მთავარი,სიახლეები

აჭარის სოფლებში წყლის სისტემისთვის აღებული სესხი ვერ აითვისეს – 98 000 ევრო ზედმეტადაა გადახდილი 

26.06.2024
აჭარის სოფლებში წყლის სისტემისთვის აღებული სესხი ვერ აითვისეს – 98 000 ევრო ზედმეტადაა გადახდილი 

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს აჭარის ბიუჯეტის მიერ აღებული სესხებიდან ათვისებული იყო 80,1 მილიონი ლარი, რაც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 37.3 პროცენტია. სესხის აუთვისებლობის გამო დარიცხულმა პროცენტმა კი ჯამში 98 ათასი ევრო შეადგინა.

„საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა, აუთვისებელი თანხის 0.5%-ის ოდენობით“ – წერს აუდიტი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიერ აღებული სესხების მოცულობა 215 018 700 ლარს შეადგენდა [1 EUR = 2.8 ლარი – ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 31/12/2023], საიდანაც ათვისებულია 80 122 600 ლარი.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხები / წყარო: აუდიტი

საანგარიშო პერიოდისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი 40 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან ათვისებულია 11 მლნ ევრო.

„მოწოდებული ინფორმაციით, სესხის აუთვისებლობის მიზეზია შესყიდვის განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერის ორჯერ წარუმატებლად დასრულება“ – წერს აუდიტი.

მიუხედავად ამისა, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს პროექტის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების იდენტიფიცირება, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მოზიდული ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება“.

აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობის პროექტს „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა – მის აქციებს ფლობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი, ბათუმის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების ჩატარებაზე „ალიანსს“ საერთაშორისო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად საბოლოოდ შპს „გზა“ გამოავლინეს. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: