შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე“ პოლიციელებისთვის ლანჩის შესყიდვაზე შეწყვიტა ტენდერი, რომელიც 200 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.
„ღონისძიებები“ კი თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციებია, სადაც სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი გამოჰყავს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები.
„ღონისძიება“ ძირითადად დეპუტატების პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოდ“ შესვლა-გამოსვლის უზრუნველყოფით და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლით შემოიფარგლება.
აპრილ-მაისში სპეცრაზმის ლანჩისთვის სამინისტრომ 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი გამარტივებული წესით. ვინაიდან ტენდერი შეწყდა, აქციები კი გაგრძელდება, შსს-ს ლანჩის შესყიდვა ისევ ტენდერის გარეშე – გამარტივებული წესით მოუწევს.
ამასთან, შსს-ს მიერ გამარტივებულ შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებები, მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია ვისთან აფორმებს სამინისტრო ხელშეკრულებებს.
სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ამ ხელშეკრულებების ასლები, ოფიციალურად წერილობითაც გამოითხოვა, თუმცა სამინისტრომ ის არ მოგვაწოდა. საჯარო ინფორმაციის გაცემას კი შსს-ს კანონი ავალდებულებს.
შსს, რომელმაც ამ შემთხვევაში კანონი დაარღვია, სავარაუდოდ არც პრემიერ-მინისტრის „თხოვნას“ უწევს ანგარიშს.
„ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 3 აპრილს გაავრცელა, როცა რუსული კანონის „გასაპრავებლად“ თავისი მთავრობის „გამჭვირვალობაზე“ დებდა თავს.
სამინისტრომ ტენდერი იმ დროს შეწყვიტა, როცა ის შერჩევა-შეფასების ეტაპზე იყო, ანუ შესყიდვების პორტალზე უკვე ჩანდა მიმწოდებელი, რომელიც ყველაზე დაბალ ფასად სთავაზომდა მომსახურებას.
შსს-მ ტენდერი 2024 წლის 8 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 20 მაისს დასრულდა, 23 მაისს კი, სამინისტრომ ტენდერი შეწყვიტა.
შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ მიზეზი ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი იყო, რომლითაც საჭირო გახდა „მომსახურების პრეისკურანტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების ცვლილება“.
არადა, ტენდერის გამოცხადების ოქმში წერია, რომ „შსს ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამისი განყოფილების მიერ განხორციელდა ბაზრის შესწავლა და ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეგზავნა 13 (ცამეტი) კომპანიას“. წინადადება წარმოადგინა ერთმა კომპანიამ – პრეისკურანტის ღირებულებით 36,08 ლარი.
ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო თანხა 200 ათასი ლარი იყო, პრეისკურანტით იყო გამოცხადებული. პრეისკურანტის ღირებულება კი სწორედ 36,08 ლარი იყო.
ტენდერში მონაწილე შპს BF Service-მ სამინისტროს მომსახურება შედარებით ნაკლებ ფასად – პრეისკურანტის ღირებულებით – 34,26 ლარად შესთავაზა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მომსახურების პრეისკურანტში არის ლანჩის 3 კომპლექტი სხვადასხვა ფასით. ამ სამი კომპლექტის ჯამური ღირებულება კი იგივეა, რაც პრეისკურანტის ღირებულება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში 36,08 ლარზე მეტი.
სამინისტროს წინა ტენდერიც 150 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, სადაც პრეისკურანტის ღირებულება იგივე, 36,08 ლარი იყო. ამ ტენდერში გამარჯვებულმა – შპს „ევროპული საცხობმა“ კი, სამინისტროს მომსახურება პრეისკურანტის ზუსტად იგივე ღირებულებით [36,08 ლარი] შესთავაზა.
უცნობია, მონაწილეობდა თუ არა შეწყვეტილ ტენდერში „ევროპული საცხობი“, თუმცა ფაქტია, რომ BF Service-ს შეთავაზება იყო ყველაზე დაბალი, ვინაიდან შესყიდვების პორტალზე პროგრამულად პირველ რიგში ჩანს ის კომპანია, რომელიც შემსყიდველს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ BF Service ბაზრის კვლევაში არ მონაწილეობდა, ანუ არ იყო იმ 13 კომპანიას შორის, რომლებსაც, ოქმის მიხედვით, შსს-მ ტექნიკური დოკუმენტაცია გადაუგზავნა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ხელახალი ტენდერი სამინისტროს 29 მაისის მდგომარეობით ჯერ არ გამოუცხადებია.
შპს BF Service კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომელიც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს გამოცხადებული – „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების კვებით მომსახურის სახელმწიფო შესყიდვაზე“.
დეპარტამენტის ამ ტენდერში შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 50 ათასი ლარია, ხოლოპრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება აქაც 36,08 ლარი.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის ტენდერის პრეისკურანტით გათვალისწინებული ლანჩის სამივე ნაკრები შსს-ს მიერ შეწყვეტილი ტენდერის პრეისკურანტის იდენტურია.
BF Service-ს შეთავაზება კი ამ შემთხვევაში ზუსტად 36,08 ლარია და კომპანია, როგორც ტენდერში გამარჯვებული, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელშეკრულების დასადებად ჰყავს მიწვეული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.
- რა პრობლემებია კონკრეტულად და რა დროიდან? ანუ, რატომ არ იძებნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეკრულებები [ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები] CMR გრაფაში? თუ ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაა, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტის/გადაწყვეტილების ასლი.
- რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როდის აღმოიფხვრება ის? – ეს და სხვა ინფორმაცია [მათ შორის კონკრეტული ხელშეკრულებების ასლები] შსს-ს 17 მაისს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
„ბათუმელები“ იმავე დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც დაუკავშირდა, თუმცა სააგენტოდან 28 მაისს მხოლოდ ზოგადი პასუხი მოგვწერეს:
„ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“
გამოდის, რომ „ხანგრძლივი დროის პერიოდის“ გასვლამდე ვისთან გააფორმა/გააფორმებს ხელშეკრულებებს შსს, უცნობი დარჩება, რადგან არც პორტალზე ჩანს და არც შსს იძლევა.
ამ თემაზე: სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ
თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვასაც ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია.
ვრცლად: ანტირუსული აქციების გამო შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტს იყიდის
______________
რა ხდება?
28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობას უქადის.
კანონის განხილვა-დამტკიცების პერიოდში კი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტირუსული საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. 28 მაისს ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციების გაგრძლება დააანონსეს.
ამ თემაზე:
მთავარი ფოტო: ნიღბიანი ძალოვნები პარლამენტის შენობაში და შენობის გარეთ / 28.05.2024