29 დეკემბერს, ღამის სამ საათზე, ლანჩხუთში, ურუშაძეების სახლის კარზე მაგრად დააკაკუნეს. გურულ ოდაში დედას და მის ორ ვაჟს ეძინა. კარი გააღეს თუ არა, სახლში ფორმიანი კაცები შევიდნენ და ახალგაღვიძებულ ოჯახს უთხრეს: „ერთი საათი გაქვთ სახლის დასატოვებლად, აიღეთ პირადი ნივთები. სამტრედიაში ეშელონს გაჰყვებით“. სანამ სასოწარკვეთილი დედა და შვილები ნივთებს აგროვებდნენ, ფორმიანებს სახლიდან ავეჯი გაჰქონდათ, ეზოში კი ვენახს ჩეხავდენ.
1951 წლის ბნელი ღამე იყო. დილას ლანჩხუთში გაიგეს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ავთანდილ ურუშაძის ცოლ-შვილი სამუდამოდ გადაასახლეს შუა აზიაში.
ეს ამბავი ლანჩხუთში გვიამბო ავთანდილ ურუშაძის შვილიშვილმა, რომელსაც ცნობილი ბაბუის სახელი, ავთანდილი ჰქვია.
ავთანდილ ურუშაძე მშობლების, მამისა და ბიძის ამბავს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს, მისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე ისტორია, ვიდრე მოგონებები, რომლის შესახებაც წლების წინ გაიგო.
„ყველაფერი ბიძაჩემმა, მამაჩემის ძმამ, ფრიდონ ურუშაძემ მიამბო.
მამაჩემი, ტარიელ ურუშაძე, ძალიან ადრე გარდაიცვალა, მეოთხე კლასში ვიყავი. მაშინ ოჯახში ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ბიძაჩემი შვილებსა და ძმისშვილებს გველაპარაკებოდა ამ ამბებზე. საინტერესო მოსაუბრე იყო, რაც გვაინტერესებდა, გვიყვებოდა ყველაფერს და ასე შემოგვრჩა ეს მოგონებები. კიდევ კარგი, რომ გაგვანდო ეს ყველაფერი“, – მეუბნება ავთანდილ ურუშაძე.
ლანჩხუთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახლის მისაღებ ოთახში, მაგიდაზე დოკუმენტები, სხვადასხვა ცნობები და ფოტოები ალაგია. თუმცა ყველაფერი, რის შესახებაც უნდა მოჰყვეს, ავთანდილ ურუშაძემ ზეპირად იცის. უნდა, რაც შეიძლება მეტი გვითხრას თავისი ოჯახის შესახებ, რომლის ამბავიც საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკას და სტალინურ რეპრესიებს უკავშირდება.
- ბაბუა, ავთანდილ ურუშაძე
„ეს იყო არსენ ურუშაძის ოჯახი. ავტორიტეტული ადამიანი იყო ლანჩხუთში, აზნაური, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სასულიერო პირი, გაზეთ „ივერიას“ გამავრცელებელი. დადიოდა და წერა-კითხვას ასწავლიდა გლეხებს.
ორი შვილი ჰყავდა არსენს, ერთი იყო ბაბუაჩემი, ავთანდილი.
ავთანდილი 1909 წელს დაიბადა, ისწავლა, სამხედრო სამსახური დაამთავრა, ჩინიც მიიღო, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. 1917 წელს, რუსეთის იმპერიაში რევოლუციის შემდეგ კი სოციალ-დემოკრატების წევრი გახდა.
ნოე ჟორდანია და ბაბუა, ავთანდილ ურუშაძე, თითქმის ტოლები იყვნენ, ჟორდანიას ოჯახი აქვე ცხოვრობდა და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ.
1918 წელს საქართველო გათავისუფლდა, ამაში მცირე წვლილი ალბათ ბაბუაჩემმაც შეიტანა, როგორც ამ ამბების მონაწილემ.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ბაბუას დაეწყო პრობლემები. 6 თვე იყო ოჯახში და მერე დაუწყეს დევნა, ხან მეზობელთან იმალებოდა, ხან – ტყეში და ბოლოს უთხრა მეუღლეს, გოგუცა ჩხაიძეს, არ გამეჩერება სახლში და უნდა წავიდეო. წავიდა და შეუერთდა კახეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს, რომელიც აჯანყებას ამზადებდა. ამ დროს ერთი შვილი, მამაჩემი, უკვე ჰყავდათ.
წავიდა კახეთში, მაგრამ ჩამოდიოდა პერიოდულად და 24 წელში, აჯანყებამდე დაიბადა ბიძაჩემი.
1924 წელს საქართველო ისევ დამარცხდა. ქაქუცას და მის რაზმს აქ აღარ დაედგომებოდა და წავიდნენ თურქეთში. ამ რაზმს გაჰყვა ბაბუაც. აჭარიდან, სოფლებიდან გადავიდნენ და ჩავიდნენ ჯერ სტამბულში, იქიდან კი ლევილში, სადაც ბაბუა ნოე ჟორდანიასთან და მთავრობასთან მოღვაწეობდა“, – გვიყვება ავთანდილ ურუშაძე.
- „გადასახლებული ხართ სამუდამოდ“
ავთანდილ ურუშაძის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ოჯახის ცხოვრება გართულდა. გოგუცას ყოველ სამ დღეში ერთხელ იბარებდნენ დაკითხვაზე და ითხოვდნენ ინფორმაციას, მოდიოდა თუ არა ავთანდილი ოჯახში და სად იმყოფებოდა ახლა.
ცხოვრება ჭირდა, მაგრამ თავი გაჰქონდათ. გოგუცამ ორი შვილი წვალებით გაზარდა, კოლმეურნეობაში მუშაობდა, ბოსტანს თესავდა და წლები გადიოდა, თუმცა 1951 წლის დეკემბრის ღამეს ყველაფერი შეიცვალა.
„მოვიდნენ ღამის სამ საათზე. აყარეს დედა და ორი შვილი, მამაჩემი იყო 24 წლის, ბიძაჩემი – 20-ის. ერთი საათი მისცეს დრო. უთხრეს, თქვენ სამუდამოდ ხართ გადასახლებულიო. პირველადი საჭიროების ნივთები აიღეთ, ჩააწყვეთ, სამტრედიაში ეშელონი გიცდით და უნდა წახვიდეთო.
წაიყვანეს სამტრედიაში, შეყარეს ცხენის ვაგონებში, სადაც მარტო ხის ნარები იყო, მიუხურეს კარი და ორი კვირა ატარეს ამ მატარებლით. შუა აზიაში გადაასახლეს.
ზოგი გზაში კვდებოდა. ზოგჯერ გააღებდნენ კარს და რომელიმე მოხუცის ცხედარს პირდაპირ მატარებლიდან აგდებდნენო… ჩვენ თუ ჩუმად გვქონდა შენახული მიცვალებული, გადავიტანდით და ვმარხავდით, თუ მატარებელი სადმე გაჩერდებოდაო… ახალგაზრდები იყვნენ მამაჩემი და ბიძაჩემი, ყველაფერს აკეთებდნენ.
ბოლოს და ბოლოს გაჩერდა მატარებელი. ჩამოყარეს ეს ხალხი, ახლა სატვირთო მანქანაზე შეყარეს და წაიყვანეს რომელიღაც რაიონში. პატარა მიწური მისცეს.
რომ დავწექით, ორი დღე და ღამე გვეძინა, ისეთი დაღლილი ვიყავითო – ჰყვებოდა ბიძაჩემი“, – იხსენებს ბიძის ნაამბობს ავთანდილ ჯორბენაძე.
ურუშაძეების ოჯახმა ორწელიწადნახევარი გაატარა გადასახლებაში, შუა აზიაში. ბამბის პლანტაციებში მუშაობდნენ, მიწურში ცხოვრობდნენ ბედს შეგუებულები, რომ სახლს და მწვანე ეზოს ლანჩხუთში ვეღარასდროს ნახავდნენ.
„მარა კიდო კაი. 1953 წელს იი დესპოტი სტალინი გარდაიცვალა და დაბრუნდნენ სახლში, ლანჩხუთში“, – ღიმილით ამბობს ავთანდილ ურუშაძე და ცრემლი ერევა.
- როგორ დაირღვა დუმილი რეპრესიებზე
ოჯახში გადასახლებას ათწლეულების განმავლობაში არ იხსენებდნენ. მამა ადრე გარდამეცვალა, მეოთხე კლასში ვიყავი, ბებია ღრმად მოხუცი წავიდა, მაგრამ ენა არ დასცდენია, ვწვალობდითო – ამბობს ავთანდილ ურუშაძე.
დუმილი ურუშაძეების ოჯახში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაირღვა, როცა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩნდა და დემოკრატიაზე დაიწყო საუბარი.
„90-იან წლებში დაიწყო ბიძაჩემმა ამაზე საუბარი, თბილისში ცხოვრობდა უკვე და არც ერთ მიტინგს არ ტოვებდა. რომ ჩამოვიდოდა ლანჩხუთში, დაგვსვამდა მის შვილებს და ჩვენ, ძმისშვილებს და გვიყვებოდა, რა გადაიტანეს. ეს უნდა იცოდეთ ბავშვებოო.
ისიც გვითხრა, ჩვენ რომ წავედით გადასახლებაში და გამოგვიცხადეს, სამუდამოდო, მერე შინაურებმა და მეზობლებმა ბუდის გაყოფაზე იჩხუბეს, ვის რა მიჰქონდაო. მან იცოდა სახელები და გვარები, მაგრამ არასდროს უთქვამს, არაა საჭირო თქვენთვის ამის ცოდნაო“, – იხსენებს ავთანდილ ურუშაძე.
მისი თქმით, ბიძამისი ყველაზე მეტად ვერ იტანდა, როცა სტალინს აქებდნენ სადმე. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ავტობუსში, სამეზობლოში თუ ქორწილში, ვინც კი ოდნავ შეაქებდა სტალინს, ის კაცი იქ ვერ გაჩერდებოდაო – ამბობს ავთანდილი.
სტალინზე საუბრისას ბრაზს თვითონაც ვერ მალავს, ამბობს, რომ მხოლოდ მისი ოჯახის ისტორია არაა ამის მიზეზი:
„ვინც კი ნაღები ხალხი იყო, ყველა 37-38 წლებში გადაასახლა. ნიჭიერი ხალხი აღარ დატოვა საქართველოში, ყველა მოხადა ნაღებივით ქვეყანას და ზოგი დახვრიტა, ზოგი – გადაასახლა. რას უნდა ვფიქრობდე მასზე?!“
- „ეს არის ადამიანის აგდება“ – უარი კომპენსაციაზე
მას შემდეგ, რაც საქართველოში რეპრესირებული პირების ოჯახებზე კომპენსაციის გაცემა დაიწყეს, ურუშაძეების ოჯახმა საბუთების შეგროვება დაიწყო. რეაბილიტაციის ცნობასა და სხვადასხვა დოკუმენტს დაურთეს ცნობაც, იმის შესახებ, თუ როგორ დაზარალდა მათი ოჯახი სტალინური რეპრესიების შედეგად.
საბეჭდ მანქანაზე რუსულ ენაზე დაბეჭდილ „კგბ“-ეს დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ნივთები, რაც ურუშაძეების ოჯახიდან წაიღეს.
სია 22 ნივთისგან შედგება:
- ორსართულიანი სახლი [მშენებარე]
- სამზადისი [„ქუხნა“ – როგორც გურიაში უწოდებენ]
- ნალია
- გარდერობი – 1 ცალი
- საწოლი – 3 ცალი
- ეტაჟერი – 1 ცალი
- ტუმბო – 1 ცალი
- მაგიდა – 2 ცალი
- სკამი – 6 ცალი
- რკინის ღუმელი – 1 ცალი
- ღვინო – 100 ლიტრა
- საღორე – 1 ცალი
- ქათმები – 15 ფრთა
- ვენახი – 200 ძირი
- ტანსაცმლის საკიდი – 1 ცალი
და ა.შ.
„ეს სია ბიძაჩემმა აიღო „კგბ“-ეს არქივიდან, ბეჭედი აქვს.
ყველა საბუთი შევაგროვე და წავედი ადვოკატთან, რომ სასამართლოში შემეტანა. მაგრამ არ იტყვით, რა იყო კომპენსაცია? მაქსიმუმი იყო 2 000 ლარი.
მე ვთქვი, რომ უარს ვამბობდით. ჩემი ოჯახი ამას ვერ აიღებდა. ვუთხარი, ჩემი ოჯახი გადასახლებაში იყო, იდევნებოდა და 2000 ლარად ვერ გავყიდი, არ მჭირდება ეს თანხა-მეთქი.
ჩემი აზრით, ეს არის ადამიანის აგდება. შუა აზიაში გადაასახლე, 2 ათასი ლარი რა ბედენაა? ფულზე არაა საუბარი, ადამიანის დაფასებაზეა საუბარი. ეს სამართლიანი უნდა იყოს ხომ?! ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამაზე“, – ამბობს ავთანდილ ურუშაძე.
- ლანჩხუთიდან წაღებული მიწა ბაბუას საფლავისთვის
90-იან წლებში, თურქეთის საზღვრის გახსნის შემდეგ, ავთანდილ ურუშაძემ ჩანთა მიწით აავსო და თურქეთში, სტამბოლში წავიდა ბაბუას საფლავის მოსაძებნად.
მან უკვე იცოდა, რომ ბაბუა სტამბოლში იყო დაკრძალული.
„ბაბუაჩემი რომ გადავიდა სტამბოლიდან საფრანგეთში და შეუერთდა დროებით მთავრობას ლევილში, პოლიტიკისთვის თავი არ დაუნებებია.
ვიცით, რომ 1941-45 წლებში ბაბუაჩემი გერმანიაში, კონცლაგერებში დადიოდა, იქნებ ჩემი შვილები ფრონტზე გაიწვიეს და სადმე წავაწყდეო.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი ბაბუა თურქეთში გადავიდა იმ იმედით, რომ სახლთან ახლოს იქნებოდა და იქნებ რამე კავშირები გამოენახა ოჯახთან.
არასდროს არ შეუწყვეტია ოჯახის ძებნა.
ქართველი ადამიანი გამოგზავნა ერთხელ სახლში. უთხრა, მიდი ჩემს ოჯახში და ჩემს ცოლს და შვილებს უთხარი, გადავიყვან თურქეთში ჩუმადო. არ დამიჯერებენო – იმ კაცს უთქვამს. ბაბუას ხელიდან საათი მოუხსნია, ეს საათი გაიკეთე და ანახე, გოგუცა იცნობს საათს და დაგიჯერებსო.
მოსულა ეს კაცი ჩუმად, დალაპარაკებია ბებიას, ავთანდილისგან ვარ, მოკიდე შვილებს ხელი და თურქეთში გადაგიყვანთო. არაო, უთქვამს გოგუცას, მამამისი, არსენი ცოცხალია და მარტო ვერ დავტოვებო“.
65 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაბუა, ავთანდილ ურუშაძე, სტამბოლში.
1991 წელს წავედი სტამბოლში მეგობართან ერთად. სახლიდან წავიღე მიწა, სხვა არაფერი. 14 სასაფლაო შემოვიარეთ და ბოლოს ვიღაც გამოცდილმა კაცმა გვითხრა, ვერ ნახავთ ქართული სახელით და გვარით, მაშინ არ მიიღებდნენ თურქეთში მოქალაქეს, თუ თურქული სახელი და გვარი არ ექნებოდა, ამიტომ ავთანდილ ურუშაძე სხვა სახელით და გვარით იქნებოდაო.
ეს სახელი და გვარი არ ვიცი, ამიტომ მისი საფლავი ვერ ვიპოვე“, – გვიყვება ავთანდილ ურუშაძე.
ემიგრაციაში გადახვეწილი ბაბუას ფოტო ოჯახში არ აქვთ. 1951 წლის დეკემბრის იმ ღამეს, როცა ოჯახი გადაასახლეს, ყველა ფოტო წაიღეს. სახლში დარჩა მხოლოდ ორი ღია ბარათი, რომელიც ავთანდილ ურუშაძეს ემიგრაციიდან გამოუგზავნია.
„გამარჯობა მამავ, გოგუცავ და მარიამ… მომიკითხეთ ფრიდონი, ტარიელი და ქეთო. მომიკითხეთ ყველა ნათესავები და მეზობლები. მივიღე თქვენი წერილი. წერილს მაშვინ გამოვაგზავნი, როცა მივიღებ ტარიელის წერილს.
ნახვამდის, თქვენი ავთანდილი“ – ალაგ-ალაგ იკითხება ღია ბარათზე, რომელიც 1930 წლის 12 იანვრითაა დათარიღებული.
ნახეთ ვიდეო: