ვენეციის კომისიაც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცაო – ირწმუნება „ოცნება“, როცა ცდილობს, ევროპაში ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დაწუნებული რუსული კანონით აცხოვროს ქვეყანა. ამავდროულად კი, სხვა ევროპული ორგანოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „სააკაშვილის საქმეზე“ დარღვევები არ დადგინდა, „ოცნებას“ თავისი პროპაგანდის მესიჯებში შეაქვს.
როდის და როგორ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია“ მმართველი პარტიის ლოგიკით? თუ „გლობალური ომის პარტიას“ გავლენა აქვს ყველ ინსტიტუციაზე დასავლეთში, რა დაემართა ევროსასამართლოს შემთხვევაში?
ამ თემაზე „ბათუმელები“ მამუკა ჟღენტს ესაუბრა, ის დიპლომატია და საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ასევე „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა მოტივაციით მოქმედებს „ქართული ოცნება“, რომელიც ევროპიდან და ამერიკიდან კრიტიკის საპასუხოდ „გლობალური ომის პარტიით“ აშინებს ადამიანებს, ევროსასამართლოს კი სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო აქებს. რა ლოგიკით შეიძლება „გლობალური ომის პარტიას“ გავლენა ჰქონდეს ევროპაში ყველა ინსტიტუციაზე და ევროსასამართლოზე არა?
როგორც ყველაფერში, აქაც საქმე გვაქვს არასერიოზულ დამოკიდებულებასთან. ეს არის აგდებული დამოკიდებულება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და შემდეგ უკვე პარტნიორების მიმართ. ეს არ ეფუძნება არავითარ ლოგიკას, დასკვნებს, შეფასებას. ეს ეფუძნება მხოლოდ იმას, თუ რა თქვა ბატონმა ბიძინამ, როგორ ხასიათზე გაიღვიძა? თუ ბატონი ბიძინა იტყვის, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, მიესალმებიან, თუ თქვა, არ ვარგაო, იქ უკვე ჩნდება „გლობალური ომის პარტია“, მასონები, რაც ლაშხებს ესიზმრება.
ხომ გახსოვთ, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ ევროსასამართლომ როცა პირველი გადაწყვეტილება გამოაცხადა და არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს, წამოვიდა შეურაცხყოფის ნიაღვარი, მაშინ „გლობალური ომის პარტია“ არ არსებობდა. შემდეგ, როცა იგივე სასამართლომ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღო, ისევ პროფესიონალებად იქცნენ.
ვენეციის კომისიის მიმართაც იგივე დამოკიდებულებაა – გააჩნია, როგორ მოეწონება ესა თუ ის გადაწყვეტილება ბატონ ბიძინას. ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ხოშზე დაფუძნებული.
- თუმცა „ოცნებაში“ იციან, რომ საქართველოში ენდობიან ევროსასამართლოს და ვენეციის კომისიასაც. თქვენი აზრით, „ოცნება“, არ ცდილობს ამ მიდგომით ამოეფაროს ევროსასამართლოს, როცა მას ეს აწყობს?
მაგაშიც ალოგიკურები არიან. პირიქით, თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს დინამიკაში, ნებისმიერი ინსტიტუცია მათთვის ხან კარგია, ხან – ცუდი, ხან „გლობალური ომის პარტიაა“, ხან პროფესიონალები არიან.
როცა ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი იყო, გახსოვთ ხომ მაშინდელი შეფასებები? მაშინ „ომის პარტია“ არ არსებობდა, მერე მოიგონა ბატონმა ბიძინამ. მაშინ ამბობდნენ, რომ ევროსასამართლოში არის მოსამართლე საქართველოდან, რომელიც ჩვენს მიმართ ნეგატიურად არის განწყობილიო.
„რუსთავი 2-ის საქმეზე“ როცა შუალედურ გადაწყვეტილებას იღებდა ევროსასამართლო, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანელიძეც გააქანეს იქ, დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა შეხვედრა და გამოუშვეს – უთხრეს, რომ ეს სასამართლოა და ვერანაირი ზეგავლენა ვერავის ექნება. მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორ მუშაობენ ეს ინსტიტუციები და როგორ ამზადებენ დასკვნებს, ერთ ადამიანზე არაფერი არ არის დამოკიდებული ევროსასამართლოში, არც ვენეციის კომისიაში, საკმაოდ ბევრი ფილტრია, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ვენეციის კომისია მათთვის კარგიც იყო და ძალიან ცუდიც. ის, რომ ამ კანონპროექტზე [რუსული კანონი] ვენეციის კომისია კარგს არ დაწერდა, ფაქტია, რადგან შავზე თეთრიაო, ვერ იტყოდა. მნიშვნელოვანია ასევე: ვინ მიმართა ვენეციის კომისიას, რომ ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის სამართლებრივი დასკვნა გაგვეგო, ეს არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლება – ევროსაპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიმართა.
ამიტომაც, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საკითხებში კარგად ერკვევიან, უნდა მიაწვდინონ საზოგადოებას ხმა, რასთან გვაქვს საქმე.
- საკუთარ ამომრჩეველზეც ვერ აისახება დადებითად, როცა აცხადებენ, რომ აი, ევროსასამართლომ კონკრეტულ საქმეზე გაგვამართლა?
ნდობის მოპოვებას ცდილობენ ტროლები, ის მედია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კომენტარები, რასაც ჩვენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, გამიზნულია უფრო იმისკენ, რომ ეს ბატონმა ბიძინამ მოისმინოს და შესაბამისად დაუფასოს. ისინი არც ხალხს და არც ჩვენ პარტნიორებს არ ესაუბრებიან. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების აზრი აღარ აინტერესებს.
ბოლო 2 წელი მინიმუმ მათ არანაირი საზოგადოების დაკვეთა არ აინტერესებთ. მათ პირდაპირ გადაუხვიეს იმ ყველაზე ნათელ საზოგადოებრივ დაკვეთას, რაც არის ევროპული ინტეგრაცია. ვუერთდებით რუსეთს, არ ვიცი, რა ფორმით, ესეც ალბათ გაირკვევა უახლოეს მომავალში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს კი, მართავს ივანიშვილი. ივანიშვილს ვინ მართავს: პუტინი, ბორტნიკოვი, თუ რომელიმე უწყება რუსეთის ფედერაციიდან, ამაზე მარჩიელობას ახლა აზრი არ აქვს.
- რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას ამომრჩეველთან, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს?
საქართველო არ არის რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, თუ რუსულ ჯარს არ შემოიყვანენ, ჩემი აზრით, ივანიშვილის ამბავი დასრულებულია. თუ რუსეთი ჯარს შემოიყვანს, ჩემი აზრით, მაინც დასრულებულია, მაგრამ ეს ცოტა მეტი ხნით გაგრძელდება. რუსული ჯარი იყო საქართველოში 70 წელი, მანამდე – 200 წელი და საბოლოო ჯამში, რუსებს მაინც მოუწიათ წასვლა. ჩვენთვის ეს იქნება დამოუკიდებლობის დაკარგვა, კიდევ ერთხელ სისხლი, პრობლემები…
- უშვებთ, რომ შესაძლოა შეიარაღებული თავდასხმის განახლებაზე წავიდეს რუსეთი?
აქ არ არის საუბარი თავდასხმაზე: დაუძახებს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ და შემოიყვანს. კონფლიქტი იქნება შემდეგ, რადგან საქართველოს მოსახლეობა არაფრით არ შეეგუება რუსულ, როგორც ირიბ მმართველობას, რაც დღეს გვაქვს, ან იმას, რომ რუსული ჩექმა შემოვა საქართველოში. ეს რა დაგვიჯდება, როგორ გაგრძელდება პროცესი და რა პერიოდით, სხვა თემაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია.