მთავარი,სიახლეები

როგორ დახვრიტეს ძმები ჭედიები – სტალინური რეპრესიები

24.06.2024
როგორ დახვრიტეს ძმები ჭედიები – სტალინური რეპრესიები

„ჩემს ბავშვობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, სკოლის ეზოში ბავშვებს გვავარჯიშებდნენ ხოლმე. მესამე კლასში ვიყავი ალბათ. ვარჯიშის დროს ბავშვების უკან ორი მასწავლებელი იდგა. ერთმა ჩემზე ანიშნა მეორეს და ჰკითხა – ეს ვერა გოგოლაძის შვილი არისო? კიო. მე გამიხარდა ეს რომ გავიგონე. და უცებ მასწავლებელი აგრძელებს – მაგათი მამა იყო, სამშობლოს ღალატის მუხლით რომ დახვრიტესო.

სახლში როგორც კი მივედი, ეს ამბავი მოვყევი. დედაჩემი კინაღამ მოკვდა. დაჯდა და შემეხვეწა – აღარასოდეს არ ახსენო ბაბუა და არც არავის არაფერი არ კითხოო,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ ქეთევან გოგოლაძე იმ დღეს, როცა პირველად შეეჯახა სტალინური რეპრესიების სისასტიკეს.

მოგვიანებით, როცა გაიზარდა და საკუთარი ოჯახის ისტორიის კვლევა დაიწყო, გაიგო, რომ მისი ბაბუა, ვიქტორ ჭედია, 1938 წლის 6 მაისს დახვრიტეს სტალინის მიერ ხელმოწერილი სიით. სტალინურ რეპრესიებს შეეწირა ბაბუას ძმა, ტარას ჭედიაც. შინსახკომის სამეულმა ძმებს დახვრეტის განაჩენი ბრალის დადასტურების და სასამართლოს გარეშე გამოუტანა.

ორივე მათგანი გაამართლეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. ოჯახს ცნობები გაუგზავნეს, რომ ძმები ჭედიები რეაბილიტირებულები არიან ბრალის დაუდასტურებლობის გამო.

  • ტარას ჭედიას დახვრეტის ამბავი

ტარას ჭედიას ახლობლები „ტელმაკს“ ეძახდნენ. ის 1896 წელს დაიბადა ლანჩხუთში. ტარასი სამხედრო პირი იყო. 19 წლის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი – განჯაში, იქიდან სპარსეთის ფრონტზე გააგზავნეს, სადაც დაიჭრა.

1918 წელს ტარას ჭედია იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. ბრძოლისას დაიჭრა. როგორც ოჯახმა საარქივო ცნობებით მოიძია, 1920 წლამდე თურმე ქუთაისის სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობდა. 1920 წელს ის ისევ ფრონტზე გაგზავნეს, ამჯერად დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა ფრონტიდან დაბრუნდა, თადარიგში გასულა და მუშაობა ბათუმის ნავსადგურში დაუწყია დაცვის უფროსად. 1937 წლამდე სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, როგორც ომის პენსიონერი.

„მაქვს 1937 წლის 2 ნოემბრის ოქმი. ეს ოქმი გვაუწყებს, რომ ტარას ჭედია დააპატიმრეს. ბრალის მიხედვით „მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ მოძრაობაში. წერია, რომ თითქოს ის ამზადებდა შეიარაღებულ თავდასხმას და იყო არალეგალური პარტიების წევრი. ოქმშივე წერია, რომ ბრალდებული უარყოფდა ყველა ბრალდებას. ასევე საბუთებში ჩანს, რომ ვინმე ერმალო ჩახვაძე დებს ბრალს და იქვე, მისი თანდასწრებით უდგება პირში,“ – გვიყვება ქეთევან გოგოლაძე.

მიუხედავად ბრალდებისა და ბრალმდებლებისა, ტარას ჭედიას არ უღიარებია ის, რაშიც ბრალს დებდნენ. დახვრეტის განაჩენი მას გამოუტანა ე.წ. სამეულმა.

ტარას ჭედიას დაპატიმრების მერე მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც ქეთევან გოგოლაძე იხსენებს, ჭედიების ოჯახი სასტიკი სიღარიბის წინაშე მარტო აღმოჩნდა, თუმცა იმდენი შეძლეს, რომ ყველამ კარგი განათლება მიიღო.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ტარას ჭედია რეაბილიტირებულად ცნეს.

ტარას ჭედია

  • ვიქტორ ჭედიას დახვრეტის ამბავი

ბაბუის ამბის მოყოლამდე ქეთევან გოგოლაძე მისი რეაბილიტაციის ცნობას კითხულობს და ამბობს, რომ 1956 წლამდე, სანამ რეაბილიტაციის შესახებ გახდებოდა ცნობილი, მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარა.

ქეთევანს უფროსი დები ჰყავდა, რომლებიც თავიდან ყველანაირად ცდილობდნენ უმცროსი დისთვის დაემალათ ბაბუას ამბავი. „ეშინოდათ, ბავშვს სადმე რამე არ მეთქვაო“, – იხსენებს ქეთევან გოგოლაძე.

როცა წამოიზარდა, მრავალი საათი გაატარა არქივებში და იპოვა თითქმის ყველა შემორჩენილი დოკუმენტი, რომელიც ბაბუას ეხებოდა.

„გულახდილად რომ გითხრათ, მე ვეძებდი რამდენი ხანი იყო ცოცხალი, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გვეუბნებოდნენ გადაჭრით ამ თარიღს. ზოგი მეკითხება: რაო, არ იცოდნენ სახლიდან როდის წაიყვანესო?

საქმე იმაში იყო, რომ ასეთი წაყვანა მას ჰქონდა 1922-24 წლებშიც. მაშინ ეგონათ, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდა, მაგრამ იმის გამო, რომ არაფერში არ ერია, გაათავისუფლეს.

ამიტომ, ბათუმის ქალაქის სათათბიროში წარმოებული ოქმებით ვცდილობდით დადგენას, როდემდე იყო ბაბუა თანამდებობაზე,“ – გვიხსნის ქეთევან გოგოლაძე.

პირველი დოკუმენტი, რომელიც მან იპოვა, 1916 წლით თარიღდება.

„ეს არის ბათუმის გენერალ გუბერნატორისა და ქალაქის თავის, ე.მ. კრინიცკის მიერ 1916 წლის 16 ნოემბერს მოწვეული საგანგებო თათბირის ოქმები. კრებაზე განიხილებოდა ბათუმი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის გეგმა.

ამ რკინიგზის მშენებლობის საფუძვლის მოსამზადებლად ვიქტორ ჭედიას ევალებოდა თურქეთის შესაბამისი ინსტანციების წარმომადგენლებთან საქმიანი კონტაქტი. დედა და ბებია მიყვებოდა, რომ ბაბუა იმ პერიოდში ხშირად დადიოდა ტრაბზონში ამის გამო,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედია

ვიქტორ ჭედიას შვილიშვილის თქმით, მის ბაბუას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან, ნოე ჟორდანიასთან და ნოე რამიშვილთან.

„ბებიაჩემი, ლიდა კალანდაძე მიყვებოდა, რომ სანამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდოდა, ნოე ჟორდანიამ ურჩია ვიქტორს ემიგრაციაში წასვლა. ვიქტორს და ლიდას 7 შვილი ჰყავდათ, აქედან 4 შვილი იმ დროს უკვე დაოჯახებული იყო. ბაბუას შეეშინდა რეპრესიები არ დაეწყოთ მისი შვილების წინააღმდეგ, ამიტომ უარი თქვა საქართველოს დატოვებაზე და დარჩა,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედია ხმოსანი იყო – ბათუმის ქალაქის საბჭოში ხმის უფლებით სარგებლობდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ქეთევან გოგოლაძემ არქივში იპოვა.

„ვიპოვე 1931 წლის 8 სექტემბრის ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმი, პრეზიდიუმის წევრი იყო ჭედია. მოხსენიებულია დოკუმენტში.

მაგალითად, 1933 წლის 28 დეკემბრის ოქმში ჩანს, რომ ბაბუა, ვიქტორ ჭედია დანიშნულია ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის უფროსად.

1935 წელს ბათუმის საქალაქო დეპუტატების კანდიდატების სიაა და 280-ე ნომრადაა ამ სიაში ჭედია.

არქივში ამიხსნეს, რომ დოკუმენტების დიდი ნაწილი გატანილი იყო. ეს დოკუმენტები, რომელიც მე მოვიპოვე, რაღაცნაირად შემორჩა.

ვიპოვე 1937 წლის 21 ივლისის ბათუმის საქალაქო სხდომის ოქმი. ამ ოქმის მიხედვით, გაათავისუფლეს ვიქტორ ჭედია ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.

1937 წლის 27 ოქტომბრის ოქმიც გახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი. იქ უკვე ჭედიას სახელი აღარ ფიგურირებს. თან მარტო ბაბუა კი არ გაქრა ამ ოქმებიდან, არამედ ქალაქის საბჭოში მომუშავე სხვა ადამიანებიც,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

  • ოფიციალური ბრალი

„მოვიპოვე დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის ბრალდება, რომელიც ბაბუას წაუყენა საბჭოთა ხელისუფლებამ.

კერძოდ, ბრალად დასდეს, რომ იყო „აჭარის არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის კონტრრევოლუციური ცენტრის რეზერვის წევრი, იღებდა მონაწილეობას მითითებული ცენტრის სხდომებზე, გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლის გეგმას. ცდილობდა დაემყარებინა კავშირი საქართველოს მენშევიკურ ცენტრთან, აჭარაში კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ჩავარდნის შემდეგ. დანაშაული ითვალისწინებს შემდეგ მუხლებს – 58-10 და 58-11. დაადგინეს – ვიქტორ იაგორის ძე ჭედია დაიხვრიტოს, მოხდეს მისი კუთვნილი ქონების კონფისკაცია.

თავმჯდომარე, გოგლიძე, წევრები – ტალახაძე, წერეთელი. სამეულის მდივანი მოროზოვი. განაჩენი მოყვანილია სისრულეში 1938 წლის 6 მაისს,“ – გვიკითხავს ვიქტორ ჭედიას ოფიციალურ ბრალს ქეთევან გოგოლაძე.

იგი ბრალდების ფურცლის გვერდით ინახავს დოკუმენტებში ვიქტორ ჭედიას რეაბილიტაციის ცნობას.

„აჭარის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა გადასინჯა საქმე ვიქტორ იაგორის ძე ჭედიას ბრალდებაზე. 1956 წლის 27 მარტის დადგენილებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლობის გამო.

ვიქტორ იაგორის ძე ჭედია მთლიანად რეაბილიტირებულია,“ – წერია რეაბილიტაციის ცნობაში.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველა კადრულობდა რამე შეურაცხყოფა მოეყენებინათ ოჯახისთვის. მაგრამ ხომ იცით, მაინც არის ისეთი ადამიანი, რომელიც ირთობს ამაზე თავს. ამ ერთი ქაღალდით რეაბილიტაცია არამარტო ბაბუაჩემმა, არამედ მთელმა სანათესავომ მიიღო. ორივე შემთხვევაში, ბაბუას ძმა, ტარასიც რეაბილიტირებულია. ისინი არ იყვნენ დამნაშავეები, პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათი სამშობლო, საქართველო ყოფილიყო უკეთესი,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედიას ბრალდების და რეაბილიტაციის ცნობების ასლი

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა გარდაცვალების ცნობა მიიღო, სიკვდილამდე არ სჯეროდა ვიქტორის მეუღლეს, რომ მისი ქმარი დახვრიტეს.

„ისე გარდაიცვალა ბებია, ძალიან ხანდაზმული, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორი სადღაც არის გადასახლებული. ვერ იმეტებდა რომ [დახვრეტილი იყო]… არც ლაპარაკობდა ამაზე,“ – იხსენებს ქეთევან გოგოლაძე.

  • სტალინის შესახებ

ვიქტორ ჭედიას განაჩენი კი შინსახკომის სამეულმა გამოუტანა, მაგრამ ისინი სტალინის მითითებით მოქმედებდნენ.

1937 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირში რეპრესიები დაიწყო, სტალინი პერიოდულად აწერდა ხოლმე ხელს სიებს, რომელი სიებიც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში იგზავნებოდა და შინსახკომის სამეულები ამ სიების საფუძველზე ხვრეტდა ხალხს.

სიას, რომელშიც ვიქტორ ჭედიას სახელი მოხვდა, 1938 წელის 19 აპრილს მოაწერა სტალინმა ხელი. ხელმოწერიდან მალევე, 6 მაისს, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს.

„ბაბუაჩემი რომ იყო, მე ის მტკივა, მაგრამ ნახეთ ვის კლავდა. ბაბუაჩემი, ბაბუა იყო და იმიტომ მტკივა მე, მაგრამ ჟენია მიქელაძეს რომ კლავ და მიხეილ ჯავახიშვილს, როგორ კლავ?!

ხშირად ისმება შეკითხვა, როგორი კაცი იყო სტალინი. ის იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ იყო თუ არა კეთილშობილი?

მსოფლიოს უნიჭიერესმა ხალხმა აღიარა, რომ იმას, რასაც საბჭოთა ქვეყანას უწოდებდნენ და საბჭოთა კავშირს, იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც მილიონობით ადამიანი გაანადგურა – ზოგი შიმშილით, ზოგი წამებით, ზოგი დახვრეტით.

როდესაც ბოროტების იმპერია იქმნება, შეიძლება ბოროტების იმპერიას კეთილშობილი ადამიანი მართავდეს?

იყო კეთილშობილი ლენინი?

იყო სტალინი კეთილშობილი?

დღევანდელ დღეს, იმით აღფრთოვანება, რომ სტალინმა ომი მოიგო… სტალინმა არ მოიგო. ომი მოიგო დამხმარე ანტანტამ, რომლებიც იყვნენ ევროპა და ამერიკა. ესენი რომ არ ჩართულიყვნენ ამ ომში, სტალინი გაწყვეტდა, დაჟლეტდა მთელ საბჭოთა კავშირს ბოლომდე, რასაც დღეს აკეთებს პუტინი. რა გააჩერებდა? რატომ გაჩერდებოდა?!”- სვამს კითხვას ქეთევან გოგოლაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: