მთავარი,სიახლეები

მოვითხოვთ, ცესკომ ამომრჩეველს მისცეს წვდომა ინფორმაციაზე სად და როდის მისცა ხმა – გახარია

29.10.2024
მოვითხოვთ, ცესკომ ამომრჩეველს მისცეს წვდომა ინფორმაციაზე სად და როდის მისცა ხმა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია ცესკოსგან მოითხოვს, გასაჯაროვდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა.

ეს ბაზა უნდა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები:

  • მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში;
  • რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა;
  • და რომელ საათზე მისცა ხმა.

„დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს რაღაცნაირად პირად მონაცემებს ან კანონს არღვევს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ცესკოს, რომ აქ საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე.

ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს და გაადამოწმოს თავისი თავი, გადაამოწმოს, რომელ უბანზეა მიწერილი.

ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე.

ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია და ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში, არანაირი პრობლემა ამის არ არსებობს,“-ამბობს გახარია.

რატომ გვინდა ეს და რატომ მივმართეთ ცესკოს „სმარტმატიკის“ კონტრაქტის და კონტრაქტში შეტანილი ყველა ცვლილების გასაჯაროებით? – ამბობს გახარია. მისი თქმით, ჩვენ არ ვიცით როგორ არის „სამარტმატიკთან“ კონტრაქტი გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია.

„რადგან შეიძლება, ერთ კვირაში, ორ კვირაში ან ათ დღეში ეს ინფორაცია მიუწვდომელი გახდეს ჩვენთვის.

მეორე მხრივ, ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, როდესაც ქვეყანას ეკეტება ევროპული განვითარების გზა და სახელმწიფო თუ მართლა ამბობს, რომ არჩევნებზე არაფერი არ მომხდარა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა არჩევნების შედეგებით მანიპულირება თუ არ მოხდა,“-ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და ასევე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

გუშინ, 28 ოქტომბერს, თბილისში მოქალაქეებმა მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლებას და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: