ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. გამამართლებელი ვერდიქტი მსაჯულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს მიიღეს.
საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით, 23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა.
მსაჯულებმა ბრალდებული ორივე მუხლში უდანაშაულოდ მიიჩნიეს, ის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულოა, რადგან იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ვიდრე თვითონ დაარტყამდა დანას ავთანდილს, ავთანდილმა მას დანით ორი ჭრილობა მიაყენა. ეს აღნიშნულია დაკავების ოქმშიც, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, – ამბობდა ადვოკატი ზაზა პაპიძე სასამართლო განხილვის ეტაპზე.
ამ ვერსიას პროკურორი გამორიცხავდა. პროკურატურის მტკიცებით, დაზარალებულს ბრალდებული არ დაუჭრია და საქმე აუცილებელ მოგერიებასთან არ გვქონდა.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა არჩია, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს. ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არიდებს საქმე ნაფიც მსაჯულებს, რომ გამამართლებელი განაჩენი რისკი შეამციროს.
მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი სულხანიშვილსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აურჩევია, მაგრამ მსაჯულების შერჩევის ეტაპზე პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად, ამჯერად მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, ამ მუხლით საქმეს კი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ.
ნაფიც მსაჯულებს ითხოვდა ზურაბ საღინაძეც, რომელიც „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ზურაბ საღინაძეც მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა. მისმა ადვოკატმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სარჩელი საკონსტიტუციოში ჯერ არ განუხილავთ. საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერ მიემართა.
ამ თემაზე:
განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში