„როცა ჩემი მშობლები გადაასახლეს, დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. ყაზახეთში რომ ჩავიდა, იქ იმშობიარა. მაგრამ ბავშვმა დიდხანს ვერ იცოცხლა, რაღაც ავადმყოფობა შეხვდა და გარდაიცვალა. საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ,“ – ასე იწყებს საკუთარი ოჯახის რეპრესირების ამბის მოყოლას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.
„ორგზის რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარო“, – იქვე ამატებს.
აბუსერიძეების ოჯახმა სტალინური რეპრესიები ორჯერ გამოიარა. პირველად 1937 წელს, მეორედ კი 1951 წელს.
„ბაბუაჩემი, ზაბით აბუსერიძე გასაბჭოებამდე თურქეთში, სამსუნში გადადიოდა სავაჭროდ. გასაბჭოების მერე საზღვრები რომ ჩაიკეტა, ბაბუა დარჩა თურქეთში. ბებიაჩემი აიშე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა – დარჩა მარტო ბავშვებთან. ერთი პერიოდი წერილებს წერდნენ თურმე ერთმანეთს. ბებია მიყვებოდა: მივწერე, ცოლი შეირთე და შვილი გააჩინე, მომვლელი მაინც გეყოლება-მეთქი. მართლაც შეირთო ბაბუამ მეორე ცოლი და ასე გააგრძელა ცხოვრება თურქეთში.
საქართველოში დარჩენილი მისი ოჯახი კი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ჯერ ბიძაჩემი, სულეიმან აბუსერიძე დაუჭერიათ. ვიღაცებმა უჩივლეს – „სულეიმანი მოღალატე კაცია, თურქეთში გადასვლა უნდა ალბათ მამამისთანო“. ბიძაჩემი დაიჭირეს ამის მერე და გააქრეს. დაიკარგა, აღარაფერი გვსმენია მის შესახებ,“ – გვიყვება მისი წინაპრების ისტორიას ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.
ჟუჟუნა აბუსერიძის თქმით, ბიძის დაპატიმრების და გაქრობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ აბუსერიძეების ოჯახის სრული რეპრესირება განიზრახა.
„ბებიაჩემი აიშე და მამაჩემი, მამუდ აბუსერიძე, შუახევიდან, სოფელ უჩამბადან იყვნენ. მამის მონათხრობიდან ვიცი, რომ 1937 წელს დაატოვებინეს მშობლიური სოფელი და გადაასახლეს ციმბირში.
მთელი ოჯახი გააციმბირეს. მამა მიყვებოდა, რომ ციმბირში საშინელ პირობებში მოუწიათ ცხოვრება. მამაჩემს აიძულებდნენ მუშაობას, საკმაოდ საშიშ სამუშაოზე. მდინარეში ჩაყრილი მორების გასწორება ევალებოდა თურმე. რამდენიმე წელში გაათავისუფლეს. მამა ამბობდა, ციმბირიდან დაავადებულები დავბრუნდით, მაგრამ ყოჩაღები ვიყავით მაინც და ერთმანეთს ვუპატრონეთო. ცხოვრება გააგრძელეს უჩამბაში.
მამას შრომა არ ეზარებოდა. მუხლჩაუხრელი შრომით მიაღწია იმას, რომ ძლიერი ოჯახი შექმნა დედაჩემთან ერთად.
მაგრამ მოვიდა 1951 წელი და მეორედ მოუწია გადასახლება. ამჯერად გადაასახლეს დედაჩემი, მამაჩემი, ბებია და ჩემი ერთი წლის ძმა. დედა, როგორც გითხარით, ფეხმძიმედ იყო, როდესაც ყაზახეთისკენ გაუყენეს რთულ და სახიფათო გზას. მიზეზი? ბევრი ქონება გაქვსო. 50 ძირი სკა ჰყოლია მამას, ასევე საქონელი. ძალიან მშრომელი იყო და ეს არ აპატიეს,“ – გვიყვება ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.

აბუსერიძეების ოჯახი
რეპრესირებულის შვილი იხსენებს, რომ 1951 წელს მამუდ აბუსერიძეს სამუდამო განსახლების ცნობა მიუვიდა. თუმცა 1953 წელს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, აბუსერიძეების ოჯახის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალა და მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.
„დაბრუნდა მამაჩემი ოჯახით საქართველოში. მაგრამ უჩამბაში ცხოვრება აღარ მოინდომა. არ მინდა იმ სოფელში დაბრუნებაო. სოფელ ქვედა აჭყვაში დასახლდნენ. ჩვენი სოფელი ახლოს იყო საძოვრებთან. მამაჩემი, როგორც გითხარით, ძალიან მშრომელი კაცი იყო. ვეტერინარის განათლება ჰქონდა. მოაშენა საქონელი ისევ, ააშენა სახლი და დაიწყო ბებიასთან ერთად ცხოვრება აჭყვაში. ჩემი ძმის გარდა, რომელმაც მცირე ასაკში გამოიარა გადასახლების სიმძიმე, დანარჩენი შვილები აქ გავჩნდით,“ – იხსენებს ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.
რეპრესირებულის შვილის თქმით, მამამისი, მამუდ აბუსერიძე სულ ცდილობდა გაეგო მიზეზი, თუ რატომ გადაასახლეს და ორჯერ გამოატარეს უმძიმესი გზა.
„წერილებს წერდა, არ ჩერდებოდა. უდანაშაულო ვარ და რის გამოო – სვამდა ამ კითხვას. შეიტანა განცხადება სასამართლოში – „სახელი მაინც აღმიდგინეთ, აღიარეთ, უდანაშაულო რომ ვიყავიო“.
მახსოვს 1961 წელს მიიღო რეაბილიტაციის ფურცელი. ამ ცნობაში ეწერა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი არ დასტურდებოდა და რეაბილიტირებული იყო. ძალიან გაუხარდა მამას. როგორც რეპრესირებულმა კომპენსაციაც მიიღო, მაგრამ იმ თანხიდან ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს თვითონ.
მამა ობოლ ძმისშვილს ზრდიდა. ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ბიძაშვილი. კომპენსაციის ფული მთლიანად მას მოახმარა მამამ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რეაბილიტაციის ცნობის მიღება, რადგან ამით დადასტურდა, რომ არც მამაჩემს და არც ბიძაჩემ სულეიმანს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი,“ – ამბობს ჟუჟუნა აბუსერიძე-ბეჟანიძე.






