მთავარი,სიახლეები

ისტორიული ხის მეჩეთებიდან მხოლოდ ექვს აქვს ძეგლის სტატუსი – შეხვედრა ბათუმში

13.04.2024 •
ისტორიული ხის მეჩეთებიდან მხოლოდ ექვს აქვს ძეგლის სტატუსი – შეხვედრა ბათუმში

„სულ 25 მეჩეთი ვიკვლიეთ, აქედან 23 არის ხის მეჩეთი, 14 არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, 2 ავარიულია… მხოლოდ 6 მეჩეთს აქვს აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,“ – ამბობს თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ამ ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს, ბათუმში ხის მეჩეთების მნიშვნელობასა და მძიმე მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგზე დისკუსია გამართა.

შეხვედრაზე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

აჭარაში მდებარე ისტორიული მეჩეთების ფოტოების გამოფენა ბათუმში – ევა ართმელაძე/ბათუმელები

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – ევა ართმელაძე/ბათუმელები

სოლიდარობის თემმა აჭარის ხის მეჩეთების რუკაც გამოსცა. „რუკაზე დატანილია ხის მეჩეთების საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც გამოირჩევა თავიანთი ადგილმდებარეობით, ექსტერიერის, მდიდარი ინტერიერის ურთიერთკავშირით და ცალკეული არქიტექტურული დეტალების მაღალი მხატვრულობით. უნიკალური ხის მეჩეთები ქართველი ხალხის მრავალფეროვანი კულტურისა და არქიტექტურული შემოქმედების მოწმეა,“ – აღნიშნულია რუკის აღწერაში.

თორნიკე აბულაძე, სოლიდარობის თემის აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრ ისტორიულ მეჩეთს, კულტურული ღირებულების მიუხედავად, ძეგლის სტატუსი არ აქვს.

„საუკუნოვანი ხის მეჩეთები, რომლებიც ატარებს ოდა-სახლის კულტურულ მახასიათებლებს, იმსახურებს სტატუსს. ეს არის სადისკუსიო სივრცე, რომ ვისაუბროთ, რა პრობლემების წინაშეა ხის მეჩეთები. ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არის შესაბამისად აღქმული, დაფასებული და წარმოჩენილი, როგორც ეს საჭიროა,“ – გვითხრა თორნიკე აბულაძემ.

„ბათუმელები“ პერიოდულად წერს უნიკალური ხის მეჩეთების შესახებ, რომელთა ნაწილი დანგრევის პირასაა. ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად და ხის უნიკალური მეჩეთების პოპულარიზაციისთვის.

___

ამ თემაზე:

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული ხის მეჩეთები აჭარაში 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: