ავტორი: თემუკა ზოიძე
__________________
როცა ვუყურებდით, როგორ სასტიკად სცემდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ, ძირს ათრევდნენ, ფეხებით ქოლავდნენ და ნიღბებს ამოფარებულები არ ინდობდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს ქუჩებში, შემდეგ კი პოლიტიკოსებმა, ჩვენმა მეზობლებმა და შეიძლება ოჯახის წევრებმაც გამოძებნეს ყველანაირი მიზეზი, რომ ამ ძალადობისთვის წაეყრუებინათ, გაემართლებინათ ან სულაც ეთქვათ – „ახი იყო მაგაზე!“, ვერ აიხსნება მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულების დეჰუმანიზებული ბუნებით ან გადახდილი ფულით. ის ვნება, რომელიც მსგავსად ჩადენილ ძალმომრეობრივ აქტში და შემდეგ მის მიმართ გულგრილობაში ვლინდება, ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების წესზე უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე მხოლოდ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკური სისტემის გახრწნილებაზე.
ჩვენში დიდ ყურადღებას აქცევენ, თუ რომელ სიტყვას ამბობს ბავშვი პირველად, მაგრამ იშვიათად თუ ვაკვირდებით, ჩვენ რას ვეუბნებით პირველად ბავშვს: არ შეჭამო, არ წაიქცე, არ გატეხო, არ გაიქცე, არ იტირო, არ ჩაიფსა. ცოტა რომ წამოიზრდება, მერე უკვე: არ იზარმაცო, არ იმაიმუნო, ხმამაღლა არ გაიცინო, ბევრი არ ილაპარაკო, ეგ არ ჩაიცვა, იმასთან არ იმეგობრო, არ შეგიყვარდეს, არ გამაბრაზო, ენა არ შემომიბრუნო.
მოკლედ, არ იცხოვრო. არ იცოცხლო. ადამიანი არ იყო.
ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება, რომ სტუმრებისთვის გაშლილ სუფრაზე ნამცხვრის მსუყე ნაჭრისკენ გაწვდილ ბავშვის ხელს უარის ნიშნად წაარტყან, მაგრამ სანაცვლოდ იგივე ნამცხვარი საფლავზე გაიტანონ და მკვდრებს მიართვან.
სკოლა, სადაც, პირველ რიგში, ცოცხალ აზროვნებას უნდა უწყობდნენ ხელს, დისციპლინარული ციხე უფროა, რომელიც ნაციონალისტური და რელიგიური პროპაგანდით ცდილობს, გააკონტროლოს და ჩანასახშივე მოსპოს ყველანაირი ფიქრი თუ ქცევა, რომელიც „ეროვნულ-ქრისტიანულ“ ღირებულებებში არ ჯდება. შესაბამისად, ისტორია და ლიტერატურა საბუნებისმეტყველო საგნებზე უფრო მტკიცე ჭეშმარიტებად, კანონიკურ ტექსტებად ისწავლება მხოლოდ ერთადერთი, უალტერნატივო ინტერპრეტაციით. სწორედ ამიტომ შეიძლება მოგინდეს, რომ შენგან საუკუნეებით დაშორებული ისტორიული მეფის დასაცავად დღეს ცოცხალი პროფესორი ჩაქოლო, რადგან მან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი მოსაზრებები გამოთქვა.
ქართული საგანმანათლებლო სისტემა არა თუ ახალისებს პროგრესს ან ახალი ცოდნის შექმნას უწყობს ხელს, არამედ დროში გაყინულ შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს, რომლებიც, სინამდვილეში, არც ისე დიდი ხნის წინ გაკოხტავებული რელიგიურ-ნაციონალისტური დისკურსის პროდუქტია, მსხვერპლად სწირავს ყოველი შემდეგი თაობის ნათელ გონებას და შესაბამისად – მათ თავისუფალ ცხოვრებას.
ამ რამდენიმე წლის წინ ლამის მკრეხელობად შეირაცხა ეროვნულ ქართულ ბალეტში თანამედროვე ცეკვის ელემენტების შეტანა, რადგან ქართულ ნაციონალისტურ წარმოსახვაში 1945 წელს ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს კი არ დაუდგამთ „ხალხური ცეკვები“ ფოლკლორულ ელემენტებზე დაყრდნობით, არამედ ის ყოველთვის უცვლელად ასეთი იყო. როცა ქართველი ემიგრანტი დღეს რომში სუხიშვილების შესრულებით ხორუმს უყურებს, სჯერა, რომ ზუსტად იმავე ცეკვას უყურებდა ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეორე, თამარ მეფე და სწორედ ამაში განსხეულდება ქართული სული. ოდნავ თავისუფალი ხელის მოქნევა ან ტანის მოძრაობა კი, რომელიც კლუბური ცეკვის „გარყვნილ“ რხევას ჰგავს, ვერაფრით იქნება ქართული.
არა თუ ცეკვაში, ქართულ სექსშიც მკაცრად განსაზღვრულია მოძრაობები. გარდა იმისა, რომ შეზღუდულია, ვისთან შეიძლება გქონდეს სექსი და შესაბამისად, მხოლოდ კაცისა და ქალის კავშირია ნებადართული, იქვე ნაგულისხმევია, თუ როგორი უნდა იყოს ეს აქტიც. სასურველია, თუ ქალი არანაირ ინიციატივას არ გამოიჩენს, არ გამოძრავდება და მხოლოდ და მხოლოდ კაცის ნებას დაჰყვება. ქართული ჰეტერონორმატიული სექსი, მაშინაც კი, თუ ეს პირდაპირ განზრახული არაა, ხშირად ჰგავს გაუპატიურებას, რადგან ქალი უნდა შეეწინააღმდეგოს, კაცი კი მაინც დაეუფლოს მას. და თუ შემთხვევით ასე არ მოიქცევი და შენივე სქესის ადამიანთან გექნება სექსი, ან ერთზე მეტი პარტნიორი გეყოლება, ან ქორწინების მიღმა მიაღწევ ორგაზმს და ეს პროცესი იქნება მრავალფეროვანი, მაშინ დაგემუქრებიან, დაგაშანტაჟებენ და შეიძლება ამ ყველაფრის ამსახველი კადრებიც გაგივრცელონ, მაყურებელი კი იტყვის, ისეთი სექსი არ უნდა გქონდეს, რომ გამოქვეყნების შეგრცხვესო.
სწორედ ამ საკითხის დასარეგულირებლად შეიქმნა ოჯახის სიწმინდის დღე: მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება, საპატრიარქომ ეს დღეც მოჰპარა ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თუ არ კლავენ, სახლებიდან აგდებენ, ხოლო თუ არ სცემენ, მუდმივი მუქარითა და დაშინებით საზღვარგარეთ გადასახლებას აიძულებენ. იმისთვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ და საერთოდაც, ისინი მზის შუქზე არ დავინახოთ, ამიტომ უნდა მოეწყოს მასშტაბური მსვლელობა, სადაც არაფერს იტყვიან კაცებზე, რომლებიც ცოლებს კლავენ, ქალებზე, რომლებიც ნაცემები თუ არ არიან, ემიგრაციაში არიან და ბავშვებზე, რომლებსაც სკოლებში შიათ, სახლებში კი მათზე ძალადობენ.
თუმცა, ისეთი ყალბი დღესასწაულის აღნიშვნა, როგორიც „ოჯახის სიწმინდის დაცვაა“, გასაკვირი არ არის ქვეყანაში, სადაც ყველაზე გავლენიანი ადამიანი ცოცხალ-მკვდარია, მაგრამ მაინც კერპივით სცემენ თაყვანს და უპირობოდ ემორჩილებიან.
საქართველოში არა მხოლოდ იდეები და ქცევები, არამედ ადამიანებიც მკვდარი უფრო უყვართ. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, როგორ ემთხვია ლამის მთელი ერი ბერი გაბრიელის ნეშტს სიკვდილიდან წლების მერე. თუმცა არა მხოლოდ ბერების სხეულები, არქიტექტურული ტრადიციებიც არ იხრწნება ჩვენთან და ამის მტკიცებულებაა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც შუა საუკუნეების სულის მუმიფიცირების მცდელობით თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.
1989 წელს გამოქვეყნებული ფსიქიატრიული კვლევის თანახმად1, რომლის ფარგლებშიც გვამების მიმართ ეროტიკული სურვილებისა და ფანტაზიების მქონე 34 რეალური ადამიანის შემთხვევა შეისწავლეს, მკვდარ სხეულთან სექსუალური ხასიათის კონტაქტის დამყარების მთავარ მოტივაციად (68%) შეწინააღმდეგებისა და უარყოფის არარსებობა გამოვლინდა. ნეკროფილებისთვის გვამის დაუფლება მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც ის მთლიანად შენ გეკუთვნის, სრულად იმორჩილებ და მისი საშუალებით საკუთარ სურვილებს ისრულებ ისე, რომ მოულოდნელ უკუქმედებას არ ელოდები.
როცა მშვიდობის უპირატესობაზე გველაპარაკებიან, სინამდვილეში, ჩვენს უძრაობას, უმოქმედობას გულისხმობენ. გვპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ნებას დავრთავთ, ისე მოგვექცნენ, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ, არას არ ვიტყვით. ამგვარად ნეკროფილური ტკბობით ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი დუმილით, უმოქმედობით უფლება მივცეთ, ვიყოთ გვამები, რომლებსაც მშვიდად დაეუფლებიან.
______________________________
1 Rosman, J P, and P J Resnick. “Sexual attraction to corpses: a psychiatric review of necrophilia.”
ფოტოზე: თემუკა ზოიძე