„დალეწვა უფრო ერქვა ამას, როგორც ამას თავად ახსენებენ: დავლეწოთო… ხშირად მესმის პარალელი ბელარუსთან. სინამდვილეში, მე კადიროვმა მცემა 9 აპრილის ქუჩაზე…“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველებმა პროტესტის გამოხატვისთვის 16 აპრილის აქციაზე სცემეს.
არავინ დაუსჯიათ. ლევან ბუდაღაშვილი კი, ისევ საპროტესტო აქციაზეა რუსული კანონის წინააღმდეგ.
აქციაზე სცემეს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილიც. მოქალაქეებზე ძალადობის სხვა შემთხვევების მსგავსად, გამოძიება დაიწყო, თუმცა არც ამ შემთხვევაში დასჯილა ვინმე. გამოძიებას ამ დრომდე მოქალაქისთვის და არც დეპუტატისთვის დაზარალებულის სტატუსიც არ მიუნიჭებია – მათ საქმეში ჩახედვის საშუალება რომ არ მიეცეთ. დაზარალებულს აქვს უფლება, საქმის მასალებს სრულად გაეცნოს.
გამოძიება გასული წლის მარტშიც დაიწყო, როცა გარუსების წინააღმდეგ და ისევ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებზე სამართალდამცველებმა იძალადეს. ეს საქმეებიც თაროზე შემოდებული რჩება.
„სპეციალურად გააკეთეს, რომ აი, ჩვენ დეპუტატებსაც ვცემთ, ვისაც კონსტიტუციური გარანტიები აქვთ და თქვენ რას გიზამთ? პოლიციელებს კიდევ თავზე ხელს უსვამენ. ახლა რომ ვინმე დაიჭირონ, დაეშლებათ ეს ძალადობრივი მექანიზმი, რაზეც დგანან. სხვა აღარაფერზე ისინი აღარ დგანან,“ – მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი.
სამართალდამცავი უწყებები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს დემონსტრანტების დასჯაზე, სასამართლოებიც გადატვირთულობის მიუხედავად, ამ საქმეებს სწრაფად განიხილავენ.
რა ხდება საქმეებში, სადაც პირიქით, სამართალდამცველებმა და სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილების მიმღები პირებმა უნდა აგონ პასუხი?
- ალეკო ელისაშვილი: „კადრებში ჩანს ეს ხალხი, ვინც მირტყამდა. შერლოკ ჰოლმსი ხომ არ უნდა წამოაყენო საფლავიდან? ნახევარი საათის ამბავია“
„ჩემს შემთხვევაში სახეზე ჩანან ადამიანები, ვინც მირტყამდა. საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მივწერეთ, გვითხარით, ვინ არიან ეს პოლიციელები და არ მოუწოდებიათ ჯერ ინფორმაციაო, ძალიან სამარცხვინო დღეში არიან,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილი.
სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს 2022 წლიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაისაჯა თუ არა ერთი სამართალდამცველი მაინც, ვინც საპროტესტო აქციის მონაწილეზე იძალადა? მათ შორის, 2023 წლის მარტის აქციების დარბევის შემდეგ, ან როცა რუსული გემის ბათუმში შემოსვლის დროს აქციაზე პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს? გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ შემთხვევებზე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.
ალეკო ელისაშვილს დეპუტატის მანდატი იცავს, თუმცა დეპუტატი 2024 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, ნეკნიც ჩაუმტვრიეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პარლამენტის წევრის დაკავებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
„უცებ მოვარდნენ,“ – 17 აპრილის თავდასხმას იხსენებს პარლამენტის წევრი. – „მანამდე ვაჟა სირაძესთან [საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი] მქონდა შელაპარაკება, შეურაცხმყოფელი სიტყვა მითხრა და მეც დავუბრუნე. თქვა ეგრევე, შეათრიეთო და უცბად აღმოვჩნდი წიხლების ქვეშ. რაღაც მომენტში გონებაც დამებინდა. ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პოლიციის კორდონთან. ვისაც არ ეზარებოდა, წიხლებს და მუხლებს მირტყამდა. ერთადერთი, ბათინკებს ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა…. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
კანცელარიის შენობაში შემათრიეს მალევე. არ მახსოვს, იქ რა ხდებოდა… მანქანაში როცა მსვამდნენ, ნაცემი ვიყავი უკვე. პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. იქ ადამიანური გარემო იყო, თუმცა ვეუბნებოდი, დეპუტატი ვარ, იმუნიტეტი მიცავს, როგორ დამაკავეთ, კანონს არღვევთ-მეთქი. ჩემი დაკავების ოქმს ადგენდნენ, რაც სამართლებრივი აბსურდია,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიება ფორმალობაა:
„კანცელარია ხომ ყველაზე დაცული შენობაა საქართველოში, რამდენი ვიდეო სათვალთვალო კამერაა. ერთი კამერა ამოიღეს მხოლოდ, სადაც არაფერი არ ჩანს საერთოდ. ტვ „პირველის“ კადრებში ჩანს პირდაპირ, ვინც მირტყამს.
ლევან ხაბეიშვილი იმიტომაც ცნეს დაზარალებულად, რომ ის სავარაუდოდ ვერ ამოიცნობს, ვინ ურტყამდა: კადრი, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილს ურტყამენ და მათი სახეები ჩანს, სავარაუდოდ არ არსებობს. ჩემს შემთხვევაში კი, 4 ტიპი მირტყამს ფიზიკურად, ზოგს ქუდი აქვს ჩამოფხატული, ზოგს – ნიღაბი, მაგრამ ამოსაცნობი ნიშნები აქვთ, ერთის სახე კი, პირდაპირ ჩანს. ესეც ტელევიზიის ეთერში გავიდა, თორემ ჩემს საქმესაც ჩაფარცხავდნენ.
დამამძიმებელი გარემოებაცაა, რომ წინასწარი შეცნობით დამესხნენ თავს, გამიზნულად მაღალი თანამდებობის პირს, ჯგუფურად. ეს ძალიან მძიმე მუხლია. ამიტომაც, არ სურთ ამის გამოძიება… მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები… რაღაც ღობე-ყორეს რომ ედებიან, რეალურად არანაირი გამოძიება არ მიდის. სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ ესენი, რომ აღარავის აღარ მოუნდეს მშვიდობიან დემონსტრანტს დაავლოს ხელი, სადღაც შეათრიოს და სცემოს.
მცდელობა ჰქონდათ ჩემთან მოლაპარაკებების… ვერ დავაკონკრეტებ, პოლიციელების მხრიდან იყო: შენ ხომ ჯიგარი ხარ, ბიჭებს რაღაც შეეშალათ და ბოდიშს მოგიხდიანო. კატეგორიული უარი ვთქვი,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილს პარლამენტის შენობაშიც დაესხნენ თავს მას შემდეგ, როცა საკომიტეტო განხილვის დროს, 2024 წლის 15 აპრილს, ალეკო ელისაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ტრიბუნასთან დაარტყა.
„ეს არ გამკვირვებია, რეაქცია იყო, რადგან მე მდინარაძეს დავარტყი. რა თქმა უნდა, ჯგუფური ძალადობა მოაწყვეს, თუმცა უფრო რამდენიმე პირისგან მეწყინა, ერთი მამაჩემისხელაა. გამეტებით შემდგნენ.
შემდეგ რუსთაველზე, აქციაზე ისევ შემათრიეს მოულოდნელად რობოკოპებმა. იქ ერთმა ბიჭმა გადამარჩინა – დღემდე არ ვიცი, ვინ არის. რობოკოპებმა შემათრიეს და ამ გულიანმა ტიპმა ქამარში ჩამავლო ხელი და არ მომეშვა არაფრით, გამომათრია იქიდან. იმ ბიჭს და მეც წიწაკის სპრეი შეგვასხეს, ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ მალევე ორმა ბიჭმა იქიდან გამომარბენინა, ნუ გეშინია, გაგიყვანთ სამშვიდობოსო.
მართლაც გამიყვანეს. საწუწუნო არაფერი მაქვს. ტუჩი გამიხეთქეს. ნეკნიც გამიტეხეს, მაგრამ უკვე შეხორცდა, აღარ მტკივა. მე კი არა, გოგოებს ურტყამდნენ, ბავშვებს ჩაუსაფრდნენ. ეს არის ამათი ბოლო ჟამი, ესენი უნდა გავუშვათ რუსეთში,“ – გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.
ადეკვატურად იცავს აქციებზე კონსტიტუციის გარანტირებულ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც ელისაშვილის თანამებრძოლი იყო და მისი მეგობარია? – ესეც ვკითხეთ საუბრის ბოლოს დეპუტატს.
„ვერანაირად ვერ შევაფასებ, მეშვიდე კლასიდან ერთად მოვდივართ და ობიექტურად ვერ შევაფასებ. რა თქმა უნდა, რაღაცას მეც ვისურვებდი უკეთესად, მაგრამ ჩემთვის უპირველესად მეგობარია,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა „ბათუმელებთან“.
- ვის დაიბარებენ საგამოძიებოში, ხარებას? – მოქალაქე, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს
„გამომძიებელმა დეტალურად გამომკითხა, შვიდ-საათნახევარი მკითხავდნენ, მაგრამ აზრი არ აქვს, ვის დაიბარებენ, ხარებას? გომელაურს როცა აჩვენეს ჩემზე თავდასხმის ვიდეო, ხარებაზე თქვა, ეს არის ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ საერთოდო,“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი. მას 2024 წლის 16 აპრილს, საღამოს სცემეს პოლიციელებმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე შესასვლელთან.
მოქალაქე ამბობს, რომ მას უშუალოდ ხარება [შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი] უღებდა ვიდეოს. მასზე ნიღბიანმა პირებმა ხარებას თვალწინ და მისი დავალებით ისე იძალადეს, რომ საბოლოოდ დაკავებული დემონსტრანტი იზოლატორის ნაცვლად, კლინიკაში აღმოჩნდა.
მაშინ, როცა სასამართლოები ერთმანეთის მიყოლებით განიხილავენ საპროტესტო აქციებზე აპრილსა თუ მაისში დაკავებულების საქმეებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლევან ბუდაღაშვილის საქმე შსს-ს სასამართლოში არ შეუტანია.
სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაზე გამოძიება აქაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. არც ლევან ბუდაღაშვილისთვის მიუნიჭებიათ სტატუსი. მოქალაქე დეპუტატის მსგავსად ეჭვობს, რომ აქაც გამოძიებას არ სურს გამოჩნდეს რეალურად, რა ხდება საქმეში, სადაც, მაგალითად დევს ლევან ბუდაღაშვილის დაკავების კადრები.
„თავის ტვინის შერყევა მქონდა, დაზიანებები სახეზე, დაჟეჟილობა, დაზიანება მხრის და ფეხის…“, – დაზიანების ჩამონათვალს გვაცნობს ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, გერმანიაში ემიგრაციაში იყო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უმუშევარი დარჩა.
ლევან ბუდაღაშვილი ამბობს, რომ აქციებზეა ახლაც. „კლინიკაში როცა ვიწექი და მერე კიდევ 10 დღე რეაბილიტაციას გავდიოდი, სირცხვილს ვგრძნობდი: ადამიანები გარეთ დგანან და მე სახლში ვიჯექი,“ – დასძენს იგი და შემდეგ დეტალებს იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ხარებას პირისპირ:
„პარლამენტის უკან ვიყავით. პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ და მეც ვაპირებდი ჩასვლას, როცა უცებ 9 აპრილის მხრიდან მოგვაყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანები. ამ დროს საღამოს 9 საათია, ლაივი ჩავრთე რამდენიმე წუთით,“ – გვიყვება ლევან ბუდაღაშვილი. – „ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან დაიწყო ხალხმა ამოსვლა პარლამენტის უკან, რადგან ჩავთვალეთ, რომ ბევრნი თუ ვიქნებოდით, ვერ დაგვარბევდნენ.
შემდეგ ჭიჭინაძეც ჩაკეტეს და სკვერის მხრიდანაც შემოვარდნენ უცებ შავფორმიანები. ფაქტობრივად ალყაში მოგვაქციეს, როდიონოვსაც არ გაუკეთებია ეს…
ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, ხარებას ბრიგადა მოიყვანესო. არ იყო ჯერ ცნობილი, ვინ იყო ეს ხარება, მაშინ შლიდა ფრთებს… ვიღაც ტიპი მეკითხება, ვინ არის ეს ხარებაო. რა ვიცი, ამათი უფროსი, მაგის დედაც-მეთქი და იმათი მხრიდან აგრესია წამოვიდა…
მე არანაირ დარბევაში არ მოვყოლივარ – მოგვნიშნა ვიღაცამ და სია შეადგინა. ხარებამ დღესაც დაადასტურა, სია გვაქვსო.
ნიღბიანების წინ ვდგავართ და ერთ-ერთი მეუბნება, ჩამოიწიე ნიღაბიო. თეთრი ნიღაბი მეკეთა. ჩამოვიხსენი და ახლა შენც ჩამოიხსენი-მეთქი… დამიჭირეს და ამის კადრებიც არსებობს მედიაში, როგორ ძალადობენ ჩემზე, შემდეგ 9 აპრილის ქუჩის კუთხეში გამიყვანეს და არანორმალურად მირტყამდნენ.
რაღაც დარტყმაზე ვითიშებოდი, შემდეგი დარტყმა მაფხიზლებდა… ქვაფენილზე ვეგდე, როცა ვიღაც ტიპმა წამომაწევინა თავი და ისე ჩამარტყა ფეხი. მახსოვს, იქ ვიღაც გადამეფარა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო, ვსო, მკვდარია უკვეო…
პატრულის მანქანით უნდა წავეყვანე, ხელბორკილები დამადეს და ამ დროს გაისმა, არ წახვიდეთო. ნიღბიანებმა ალყაში მოაქციეს პატრულის მანქანა. საჭესთან ვინც იყო, მანქანიდან გადავიდა. კაცი, რომელსაც ბენდენა სახეზე არ ეკეთა, ფანჯრიდან ხელს ყოფს, მირტყამს, მაფურთხებს, მაგინებს, მეუბნება, თქვი ვინ ხარ, მამეორებინებს სახელს და გვარს. მერე როცა ვნახე ხარებას კადრები, მივხვდი, რომ ის კაცი ბენდენით ხარება იყო…
სხვა ნიღბიანებიც მირტყამდნენ მანქანაში, ვიდრე ხარება მობილურით მიღებდა,“ – უთხრა ლევან ბუდაღაშვილმა „ბათუმელებს“.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტი პოლიციის სამმართველოში გადაუყვანიათ. აქტივისტი ამბობს, რომ რეალურად ისევ აქციაზე დაკავებულებმა გადაარჩინეს, რომლებიც უკვე დაკავებული ჰყავდათ და იქ შეძახილებით დახვდნენ, კლავთ თუ რას შვრებითო… სასწრაფოს ექიმებმა პოლიციელებს უთხრეს, დარბევაში მოჰყვაო. ერთს გაეცინა, მეორე გოგომ, ვერ დავმალავთ ამბავსო, სტაციონარულია, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაშიო,“ – ამბობს ლევან ბუდაღაშვილი.
16 აპრილს მომხდარი ამ ინციდენტის შემდეგ ლევან ბუდაღაშვილისთვის შსს-დან აღარავის დაურეკავს.
„ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ყველასთვის დასანახი იყოს, რა სისასტიკეზეც არიან წამსვლელი. სინამდვილეში შიში დაახლოებით 20 წამს გრძელდება. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება გეშინოდეს. მეორე დღეს რომ ფოტო გამოვაქვეყნე, უკვე ვიცოდი, რომ მარტივია ტკივილის გადატანაც… ჩვენ ახლა რაღაც ზღაპარში ვართ. ზღაპარს კი, ცუდი დასასრული არასდროს აქვს.
მე აპარტიული ვარ, თუმცა პარტიების დონეზე არც განვიხილავ ამ ყველაფერს – ქვეყნის დონეზე განვიხილავ. პარტიების კუთხით ჯენზი ვარ, სხვა ვერაფერში ვეღარ ვეწევი ჯენზის,“ – დაგვემშვიდობა ლევან ბუდაღაშვილი.
- რომელ პოლიციელებს სჯიან?
თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის შეჯამებას გადახედავთ, ნახავთ ვისაც სჯიან: ბრალდებულების მესამედი დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
„93 ბრალდებულიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა 57 შემთხვევაში დაიწყო მოქალაქის მიმართ, ხოლო 36 შემთხვევაში – საჯარო მოხელის მიმართ [12 – დაცვის პოლიცია, 9 – შსს სხვა დეპარტამენტი, 7 – შსს კრიმინალური პოლიცია, 4 – სპეციალური პენიტენციური სამსახური, 3 – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 1 – საპატრულო] – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის სტატისტიკური მონაცემების წლიურ ანგარიშში.
არც ერთი შემთხვევა არ უკავშირდება საპროტესტო აქციებზე ჩადენილ დანაშაულს.
რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ასევე 2023 წლის მარტში, ან რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობისთვის ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას, დევნას, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს, დანაშაულებს, რომელიც ჩადენილია „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ“.
2023 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 537 საქმიდან, იმ დანაშაულებზე, რომელსაც ითვალისწინებს ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, გამოძიება დაიწყო 257 საქმეზე. მითითებული სამართლებრივი ნორმა მოიცავს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებსაც“ [ სსკ-ის 333-ე მუხლი]. ამ მუხლით იწყებს გამოძიებას ყველაზე ხშირად სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
- საია-ს იურისტი: დემონსტრანტებს სჯიან, დასჯილი პოლიციელი – არ გვინახავს
„სახელმწიფოს ინტერესი როცა არსებობს, დემონსტრანტებს სჯიან, მეორე მხარეს კი, როცა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ხდება, არცერთი დასჯილი პოლიციელი ჩვენ არ გვინახავს. მკითხველმა შეაფასოს, როგორი სახელმწიფო გამოვდივართ,“ – ამბობს საია-ს ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რომლებიც აპრილიდან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ დაკავებული ადამიანებს იცავენ, ადმინისტრაციული წესით 200-მდე ადამიანი დააკავეს. გადატვირთული სასამართლოები ამ საქმეებისთვის იცლიან და ყველა შემთხვევაში, რა საქმეც უკვე განიხილეს სასამართლოში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდარღვევა დაუდგინეს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 9 სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული.
„ამის საპირწონედ არ გვინახავს სამართალდამცველების წინააღმდეგ წარმოებული საქმისწარმოების შედეგი. მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა სამსახური, რომ დაიწყო გამოძიება და ტარდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები. რაიმე კონკრეტული შედეგი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოევლინათ, დღემდე არ ფიქსირდება.
საიას წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე სახალხო დამცველის განცხადებებიც მოწმობს, რომ იზოლატორებში როცა ხვდებოდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მათი დიდი ნაწილი ექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას. ასეთი არაერთი შემთხვევაა. მაგალითად, ომბუდსმენი როცა 23 პირს შეხვდა, 22 აღნიშნავდა, რომ იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
არაერთი საჯაროდ გავრცელებული კადრია, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სპეცრაზმელები მოქალაქეებს. აშკარაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები…
გვესმის, რომ ასეთ საქმეებს დრო სჭირდება და შეიძლება ორი კვირა არ იყოს საკმარისი, მაგრამ გასული წლის მარტის მოვლენებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და ერთი შემთხვევის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.
ტესტია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ასეთი საქმეები, სადაც სახელმწიფოს სხვაგვარი ინტერესი შეიძლება არსებობდეს. ჩვენი სურვილია, ახლა მაინც ჩააბაროს ობიექტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი ამ უწყებამ. წლების წინ ჩვენი ინიციატივაც იყო, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანო შექმნილიყო, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს. თუმცა, სამწუხაროდ, შედეგები აჩვენებს, რომ არც თუ ისე ეფექტიანი აღმოჩნდა ეს უწყება. პრეტენზიები გვაქვს არა კვალიფიკაციის, არამედ მიუკერძოებლობის და ობიექტურობის ნაწილში.
ეს მოცემულობა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება, ეს საქმეები გამოიძიოს“, – მიიჩნევს თამარ ბოჭორიშვილი.
- „ინსპექტორმა ადვოკატს მოუქნია ხელი და ფეხი“ – რა ჩანს სასამართლო ქეისიდან
უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის თებერვალში მიღებული განჩინების მიხედვით, გ.გ.ს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულს ერთ-ერთ ადვოკატთან მოუხდა შელაპარაკება, როცა ის საპატიმროდან გამოდიოდა და გ.გ. მას მეტალოდეტექტორით ამოწმებდა.
გ.გ. პენიტენციურ დეპარტამენტში მუშაობდა ინსპექტორის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში სასჯელააღსრულების და დაწესებულებაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა შედიოდა: დაწესებულებაში შემსვლელების და გამომსვლელების აღრიცხვა, შემოწმება, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
„…კონფლიქტისას, გ. გ-მ საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ. გ-ი და შ. თ-ძე გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც გ. გ-მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შ. თ-ს მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს ზემოხსენებული პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.
სამართალდამცავი ყველა ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. მას არც წინასწარი პატიმრობა მოსწევია: მოსამართლემ ბრალდებული სამართალდამცველი 4 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„დაზარალებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია გ. გ-ს მიმართ, კერძოდ, როდესაც შეიტყო, რომ გ. გ-ი იყო დაზარალებული წინა ხელისუფლების მიერ აქციების დარბევის დროს, ამის გამო, მას იგი შეეცოდა. შემდეგ მან წაიკითხა გ. გ-ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც იგი გამოძიებას აწვდის ტყუილ ინფორმაციას, რის გამოც აღშფოთდა. შ. თ-ის განმარტებით [დაზარალებულად ცნობილი ადვოკატი], მიუხედავად ყველაფრისა, ის თანახმაა გ. გ-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ, მართალია, გ. გ-ი მიეკუთვნებოდა საჯარო მოხელეს (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის სუბიექტს), თუმცა ცალსახაა, რომ შ. თ-სა და გ. გ-ს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება არ იყო დაკავშირებული გ. გ-ის საქმიანობასთან.
ამასთან, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ინციდენტი განვითარდა 18:00 საათის შემდეგ. დაზარალებულმა შ. თ-მ დაადასტურა, რომ გ. გ-ი არ შეხებია და რაიმე სახის ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ასევე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მომხდარ ფაქტს ხელი არ შეუშლია დაწესებულების საქმიანობისათვის.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის განაჩენების მოტივაციას გამართლებულ გ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ გ. გ-მა ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე გ. გ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
უფლებადამცველები ვერ იხსენებენ შემთხვევებს უახლოესი წარსულიდან, როცა რომელიმე სამართალდამცველი საპროტესტო აქციის დარბევის, ან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის გაასამართლეს. გამონაკლისი 2019 წლის 20 ივნისია – აქციაზე, სადაც სამართალდამცველების სისასტიკის გამო თვალიც კი დაკარგეს, არცერთი პასუხისმგებელი პირი ამ დრომდე არ დასჯილა.
ამ საქმეზე გამოძიებამ ბრალი მხოლოდ 3 სპეცრაზმელს წარუდგინა: ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს. მათაც სსკ-ის 333-ე მუხლის მიხედვით წარუდგინეს ბრალი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. საბოლოოდ, მათ, როგორც უფლებადამცველებს ახსოვთ, შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში ამნისტია შეეხოთ და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
___
2023 წელს გენერალურ პროკურატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 88 სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეუწყვეტია. ანგარიშიდან არ ჩანს, რომელი საქმეები იყო ეს, თუმცა ამ ანგარიშიდან ჩანს, რომელი პოლიციელები გაიმეტა სისტემამ დასასჯელად.
მნიშვნელოვანი ამ პოლიციელების სტატუსებია:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტი [მესაზღვრე] და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით]
- შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით [მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით], [2023 წლის აგვისტოში, დაზუსტდა ბრალი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდა სსკ-ის 108 მუხლით – მკვლელობა];
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით [სამსახურებრივი გულგრილობა];
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულთა ერთობლიობით – სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, ან დაპატიმრება] და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] – ამ შემთხვევის შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის ივნისში წერდა: პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა. ამ შემთხვევის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებული პოლიციელი 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია.
ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზეც გიამბობთ, სადაც სამართალდამცველს ბრალი წარუდგინეს. ეს ქეისი აჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს სასამართლოში, როცა რიგითი სამართალდამცველის წინააღმდეგ საქმე შედის.