მთავარი,სიახლეები

ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს

26.05.2024 •
ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს

1937 წლის 21 ოქტომბერს იოსებ სტალინმა მორიგ 330-კაციან სიას მოაწერა ხელი და ამ სიაში მყოფ ადამიანებს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა.

1937 წელს სტალინურ სიაში მოხვედრა ნიშნავდა, რომ დაგაპატიმრებდნენ, შინსახკომის მიერ წინასწარ შერჩეული სამი კაცი ე.წ. სასამართლოს მოგიწყობდა და დახვრეტას მოგისჯიდა ისე, რომ არც კი ეცდებოდა ბრალი დაედასტურებინა. რეპრესიების განმავლობაში სტალინმა ბევრ ასეთ სიას მოაწერა ხელი, ბევრი ოჯახი გაანადგურა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

21 ოქტომბრის სიაში იყო ოსმან მოწყობილი, 38 წლის კაცი, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ, ერთგულად ემსახურებოდა სისტემას. იოსებ სტალინი არავის ინდობდა.

  • ოსმან მოწყობილის დახვრეტის და მისი ოჯახის განადგურების ისტორია

ოსმან მოწყობილი 1899 წელს დაიბადა ქობულეთის მაზრაში. მამა, ხულუსი მოწყობილი ქობულეთში შეძლებულ კაცად ითვლებოდა. ჰქონდა დიდი სახლი, ასევე ფლობდა მიწებს ბობოყვათსა და ჯიხანჯურში.

მას შემდეგ, რაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, საქართველოში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტები ე.წ. რევკომები.

ახალგაზრდა ოსმან მოწყობილი ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა.

1921 წლის 16 ივლისს საქართველოს რევკომის დეკრეტით აჭარა გამოაცხადეს ავტონომიური რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში.

ამავე პერიოდში აჭარაში შეიქმნა სახალხო კომისართა საბჭო, გაუქმდა მეჯლისი და მის ნაცვლად დაარსდა წითელი მეჯლისი.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ოსმან მოწყობილი 1921 წლის დეკემბერში წითელი მეჯლისის მდივნის პოზიციას იკავებდა.

1922 წლის იანვარში აჭარის წითელი მეჯლისი გარდაქმნა აჭარის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტად ე.წ. ცაკ-ად, რომლის თავმჯდომარეც ოსმან მოწყობილი გახდა. ამ თანამდებობაზე ის 1925 წლამდე დარჩა. 1925 წელს გადაიყვანეს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრად, მოგვიანებით იყო აჭარის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის თავმჯდომარე. 1931 წელს თბილისში წავიდა და ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. 1936 წელს სწავლა დაამთავრა და ბათუმში დაბრუნდა, სადაც აჭარის ვაჭრობის სახალხო კომისრად დანიშნეს.

ოსმან მოწყობილი მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც პოლიტბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ. ფოტო: მოწყობილების საოჯახო ფოტოალბომიდან

ოსმან მოწყობილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ის იყო კაცი, რომელიც პატიოსნად ემსახურებოდა საბჭოთა სისტემას. წესით რეჟიმს მის ერთგულებაში ეჭვი არ უნდა შეჰპაროდა, თუმცა სტალინი ასე არ ფიქრობდა.

1937 წელს, როცა სტალინმა მასობრივი სისხლიანი რეპრესიები დაიწყო, ოსმან მოწყობილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ოსმან მოწყობილის დახვრეტას ხელი თავად იოსებ სტალინმა მოაწერა.

სტალინის ხელმოწერილი 330-კაციანი სია, რომელშიც ოსმან მოწყობილი 204-ე ნომრადაა შეყვანილი. წარწერა ფოტოზე: საქართველოს სსრ – სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ განსახილველ პირთა სია, 21 ოქტომბერი, 1937 წელი, ხელს აწერს სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

სტალინის მიერ ხელმოწერილი დასახვრეტთა სია, რომელშიც ოსმან მოწყობილის სახელი მოხვდა საქართველოს 329 მოქალაქესთან ერთად, 1937 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება. ოფიციალურ ბრალში, რომელსაც მოწყობილის დახვრეტის ბრძანება შეიცავს, წერია, რომ „ოსმან მოწყობილს ბრალი ედებოდა მოწამლული სიმინდის თესლის გაყიდვაში, რომელიც არ გაღვივდა“.

საქართველოს სსრ – პირველი კატეგორიის საქმეთა სია. 1924 წელს აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1937 წელს მოწყობილი იყო ვაჭრობის მინისტრი. მას ბრალი ედებოდა მოწამლული სიმინდის თესლის გაყიდვაში. მოწყობილი დააკავეს და დახვრიტეს. დაბადებული 1898 წელს, ქობულეთი, აჭარა. დაკავებამდე ეკავა აჭარის ვაჭრობის სახალხო კომისრის თანამდებობა. გაასამართლა სამეულმა 1937 წლის 10 ნოემბერს.

მას შემდეგ, რაც ოსმან მოწყობილი დააპატიმრეს და დახვრიტეს, სტალინური რეპრესიები შეეხო მთელს მის ოჯახს. დააპატიმრეს ოსმანის ძმა ახმედ მოწყობილი. ოსმანის მსგავსად ისიც დახვრიტეს. ასევე დააპატიმრეს ოსმანის უფროსი ძმა მურად მოწყობილი. არქივებში მურადის შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელია – უცნობია დახვრიტეს თუ გადაასახლეს. დაპატიმრების შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია, მურად მოწყობილი უგზო-უკვლოდ გაქრა.

დააპატიმრეს და დახვრიტეს ოსმანის სიმამრი ედგარ ჟუბერი. ოსმანის სიდედრი, ზოია ბოიკოვა კი გადაასახლეს. ასევე შუა აზიაში გადაასახლეს ოსმან მოწყობილის მეუღლე ვალენტინა კონოკოტინა. ზოია ბოიკოვამ გადასახლებაში ათი წელი გაატარა. ვალენტინა კონოკოტინა კი 1942 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. ოსმან მოწყობილს ორი შვილი დარჩა – ნელი და ედნანი. დედ-მამის გარეშე დარჩენილი ბავშვები ოსმან მოწყობილის დედინაცვალმა, აიშემ შეიფარა.

დახვრეტის შემდეგ ოჯახმა ოსმან მოწყობილის რეაბილიტაციის ცნობა მიიღო, რითაც მისი უდანაშაულობა დადასტურდა.

ამავე თემაზე: 4 დახვრეტილი და 2 გადასახლებული – ერთი ოჯახის სტალინური რეპრესიების ისტორია

  • მოკლედ სტალინური სიის შესახებ

ცნობილი მითია, თითქოს სტალინმა არ იცოდა უდანაშაულო ხალხის დახვრეტის შესახებ. თუმცა საარქივო დოკუმენტები საპირისპიროს ამტკიცებს. სტალინმა არათუ იცოდა, არამედ ხშირად თავად ადგენდა დასახვრეტთა სიებს და საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

სტალინის მიერ ხელმოწერილი სიების შესახებ, რომლითაც უდანაშაულო ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, პირველად 1956 წელს გახდა ცნობილი ნიკიტა ხრუშოვის მოხსენებიდან, რომელიც მან კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე წაიკითხა. თუმცა ეს სიები ამ მოხსენებიდან კიდევ 50 წელი არ იყო ხელმისაწვდომი მკვლევრებისთვის.

1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გამოსცა  ბრძანება №00447. ამ ბრძანების საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში. შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული სამეულები (ტროიკა), რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო. სამეულებმა ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი. სწორედ ამ სამეულებისთვის ადგენდა სიას იოსებ სტალინი.

„ენკავედეს“, ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნა სტალინმა დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის. ეს იყო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რადგან ისეთი არადემოკრატიული კონსტიტუციაც კი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, არ ითვალისწინებდა სამეულის არსებობას.

სტალინმა მოსკოვში გამოიძახა ლავრენტი ბერია და დაავალა შეედგინა ყველა იმ ძველი კომუნისტის სია, რომელთაც 1921-31 წლებში რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავათ ამიერკავკასიის ფედერაციაში. ამ სიაში შევიდა ცეკას პირველი მდივნები, მათი მოადგილეები, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის ქარხნის დირექტორები, სამმართველოს უფროსები და ა.შ.

1937 ოქტომბერში, ლავრენტი ბერიამ მიიღო სტალინისგან თანხმობა იმაზე, რომ ძველ ბოლშევიკთა საქმეები, რომლებიც შედიოდნენ ე.წ. სტალინურ სიებში, წაეყვანა სწორედ სამეულს.

სტალინმა მოინდომა საქართველოს სახელმწიფო და პარტიული აპარატის გაწმენდა 20-იანი წლების ძველი მუშაკებისგან. სტალინმა ამ გზით გაანადგურა ყველა, ვინც მანამდე სისტემას ერთგულად ემსახურებოდა.

ამავე თემაზე:

დასახვრეტთა სიები სტალინის მითითებით დგებოდა – როგორ შექმნა დიქტატორმა რეპრესიული სისტემა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: