ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრაში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა ოთხშაბათს, 26 ივნისს, გელზერკინხენში, „ არენა აუფშალკეზე“ შედგება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს ნაკრები ერთხელ, 2008 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშა და მაშინ მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს პორტუგალიის ნაკრები ლიდერობს ორი მოგებით და 6 ქულით. მეორე ადგილზე 3 ქულით თურქეთია. მესამე ადგილს, 1 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იჭერს. ხოლო, ასევე ერთ ქულიანი საქართველო შესაბამისად მე-4 ადგილზეა ჯგუფში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 ტურის წინ 1 ქულით F ჯგუფის ბოლო ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მაინც ინარჩუნებს
ნახეთ რა სცენარები არსებობს იმისა რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს :
- მოკლედ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შესახებ
პორტუგალიის ეროვნული გუნდი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. გუნდში თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი თამაშობს. ფიფას რეიტინგში პორტუგალიის ეროვნული გუნდი მე-6 ადგილზეა.
ცნობილი საფეხბურთო საიტის, „ტრასფერმარკტის“ ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების რეიტინგში მესამეა და მისი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 1,05 მილიარდი დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მილანის ფეხბურთელი რაფაელ ლეაუა, რომლის ფასიც იმავე „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით 90 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ლეაუ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორ თამაშში მიღებული ყვითელი ბარათების გამო საქართველოსთან შეხვედრას გამოტოვებს.
მეორე ტურის მატჩის მოგების შემდეგ, რომელიც თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დიდი ანგარიშით 3-0 მოიგო პორტუგალიამ და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა რომ შემადგენლობას გადაახალისებდა და გუნდში არსებულ სხვა ფეხბურთელებს მისცემდა თავის გამოჩენის შანსს.
CNN Portugal -ის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშზე ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი, ნუნო მენდეში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა – მან დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მცირე ტრავმა აქვთ ასევე დიოგოს ჟოტას და გონსალო რამოშს, რომლებსაც კუნთი აქვთ დაჭიმული.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთარ კიტეიშვილმა ნაკრების შემადგენლობასთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ხვალ ის ითამაშებს.
პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები EURO 2016-ის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან შეგიძლიათ უყუროთ.
მთავარი ფოტო: nakrebi.ge
ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ