ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

23.06.2024 •
ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი.

ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით.

ადგილები სადაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ: 1 – ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ.  2 – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ.

ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. შენობები ორსართულიანი იქნება. დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის/ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც.

მესხის პირველ ჩიხში [მარცხნივ] და მუსხელიშვილის ქუჩაზე [მარჯვნივ] ასაშენებელი ბაღების რენდერები პროექტიდან

მერიის სააგენტომ, როგორც შესაბამის ოქმშია აღნიშნული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრა.

„ამასთან, სატენდერო პირობების განსაზღვრის მიზნით, ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოყენებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის ანალიზი… რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდია.

ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ ასაშენებელი საბავშვო ბაღის რენდერი პროექტიდან

ამასთან, „შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.“

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე [(EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია] შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების [გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია] მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“;

პრეტენდენტს „2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ასევე სასწავლო დაწესებულების, ან/და სკოლამდელი ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით“.

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ ასაშენებელი საბავშვო ბაღის შენობის რენდერი პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: