სტალინური რეპრესიები – ყველაფერი, რასაც ეს სიტყვები გულისხმობს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბათუმში მცხოვრებ გიორგი მოწყობილსა და მის ოჯახს.
გიორგის ბაბუას ოსმანი ერქვა, ბებიას – ვალენტინა. ოსმანი 1937 წელს დახვრიტეს სტალინის ბრძანებით, ბებია კი 10 წლით შუა აზიაში გადაასახლეს.
რეპრესიებმა მოწყობილების ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე შეიწირა, ორს კი გადასახლებაში მოუწია ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება.
- რეპრესირებული ბებია და ბაბუა
1920-იან წლებში მწვანე კონცხზე, პატარა, ლამაზ სახლში ცხოვრობდა ვალენტინა კონოკოტინა, დედასთან, ზოია ბოიკოვა-ჟუბერთან, მამინაცვალთან, ედგარ ჟუბერთან და ორ დასთან ერთად.
დედამისი, ზოია ბოიკოვა სამ ქალიშვილს ზრდიდა. ორი მათგანი, ვერა და ვალენტინა კანაკოტინები, პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, მესამე ქალიშვილი კი მეორე ქმრისგან, ედგარ ჟუბერისგან.
ვალენტინას მამა პირველ მსოფლიო ომში დაეღუპა. დედა მეორედ დაქორწინდა 1919 წელს, როცა ფრანგ ედგარ ჟუბერს შეხვდა. ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა და ბინა მწვანე კონცხზე დაიდო.
1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსირება მოახდინა და ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. ქვეყანაში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტები ე.წ. რევკომები. ხალხის ნაწილმა ახალ დროებას ფეხი აუწყო და ახალი, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა.
ასე მოიქცა ოსმან მოწყობილიც, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან მალევე მაღალი თანამდებობა მიიღო და აჭარაში მნიშვნელოვან პირად იქცა. 1922 წელს ოსმან მოწყობილი აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ე.წ. ცაკ – ის თავმჯდომარე გახდა.
ვალენტინა და ოსმანი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დაქორწინდნენ. მათ საბჭოთა რეპრესიებიც ერთად გამოიარეს და მსხვერპლადაც ერთად შეეწირნენ რეჟიმს.
ოსმანსა და ვალენტინას ორი შვილი – ნელი და ედნან მოწყობილები შეეძინათ.
1937 წლამდე მოწყობილების ოჯახი ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის კუთხეში, ბელეტაჟის სტილის სახლში ცხოვრობდნენ, დროდადრო კი სტუმრობდნენ ვალენტინას დედას, ზოიას, რომელიც ბათუმთან ახლოს, მწვანე კონცხზე მდებარე სახლში ცხოვრობდა.
1937 წლის 21 ოქტომბერს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დასახვრეტ პირთა 330-კაციან სიას.
ამ სიაში 204-ე ნომრად იყო ოსმან მოწყობილის სახელი ჩაწერილი.
ამავე თემაზე: ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს
- 1937 და სტალინური რეპრესიები მოწყობილების ოჯახში
„როცა ოსმანი დააპატიმრეს, მისი ოჯახის გამოსასახლებლად ღამე მისულან კლდიაშვილის ქუჩაზე. ქონების უმეტესი ნაწილის კონფისკაცია მოახდინეს, მხოლოდ მცირე ოდენობის პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიუციათ, ისიც ხის ურიკაზე დაუყრიათ და ისე გამოუძევებიათ ბებია ვალენტინა ორ შვილთან ერთად სახლიდან,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოსმან მოწყობილის შვილიშვილი, გიორგი მოწყობილი.
ოსმანს და ვალენტინას ორი შვილი ჰყავდათ, ნელი და ედნან მოწყობილები. რეპრესიების დაწყების დროს ნელი 11 წლის იყო, ედნანი კი 1 წლის.
ოსმანის დაკავებით მოწყობილების ოჯახში დაკავებების სერია დაიწყო. დააკავეს ოსმანის სიმამრი ედგარ ჟუბერი. მალევე დააპატიმრეს ოსმანის მეუღლე ვალენტინა, სიდედრი – ზოია და ოსმანის ძმა, მურადი.
კიდევ ერთი ძმის, ახმედის დაკავებას კი ასე იხსენებს შვილიშვილი, გიორგი მოწყობილი.
„ახმედი ქობულეთში ცხოვრობდა. ოსმანის დაკავების შოკს ჯერ არ გადაევლო, როცა ქალების დაპატიმრების ამბავი შეიტყო. გაბრაზებულა და უთქვამს – კარგი, კაცები დააკავეს, მაგრამ ქალებს რაღას ერჩოდნენო? ვიღაცამ ამ სიტყვების გამო დაასმინა, მივიდნენ, დააპატიმრეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. სავარაუდოდ ისიც დახვრიტეს,“- ამბობს გიორგი მოწყობილი.
ოსმანის და ვალენტინას შვილები თავდაპირველად ბებიასთან, ზოია ბოიკოვასთან იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ბებიაც დააპატიმრეს, ბავშვები გასაზრდელად წაიყვანა ოსმან მოწყობილის დედინაცვალმა.
მოწყობილების ოჯახის შესახებ მცირე მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ალექსანდრე სურმანიძეს. სურმანიძის ნაშრომში ვრცლადაა მოთხრობილი ოსმან მოწყობილის ბიოგრაფია, ასევე ვკითხულობთ, თუ რა ბედი ეწია ქალებს, რომლებიც მის გამო დააპატიმრეს.
ოსმან მოწყობილის სიდედრი ზოია ბოიკოვა დაპატიმრების მერე თბილისში, მეტეხის ციხეში მოხვდა.
როგორც მოგვიანებით გაცემული რეაბილიტაციის ცნობიდან ირკვევა, ზოია ჟუბერი პირველად 1938 წლის 3 მარტს გაასამართლა აჭარის ასსრ უმაღლესმა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლით, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების ან ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ შენახვას გულისხმობდა. მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1959 წელს გაცემულ რეაბილიტაციის ცნობაში წერია, რომ ზოია ჟუბერზე აღძრული ეს საქმე შეწყდა დანაშაულის დაუდასტურებლობის გამო.
მეორედ გაასამართლეს 1941 წლის 15 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით. ეს მუხლი გულისხმობდა აგიტაცია-პროპაგანდას, რომელიც შეიცავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას. ზოია ბოიკოვას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოჯახის თქმით, მან სასჯელი ჩაქვის ქალთა კოლონიაში მოიხადა და სახლში მხოლოდ 1949 წლის 14 ოქტომბერს შეძლო დაბრუნება.
ოსმანის მეუღლე, ვალენტინა კონოკოტინა ყაზახეთში გადაასახლეს.
ვალენტინა კონოკოტინას შესახებ არსებობს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებულ სათათბიროს 1938 წლის 7 ივლისის დადგენილება. ვალენტინას, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ვალენტინა 1938 წლის 23 სექტემბერს სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს ყაზახეთში. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1942 წლის 7 დეკემბერს.
„ბებია გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მწვანე კონცხზე დაბრუნდა, ყვავილები მოაშენა და სიკვდილამდე თითქმის არასდროს არ ლაპარაკობდა იმ ავბედით წლებზე. ხატავდა ბევრს, ძირითადად ყვავილებს. შვილიშვილებს სახლში დღემდე გვაქვს მის მიერ ფურცლებზე დახატული ყვავილები,“ – გვიყვება გიორგი მოწყობილი.
დედისგან განსხვავებით ბევრს ლაპარაკობდა და საუბრობდა რეპრესიებზე მისი შვილი, ნელი მოწყობილი.
„ნელი მამიდამ ვერ აპატია სტალინს მისი ოჯახის განადგურება. მამის დაპატიმრების შემდეგ მას და მის ოჯახს ხალხის მტერს ეძახდნენ. საქართველოში ხომ არიან სტალინის მხარდამჭერები. ნელი მამიდა ყველას ეკამათებოდა. ძალიან იყო განაწყენებული იმაზე, რომ ოჯახი გაუნადგურეს – ვერ გადახარშა. სულ მაგაზე ლაპარაკობდა, რეპრესიებზე. უსინდისოს უწოდებდა სტალინს და იხსენებდა, როგორ წაართვეს ყველაფერი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოსმან მოწყობილის შვილიშვილის მეუღლე, ციური ბოლქვაძე.
მოწყობილები საოჯახო ალბომში ინახავენ ცნობებს, რომელიც ადასტურებს, რომ მათი ნათესავები უსამართლოდ იყვნენ რეპრესირებულები და რეალური დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ოჯახს აქვს ოსმან მოწყობილის, ზოია ბოიკოვას და ვალენტინა კონოკოტინას რეაბილიტაციის ცნობა. გაუჩინარებულად ითვლება ედგარ ჟუბერი, ახმედ და მურად მოწყობილები. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა მიაკვლია ინფორმაციას მათ შესახებ. ისინი იმ პირთა შორის ღმოჩნდნენ, რომლებსაც ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხვრეტდნენ კომუნისტები სტალინური რეპრესიების დროს.
___________________________
მთავარი ფოტო: ოსმან მოწყობილის და ვალენტინა კონოკოტინას შვილიშვილები ალექსანდრე აკოპიანი და გიორგი მოწყობილი, გიორგის მეუღლე ციური ბოლქვაძე