მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

25.06.2024 •
საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს 69 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2022 წელს.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში [ააიპ] დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს:

  • უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლით დაიხარჯა 52 235 700 ლარი, რაც 9 921 300 ლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს,
  • ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაში დაიხარჯა 16 837 800 ლარი, რაც 3 294 500 ლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის უმაღლეს საბჭოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ“.

აღნიშნული ინფორმაციის არარსებობის გამო კი, როგორც აუდიტი აცხადებს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად შესაბამისად და ადეკვატურად იქნა გაცემული ხელფასები საჯარო უწყებებში.

„მიზანშეწონილია, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესახებ, დასაქმების ტიპის მიხედვით, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ფუნქციის მქონე თანამშრომლების რაოდენობების კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის ანგარიშგებას“ – აცხადებს აუდიტი.

აჭარის ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასები

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში გაცემული თანხები / წყარო: აუდიტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: