„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს.
ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე.
იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ და, მაგალითად, პარაშუტით აფრენასაც შემოგთავაზებენ 150 ლარად.

ბათუმის პლაჟი დღეს, 24 ივნისს

დამსვენებლების დიდი ნაწილი ზღვასთან ახლოს ყოფნას ამჯობინებს შეზლონგით, ან მის გარეშე
შეზლონგის ფასები არ გაზრდილა – მთელი დღით აიღებ, თუ ერთი საათით, ფასი მაინც 5 ლარიაო – გვიხსნის კახა და ხელით გვანიშნებს მოპირდაპირე მხარეს ჩამწკრივებულ, ე.წ. ბადეებიან შეზლონგებზე, ის შეზლონგები 10-10 ლარად ქირავდებაო.
5 ლარი ღირს ქოლგაც.
შეზლონგის გამქირავებლები ადასტურებენ იჯარით პლაჟის გაცემის წესებს – ზღვასთან ახლოს და პლაჟზე თავისუფლად უნდა შეძლოს მოთავსება დამსვენებელმა ისე, რომ შეზლონგებმა არ ხელი შეუშალოს.
„ასეცაა, ვიცავთ წესებს, მაგრამ ზოგიერთი რომ აიღებს შეზლონგს, მერე ზღვასთან ახლოს ჩააქვს, ვერ ეტყვი რამეს,“ – ამატებს შეზლონგის კიდევ ერთი გამქირავებელი.
იჯარით კონკრეტულ პირებზე გადაცემული პლაჟის ნაკვეთებისგან განსხვავებით, შეზლონგი და ქოლგაც ბევრად ძვირი დაგიჯდებათ ძვირადღირებული სასტუმროების ფასიან პლაჟზე.

ერთი საათით საპის დაქირავება 30 ლარია. თუ ცოტას დროს გადააშორებთ, არა უშავსო – გვიხსნის გამქირავებელი.
იახტკლუბშიც გვითხრეს, რომ მომსახურება არ გაძვირებულა, თუმცა „ბათუმელები“ 2023 წლის ზაფხულში წერდა, რომ, მაგალითად, კატერით ბათუმის ზღვის სანაპიროზე ნახევარი საათით გასეირნება 100-150 ლარი დაგიჯდებოდათ.
„200 ლარი ნახევარი საათი,“ – მოკლედ მოგვიჭრეს წელს კატერის გამქირავებლებმა. სკუტერით ბათუმის ზღვაში სულ რაღაც 10 წუთით გასვლა კი 100 ლარი დაგიჯდებათ.

იახტკლუბი

ამ ზაფხულს პარაშუტით სარგებლობა არ გაძვირებულა: „150 ლარია ერთი აფრენა, დაახლოებით 10 წუთი გამოდის, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 100 ლარია. გასულ წელსაც ეს ფასი გვქონდა,“ – გვითხრეს პარაშუტის გამქირავებლებმა

მომხმარებლების ნაკლებობას ელექტრო მოპედის მფლობელები არ უჩივიან. ელექტრომოპედით ბათუმის ბულვარში სეირნობა საათი 40 ლარია.

ყველაზე იაფი ველოსიპედია დაქირავებაა – საათი 15 ლარი. ანბანის კოშკთან შესაძლებელია ელექტრონული ველოსიპედის დაქირავებაც 30 ლარად.
გაძვირდება თუ არა პლაჟის ინფრასტრუქტურის ეს ფასები ივლისსა და აგვისტოში, როცა ზღვაზე ყველაზე მეტი დამსვენებელია? – „ასე თუ გაგრძელდება, შეიძლება, დაკლება მოგვიწიოს, ნაკლებია ხალხი,“ – წუხან ბათუმის სანაპიროზე.






