„კაცის სიკვდილი ვის უხარია, მაგრამ სტალინის სიკვდილი გაუხარდათ. მათი თავისუფლების, ბედნიერების გამო უხაროდათ. დედაჩემი ამბობდა, რას მერჩოდა, რატომ გადამასახლა, რა დავაშავეო. სწავლა უყვარდა, მუსიკა, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს“-ასე იხსენებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი დედის ისტორიას, სოფელ ჩუხუთში მცხოვრები ლევან კალანდარიშვილი.
ლევანის დედა, დედის მშობლები და ბებია სტალინური რეპრესიების დროს შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი, როგორც ლევანი ამბობს, მამის ტყვედ ჩავარდნა იყო ომის დროს.
„დაჭრილი იყო და ვერ გააღწია სამშვიდობოს. ამის გამო ჩავარდა ტყვედ. ეს იყო მიზეზი მამაჩემის ოჯახის გადასახლების.
დედა გვიყვებოდა, მეოთხე კლასში ვიყავი, მომღერალთა ჯგუფში ვუკრავდი ჩონგურზეო. სკოლაში რომ მივედი ფორმით, ვიღაც ხიშტიანმა კაცემა მომაკითხეს, მტაცეს ხელი და წამიყვანესო. არც მასწავლებლის გაფრთხილება, არ დირექტორის…“-ამბობს ლევან კალანდარიშვილი.

ლევან კალანდარიშვილის დედა, ჟანდარმებმა სკოლიდან წაიყვანეს გადასახლებაში.
ლევანის დედა საკლასო ოთახიდან სატვირთო ვაგონში აღმოჩნდა. 11 დღე იარა ვაგონებმა მათთვის უცნობ გზებზე. სატვირთო ვაგონებში შეყრილმა ხალხმა არ იცოდა სად მიჰყავდათ და რა ხდებოდა.
„დედაჩემს წყალი მოსწყურდა, მაგრამ წყალი არ იყო ვაგონში. მამაჩემმა წალდი იშოვა შიგნით, კედელი გამოიღო და ყინულის ლოლუები მომცა წყლის მაგივრადო.
გავცივდი, სიცხე მომცა, მაგრამ ვინ იყო პატრონიო, – ამბობდა დედა.
მე-11 დღეს მოხვდნენ შუა აზიაში, სადაც წელიწადნახევარი გაატარეს.
არ ჰქონდათ იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. ამიტომ საქონელი შეიძინეს, ცოტა ბოსტანი ჰქონდათ და რაც იმ კლიმატში მოდიოდა, იმას აწარმოებდნენ.
იმ ადგილებში წყალი არ იყო, ველური ფრინველები რომ სხდებოდნენ ტბაზე, იმ წყალს სვამდნენ. ზოგი ადუღებდა ამ წყალს, თუმცა დედას არ ასმევდნენ ამ წყალს. საქონელი რომ შეიძინეს, მერე რძეს სვამდნენ.
მუშაობდნენ ბამბის პლანტაციაში. ერთ დღეს დედაჩემიც გაჰყოლია პლანტაციაში, კრეფის დროს, ბამბის ეკალი შერჭობია თითში და დაუზიანებია. სიკვდილამდე ჰქონდა ეს ნაიარევი თითზე.
ბებიაჩემი ეუბნებოდა მამაჩემს, აქ მოვკვდები, ჩემი ცხედარი არ დატოვოთ და სამშობლოში წამიყვანეთო.
დედა გათავისუფლების დღესაც იხსენებდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ, ვიღაც ცხენიანი კაცი მოვიდა და გვითხრა თავისუფლები ხართო. ისეთი სიხარული განვიცადეთ, ბებიაჩემმა კოცნა დაუწყო ჩექმაზე იმ კაცსო. ახლაც ცრემლები მადგება, განვიცდი, როცა დედის მონაყოლს ვიხსენებ“-გვეუბნება ლევან კალანდარიშვილი.
მისი თქმით, დედას მუსიკოსობა უნდოდა, რეპრესიების გამო კი ვერ გაჰყვა თავის საყვარელ საქმეს და პროფესიას.
„სულ ამბობდა, რას მერჩოდა, მე რა დავაშავე, ბავშვი ვიყავი, სწავლა, სიმღერა მიყვარდა და რატომ გადამასახლაო.
სახლში რომ დაბრუნდნენ, აქ ვიღაც რუსულენოვანი ოჯახი ჰყავდათ შესახლებული, მაგრამ გაიყვანეს. უდიერად ექცეოდნენ თურმე იქაურობას, შეშას მეორე სართულზე ჩეხავდნენ, არ უვლიდნენ სახლს, ამიტომ დედას გული ეტკინა.
თუმცა დაბრუნების სიხარული იმდენად დიდი იყო, თითქოს ყველა ტანჯვა და ტკივილი დაავიწყდათ.
არც ნათესავებს სჯეროდათ რომ დაბრუნდებოდნენ. ნელ-ნელა დაიწყეს ახალი ცხოვრება, დედაჩემი სკოლასაც დაუბრუნდა, იმ გუნდსაც საიდანაც წაიყვანეს, მაგრამ დაკვრა დავიწყებული ჰქონდა და გარკვეული დრო დასჭირდა რომ გაეხსენებინა.
საბოლოოდ, დედამ ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და ამაზე ძალიან წყდებოდა გული“-ამბობს ლევანი.
მისი აზრით, ადამიანი ამ ქვეყნას, რომ მოევლინება, ომში არ უნდა დაიღუპოს, რადგან ყველას სჭირდება მზის შეხედვა, სითბო და სიყვარული.
„რაღა დროს ტანკი და ქვემეხია … შიშის ქვეშ არ უნდა ცხოვრობდეს ხალხი.
თუნდაც ჩვენ, რუსი რომ გვებრძოდა, ან უკრაინაში რაც ხდება, ეს ნორმალურია?
ადრე ერთად ვიბრძოდით მტრის წინააღმდეგ, ახლა შემობრუნდა რუსეთი და პატარა გოგო-ბიჭებს ხოცავს თავიანთ სახლებში. ის ვეტერანი ხალხი, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ ომში, წარმოიდგენდნენ მაშინ ამას?
იფიქრებდნენ, რომ სახლში მიუვარდებოდა რუსეთი და მოკლავდა?
ძნელია ძალიან.
ან ჩვენ, ასეთი ლამაზი აფხაზეთი გვაქვს, ბავშვობაში დავდიოდი შეჯიბრებებზე და გული მწყდება ახლა რომ ვეღარ ჩავდივართ და იქ ვინც ცხოვრობდა და ვერ მიდის, ისინი როგორ მდგომარეობაში იქნებიან არა?
ჩვენი ხალხი რომ დაბრუნდეს, თავიანთ ოჯახებს რომ დაუბრუნდეს არ შეიძლება?
მე ისე მოვკვდები, პუტინს ჩემს ეზოში არ შემოვუშვებ და მეტი რა ვქნა“-ამბობს ლევან კალანდარიშვილი.