„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს მოწმე“ კი, პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა.
საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ ამბავზე. პროკურატურის ვერსიით, 23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. ყოფილი ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულოა, რადგან იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ისიც დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით კი, საქმე აუცილებელ მოგერიებასთან არ გვაქვს და ბრალდებულისთვის ავთანდილ სიხარულიძეს დანა არ დაურტყამს.
„ოქროს მოწმე“ კიდევ ერთი თანასოფლელია – ამ შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი.
„…მან უთხრა მსაჯულებს პროცესზე, რომ შემთხვევის ადგილიდან, სადაც ისინი ერთად იყვნენ, ბრალდებული პირველი წავიდა იქიდან, განერიდა იქაურობასო. თუ მას მკვლელობის განზრახვა ჰქონდა, რატომ განერიდა? დაზარალებულმა დაუძახა [ბრალდებულს] დამელოდეო და უკან გამოედევნა, შემდეგ გავიგონე ხმა და მივედი, დავინახე, ერთმანეთს უქნევდნენ დანებს, ბრალდებული თავს იცავდაო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.
ადვოკატის მტკიცებით, სასამართლო განხილვამდე საგამოძიებო ორგანოში მოწმე იძულების ქვეშ გამოჰკითხეს და დააშინეს, ამიტომაც იგივე მოწმემ სხვა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და პრაქტიკულად ის ვერსია დაადასტურა, რაც პროკურატურას აქვს.
ადვოკატები ადასტურებენ კანონის მოთხოვნას, რომ მოწმემ სიმართლე უნდა ილაპარაკოს, მათ შორის, როცა მას გამომძიებელი საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხავს, მაგრამ კანონით, ჩვენების ძალა მხოლოდ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას აქვს.
„ჩვენების სიმართლე დგინდება სასამართლოში. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და დადგინდებოდა ის, რომ მოწმემ სიცრუე ილაპარაკა, მაშინ შეიძლება წარედგინათ ბრალი. მოწმემ მისცა ჩვენება სასამართლო პროცესზე და მაშინვე დააკავეს. როგორ დაადგინა პროკურატურამ, რომ ეს სიცრუე იყო, როცა გამამართლებელი განაჩენი დადგა?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
„მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო 7 ათასი ლარია,“ – გვითხრა ადვოკატმა ლიკა გოგაძემ. იგი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ „ოქროს მოწმეს“ იცავდა. ადვოკატი სხვა დეტალების შესახებ ჯერ ვერ გვიყვება, რადგან ბრალდებულს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ დაიცავს მას შემდეგ ეტაპზე.
მკვლელობის საქმის „ოქროს მოწმეს“ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულება ჯერ არ დაუტოვებია.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოწმის ჩვენება ამგვარადაა განმარტებული:
„მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ – ამ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენებად სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას მიიჩნევს.
არჩილ ჩოფიკაშვილს ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი არსებობს, ე.წ. ოქროს მოწმეს კი, ვის ჩვენებასაც მეტწილად მსაჯულები დაეყრდნენ, პროკურატურა აკავებს?
„განაჩენი უნდა დაეყრდნოს იმ ინფორმაციას, რაც სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული, თუმცა ჩვენმა საპროცესო კოდექსმა იმდენჯერ განიცადა ცვლილებები, იმდენი რეფორმა და ქარტეხილი გადაიტანა, რომ არსებობს ბევრი წინააღმდეგობა. ბევრი ისეთი იურიდიული საკითხია, რომელიც ორმაგი, ან სამმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა,“ – ამბობს სისხლის სამართლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, – „იმ ქვეყნებში, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია, არანაირი ღირებულება არ აქვს გამომძიებელთან შედგენილ გამოკითხვის ოქმს. საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმი იყო ჩვეულებრივი მტკიცებულება, იგი არაფრით განსხვავდებოდა სასამართლო სხდომაზე ნათქვამი ინფორმაციისგან. ამას ჰქონდა მატერიალურ სისხლის სამართალში შესაბამისი უზრუნველყოფა.
გამომძიებელი და პროკურორი ყოველთვის ცდილობენ, რომ ოქმში ასახონ ის ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარისთვის სასიკეთოა, მათ შორის, მოწმის იძულების გზითაც. ეუბნებიან მოწმეს, მაგალითად, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაგიჭერთ, აშინებენ. დამერწმუნეთ, ადამიანების 95% ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თუ საჭიროა, ფიზიკურსაც, რასაც იყენებს პოლიცია.
დასაჯო იმის გამო ადამიანი, რომ გამოკითხვის ოქმში სხვა რამ თქვა და სასამართლო ეტაპზე – სხვა, ეს პირდაპირ ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ჩვენება უნდა იყოს მხოლოდ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია: გამოძიებაში გამოკითხვას ატარებს მხოლოდ ბრალდების მხარეს. მოწმის დაკითხვა შეუძლებელია სრულყოფილი იყოს, თუ მეორე მხარეს არ აქვს შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.
ამგვარი პრაქტიკის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეზე დაიჭერს პროკურატურა მოწმეს ცრუ ჩვენების ბრალდებით, თუ ის ზუსტად იმავეს არ გაიმეორებს სასამართლოში, რაც გამოკითხვის ოქმში დაფიქსირდა,“ – განმარტავს არჩილ ჩოფიკაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რამდენად იზრდება გამოძიების ეტაპზე მოწმეზე ზემოქმედების რისკი, როცა მას მთელი დღე საგამოძიებო ორგანოში აყოვნებენ, ბოლოს კი, ამბობს, ჯანდაბას, რაც არის, იმას მოვაწერ ხელსო.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ის, რომ მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს? – ესეც ვკითხეთ იურისტს.
„მოსამართლე რომ ყოფილიყო, გაცილებით ნაკლები შანსი იარსებებდა იმის, რომ პროცესზე რა ინფორმაციაც გაჟღერდა, იმის მიხედვით მიეღო განაჩენი. მე მქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა მოსამართლეს უთქვამს, მაინც გამოკითხვის ოქმს ვუჯერებო.
პროფესიონალი მოსამართლე გაცილებით საშიშია, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები. პლუსი ისაა, რომ მათზეც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ, მაგრამ ისინი არსობრივად არიან დამოუკიდებლები, იმათ გულით თუ არ დაიჯერეს რაღაც, ისე არ გადაწყვეტენ საკითხს, ღამე აღარ დაეძინება, ჩვეულებრივი ადამიანი რატომ აიტკივებს თავს, თუ ვერ დააჯერა მას პროკურორმა ობიექტურად, რომ მისი ვერსია სიმართლეა,“ – უთხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა „ბათუმელებს“.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულები მოითხოვა და მისი საქმე მსაჯულებმა განიხილეს. ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არიდებს საქმე ნაფიც მსაჯულებს, რომ გამამართლებელი განაჩენი რისკი შეამციროს.
მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი სულხანიშვილსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აურჩევია, მაგრამ მსაჯულების შერჩევის ეტაპზე პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად, ამჯერად მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, ამ მუხლით საქმეს კი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ.
ნაფიც მსაჯულებს ითხოვდა ზურაბ საღინაძეც, რომელიც „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ზურაბ საღინაძეც მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა. მან სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სარჩელი საკონსტიტუციოში ჯერ არ განუხილავთ. საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერ მიემართა.