეთ ვიდეო:

YouTube video player

„მშვიდობის უპირატესობაზე გველაპარაკებიან და სინამდვილეში, ჩვენს უმოქმედობას გულისხმობენ“

ავტორი: თემუკა ზოიძე

__________________

როცა ვუყურებდით, როგორ სასტიკად სცემდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ, ძირს ათრევდნენ, ფეხებით ქოლავდნენ და ნიღბებს ამოფარებულები არ ინდობდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს ქუჩებში, შემდეგ კი პოლიტიკოსებმა, ჩვენმა მეზობლებმა და შეიძლება ოჯახის წევრებმაც გამოძებნეს ყველანაირი მიზეზი, რომ ამ ძალადობისთვის წაეყრუებინათ, გაემართლებინათ ან სულაც ეთქვათ – „ახი იყო მაგაზე!“, ვერ აიხსნება მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულების დეჰუმანიზებული ბუნებით ან გადახდილი ფულით. ის ვნება, რომელიც მსგავსად ჩადენილ ძალმომრეობრივ აქტში და შემდეგ მის მიმართ გულგრილობაში ვლინდება, ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების წესზე უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე მხოლოდ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკური სისტემის გახრწნილებაზე.

ჩვენში დიდ ყურადღებას აქცევენ, თუ რომელ სიტყვას ამბობს ბავშვი პირველად, მაგრამ იშვიათად თუ ვაკვირდებით, ჩვენ რას ვეუბნებით პირველად ბავშვს: არ შეჭამო, არ წაიქცე, არ გატეხო, არ გაიქცე, არ იტირო, არ ჩაიფსა. ცოტა რომ წამოიზრდება, მერე უკვე: არ იზარმაცო, არ იმაიმუნო, ხმამაღლა არ გაიცინო, ბევრი არ ილაპარაკო, ეგ არ ჩაიცვა, იმასთან არ იმეგობრო, არ შეგიყვარდეს, არ გამაბრაზო, ენა არ შემომიბრუნო.

მოკლედ, არ იცხოვრო. არ იცოცხლო. ადამიანი არ იყო.

ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება, რომ სტუმრებისთვის გაშლილ სუფრაზე ნამცხვრის მსუყე ნაჭრისკენ გაწვდილ ბავშვის ხელს უარის ნიშნად წაარტყან, მაგრამ სანაცვლოდ იგივე ნამცხვარი საფლავზე გაიტანონ და მკვდრებს მიართვან.

სკოლა, სადაც, პირველ რიგში, ცოცხალ აზროვნებას უნდა უწყობდნენ ხელს, დისციპლინარული ციხე უფროა, რომელიც ნაციონალისტური და რელიგიური პროპაგანდით ცდილობს, გააკონტროლოს და ჩანასახშივე მოსპოს ყველანაირი ფიქრი თუ ქცევა, რომელიც „ეროვნულ-ქრისტიანულ“ ღირებულებებში არ ჯდება. შესაბამისად, ისტორია და ლიტერატურა საბუნებისმეტყველო საგნებზე უფრო მტკიცე ჭეშმარიტებად, კანონიკურ ტექსტებად ისწავლება მხოლოდ ერთადერთი, უალტერნატივო ინტერპრეტაციით. სწორედ ამიტომ შეიძლება მოგინდეს, რომ შენგან საუკუნეებით დაშორებული ისტორიული მეფის დასაცავად დღეს ცოცხალი პროფესორი ჩაქოლო, რადგან მან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი მოსაზრებები გამოთქვა.

ქართული საგანმანათლებლო სისტემა არა თუ ახალისებს პროგრესს ან ახალი ცოდნის შექმნას უწყობს ხელს, არამედ დროში გაყინულ შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს, რომლებიც, სინამდვილეში, არც ისე დიდი ხნის წინ გაკოხტავებული რელიგიურ-ნაციონალისტური დისკურსის პროდუქტია, მსხვერპლად სწირავს ყოველი შემდეგი თაობის ნათელ გონებას და შესაბამისად – მათ თავისუფალ ცხოვრებას.

ამ რამდენიმე წლის წინ ლამის მკრეხელობად შეირაცხა ეროვნულ ქართულ ბალეტში თანამედროვე ცეკვის ელემენტების შეტანა, რადგან ქართულ ნაციონალისტურ წარმოსახვაში 1945 წელს ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს კი არ დაუდგამთ „ხალხური ცეკვები“ ფოლკლორულ ელემენტებზე დაყრდნობით, არამედ ის ყოველთვის უცვლელად ასეთი იყო. როცა ქართველი ემიგრანტი დღეს რომში სუხიშვილების შესრულებით ხორუმს უყურებს, სჯერა, რომ ზუსტად იმავე ცეკვას უყურებდა ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეორე, თამარ მეფე და სწორედ ამაში განსხეულდება ქართული სული. ოდნავ თავისუფალი ხელის მოქნევა ან ტანის მოძრაობა კი, რომელიც კლუბური ცეკვის „გარყვნილ“ რხევას ჰგავს, ვერაფრით იქნება ქართული.

არა თუ ცეკვაში, ქართულ სექსშიც მკაცრად განსაზღვრულია მოძრაობები. გარდა იმისა, რომ შეზღუდულია, ვისთან შეიძლება გქონდეს სექსი და შესაბამისად, მხოლოდ კაცისა და ქალის კავშირია ნებადართული, იქვე ნაგულისხმევია, თუ როგორი უნდა იყოს ეს აქტიც. სასურველია, თუ ქალი არანაირ ინიციატივას არ გამოიჩენს, არ გამოძრავდება და მხოლოდ და მხოლოდ კაცის ნებას დაჰყვება. ქართული ჰეტერონორმატიული სექსი, მაშინაც კი, თუ ეს პირდაპირ განზრახული არაა, ხშირად ჰგავს გაუპატიურებას, რადგან ქალი უნდა შეეწინააღმდეგოს, კაცი კი მაინც დაეუფლოს მას. და თუ შემთხვევით ასე არ მოიქცევი და შენივე სქესის ადამიანთან გექნება სექსი, ან ერთზე მეტი პარტნიორი გეყოლება, ან ქორწინების მიღმა მიაღწევ ორგაზმს და ეს პროცესი იქნება მრავალფეროვანი, მაშინ დაგემუქრებიან, დაგაშანტაჟებენ და შეიძლება ამ ყველაფრის ამსახველი კადრებიც გაგივრცელონ, მაყურებელი კი იტყვის, ისეთი სექსი არ უნდა გქონდეს, რომ გამოქვეყნების შეგრცხვესო.

სწორედ ამ საკითხის დასარეგულირებლად შეიქმნა ოჯახის სიწმინდის დღე: მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება, საპატრიარქომ ეს დღეც მოჰპარა ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თუ არ კლავენ, სახლებიდან აგდებენ, ხოლო თუ არ სცემენ, მუდმივი მუქარითა და დაშინებით საზღვარგარეთ გადასახლებას აიძულებენ. იმისთვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ და საერთოდაც, ისინი მზის შუქზე არ დავინახოთ, ამიტომ უნდა მოეწყოს მასშტაბური მსვლელობა, სადაც არაფერს იტყვიან კაცებზე, რომლებიც ცოლებს კლავენ, ქალებზე, რომლებიც ნაცემები თუ არ არიან, ემიგრაციაში არიან და ბავშვებზე, რომლებსაც სკოლებში შიათ, სახლებში კი მათზე ძალადობენ.

თუმცა, ისეთი ყალბი დღესასწაულის აღნიშვნა, როგორიც „ოჯახის სიწმინდის დაცვაა“, გასაკვირი არ არის ქვეყანაში, სადაც ყველაზე გავლენიანი ადამიანი ცოცხალ-მკვდარია, მაგრამ მაინც კერპივით სცემენ თაყვანს და უპირობოდ ემორჩილებიან.

საქართველოში არა მხოლოდ იდეები და ქცევები, არამედ ადამიანებიც მკვდარი უფრო უყვართ. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, როგორ ემთხვია ლამის მთელი ერი ბერი გაბრიელის ნეშტს სიკვდილიდან წლების მერე. თუმცა არა მხოლოდ ბერების სხეულები, არქიტექტურული ტრადიციებიც არ იხრწნება ჩვენთან და ამის მტკიცებულებაა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც შუა საუკუნეების სულის მუმიფიცირების მცდელობით თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.

1989 წელს გამოქვეყნებული ფსიქიატრიული კვლევის თანახმად1, რომლის ფარგლებშიც გვამების მიმართ ეროტიკული სურვილებისა და ფანტაზიების მქონე 34 რეალური ადამიანის შემთხვევა შეისწავლეს, მკვდარ სხეულთან სექსუალური ხასიათის კონტაქტის დამყარების მთავარ მოტივაციად (68%) შეწინააღმდეგებისა და უარყოფის არარსებობა გამოვლინდა. ნეკროფილებისთვის გვამის დაუფლება მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც ის მთლიანად შენ გეკუთვნის, სრულად იმორჩილებ და მისი საშუალებით საკუთარ სურვილებს ისრულებ ისე, რომ მოულოდნელ უკუქმედებას არ ელოდები.

როცა მშვიდობის უპირატესობაზე გველაპარაკებიან, სინამდვილეში, ჩვენს უძრაობას, უმოქმედობას გულისხმობენ. გვპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ნებას დავრთავთ, ისე მოგვექცნენ, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, არას არ ვიტყვით. ამგვარად ნეკროფილური ტკბობით ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი დუმილით, უმოქმედობით უფლება მივცეთ, ვიყოთ გვამები, რომლებსაც მშვიდად დაეუფლებიან.

______________________________

Rosman, J P, and P J Resnick. “Sexual attraction to corpses: a psychiatric review of necrophilia.” 

ფოტოზე: თემუკა ზოიძე

ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება.

გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების, ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და ამომრჩეველთა განათლების საკითხებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობისა და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს სადამკვირვებლო მისიასთან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება.

„დედაჩემი კლასში იყო, როცა ხიშტიანმა კაცებმა ხელი სტაცეს და წაიყვანეს“

„კაცის სიკვდილი ვის უხარია, მაგრამ სტალინის სიკვდილი გაუხარდათ. მათი თავისუფლების, ბედნიერების გამო უხაროდათ. დედაჩემი ამბობდა, რას მერჩოდა, რატომ გადამასახლა, რა დავაშავეო. სწავლა უყვარდა, მუსიკა, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს“-ასე იხსენებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი დედის ისტორიას, სოფელ ჩუხუთში მცხოვრები ლევან კალანდარიშვილი.

ლევანის დედა, დედის მშობლები და ბებია სტალინური რეპრესიების დროს შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი, როგორც ლევანი ამბობს, მამის ტყვედ ჩავარდნა იყო ომის დროს.

„დაჭრილი იყო და ვერ გააღწია სამშვიდობოს. ამის გამო ჩავარდა ტყვედ. ეს იყო მიზეზი მამაჩემის ოჯახის გადასახლების.

დედა გვიყვებოდა, მეოთხე კლასში ვიყავი, მომღერალთა ჯგუფში ვუკრავდი ჩონგურზეო. სკოლაში რომ მივედი ფორმით, ვიღაც ხიშტიანმა კაცემა მომაკითხეს, მტაცეს ხელი და წამიყვანესო. არც მასწავლებლის გაფრთხილება, არ დირექტორის…“-ამბობს ლევან კალანდარიშვილი.

ლევან კალანდარიშვილის დედა, ჟანდარმებმა სკოლიდან წაიყვანეს გადასახლებაში.

ლევანის დედა საკლასო ოთახიდან სატვირთო ვაგონში აღმოჩნდა. 11 დღე იარა ვაგონებმა მათთვის უცნობ გზებზე. სატვირთო ვაგონებში შეყრილმა ხალხმა არ იცოდა სად მიჰყავდათ და რა ხდებოდა.

„დედაჩემს წყალი მოსწყურდა, მაგრამ წყალი არ იყო ვაგონში. მამაჩემმა წალდი იშოვა შიგნით, კედელი გამოიღო და ყინულის ლოლუები მომცა წყლის მაგივრადო.

გავცივდი, სიცხე მომცა, მაგრამ ვინ იყო პატრონიო, – ამბობდა დედა.

მე-11 დღეს მოხვდნენ შუა აზიაში, სადაც წელიწადნახევარი გაატარეს.

არ ჰქონდათ იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. ამიტომ საქონელი შეიძინეს, ცოტა ბოსტანი ჰქონდათ და რაც იმ კლიმატში მოდიოდა, იმას აწარმოებდნენ.

იმ ადგილებში წყალი არ იყო, ველური ფრინველები რომ სხდებოდნენ ტბაზე, იმ წყალს სვამდნენ. ზოგი ადუღებდა ამ წყალს, თუმცა დედას არ ასმევდნენ ამ წყალს. საქონელი რომ შეიძინეს, მერე რძეს სვამდნენ.

მუშაობდნენ ბამბის პლანტაციაში. ერთ დღეს დედაჩემიც გაჰყოლია პლანტაციაში, კრეფის დროს, ბამბის ეკალი შერჭობია თითში და დაუზიანებია. სიკვდილამდე ჰქონდა ეს ნაიარევი თითზე.

ბებიაჩემი ეუბნებოდა მამაჩემს, აქ მოვკვდები, ჩემი ცხედარი არ დატოვოთ და სამშობლოში წამიყვანეთო.

დედა გათავისუფლების დღესაც იხსენებდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ, ვიღაც ცხენიანი კაცი მოვიდა და გვითხრა თავისუფლები ხართო. ისეთი სიხარული განვიცადეთ, ბებიაჩემმა კოცნა დაუწყო ჩექმაზე იმ კაცსო. ახლაც ცრემლები მადგება, განვიცდი, როცა დედის მონაყოლს ვიხსენებ“-გვეუბნება ლევან კალანდარიშვილი.

მისი თქმით, დედას მუსიკოსობა უნდოდა, რეპრესიების გამო კი ვერ გაჰყვა თავის საყვარელ საქმეს და პროფესიას.

„სულ ამბობდა, რას მერჩოდა, მე რა დავაშავე, ბავშვი ვიყავი, სწავლა, სიმღერა მიყვარდა და რატომ გადამასახლაო.

სახლში რომ დაბრუნდნენ, აქ ვიღაც რუსულენოვანი ოჯახი ჰყავდათ შესახლებული, მაგრამ გაიყვანეს. უდიერად ექცეოდნენ თურმე იქაურობას, შეშას მეორე სართულზე ჩეხავდნენ, არ უვლიდნენ სახლს, ამიტომ დედას გული ეტკინა.

თუმცა დაბრუნების სიხარული იმდენად დიდი იყო, თითქოს ყველა ტანჯვა და ტკივილი დაავიწყდათ.

YouTube video player

არც ნათესავებს სჯეროდათ რომ დაბრუნდებოდნენ. ნელ-ნელა დაიწყეს ახალი ცხოვრება, დედაჩემი სკოლასაც დაუბრუნდა, იმ გუნდსაც საიდანაც წაიყვანეს, მაგრამ დაკვრა დავიწყებული ჰქონდა და გარკვეული დრო დასჭირდა რომ გაეხსენებინა.

საბოლოოდ, დედამ ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და ამაზე ძალიან წყდებოდა გული“-ამბობს ლევანი.

მისი აზრით, ადამიანი ამ ქვეყნას, რომ მოევლინება, ომში არ უნდა დაიღუპოს, რადგან ყველას სჭირდება მზის შეხედვა, სითბო და სიყვარული.

„რაღა დროს ტანკი და ქვემეხია … შიშის ქვეშ არ უნდა ცხოვრობდეს ხალხი.

თუნდაც ჩვენ, რუსი რომ გვებრძოდა, ან უკრაინაში რაც ხდება, ეს ნორმალურია?

ადრე ერთად ვიბრძოდით მტრის წინააღმდეგ, ახლა შემობრუნდა რუსეთი და პატარა გოგო-ბიჭებს ხოცავს თავიანთ სახლებში. ის ვეტერანი ხალხი, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ ომში, წარმოიდგენდნენ მაშინ ამას?

იფიქრებდნენ, რომ სახლში მიუვარდებოდა რუსეთი და მოკლავდა?

ძნელია ძალიან.

ან ჩვენ, ასეთი ლამაზი აფხაზეთი გვაქვს, ბავშვობაში დავდიოდი შეჯიბრებებზე და გული მწყდება ახლა რომ ვეღარ ჩავდივართ და იქ ვინც ცხოვრობდა და ვერ მიდის, ისინი როგორ მდგომარეობაში იქნებიან არა?

ჩვენი ხალხი რომ დაბრუნდეს, თავიანთ ოჯახებს რომ დაუბრუნდეს არ შეიძლება?

მე ისე მოვკვდები, პუტინს ჩემს ეზოში არ შემოვუშვებ და მეტი რა ვქნა“-ამბობს ლევან კალანდარიშვილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გადადგა – „არ უკავშირდება პოლიტიკას“

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 30 მაისს გახდა ცნობილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სულხან ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა 2024 წლის 24 მაისს“.

თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად სულხან ღლონტი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მისი წასვლა ხომ არ უკავშირდებოდა რუსულ კანონს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ გვითხრა, რომ არა.

„[ჩემი გადადგომა] არ უკავშირდება პოლიტიკას. რამდენიმე თვის წინაც ვითხოვე თანამდებობიდან წასვლა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, გიორგი სურმანიძემ. თავად სურმანიძე ტელეფონს არ პასუხობს, სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით კი, მინისტრის მოადგილეს, გიორგი სურმანიძეს თანამდებობა არ დაუტოვებია.

ვის დაიბარებენ საგამოძიებოში, ხარებას? – მოქალაქე, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს 

„დალეწვა უფრო ერქვა ამას, როგორც ამას თავად ახსენებენ: დავლეწოთო… ხშირად მესმის პარალელი ბელარუსთან. სინამდვილეში, მე კადიროვმა მცემა 9 აპრილის ქუჩაზე…“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველებმა პროტესტის გამოხატვისთვის 16 აპრილის აქციაზე სცემეს.

რა ახსოვს ლევას და რატომ არ სცნობს დაზარალებულად მას გამოძიება?

„გამომძიებელმა დეტალურად გამომკითხა, შვიდ-საათნახევარი მკითხავდნენ, მაგრამ აზრი არ აქვს, ვის დაიბარებენ, ხარებას? გომელაურს როცა აჩვენეს ჩემზე თავდასხმის ვიდეო, ხარებაზე თქვა, ეს არის ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ საერთოდო,“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი. მას 2024 წლის 16 აპრილს, საღამოს სცემეს პოლიციელებმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე შესასვლელთან.

მოქალაქე ამბობს, რომ მას უშუალოდ ხარება [შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი] უღებდა ვიდეოს. მასზე ნიღბიანმა პირებმა ხარებას თვალწინ და მისი დავალებით ისე იძალადეს, რომ საბოლოოდ დაკავებული დემონსტრანტი იზოლატორის ნაცვლად, კლინიკაში აღმოჩნდა.

მაშინ, როცა სასამართლოები ერთმანეთის მიყოლებით განიხილავენ საპროტესტო აქციებზე აპრილსა თუ მაისში დაკავებულების საქმეებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლევან ბუდაღაშვილის საქმე შსს-ს სასამართლოში არ შეუტანია.

სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაზე გამოძიება აქაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. არც ლევან ბუდაღაშვილისთვის მიუნიჭებიათ სტატუსი. მოქალაქე დეპუტატის მსგავსად ეჭვობს, რომ აქაც გამოძიებას არ სურს გამოჩნდეს რეალურად, რა ხდება საქმეში, სადაც, მაგალითად დევს ლევან ბუდაღაშვილის დაკავების კადრები.

„თავის ტვინის შერყევა მქონდა, დაზიანებები სახეზე, დაჟეჟილობა, დაზიანება მხრის და ფეხის…“, – დაზიანების ჩამონათვალს გვაცნობს ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, გერმანიაში ემიგრაციაში იყო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უმუშევარი დარჩა.

ლევან ბუდაღაშვილი ამბობს, რომ აქციებზეა ახლაც. „კლინიკაში როცა ვიწექი და მერე კიდევ 10 დღე რეაბილიტაციას გავდიოდი, სირცხვილს ვგრძნობდი: ადამიანები გარეთ დგანან და მე სახლში ვიჯექი,“ – დასძენს იგი და შემდეგ დეტალებს იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ხარებას პირისპირ:

ლევან ბუდარაშვილი – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 2024 წლის 17 აპრილი

„პარლამენტის უკან ვიყავით. პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ და მეც ვაპირებდი ჩასვლას, როცა უცებ 9 აპრილის მხრიდან მოგვაყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანები. ამ დროს საღამოს 9 საათია, ლაივი ჩავრთე რამდენიმე წუთით,“ – გვიყვება ლევან ბუდაღაშვილი. – „ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან დაიწყო ხალხმა ამოსვლა პარლამენტის უკან, რადგან ჩავთვალეთ, რომ ბევრნი თუ ვიქნებოდით, ვერ დაგვარბევდნენ.

შემდეგ ჭიჭინაძეც ჩაკეტეს და სკვერის მხრიდანაც შემოვარდნენ უცებ შავფორმიანები. ფაქტობრივად ალყაში მოგვაქციეს, როდიონოვსაც არ გაუკეთებია ეს…

ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, ხარებას ბრიგადა მოიყვანესო. არ იყო ჯერ ცნობილი, ვინ იყო ეს ხარება, მაშინ შლიდა ფრთებს… ვიღაც ტიპი მეკითხება, ვინ არის ეს ხარებაო. რა ვიცი, ამათი უფროსი, მაგის დედაც-მეთქი და იმათი მხრიდან აგრესია წამოვიდა…

მე არანაირ დარბევაში არ მოვყოლივარ – მოგვნიშნა ვიღაცამ და სია შეადგინა. ხარებამ დღესაც დაადასტურა, სია გვაქვსო.

ნიღბიანების წინ ვდგავართ და ერთ-ერთი მეუბნება, ჩამოიწიე ნიღაბიო. თეთრი ნიღაბი მეკეთა. ჩამოვიხსენი და ახლა შენც ჩამოიხსენი-მეთქი… დამიჭირეს და ამის კადრებიც არსებობს მედიაში, როგორ ძალადობენ ჩემზე, შემდეგ 9 აპრილის ქუჩის კუთხეში გამიყვანეს და არანორმალურად მირტყამდნენ.

რაღაც დარტყმაზე ვითიშებოდი, შემდეგი დარტყმა მაფხიზლებდა… ქვაფენილზე ვეგდე, როცა ვიღაც ტიპმა წამომაწევინა თავი და ისე ჩამარტყა ფეხი. მახსოვს, იქ ვიღაც გადამეფარა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო, ვსო, მკვდარია უკვეო…

პატრულის მანქანით უნდა წავეყვანე, ხელბორკილები დამადეს და ამ დროს გაისმა, არ წახვიდეთო. ნიღბიანებმა ალყაში მოაქციეს პატრულის მანქანა. საჭესთან ვინც იყო, მანქანიდან გადავიდა. კაცი, რომელსაც ბენდენა სახეზე არ ეკეთა, ფანჯრიდან ხელს ყოფს, მირტყამს, მაფურთხებს, მაგინებს, მეუბნება, თქვი ვინ ხარ, მამეორებინებს სახელს და გვარს. მერე როცა ვნახე ხარებას კადრები, მივხვდი, რომ ის კაცი ბენდენით ხარება იყო…

სხვა ნიღბიანებიც მირტყამდნენ მანქანაში, ვიდრე ხარება მობილურით მიღებდა,“ – უთხრა ლევან ბუდაღაშვილმა „ბათუმელებს“.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტი პოლიციის სამმართველოში გადაუყვანიათ. აქტივისტი ამბობს, რომ რეალურად ისევ აქციაზე დაკავებულებმა გადაარჩინეს, რომლებიც უკვე დაკავებული ჰყავდათ და იქ შეძახილებით დახვდნენ, კლავთ თუ რას შვრებითო… სასწრაფოს ექიმებმა პოლიციელებს უთხრეს, დარბევაში მოჰყვაო. ერთს გაეცინა, მეორე გოგომ, ვერ დავმალავთ ამბავსო, სტაციონარულია, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაშიო,“ – ამბობს ლევან ბუდაღაშვილი.

16 აპრილს მომხდარი ამ ინციდენტის შემდეგ ლევან ბუდაღაშვილისთვის შსს-დან აღარავის დაურეკავს.

„ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ყველასთვის დასანახი იყოს, რა სისასტიკეზეც არიან წამსვლელი. სინამდვილეში შიში დაახლოებით 20 წამს გრძელდება. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება გეშინოდეს. მეორე დღეს რომ ფოტო გამოვაქვეყნე, უკვე ვიცოდი, რომ მარტივია ტკივილის გადატანაც… ჩვენ ახლა რაღაც ზღაპარში ვართ. ზღაპარს კი, ცუდი დასასრული არასდროს აქვს.

მე აპარტიული ვარ, თუმცა პარტიების დონეზე არც განვიხილავ ამ ყველაფერს – ქვეყნის დონეზე განვიხილავ. პარტიების კუთხით ჯენზი ვარ, სხვა ვერაფერში ვეღარ ვეწევი ჯენზის,“ – დაგვემშვიდობა ლევან ბუდაღაშვილი.

___

სტატია სრულად:

„ვსო, მკვდარია უკვეო“ – რას ჰყვებიან რობოკოპების მიერ ნაცემები და

რატომ არ სჯიან მოძალადე სპეცრაზმს

ბათუმის რამდენიმე ქუჩასა და ქალაქის შემოგარენში წყალი საღამომდე შეწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული ცენტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოების გამო, დღეს 30 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ:

წინსვლის, ორთაბათუმის, ჩაისუბნის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებს, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებს, ინასარიძისა და ბაგრატიონის ქუჩების ნაწილს, მაიაკოვსკის, წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნიჟარაძის, გოგებაშვილისა და მაქაცარიას ქუჩებს.

მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები. ღობე-ყორეს ედებიან, არანაირი გამოძიება არ მიდის – ელისაშვილი

გადატვირთული სასამართლოს პირობებში, აქტივისტებს იბარებენ სასამართლოში და აჯარიმებენ. რა ხდება იმ საქმეებში, სადაც პირიქით, სამართალდამცველებმა იძალადეს მოქალაქეებზე, მათ შორის დეპუტატებზე, რომელსაც იმუნიტეტი იცავს? – პარლამენტის წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიციამ ჯგუფურად და დემონსტრაციულად სცემა. დეპუტატი ამბობს, რომ არანაირი გამოძიება არ ტარდება.

„ჩემს შემთხვევაში სახეზე ჩანან ადამიანები, ვინც მირტყამდა. საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მივწერეთ, გვითხარით, ვინ არიან ეს პოლიციელები და არ მოუწოდებიათ ჯერ ინფორმაციაო, ძალიან სამარცხვინო დღეში არიან,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილი.

სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს 2022 წლიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაისაჯა თუ არა ერთი სამართალდამცველი მაინც, ვინც საპროტესტო აქციის მონაწილეზე იძალადა? მათ შორის, 2023 წლის მარტის აქციების დარბევის შემდეგ, ან როცა რუსული გემის ბათუმში შემოსვლის დროს აქციაზე პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს? გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ შემთხვევებზე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. 

ალეკო ელისაშვილს დეპუტატის მანდატი იცავს, თუმცა დეპუტატი 2024 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, ნეკნიც ჩაუმტვრიეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პარლამენტის წევრის დაკავებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

„უცებ მოვარდნენ,“ – 17 აპრილის თავდასხმას იხსენებს პარლამენტის წევრი. – „მანამდე ვაჟა სირაძესთან [საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი] მქონდა შელაპარაკება, შეურაცხმყოფელი სიტყვა მითხრა და მეც დავუბრუნე. თქვა ეგრევე, შეათრიეთო და უცბად აღმოვჩნდი წიხლების ქვეშ. რაღაც მომენტში გონებაც დამებინდა. ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პოლიციის კორდონთან. ვისაც არ ეზარებოდა, წიხლებს და მუხლებს მირტყამდა. ერთადერთი, ბათინკებს ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა…. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

ალექსანდრე ელისაშვილი – ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან, 2024 წლის 18 აპრილი

კანცელარიის შენობაში შემათრიეს მალევე. არ მახსოვს, იქ რა ხდებოდა… მანქანაში როცა მსვამდნენ, ნაცემი ვიყავი უკვე. პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. იქ ადამიანური გარემო იყო, თუმცა ვეუბნებოდი, დეპუტატი ვარ, იმუნიტეტი მიცავს, როგორ დამაკავეთ, კანონს არღვევთ-მეთქი. ჩემი დაკავების ოქმს ადგენდნენ, რაც სამართლებრივი აბსურდია,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიება ფორმალობაა:

„კანცელარია ხომ ყველაზე დაცული შენობაა საქართველოში, რამდენი ვიდეო სათვალთვალო კამერაა. ერთი კამერა ამოიღეს მხოლოდ, სადაც არაფერი არ ჩანს საერთოდ. ტვ „პირველის“ კადრებში ჩანს პირდაპირ, ვინც მირტყამს.

ლევან ხაბეიშვილი იმიტომაც ცნეს დაზარალებულად, რომ ის სავარაუდოდ ვერ ამოიცნობს, ვინ ურტყამდა: კადრი, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილს ურტყამენ და მათი სახეები ჩანს, სავარაუდოდ არ არსებობს. ჩემს შემთხვევაში კი, 4 ტიპი მირტყამს ფიზიკურად, ზოგს ქუდი აქვს ჩამოფხატული, ზოგს – ნიღაბი, მაგრამ ამოსაცნობი ნიშნები აქვთ, ერთის სახე კი, პირდაპირ ჩანს. ესეც ტელევიზიის ეთერში გავიდა, თორემ ჩემს საქმესაც ჩაფარცხავდნენ.

დამამძიმებელი გარემოებაცაა, რომ წინასწარი შეცნობით დამესხნენ თავს, გამიზნულად მაღალი თანამდებობის პირს, ჯგუფურად. ეს ძალიან მძიმე მუხლია. ამიტომაც, არ სურთ ამის გამოძიება… მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები… რაღაც ღობე-ყორეს რომ ედებიან, რეალურად არანაირი გამოძიება არ მიდის. სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ ესენი, რომ აღარავის აღარ მოუნდეს მშვიდობიან დემონსტრანტს დაავლოს ხელი, სადღაც შეათრიოს და სცემოს.

მცდელობა ჰქონდათ ჩემთან მოლაპარაკებების… ვერ დავაკონკრეტებ, პოლიციელების მხრიდან იყო: შენ ხომ ჯიგარი ხარ, ბიჭებს რაღაც შეეშალათ და ბოდიშს მოგიხდიანო. კატეგორიული უარი ვთქვი,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილს პარლამენტის შენობაშიც დაესხნენ თავს მას შემდეგ, როცა საკომიტეტო განხილვის დროს, 2024 წლის 15 აპრილს, ალეკო ელისაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ტრიბუნასთან დაარტყა.

„ეს არ გამკვირვებია, რეაქცია იყო, რადგან მე მდინარაძეს დავარტყი. რა თქმა უნდა, ჯგუფური ძალადობა მოაწყვეს, თუმცა უფრო რამდენიმე პირისგან მეწყინა, ერთი მამაჩემისხელაა. გამეტებით შემდგნენ.

შემდეგ რუსთაველზე, აქციაზე ისევ შემათრიეს მოულოდნელად რობოკოპებმა. იქ ერთმა ბიჭმა გადამარჩინა – დღემდე არ ვიცი, ვინ არის. რობოკოპებმა შემათრიეს და ამ გულიანმა ტიპმა ქამარში ჩამავლო ხელი და არ მომეშვა არაფრით, გამომათრია იქიდან. იმ ბიჭს და მეც წიწაკის სპრეი შეგვასხეს, ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ მალევე ორმა ბიჭმა იქიდან გამომარბენინა, ნუ გეშინია, გაგიყვანთ სამშვიდობოსო.

მართლაც გამიყვანეს. საწუწუნო არაფერი მაქვს. ტუჩი გამიხეთქეს. ნეკნიც გამიტეხეს, მაგრამ უკვე შეხორცდა, აღარ მტკივა. მე კი არა, გოგოებს ურტყამდნენ, ბავშვებს ჩაუსაფრდნენ. ეს არის ამათი ბოლო ჟამი, ესენი უნდა გავუშვათ რუსეთში,“ – გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.

ადეკვატურად იცავს აქციებზე კონსტიტუციის გარანტირებულ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც ელისაშვილის თანამებრძოლი იყო და მისი მეგობარია? – ესეც ვკითხეთ საუბრის ბოლოს დეპუტატს.

„ვერანაირად ვერ შევაფასებ, მეშვიდე კლასიდან ერთად მოვდივართ და ობიექტურად ვერ შევაფასებ. რა თქმა უნდა, რაღაცას მეც ვისურვებდი უკეთესად, მაგრამ ჩემთვის უპირველესად მეგობარია,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა „ბათუმელებთან“.

____

სტატია სრულად:

„ვსო, მკვდარია უკვეო“ – რას ჰყვებიან რობოკოპების მიერ ნაცემები და რატომ არ სჯიან

მოძალადე სპეცრაზმს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 506 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 7 710 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 14 913 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 13 101 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 088 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 532 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 222 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 849 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 2 153 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 606 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 794 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 201 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 324 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 957 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 112 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, რომ უკრაინამ არტილერია რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version