„გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას“, „მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“, „ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 40 მილიონი ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონი ლარია“ – წერს აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის წლიურ ანგარიშზე.
სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელების მთლიანი მოცულობის 79.4% [422,8 მილიონი ლარი] „ხარჯებმა“ შეადგინა, რაც წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მაჩვენებლის 95.6%-ია და 35.1%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.
„ხარჯების საკასო შესრულება 19 582 000 ლარით ჩამორჩება დაზუსტებული ბიუჯეტის გეგმურ მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ და „საქონელი და მომსახურების“ მუხლებთან, სადაც ჯამში აუთვისებელი დარჩა 14 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 7,4 მილიონი ლარი.
აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები კი შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა“ – წერს აუდიტი. 2023 წელს დაგეგმილი თუ დასასრულებელი ზოგიერთი პროექტის ფარგლებში კი, სამუშაოები საერთოდ არ შესრულებულა.
აუდიტი ასახელებს რამდენიმე პროექტს და მათი შეუსრულებლობის მიზეზს. მაგალითად:
- ქობულეთის სოფელ ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღის მშენებლობა – ღონისძიება იყო 2021-2022 წლების გარდამავალი პროექტი, რომელიც სახელშეკრულებო ვადებში დაუსრულებლობის გამო გადმოვიდა 2023 წელს. მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2023 წელს ხელშეკრულება შეწყდა. ახალი ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 12 იანვარს;
- ქობულეთში, სანაპირო ზოლის, ზღვისპირა პარკის მოწყობა – ტენდერის გამოცხადებამდე საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რამაც გამოიწვია ღონისძიების თანხობრივი კორექტირებაც. ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული. გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტით;
- ქობულეთში, ფიჭვნარის საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის მოწყობა – ტენდერის გამოცხადებამდე საჭირო გახდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რამაც გამოიწვია ღონისძიების თანხობრივი კორექტირებაც. ტენდერი ჯერ არ არის გამოცხადებული. გათვალისწინებულია 2024წლის ბიუჯეტით;
- ქობულეთში პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა – ტენდერი არ შედგა;
- შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ ერთი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენა – ტენდერი არ შედგა.
აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, აუდიტი აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას“.
ანალიზის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის ანგარიშგების ეტაპზე პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას.
კერძოდ:
- პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი 61 პროგრამიდან 20 პროგრამა არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად;
- ზოგიერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მისაღწევი კონკრეტული მიზანი ან მიზნობრივი მაჩვენებელი არ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც ანგარიშგების ეტაპზე ართულებს აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
- პროგრამების/ქვეპროგრამების ნაწილისთვის სრულად არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება ან შედეგების შეფასება წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებით;
- პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
- ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში მიღწეული შედეგების წარმოდგენა ხდება დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შეუსაბამოდ, განსხვავებული სახით/ფორმატით, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის დაგეგმილი და მიღწეული შედეგების ერთმანეთთან შედარებას.
„პროგრამული ბიუჯეტირების შემდგომი განვითარებისთვის, მიზანშეწონილია, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.
რეფორმის გაცხადებული მიზნობრივი ნიშნულების არსებობა გაზრდის ამ პროცესში ჩართული საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების ხარისხს და ხელს შეუწყობს რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს“ – წერს აუდიტი.
აუდიტის შეფასებით კვლავ პრობლემურია ის რომ აჭარის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების ათვისება სრულად ვერ ხდება. 2023 წელს აუთვისებელმა თანხამ ჯამურად შეადგინა 40 372 700 ლარი, საიდანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წილი 21,7 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემდეგით:
კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამო, 2023 წელს „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 10,7 მილიონი ლარი, შედეგად, მუნიციპალიტეტებში სრულად არ განხორციელებულა ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში კი აუთვისებელი დარჩა 941 800 ლარი [ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელმა კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება].
„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 782 100 ლარი.
აუდიტი ასევე წერს, რომ წინა წლების მსგავსად, თვეების მიხედვით შემოსულობების მაჩვენებლები ძირითადად აღემატება გადასახდელების მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით 2023 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა 45,7 მილიონი ლარიდან 55,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ხაზინის მონაცემებით კი, პროცენტების სახით 2023 წელს რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 11,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,4 მილიონი ლარით მეტია.
„პროცენტების“ სახით მიღებული შემოსავლების ზრდა განპირობებულია ბიუჯეტის ნაშთის და პარალელურად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტების მოცულობის ზრდასთან… კომერციული ბანკის დეპოზიტზე განთავსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი ფულადი სახსრების მიმართვა ახალი პროდუქტების/სერვისების შექმნის ან/და გაუმჯობესების მიმართულებით.“ – აცხადებს აუდიტი.
„მოხსენება აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 25 ივნისს გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე:
საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან