მთავარი,სიახლეები

როგორ იქცევა სასამართლო, როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში

23.01.2024 •
როგორ იქცევა სასამართლო, როცა გასამართლებული კაცი ხელახლა ძალადობს ოჯახში

ქალზე ძალადობის საქმეები აჩვენებს, რომ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ოჯახური დანაშაულისთვის დასჯილი კაცი ხელახლა ძალადობს. მეტიც, კაცი ძალადობს მაშინაც კი, როცა მოძალადეს მოსამართლემ მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ბოლო წლებში იკვეთება ტენდენციაც: მოსამართლეები ამართლებენ ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებულებს, რომლებსაც პროკურატურამ ისევ ძალადობის ჩადენისთვის ახალი ბრალი წარუდგინა.

რადგან საერთო სასამართლოები ელექტრონულ პლატფორმაზე გადაწყვეტილებებს აღარ აქვეყნებენ და განაჩენებს რესურსების სიმცირის მოტივით არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცემენ, „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე საქმის გაცნობით სცადა ტენდენციის დანახვა და იმის გამორკვევა, რამდენად ცდილობენ მოსამართლეები ძალადობისთვის ნასამართლევი კაცების დასჯას.

  • არასრულწლოვან ცოლს თავი მიარტყმევინა ჭიშკარზე – კაცი ძალადობისთვის ნასამართლევი იყო  

თბილისში მცხოვრები რამაზ ა. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა. მოძალადე კაცი მანამდე ისევ ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა ახალი დანაშაული ჩაიდინა.

უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საქმეზე 2023 წელს მიღებული განჩინებიდან არ ჩანს, აგო თუ არა პასუხი კაცმა არასრულწლოვანზე ქორწინებისთვის. ამ განჩინებიდან არც ის ირკვევა, ოჯახში ძალადობის წინა შემთხვევაში, ვისზე ძალადობდა რამაზ ა.

„…მას შემდეგ, რაც თინამ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა სახლის დატოვება, რამაზმა ძლიერად მოქაჩა თმა და თავი მიარტყმევინა ჭიშკარზე, ხოლო შემდეგ ძალით გაიყვანა შესასვლელის მიმართულებით და კიბეზე დაარტყმევინა თავი, რა დროსაც სახისა და ტანის არეში ურტყამდა ხელებს.

რამაზის ქმედების შედეგად არასრულწლოვანმა თინამ დაკარგა გონება და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს  განჩინებაში.

პროკურატურა კაცს ოჯახში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს ედავებოდა, ასევე მუქარას ისევ არასრულწლოვანი გოგოს მიმართ.

„…სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რამაზ ა. კერძოდ, ტელეფონით კომუნიკაციის დროს უთხრა, რომ მოკლავდა. რამაზ ა-ს მუქარა თინამ. კ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რამაზ ა. დამნაშავედ მიიჩნიეს ოჯახში ძალადობის ნაწილში და მას 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„რასაც დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. რამაზ ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

გასამართლებულ კაცს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს და სასჯელის ნახევრის პირობით ჩათვლა მოუთხოვია.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამაზ ა-ემ ახალი დანაშაულები ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო სასამართლოს [მიუხედავად შემამსუბუქებელი გარემოებებისა] მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა,“ – აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ.

განჩინება უზენაესი სასამართლოს სამმა მომართლემ მიიღო: მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე.

  • ძალადობისთვის გასამართლებულმა ორსული ცოლი ბარის ტარით სცემა – ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა 

ბოლო წლების ტენდენცია, როცა მოძალადე კაცებს, მსხვერპლი ქალების დუმილზე გადაბრალებით, სასამართლო მეტწილად ამართლებს, აისახა რეციდივზეც – დანაშაულის განმეორებით ჩადენა. უზენაესი სასამართლოს განჩინებებში ბევრი ასეთი საქმე შეგხვდებათ, როცა კაცი წინა წლებში ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს, შემდეგ კი, პროკურატურა იგივე კაცს ძალადობის ხელმეორედ ჩადენას ედავება, მაგრამ მას ამჯერად მოსამართლე ამართლებს.

დაზარალებულად მიჩნეული ქალები, რომლებმაც სასამართლოში დუმილი არჩიეს, ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული კაცის დედაა, ან მოძალადის ფეხმძიმე ცოლი.

ერთ კონკრეტულ ასეთ საქმეზე მოგიყვებით:

მაგალითად, ოჯახში ძალადობისთვის 2017 წელს გასამართლებულმა ალექსანდრე ჟ.-მ, პროკურატურის ვერსიით, საკუთარი სახლის ეზოში „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ ნინო [სახელი პირობითია] ფ.-ს, კერძოდ: ბარის ტარით სცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ძალადობის შედეგად, ნინო ფ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება ალექსანდრე ჟ.-მ ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლის, რომ ოჯახში უფროსი არის კაცი და ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მის მითითებებს. მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნინო ფ.-ს არ თვლიდა ოჯახის სრულფასოვან წევრად, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს, არ აძლევდა საშუალებას გაეკეთებინა მაკიაჟი ან დაუკითხავად წასულიყო სადმე, ვინაიდან იყო ქალი და ყველაფერი უნდა შეეთანხმებინა მასთან…“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინების იმ ნაწილში, სადაც პროკურატურის ბრალდებაა აღწერილი.

განჩინებაში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდია აღწერილი, მათ შორის:

„ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ორსულ – ნინო ფ.- ს იმის გამო, რომ ალექსანდრე ჟ-ს დაუკითხავად გაჰყვა ნ. გ–ს სასაფლაოზე. ალექსანდრე ჟ-მ თავდაპირველად გაშლილი ხელი გაარტყა ნინო ფ-ს სახის არეში, ხოლო შემდეგ მაგიდიდან აიღო მწვანე ფერის ქანჩი, ესროლა ნინო ფ-ს და მოარტყა სახის არეში.

ალექსანდრე ჟ.-მ დაინახა, რომ ნინო ფ. სახლიდან გადიოდა სახეზე მაკიაჟით, რის გამოც, მან ორჯერ დაარტყა მუშტი ნინო ფ.-ს მარჯვენა თვალის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნინო ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 22 მაისის განაჩენით ალექსანდრე ჟ. უდანაშაულოდ მიიჩნია და გაამართლა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, განაჩენი უცვლელი დატოვა.

ამ საქმეზე პროკურორ ვალერი გიორგაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მიუწერია: დაზარალებული ქალის სასამართლოში გაჩუმება არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობაში ბრალდებული კაცი მართალია.

„გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია ალექსანდრე ჟ.-ს დამნაშავედ ცნობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო დაზარალებულ ნინო ფ.–ს მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულად მიჩნეული ქალი კონკრეტულ სახლს უთითებდა თელავის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ალექსანდრემ მასზე რამდენჯერმე იძალადა. პროკურატურა ითხოვდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მიეჩნიათ მოსამართლეებს დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებად, რაც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.

„გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკი თ. ქ–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 8 ივნისს სამსახურში ყოფნისას გამოცხადდა ნინო ფ., რომელმაც საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე, ალექსანდრე ჟ–ი, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც სურდა თავშესაფარში გადაყვანა, რადგან არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი.

მას ტუჩზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც განმარტა, რომ წინა დღეს ალექსანდრემ ესროლა ქანჩი, რომელიც მოხვდა სახეზე ტუჩის არეში და მიიღო დაზიანება,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლითაც დადასტურებულია, რომ ნინო ფ.-ს პირადი შემოწმების დროს აღენიშნებოდა ნაჭდევი ქვედა ტუჩის არეში. „აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს,“ – ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმაც, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მსგავსად, ხელი დაზარალებული ქალისკენ გაიშვირეს:

„მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნინო ფ–მ [მეუღლემ] სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ალექსანდრე ჟ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.

საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უზენაეს სასამართლოს უმსჯელია ექსპერტიზის დასკვნაზეც:

„მართალია, აღნიშნული დასკვნით დადასტურდა დაზიანების არსებობა, თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნინო ფ–ს მიაყენა ალექსანდრე ჟ–მა და ამ დაზიანების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი – წარმოდგენილი არ არის,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ განჩინებას უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე აწერს ხელს: ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე.

  • საქმე, რომელიც აჩვენებს, რომ მოსამართლეს მოძალადე კაცების დასჯა შეუძლია 

უზენაესი სასამართლოს განჩინებებს შორის ერთ-ერთი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული საქმეა. ამ საქმეშიც დაზარალებულად ცნობილმა ქალმა დუმილი არჩია და მოსამართლემ ძალადობაში ბრალდებული კაცი გაამართლა, თუმცა გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა.

ამ საქმეშიც ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცი მანამდე ისევ ოჯახში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი.

გამოძიების ვერსით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ვახტანგმა საცხოვრებელ სახლში არაერთგზის იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე. „ხელის სახისა და ფეხის მუცლის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ეს განაჩენი უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განაჩენი შეცვალა. უზენაესი სასამართლო აქ „სტამბოლის კონვენციას“ ახსენებს:

„…რაც შეეხება ფაქტს, რომ დაზარალებულმა ლია კ-მ [სახელი პირობითია] სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ,,სტამბოლის კონვენცია“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება.

კონვენციაში მითითებულია, რომ ამ დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

ამავე კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის განმარტებით, რაც ასევე განჩინებაშია აღწერილი, ამ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო თავად დაზარალებულის შეტყობინება მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ.

„…მან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, განაცხადა თანხმობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა, გაცემულიყო შემაკავებელი ორდერი. დათვალიერდა მისი სხეული, რომელზეც აღენიშნებოდა დაზიანება სახის და ყელის არეში…“ – მიუწერია პროკურორს მოსამართლეებისთვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებზე:

„მოწმე ნ. ა-ე უთითებს, რომ მას ვახტანგმა ოთახის მიქირავება სთხოვა და უთხრა, რომ მხოლოდ ის და თავისი მეუღლე იცხოვრებდნენ. მოწმე დასთანხმდა და ვახტანგს მეორე სართულზე ერთი ოთახი მიაქირავა, სადაც იგი მეუღლესა და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვახტანგმა მეორე ქალბატონი შემოიყვანა და ნ. ა-ეს განუცხადა, რომ ისიც მისი ცოლი იყო.

2 დეკემბერს ვახტანგის დედა ჩამოვიდა, რომელსაც ერთი რძალი უნდა წაეყვანა, მაგრამ 3 დეკემბერს, ღამით, მოწმეს მათი ოთახიდან შემოესმა ხმაური. ნ. ა-ემ დაინახა, რომ ვახტანგის მეუღლეს ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა. მოწმე მიხვდა, რომ ისინი ნაჩხუბრები იყვნენ და სახლიდან გაყარა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულის დედამაც, რომლის თქმითაც, „ისინი ხმამაღლა კამათობდნენ“, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი კი, არ დაუნახავს.

„ამდენად, მოწმე ნ. ა-ე და თ. ა-ი უტყუარად ადასტურებენ, რომ გარკვეული ფორმის კონფლიქტი [ხმაური, კივილი] ვახტანგსა და ლია კ-ს შორის ნამდვილად იყო. მართალია, უშუალოდ დარტყმაზე აღნიშნული მოწმეები არ საუბრობენ, მაგრამ, მოწმე თ. ა. უთითებს, რომ ვახტანგი სახლში 2021 წლის 2 დეკემბერს 23:30 საათისკენ დაბრუნდა და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის ჩხუბი.

როგორც აღინიშნა, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების რეზოლუცია დათარიღებულია 2021 წლის 3 დეკემბრით, 00:05 საათით [განმცხადებელია თავად დაზარალებული]; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემოწმებისას [03.12.2021] ლია კ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

მსჯავრდებული კაცი ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს 2020 წელს და დამნაშავედ მიიჩნიეს. განმეორებით დანაშაულის ჩადენის დღეს მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს…“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ბრალდებულ ვახტანგს 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა და ჯარიმა 2000 ლარი.

  • ნასამართლევმა კაცმა ბათუმში ტრანსგენდერ ქალზე იძალადა, ის მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმეს 

„…ძალადობისთვის ნასამართლევმა ნიაზ გ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ – ბ. ჩ-ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი მარჯვენა თვალსა და სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში, რომელი ტრანსგენდერ ქალზე ძალადობას ეხება. ამ შემთხვევაში მოძალადე კაცი მოსამართლემ მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ამ საქმეში გვხდება ეს ჩანაწერი „ეჭვიანობის ნიადაგზე“, რაც უფლებადამცველების თქმით, გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს და სამართალდამცველები არ უნდა იყენებდნენ.

პროკურორი სასჯელის გამკაცრების გარდა, ითხოვდა იმის დადასტურებას, რომ ძალადობისთვის ნასამართლევი, მოძალადე კაცი და ტრანსგენდერი ქალი ნამდვილად ოჯახის წევრები იყვნენ. პროკურატურას ეს ვერსია ჰქონდა სასამართლომ არ დაადასტურა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ ქალს მსჯავრდებულს სცემა და მას ემუქრებოდა კიდეც.

„დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული გარკვეული დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად.

სასამართლომ ნიაზ გ-სათვის სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები – დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ანალოგიური დანაშაულისათვის მისი წარსული ნასამართლობა, ასევე – ნიაზ გ-ს არ უღიარებია ჩადენილი დანაშაული და მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ,“ – მიუწერია პროკურორს აკაკი მოქერიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიაზ გ. დამნაშავედ მიიჩნიეს მუქარის და ძალადობის კუთხით. მსჯავრდებულს მოსამართლემ სასჯელები შეუკრიბა, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა გამოაკლო და მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

სააპელაციო სასამართლოს მეტი ლმობიერება გამოუჩენია ტრანსგენდერზე მოძალადე კაცის მიმართ:

„სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ ნიაზ გ-ს წარსული ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, დადგენილად მიიჩნია მსჯავრად შერაცხული ძალადობის არაერთგზის ჩადენა, ნიაზ გ-ს მსჯავრდებიდან ამოურიცხა ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე მითითება, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მსჯავრდებულს არ ედავებოდა დანაშაულის არაერთგზის ჩადენას და შესაბამისად, სასამართლოც მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, დაემძიმებინა მისთვის ბრალდება, მით უფრო, როდესაც პროკურორი არც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა არაერთგზის დანაშაულის ჩადენისათვის ნიაზ გ-ს დამნაშავედ ცნობას,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

„საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა, ერთი მხრივ, ნიაზ გ-ს მიერ ოჯახის წევრზე ძალადობა, ხოლო, მეორე მხრივ, ოჯახის წევრის მიმართ – მუქარა, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით სარწმუნოდ არ დგინდება, რომ ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას…

საყურადღებოა, რომ დაზარალებული თავის ჩვენებაში არაფერს ამბობს მსჯავრდებულთან თანაცხოვრების პერიოდში ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოების თაობაზე. მხოლოდ მოწმე ზ. ი-ს ჩვენება, რომ  დაზარალებული და მსჯავრდებული წელიწად-ნახევარი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ნიაზ გ. და ბ. ჩ. ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებდა ნიაზ გ-ს მიერ დანაშაულის გენდერული  ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე. მეტიც, დაზარალებულმა ბ. ჩ-მ და დანაშაულის თვითმხილველმა ზ. ი-მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ დანაშაულის მოტივი იყო მსჯავრდებულის ეჭვიანობა და არა – დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ მითითებული საფუძვლით ნიაზ გ-სათვის სასჯელის დამძიმებას არ აქვს ფაქტობრივი გამართლება,“ – წერს უზენაესი სასამართლო.

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა მამუკა ვასაძემ, შალვა თადუმაძემ და ლალი ფაფიაშვილმა მიიღეს .

  • კიდევ ერთი საქმე: ძალადობისთვის ნასამართლევმა კაცმა შვილების თვალწინ სცემა ცოლს 

„ოჯახში ძალადობის მუხლით ნასამართლევმა ლევან ს.-მ 2021 წლის 4 ნოემბერს, საღამოს საათებში, თავისავე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით [ლევან ს.-ის მიაჩნია, რომ თავის მეუღლეს, როგორც ქალს, ევალება საოჯახო საქმეების შესრულება და მისი მოვალეობაა, შეიძინოს ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი], ალკოჰოლით მთვრალმა, არასრულწლოვანი 5 წლის და 2 წლის შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს: ლელა თ.- ს [სახელი პირობითია], კერძოდ: ხელი ძლიერად დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ლელა თ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინების იმ ნაწილში, სადაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალია აღწერილი.

ამავე განჩინების მიხედვით, კაცი ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ლევან ს. გორის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია მუქარის ნაწილში, ოჯახში ძალადობისთვის კი, 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ლევანიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, როცა ახალი დანაშაული ჩაიდინა – ხელახლა იძალადა ოჯახის წევრზე: „…ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლევან ს.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარეს გაუსაჩივრებია: მსჯავრდებულმა სრულად გამართლება მოითხოვა, პროკურორმა ანნა ცაგურიამ კი, ლევანის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის, ოჯახის წევრის მუქარის ნაწილში.

„მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მუქარისათვის სავალდებულო ობიექტური ნიშანი ლევან ს.-ის მუქარის შედეგად  დაზარალებულში საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი.

მართალია, თავის ჩვენებაში თვითონ დაზარალებული ლელა თ–ც ადასტურებს მეუღლის მხრიდან მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმას, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ მუქარის შედეგად მას არ განუცდია შიში და მეუღლის სიტყვები მიიღო „უბრალო სიტყვებად – სიტყვის მასალად“.

შესაბამისად, დაზარალებულისავე ჩვენებით დგინდება, რომ მუქარის შედეგად მას არ განუცდია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით საპირისპირო არ დგინდება და, ამდენად, გამოკვეთილი არ არის მითითებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი, როგორიცაა მუქარის ადრესატის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდა,“ – წერს განჩინებაში უზენაესი სასამართლო.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: