რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის რეგიონში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის მთავარ სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
რუსეთს საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, ქართველი მებრძოლი ეჭვმიტანილია ორი ან მეტი პირის მკვლელობაში, რომელიც ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიძულვილის საფუძველზე; ასევე, მას ბრალად ედება სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; ტერორისტული აქტის ჩადენა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ა.შ.
„გამსახურდიამ და დაქირავებული ფორმირებების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად, ავტომატური მცირე და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით, ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – წერს რუსული მედია.
ლადო გამსახურდია აფხაზეთიდანაა. იგი უკრაინაში მოხალისედ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ წავიდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაუსწრებლად ასამართლებენ ქართველ სნაიპერ ქალს რუსუდან ივანეიშვილს, რომელსაც დაუსწრებლად უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასრულდა. რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024 დაიწყო და ის, ტრადიციულად ბათუმში 12-14 სექტემბერს გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ეს რიცხვი განმეორდა.
დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.
ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა აქვს, რომლის გარშემოც იქნება აწყობილი როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოსურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული. ფესტივალის ვიზუალებზე ვხედავთ იკონური სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის “დაზიანებული” და გადააზრებული. DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.
“DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა და შევეცდებით ჩვენი სათქმელი მკაფიოდ მივიტანოთ ფესტივალის აუდიტორიამდე.”
შარშანდლის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.
„წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით არის წარმოდგენილი: ესპანელი Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა. გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომელიც ესპანეთში მოღვაწობს და მის ანგარიშზე 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა. Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება, გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი. სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინას შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან-პრი საქართველოს ისტორიაში, უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB), და რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ. “ – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.
ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.
უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.
ავტოავარია მოხდა დღეს, 12 სექტემბერს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.
მეჯინისწყლის ხიდთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ორი პირი, ავტომობილის მგზავრი და ქვეითი, რომელსაც ავარიის დროს ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს“. მას დღესვე გამოეპასუხა კრიტიკის ადრესატი, „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ცესკოს თავმჯდომარე მუქარაში დაადანაშაულა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე:
„იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს.
ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.
….ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა“ – განაცხადა მან.
დღესვე, 12 სექტემბერს, ცესკოში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება.
მელაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ რესპონდენტის ტელეფონის ნომრის გაგება, მისთვის კითხვების დასასმელად და ფაქტების გადასამოწმებლად, პერსონალური მონაცემის უკანონოდ დამუშავება არ არის:
„ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო?“ — ამბობს ნოდარ მელაძე.
მელაძის თქმით, საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ უწყება „გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას“:
„ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?“ — განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მელაძის თქმით, დიდი რისკია „ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად“. შესაბამისად, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ განცხადება რეალურ მუქარად აღიქმება:
„მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხონ კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლა ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება“.
ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი, საჯარო სკოლებში ორშაბათს, 16 სექტემბერს განახლდება.
წელს საჯარო სკოლებში სიახლე იქნება მეთორმეტეკლასელებისთვის. მათ დამამთავრებელ კლასებში საბუნებისმეტყველო საგნები და სამოქალაქო განათლება დაემატათ, რის გამოც 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.
სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.
რამდენი პირველკლასელი ეყოლება წელს სკოლებს, განათლების სამინისტროს დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
გასული წლის მონაცემებით კი, საქართველოს სკოლებში სულ 643 311 მოსწავლე სწავლობს. აქედან 39 455 პირველკლასელი იყო.
დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების – Storm Shadow-ის გამოყენების უფლება მისცეს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი კიევში ამ საკითხზე იმყოფებოდნენ 11 სექტემბერს, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არ განუცხადებიათ და სავარაუდოდ, არც განაცხადებენ.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, უკრაინას შეეძლება გამოიყენოს Storm Shadow-ი გარკვეული შეზღუდვებით.
Storm Shadow-ი მონტაჟდება თვითმფრინავზე და მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრია. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 12 სექტემბრის, დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე – საშუალო“ – წერს სააგენტო.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში შაბათს, 14 სექტემბერს გამოიდარებს.
მეხის დაცემის შედეგად, კაცმა სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა მიიღო. დაშავებული პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „აქვს დამწვრობები, მაგრამ ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადის მკურნალობას“, – თქვეს კლინიკაში.
შემთხვევა გუშინ, 11 სექტემბერს, საღამოს მოხდა, როცა ბათუმში ძლიერ ელვა და ჭექა-ქუხილი იყო.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მეხი ძლიერი ელვა-ჭექის დროს თევზის რესტორან „ფიშლანდიასთან“ ჩამოვარდა, რა დროსაც დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 630 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 8 653 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 16 955 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 18 009 ერთეული [+73]
MLRS – 1 184 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 945 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 033 ერთეული [+43]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 481 ერთეული [+93]
სპეცტექნიკა – 3 061 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 457 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 993 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 452 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 488 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 945 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს.
სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ძველი, რომელიც ამ დროისთვის გაჩერებულია.
პრემიერ კობახიძის მიერ 2024 წლის პირველ აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში 24 თეთრს გადაიხდის. სოფლის სიმდიდრე გააქვთ, თუმცა ეს სოფელზე დადებითად არ ისახება. პირიქით, ამ სოფელში ცხოვრება, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, წლიდან წლამდე უარესდება.
მაგალითად, შიდა სასოფლო გზაზე, რომელიც აკაკი ბერიძის სახლამდე მიდის, მხოლოდ ალაგ-ალაგ დასხმული ბეტონის საფარი დაგხვდებათ. აკაკი ბერიძე ამბობს, ეს გზა 500 მეტრია და 10 წელია კეთდება არჩევნებიდან არჩევნებამდე.
გზა სოფელ ხალაში, სადაც ინერტულ მასალას ხელოვნური კუნძულისთვის მოიპოვებენკარიერთან მისასვლელ გზაზე მომუშავე ადამიანებმა კი, გვითხრეს, რომ გზის მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. შემდეგი ეტაპი მთის დაშლა და ინერტული მასალის სოფლიდან გატანა იქნება
ხალაში მცხოვრები ნანი ლორთქიფანიძე კი, ყურადღებას ინერტული მასალის წინა მომპოვებელზე ამახვილებს, მასალა სოფლიდან გაიტანეს, გზები დაგვიზიანეს და მერე ეს გზებიც არ აღადგინეს, ისევ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა სოფლის ცენტრალური გზის მოსაწყობადო.
„სოფელს არანაირი სარგებელი არ მიუღია ამით, პირიქით, გზა იყო დაზიანებული და ისიც გამგეობამ გააკეთა, ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდა… იქ ახლო-მახლო ვინც ცხოვრობს, საშიშ ზონაში აღმოჩნდნენ და ზოგი ოჯახი გადაიყვანეს საერთოდ. გამგეობას უნდა ჰქონდეს გაწერილი გეგმა, ვინც შემოვა სოფელში, რაღაც სოფელს მოახმაროს.
მრავალშვილიანი ოჯახები, შეიძლება შეღავათი დენის გადასახადზე, გარეგანათება მოსაწყობია, ან ის, რომ კაპიტალურად რაღაც გაკეთდეს: მაგალითად, თუ წვიმა და ქარი იქნა, მაშინვე ხალაში შუქი ითიშება,“ – გვიყვება ნანი ლორთქიფანიძე.
ნანი ლორთქიფანიძე
„ჩვენთან საერთოდ არავინ მოსულა, არავინ გველაპარაკება,“ – ამბობს აკაკი ბერიძე. ის, პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს – ახალი კარიერი მისი სახლიდან ზუსტად ნახევარ კილომეტრშია. აკაკის და მისი მეზობლების სახლების მდგომარეობა, უსაფრთხოების რისკები არავის შეუსწავლია.
რამდენად უსაფრთხოა ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის ინერტული მასალის მოპოვება სოფელ ხალაში და რატომ არ იღებს ამით სარგებელს სოფელი?
ეს შეკითხვა სოფელ ხალადან ინერტული მასალის გატანაზე დღეს, 11 სექტემბერს უპასუხოდ დატოვეს ქობულეთის მერიაში. კითხვას არც კომპანია შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდში“ უპასუხეს.
„აქ მოსული იყო ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე. ვუთხარი, აქ გზა გაჰყავთ და აფეთქებები წავა, მოსახლეობა ვართ, რა უნდა ვქნათ? ვერაფერი პასუხი ვერ გამცა კაცმა.
კომპანიის წარმომადგენელს შეხვდი ერთხელ, როცა გზის გაყვანა დაიწყეს, რასაც დაგვავალებენ, ჩვენ იმას გავაკეთებთო… მოხარული ვართ, რომ კეთდება ეს კუნძული, მაგრამ სარგებელი მიაქვთ, ჩვენ კი, არაფერი სარგებელი არ გვაქვს. ეს გზები მაინც გაგვიკეთონ, ან აგვასახლონ. მე თუ დავზარალდი და სახიფათოდ გვაქვს საქმე, აგვასახლონ. ვინაა პატრონი-მეთქი, ვკითხე მერს და ვერ მიპასუხა.
იქ ყანებიც გვქონდა, ნიგოზი, სადაც ახლა გზები გაჰყავთ, სატყეოს ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენ ვსარგებლობდით, არავის არაფერი უთქვამს კომპენსაციაზე,“ – გვითხრა აკაკი ბერიძემ.
აკაკი ბერიძესოფელ ხალაში ახალ კარიერთან მისასვლელ გზას აწყობენ. ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ულიცენზიოდ ინერტული მასალის მოპოვებაზე განკარგულება პრემიერმა კობახიძემ 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა.მოსაცდელი სოფელ ხალაში
„ოქროსაც ეძებდნენ ჩვენს სოფელში, ვინ გეტყვის, გლეხს, ვიპოვეთო. დახურეს მერე და წავიდნენ,“ – ოქროს საბადოს ხალაში მოპოვებაზე ღიმილით გვიყვება აკაკი ბერიძე და დასძენს, არც მაგით მიუღია რამე სარგებელი ჩვენს სოფელსო.
„ამდენი სიმდიდრე გადის სოფლიდან, ხომ შეიძლება პროცენტი დაირიცხოს-მეთქი. გამგეობაში მითხრეს, მაგი ჩვენ არ გვეხებაო. შენი სოფელი შენ როგორ არ გეხება? გლეხი კაცი ვხდები მაგას და გამგეობაში არ ფიქრობთ-მეთქი?
ეს არის ხელისუფლების არასწორი მოქმედებები, უყურადღებობა…“ – კატეგორიულია აკაკი ბერიძე.
ელოდებით ცვლილებებს არჩევნებზე? – აუცილებლადო, გვპასუხობს სოფელ ხალაში მცხოვრები: „ეს მთავრობა უნდა გადადგეს“, – უკმაყოფილებას არ მალავს აკაკი ბერიძე და პაუზის შემდეგ ქვეყნის საქმეზეც გვესაუბრება, რუსეთთან დამეგობრება არ მგონია სწორი იყოს, როგორც ჩვენ, ხალხს, გვინდა, ისე უნდა ვიცხოვროთო.
„რუსეთის დამეგობრება არ მგონია სწორი იყოს, როგორც გვინდა, ისე უნდა ვიყოთ. ევროპაში მიმავალი გზა ხსნილი უნდა იყოს ჩვენთვის.
ასე თუ წავიდა, რუსეთს დაპყრობილი ვყავართ, არ ვიცი, როგორ იქნება ევროპისკენ მიმავალი გზა, მოხარული ვართ, რომ ვიყოთ ამ გზაზე, ერთმანეთის მხარდაჭერაა საჭირო, მე სუფრასთან დავჯდები, თუ სხვაგან, ამაზე ვლაპარაკობ.
ევროპა იმიტომაა კარგი, რომ იქ კარგი განათლებაა, შეგნებაა, თავისუფლება, ადამიანის დაფასება. მე ევროპაში არასდროს ვყოფილვარ, გადმოცემით, რაც ვიცი და რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ევროპაა მშვენიერი,“ – დაასრულა აკაკი ბერიძემ.
ხედი ძველი კარიერიდან – აქ ინერტულ მასალას დაახლოებით 10 წელი მოიპოვებდნენ. ხელოვნური კუნძულისთვის კი, კარიერი მოპირდაპირე ქედზე მოეწყობა.
„მე დავსვი კითხვა: რა სარგებელი მოაქვს ინერტული მასალის ჩვენს სოფელში მოპოვებას ჩვენთვის? გზაც არ გვაქვს წესიერი, დააგებენ ხრეშს და წვიმის შემდეგ მიდის უკან. მოხარული ვართ, რომ საქართველო აყვავდება, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა ზარალდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭაღალიძემ. ის ახალ კარიერთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს.
ზურაბ ჭაღალიძე
„ჩვენთან არავინ მოსულა, არცერთი ოჯახი არ შეუსწავლიათ. აფეთქებები წავა, ჩემ სახლს ბზარები არ აქვს არანაირი, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე? პასუხს არავინ გვცემს,“ – გვითხრა ზურაბ ჭაღალიძემ.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თავის მორიგ სიუჟეტში საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ახალ დეტალებს ამატებს.
მათი თქმით, ვაშინგტონი გეგმავს საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტი აამოქმედოს – კერძოდ, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.
იქამდე რუსეთის დაზვერვამ საქართველოს მმართველი პარტიის მსგავსად თქვა, რომ აშშ საქართველოში რევოლუციას გეგმავს, რათა არ დაუშვას „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), როგორც ინსტრუმენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა ხელი შეუშალოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რომელიც არ მოსწონს ვაშინგტონს“, – იტყობინება რუსული სპეცსამსახური.
დღეს, 11 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკამ მდინარაძემაც პრაქტიკულად რუსეთის დაზვერვის ეს შეთქმულების თეორია გააჟღერა, როდესაც მან თქვა: „პოლიტიკურ ველზე ვიღაც პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. მათი პატრონები ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისთვისო“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის „ინფორმაციის მიხედვით“ კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ჩარევის ახალი ინსტრუმენტი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რათა აღკვეთოს, ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამერიკელები შეთანხმდნენ „თანამშრომლობაზე“ „ეუთოს/ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია ТASS დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ „დოკუმენტზე“ დაყრდნობით.
„დაგეგმილია, რომ ეუთო/ოდირი კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, სადაც დაასკვნის, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად… პირველი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.
რუსეთი საგარეო დაზვერვის სამსახური აშშ-ის ადანაშაულებს, რომ იგი ამით საბაბს აძლევს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით“.
რუსეთის დაზვერვა „წუხს“, რომ ეუთო/ოდირი „ასეთ მაქინაციებში მონაწილეობს და მიიჩნევს, რომ „დაფინანსების შემცირებით უნდა შესუსტდეს ამ ერთ დროს პატივცემული საერთაშორისო სტრუქტურის დესტრუქციული საქმიანობა“.
„განსაკუთრებით აღვნიშნავთ ბიუროს მზადყოფნას, კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე ცნოს ის, როგორც არადემოკრატიული“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული სპეცსამსახურის ბრალდება განსაკუთრებით სარკასტულია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის კარგად დოკუმენტირებულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
4 სექტემბერს აშშ-მ დაასანქცირა რუსული პროპაგანდისტული მედიები – „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“, რის მიზეზადაც „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები“ დასახელდა.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ხათუნა ბერიძე – მან პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა.
ეს 2024 წლის 6 ივნისის შემთხვევაა: ბათუმში, გმირთა ხეივნის გახსნის შემდეგ, ხეივანში მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა. მას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და ვიდეოს გადაღება პრემიერის თანმხლებმა პირებმა შეუზღუდეს. ხათუნა ბერიძე ამ მიმართვიდან რამდენიმე წუთში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხულიგნობა გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იყო საჭირო, რადგან ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული და ამან შედეგი არ გამოიღოო,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც წელს, ახალი სასწავლო წლიდან, მე-12 კლასელებს ხუთი საგანი – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება დაემატებათ და 4 გაკვეთილის ნაცვალს, დღეში 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.
რამ გამოიწვია საათობრივი ბადის ზრდა დამამთავრებელ კლასში და გამოიწვევს თუ არა ეს მე-12 კლასელების უკმაყოფილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მოდებაძეს ესაუბრა.
„წინა წლისგან განსხვავებით წელს საათობრივი ბადე უფრო დაიტვირთა. მაგალითად, აქამდე მე-11 კლასში წყდებოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, ახლა კი ეს საგნები დაემატება.
ეს გამოიწვია იმან, რომ მოსწავლეები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე აბარებდნენ საბუნებისმეტყველო საგნებს, მე-12 კლასში ჰქონდათ წყვეტა და რჩებოდნენ ამ საგნების სწავლის გარეშე.
სკოლამ რომ მეტი მისცეს აბიტურიენტს და შეძლონ მათ არჩეულ სპეციალობაზე ჩაბარება, ამიტომ დაემატა ეს საგნები დამამთავრებელ კლასში“, – ამბობს ნინო მოდებაძე.
გაზრდილი საათების შედეგად, მე-12 კლასელებს დღეში 6-7 გაკვეთილზე დასწრება მოუწევთ.
თუმცა, როგორც დირექტორი გვეუბნება, 6 გაკვეთილი ჩაუტარდებათ თუ 7, ესეც სკოლაზეა დამოკიდებული.
„როცა სასწავლო გეგმას დაამტკიცებენ სკოლები, თვითონ გადაწყვეტენ, როგორი საათობრივი დატვირთვა ექნებათ, ამაში თავისუფალია სკოლა და შეუძლია ისე გადაანაწილოს საათები, რომ 6 გაკვეთილი ჩასვას, თუ არა, სრული დატვირთვის მოუწევთ ჩატარება“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.
როგორც ვიცით, დამამთავრებელ კლასებში აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და მოსწავლეების დიდი ნაწილი, რეპეტიტორთან ამზადებს სასურველ საგანს.
რამდენად იმუშავებს საათების დამატება და ხომ არ გამოიწვევს ეს მოსწავლეების უკმაყოფილებას? – ვკითხეთ დირექტორს.
მისი თქმით, მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ურჩევნიათ, თუმცა გაკვეთილებს უნდა დაესწრონ.
„მე-12 კლასელების განწყობა ყველასთვის ცნობილია. ისინი თვლიან, რომ არ უნდა დაიტვირთონ სკოლაში და სკოლის გარეთ დაკავდნენ იმ საგნებით, რაც მათ სჭირდებათ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ ჩვენ გვქონია ისეთი პრეცედენტებიც, როცა სკოლაში მიღებული განათლებით ჩაუბარებიათ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდები და ითხოვდნენ კიდეც მოსწავლეები, რომ სკოლას მიეცა მათთვის შესაბამისი ცოდნა.
საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მივალთ დიფერენცირებულ სწავლებამდე. და შეიძლება უკვე იქითკენ მივდივართ კიდეც, როცა მე-12 კლასში იქნება დიფერენცირებული სწავლება.
ან თვითონ ეროვნულმა გამოცდებმა შეიძლება იცვალოს სახე“, – ამბობს დირექტორი.
გასულ წელს, განათლების სამინისტრომ გააჟღერა, რომ განიხილება უმაღლესში მიღების ახალი წესი, როცა უნივერსიტეტში ჩარიცხვა სკოლის ნიშნებით იქნება შესაძლებელი. თუმცა განათლების სამინისტროსგან არ მოგვისმენია კონკრეტული ხედვა, სტრატეგია, თუ რომელ ეტაპზე შეიძლება დაინერგოს ახალი მოდელი და რა ეტაპებს გაივლის ეს.
ამ გეგმის გაგრძელება შეიძლება იყოს საათობრივი ბადეს გაზრდა? – ისევ ვეკითხებით ნინო მოდებაძეს.
„შესაძლოა მაგ ეტაპისკენ მიმავალი გზაა, ზუსტად ვერ გეტყვით“, – გვეუბნება ის.
ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, რომელიც ასევე 2024 წლის ივლისში შევიდა ძალაში, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება საათების მიხედვით განისაზღვრა.
მასწავლებელი იმ შემთხვევაში აიღებს მაღალ ხელფასს, თუ მას სრული დატვირთვა აქვს. გადაწყვეტილებამ პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სრულ განაკვეთზე ცოტა მასწავლებელი მუშაობს სკოლაში.
ყველაზე ცოტა დატვირთვა კი სწორედ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებს ჰქონდათ.
ამანაც ხომ არ გამოიწვია საათების დამატება სკოლაში, რომ ხელფასი გაეზარდოთ მასწავლებლებს? – ვკითხეთ დირექტორს.
„არა მგონია“, – გვპასუხობს ის.
დირექტორთან საუბარში შევეხეთ სკოლების გადატვირთვის პრობლემასაც, რადგან ბათუმში თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიანია. ამიტომ, თუკი მე-12 კლასშიც გაიზრდება გაკვეთილების რაოდენობა, შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას იმ ბავშვებს, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობენ? – ნინო მოდებაძე მიიჩნევს, რომ არა.
„6-7 გაკვეთილი ისედაც ტარდებოდა თითქმის ყველა კლასში, მარტო მე-12 კლასელებს ჰქონდათ ნაკლები. ამიტომ ეს არ შეუშლის ხელს მეორე ცვლის ბავშვებს ხელს. როგორც აქამდე იწყებოდა გაკვეთილები, ასევე იქნება წელსაც – ორიდან 3-ის ნახევრამდე დაიწყება მეორე ცვლა“, – ამბობს ნინო მოდებაძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 628 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
ტანკი – 8 642 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 16 938 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 17 936 ერთეული [+56]
MLRS – 1 182 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 943 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 990 ერთეული [+57]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 388 ერთეული [+58]
სპეცტექნიკა – 3 059 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 398 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 986 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 452 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 438 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 899 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„რადგან ქვეყნიდან წამოვედი, არ ნიშნავს რომ ჩემი სამშობლოს განვითარების სურვილი არ მაქვს. თუ შევძლებ, აქედან ჩემ სამშობლოს ჩემი ხმა მივაწვდინო, თუ შევძლებ დემოკრატიის სასარგებლოდ ჩემი სიტყვა ვთქვა, დიდი სიამოვნებით“, – ამბობს მარიკა, რომელმაც ემიგრაციისას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ინტერვიუს დროს შეიტყო.
ის წუხს, რომ ქართველ ემიგრანტებს აქტიურად არ მიეწოდებათ ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესახებ. უფრო მეტიც, ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებმა უმჯობესია საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა თავშესაფრის მიღებამდე.
მარიკა პეტრიაშვილი თბილისში, ოქროყანაში გაიზარდა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ექვსი წელი ჟურნალისტად მუშაობდა, თუმცა სამოქალაქო ომის ეკონომიკურ გამოწვევებში თავის ბავშვობის გატაცებას – ტანსაცმელების დიზაინს დაუბრუნდა. ამასთან 1998 წლიდან 2016 წლამდე ყველა არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიც იყო. 1989 წლის აპრილის მოვლენების მონაწილე 13 წლიდან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.
მარიკა, რას ნიშნავს საარჩევნო პროცესი თქვენთვის?
ზოგადად, არჩევნები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ცვლილებებს ნიშნავს, ქვეყანაში განვითარებას ნიშნავს. ეს პროცესი უკეთესობის შანსს უტოლდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო დიდი დატვირთვის მატარებელი გახდა. ეს არის არჩევანი თავისუფლებას და ჩაკეტილობას შორის.
ფაქტობრივად, უკანასკნელი 30 წელია ქვეყნის რუსეთისგან დაცვის პროცესში ვარ. 13 წლის ვიყავი აქციებზე, ვიპარებოდი სახლიდან, სკოლიდან. 9 აპრილის ღამეს კი, რაღაც სასწაულით გადავურჩი, რადგან საღამოს დედა გახდა შეუძლოდ და გავიგე რომ სასწრაფო გამოიძახა. მეც მხოლოდ ამ მიზეზით ავედი სახლში.
აი, ამ ბავშვური ერთგულებიდან დღემდე, ჩემი სამშობლოსთვის მე სხვა ოცნებები მქონდა და ეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე. პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების გამო იძულებული გავხდი, თბილისში ჩემი ატელიე დამეხურა და ქვეყანა დამეტოვებინა. რადგან ქვეყნიდან წამოვედი, არ ნიშნავს, რომ ჩემი სამშობლოს განვითარების სურვილი არ მაქვს. თუ შევძლებ აქედან ჩემ სამშობლოს ჩემი ხმა მივაწვდინო, თუ შევძლებ დემოკრატიის სასარგებლოდ ჩემი სიტყვა ვთქვა, დიდი სიამოვნებით.
ამასთან, ზუსტად ვიცი, ვერცერთი არჩევნები ვერ იქნება წარმატებული, თუ თავად ადამიანები თავისუფლების ფასს ვერ გაიგებენ, თავად არ დააფასებენ ევროპულ ღირებულებებს.
თქვენი აზრით, რა არის ამ სადავო კანონში რუსული?
მე იურისტი არ ვარ და არ შევეცდები კანონის ნორმების შესახებ ვისაუბრო. კანონის მიღების პროცესმა, აქციების მასშტაბმა, ხელისუფლების მხრიდან აქციების ძალმომრეობით დაშლის მცდელობებმა და საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებმა ნათლად აჩვენა, რამდენად შეუსაბამოა ეს კანონი ქართულ ხასიათთან, ერის მისწრაფებებთან.
ეს ჩაკეტილი სივრცის კანონია, ჩაკეტვა კი საბჭოთა კავშირის მსგავსია და ჩემთვის მიუღებელია.
ჩვენ ახლახან მოვისმინეთ კიდეც, ირაკლი კობახიძის განმარტება, როგორ აპირებს მთავრობა აგენტებად დარეგისტრირებული არასამთავრობოები დააფინანსოს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რამდენად სურს ხელისუფლებას ადამიანების მართვა.
ეს კანონი იმიტომ არის რუსული, რომ მთავრობას უნდა ყველა მასზე დამოკიდებული გახდეს, ადამიანებს აღარ დარჩეთ ხელმისაწვდომობა სხვა რესურსებზე. ეს მონურ მდგომარეობაში ჩაგდებას ჰგავს ჩემთვის.
Ჩვენ, ხალხმა, სახელმწიფოებრიობის იდეა გამოვტაცეთ რუსეთს, თავისუფლება მოვიპოვეთ რუსულ წიხლთან, რუსულ ნიჩაბთან, რუსულ ჩექმასთან, რუსულ კალოშთან გამკლავების ფასად. ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ისევ იმ ბოროტებასთან დავბრუნდეთ ჩვენი ნებით, ჩვენი არჩევანით.
ქვეყნის მომავალს როგორ ხედავ?
არჩევნების დასრულებამდე მიჭირს ნათლად წარმოვიდგინო მომავალი. ახლა მეც მგონია, რომ 90-იანების სული დაბრუნდა ქვეყანაში. ის დრო დაბრუნდა, ჩვენ რომ აქციებზე დავდიოდით და ზოგიერთი დაშლილ საბჭოთა კავშირს მისტიროდა. სახელმწიფოს მომავალი ხელისუფლების ცვლილების ბუნებრივ რიტმთან შეგუებით უნდა გახდეს ნათელი.
წლებია ვუყურებ, როგორ ხდება იძულებული ქართველი ხალხი შეცვალოს მმართველი პარტია. ხელისუფლებაში მოსულები მუდმივად ცდილობენ ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას. მმართველობის ოთხი წელი დემოკრატიული სტანდარტია და ამ ვადების შემდეგ მართვის ძალადობრივად დაუფლებაში გადაიზრდება ხოლმე. ახლაც ამგვარი რეალობის წინაშე ვართ.
რა არის ევროპა თქვენთვის და რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევანი?
ამერიკაში რომ ვცხოვრობ დღეს, ესეც ჩემი არჩევანია დემოკრატიის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავიდოდი რუსეთში, სადაც ტანსაცმლის დიზაინერს შემეძლო ბევრად მარტივად ამეწყო ჩემი ბიზნესი. მაგრამ ჩემთვის შეუძლებელია უთანასწორო გარემოში განვითარება.
ევროპა კი თანასწორობაა, დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის გათვალისწინებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერას, განათლებას და სხვა სიკეთეებს. ჩემთვის ევროპა მომავალია, რუსეთი კი წარსული, წარსულში დაბრუნება რომ არ უნდა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, ეს უნდა გამოხატოს ახლა და არჩევნებში მონაწილეობით.
დღეს რას აკეთებთ ამერიკაში?
დღეს ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვმუშაობ ამერიკულ კომპანიაში საქორწინო და სადღესასწაულო კაბების დიზაინზე. ასე ახლა ყოველ დღე ვუახლოვდები ჩემ გეგმასაც. ვფიქრობ, ეს სამუშაო მნიშვნელოვანი ეტაპია საკუთარი ბიზნესის ასაწყობად.
მინდა, ჩემი საკუთარი ატელიე გავხსნა ნიუ იორკში, ასევე მქონდეს ყვავილების მაღაზია. ახლა ამერიკული გარემო მაძლევს შესაძლებლობას ასეთი ოცნებების ახდენაზე ვიზრუნო. მანამდე კი, რადგან ეს შესაძლებელი ყოფილა, აუცილებლად გავაკეთებ ჩემ არჩევანს საქართველოს განვითარებისთვის.
რუსეთში, სტენდ-აპ კომიკოსი დიმიტრი გავრილოვი 13 დღით დააპატიმრეს. მიზეზი გახდა კომიკოსის გამოსვლის თბილისში ჩაწერილი ვიდეო, რომელიც მის იუთუბ არხზე 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა.
დიმიტრი გავრილოვს 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა და იგი დამნაშავედ ცნო სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, ასევე ადამიანის ღირსების შელახვაში. გადაწყვეტილება სასამართლომ 9 სექტემბერს მიიღო, ინფორმაცია ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოჩნდა.
საუბარია გავრილოვის თბილისში გამოსვლაზე, სადაც წარმოდგენის დროს კომიკოსი ჰყვება თავის ცხოვრებაზე თბილისში და ასევე ასახიერებს რუს სამხედროს: „ასე გამოიყურება რუსი ოფიცერი, უბრალოდ ამაზე კიდევ უფრო მეცინება, ზოგჯერ სარკეში ვიყურები და ვფიქრობ – აი ის, რუსი ოფიცერი!”
„არის აქ ვინმე, ვინც უკეთესად ცხოვრობს აქ, ვიდრე რუსეთში ცხოვრობდა? არ შეგრცხვეთ, ასეც უნდა, მე სწორედ ასე ვცხოვრობ, […] თბილისში რუსოფობიას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ხოლო იმისთვის, რომ არ მოვდუნდე, სახლში კედელზე დავიწერე: Fuck Russians, უბრალოდ იმისთვის რომ არ დამავიწყდეს სად ვარ. …შევწყვიტე რუსულ ენაზე პორნოს ყურება, ვთვლი, რომ ეს ოკუპანტის ენაა” – ამბობს გავრილოვი ვიდეოში.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კომიკოსის ბოდიშის მოხდის ვიდეო,რომელიც სავარაუდოდ განყოფილებაშივეა ჩაწერილი:
„მე, დიმიტრი ვალერიევიჩ გავრილოვმა, ჩემს სტენდ-აპ ვიდეოში თავს უფლება მივეცი შეურაცხმყოფელი განცხადებები გამეკეთებინა, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისკენ ან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ჩემს შეცდომას სრულად ვაღიარებ, ვნანობ ნათქვამ სიტყვებს, პოზიცია შევიცვალე, იმედია არავინ დამიზიანებია“.
კომიკოსს საქართველოში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ის გამოვიდა ბათუმშიც.
დიმა გავრილოვი არის TNT-ზე შოუ StandUp-ის და სხვა კომედიური პროექტების მონაწილე. რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრილოვი რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრა.
როგორც rbc წერს, 6 სექტემბერს გავრილოვმა დაიწყო ტურნე რუსეთში, მან წარმოდგენა გამართა იჟევსკსა და ყაზანში, 8 სექტემბერს კი ნიჟნი ნოვგოროდში გამოსვლას ელოდა, მაგრამ დააკავეს. კომიკოსის წარმოდგენა რუსეთის სხვა ქალაქებში გაუქმდა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ეს 2 316 ამომრჩევლით ნაკლებია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მონაცემებით, 2024 წლისთვის [10 სექტემბრის მდგომარეობით], 2021 წელთან შედარებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ ბათუმში – 3 585 ამომრჩევლით, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში შემცირებულია.
მაგალითად, ქედაში 485 ამომრჩევლით ნაკლებია, ქობულეთში კი – 1 814 ამომრჩევლით. სრულად ნახეთ ცხრილში:
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის [10.09.2024 მდგომარეობით] აჭარის ოლქებში / წყარო: ცესკო
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ერთიან სიაში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეს 71 095 ამომრჩევლით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს, როცა ერთიან სიაში სულ 3 497 345 ამომრჩეველი იყო.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიების დაზუსტების შემდეგ დიდი ალბათობით შეიცვლება. ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და, შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. თუ სიაში არ ხართ, ან მონაცემები არაზუსტია, უნდა მიმართოთ შესაბამის საარჩევნო კომისიას.
ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად გადადით ამ ბმულზე
რაც შეეხება მთლიანად მოსახლეობის რაოდენობას აჭარაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით აჭარაში მოსახლეობის რიცხოვნობა იყო 361 411 ადამიანი, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი, ეს მონაცემი გაზრდილია 1 801-ით და ჯამში არის 363 212 ადამიანი.
მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში წლების და მუნიციპალიტეტების მიხედვით / წყარო: საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, „მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ყოველი წლის დასაწყისისთვის. ზუსტი მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და მისი შემადგენლობის შესახებ მიიღება მოსახლეობის საყოველთაო აღწერებით, ხოლო აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიანგარიშება 1-ლი იანვრის მდგომარეობით და მიიღება ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის გათვალისწინებით“.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ქვეყანაში დროებით შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შეჰყავს.
„სტატისტიკური მიზნით, საქართველოს მუდმივ მოსახლეობად აღირიცხება ქვეყანაში 12 თვითა და მეტი ხნით მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად მოქალაქეობის ქვეყნისა. აგრეთვე ის მოსახლეობა, რომელთა ქვეყანაში ყოფნა არ აღემატება 12 თვეს, მაგრამ აპირებს დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს“, – მოგვწერეს საქსტატიდან, თუმცა, ამ დროისთვის რამდენი უცხოელია საერთო რიცხოვნობაში საქსტატმა ვერ მოგვაწოდა.
„საქართველოში საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროსაც საქსტატი იხელმძღვანელებს მუდმივი მოსახლის ზემოთ მოცემული განმარტებით. მათ შორის შეგროვდება მონაცემები მუდმივი მოსახლეობის მოქალაქეობის ქვეყნების შესახებაც“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.
არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.
ხულოში 3 სექტემბერს, ასევე 7-8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამომრჩეველთან. წინასაარჩევნო შეხვედრას ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც.
„ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პარტიულ შეხვედრაზე მიყვანა? – ვკითხეთ ხულოს რესურსცენტრის უფროსს, რამაზ გელაძეს.
მისი თქმით, სკოლის დირექტორები შეხვედრაზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და იძულებას ადგილი არ ჰქონია.
„ვინც გადაწყვიტა, მოვიდა. საიდან გაიგეს და სხვადასხვა წყაროებიდან. სოციალური ქსელით ან პირადი ურთიერთობებით“, – გვითხრა რამაზ გელაძემ.
მას ვკითხეთ, იზიარებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ პათოსს, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებს, რუსული კანონით კი ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას?
„ამ კითხვაზე არ გცემთ პასუხს. ეს არის პოლიტიკური კითხვა. მე გახლავართ რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაქვს ჩემი მოვალეობები, ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, ეს პოლიტიკოსების თემაა“, – გვითხრა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა.
ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობა პარტიულ შეხვედრაზე ყოფნაა? – ვკითხეთ მას.
„იქ რომ მივედი, გარკვეულწილად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კითხვა…
რუსული კანონი რას ჰქვია არ ვიცი, არ ვიცნობ ასეთ კანონს, გამჭვირვალობის კანონის მომხრე ვარ, რატომაც არა“, – ამბობს რამაზ გელაძე.
ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რამაზ გელაძე და სკოლის დირექტორები „ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.
„ბათუმელები“ პარტიული შეხვედრის მონაწილე რამდენიმე დირექტორსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა „ოცნების“ პოლიტიკას, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციას გაქრობით ემუქრება და მისაღებია თუ არა მათთვის რუსული კანონი, რომელმაც შეაფერხა საქართველოს ევროინტეგრაცია,საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის არსებობას ქვეყანაში?
სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი, რომან საგინაძე ამბობს, რომ პარტიულ შეხვედრას არასამუშაო საათებში დაესწრო და შეხვედრაზეც თავისი სურვილით მივიდა. თუმცა „ოცნების“ დაპირებაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციას გააუქმებს, არაფერი სმენია.
„მე არ ვიცი რა შეხედულებები აქვთ, არ ვიცი გააუქმებენ თუ არა, არ ვიცი მსგავსი არაფერი. შეიძლება გამომრჩა რაღაც, არ გამიგია, არ მომისმენია ასეთი რამ.
იქ წარადგინეს კანდიდატები, მეტი სხვა არაფერი იყო ისეთი. შესრულებულ საქმეებზე უფრო მეტი ყურადღება იყო. ჩვენთან მთავარი გზის პრობლემაა, ეს გააკეთეს და მე კმაყოფილი ვარ, პირადად“, – გვითხრა რომან საგინაძემ.
მურად ძირკვაძე პროგრამირების მასწავლებელია. მასაც ვკითხეთ, იზიარებს თუ არა „ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას და რას ფიქრობს რუსულ კანონზე. თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.
ერთადერთი, რაზეც მან გვიპასუხა, ისაა, რომ შეხვედრაზე საკუთარი სურვილით წავიდა.
„ბათუმელები“ ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორს, არკადი ართმელაძესაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ თათბირი ჰქონდა და მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
მსგავსი კითხვები დავუსვით სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორს, ლია ბოლქვაძესაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.
ლია ბოლქვაძემაც ჯერ პედსაბჭო მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა, მოგვიანებით კი არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.
მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრის ფოტოებზე ჩანს მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძეც, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია ხულოს საკრებულოში.
„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს:არსენ შავაძე – ბოძაურის სკოლის დირექტორი, გულნარა მუშამბაძე – საციხურის სკოლის დირექტორი, მალხაზ მახარაძე – სოფელ ძმაგულას საჯარო სკოლის დირექტორი, ბადრი ბერიძე – ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი, რამაზ ლომაძე – ბეღლეთის სკოლის დირექტორი და მურად ძირკვაძე – მათემატიკის მასწავლებელი სოფელ დიოკნისში.
ასევე, ფოტოზე არიან გამოსახულნი ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გელაძე და მისი თანამშრომლები: გენადი აბაშიძე და გია დეკანაძე.
მეტყველებს თუ არა აღნიშნული ფაქტი იმაზე, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი, გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ფაქტი განვიხილოთ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც გულისხმობს დაქვემდებარებული პირის იძულებით მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში.
გიგი ჩიხლაძე
„ამ შემთხვევაში, დაქვემდებარებული პირები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები – სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები და სხვა საჯარო მოსამსახურეები და არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც მათ პირდაპირ თუ არაპირდაპირ აიძულებდნენ პარტიის ღონისძიებაზე დასწრებას.
ეს გავრცელებული პრობლემაა წლებია და მასშტაბური ხასიათი აქვს.
მძიმე შემთხვევებში, ეს შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულამდეც კი მიდიოდეს“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.
მის თქმით, არის შემთხვევები, როცა საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ მათი ნებით ესწრებიან ასეთ შეხვედრებს, თუმცა იძულების მტკიცებულებების შემთხვევაშიც კი არ რეაგირებენ შესაბამისი ორგანოები.
„ეს არის მთავარი სირთულე, რომ ადამიანები ხშირად არ აღიარებენ, რომ მათ აიძულებენ შეხვედრებზე დასწრებას.
მეორე მხრივ, გაუმჯობესებული პრაქტიკაა ის, რომ არასამუშაო დღეებში იმართება საარჩევნო შეხვედრები და ადამიანს აღარ უწევს კანონის დარღვევა, მაგრამ როცა სამუშაო დღეებში იმართებოდა, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ შვებულება და ამის გადამოწმებაც იყო რთული. არ გასცემენ ან დაგვიანებით გასცემენ ხოლმე საჯარო უწყებები ასეთ ინფორმაციას, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს შვებულებებიც იძულებითია“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.
მისი თქმით, ასეთი შემთხვევებით საოლქო კომისია უნდა ინტერესდებოდეს და ჰქონდეს რეაგირება, თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მოსაგვარებელი არ არის.
„სისტემური პრობლემაა, რადგან თავად საჯარო სამსახურებშია ისეთი გარემო შექმნილი, რომ ნორმალიზებულია ასეთი დავალების შესრულება.
საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეს შესაძლოა არ უნდოდეს პარტიულ შეხვედრებზე წასვლა, მაგრამ ის გრძნობს ან პირდაპირ ეუბნებიან, რომ საფრთხე შეექმნება მის სამსახურს. პროკურატურის როლია ის, რომ მკაცრად ეკიდებოდეს ამ საკითხს და თითოეული ასეთი შემთხვევის მიმართ ჰქონდეს გონივრული ეჭვი.
როცა საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებ, ეს ადამიანებისთვის სიგნალია, რომ იძულება არ არის წახალისებული, არის დასჯადი და ამას უყურადღებოდ არ დატოვებენ.
ასე არ ხდება და ბევრ ადმინისტრაციულ ორგანოში პირიქით, ნორმალურია ასეთი ქმედება“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.
რას ნიშნავს, როცა მასწავლებელი იმ პოლიტიკური ძალის მხარეს დგას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოების ერთი ნაწილის დასჯას, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას აანონსებს? ან მისივე მიღებული რუსული კანონით ეწინააღმდეგება ხალხის ნებას, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?
ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტს, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მელორ ცქვიტაიას ესაუბრა.
როდესაც ამ ტიპის შეხვედრებზე ხედავთ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, ფიქრობთ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ზეწოლის მსხვერპლი, თუ ეს შეიძლება იყოს მათი არჩევანი? – ვკითხეთ მას.
მელორ ცქვიტაია/მასწავლებელი
„მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კანონს არ ვემხრობი და არც მსგავს შეხედულებებს, ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება მივიდეს იქ, სადაც მიიჩნევს, რომ უნდა იყოს.
მე როგორც მასწავლებელი, როგორც მოქალაქე, ვერ ვიტყვი იმას, რომ არ უნდა დადიოდნენ თუნდაც ასეთ შეხვედრებზე. უბრალოდ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სად მივიდნენ და სად არა.
მე, მაგალითად, არ მივიდოდი იქ, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ უნდა იყოს, თავისუფალი აზროვნება არ უნდა არსებობდეს, კრიტიკული მედია არ უნდა არსებობდეს. ნამდვილად ვერ მივალ, რადგან მასწავლებელი ვარ და ეროვნული სასწავლო მიზნების მიხედვით უნდა აღვზარდო ბავშვები იმ ღირებულებებზე, რაც კეთილდღეობას მოუტანს სამომავლოდ ამ ქვეყანას“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
იგი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად აინტერესებს პარტიული დაპირისპირებები, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები უნდა მოქმედებდნენ, მაგრამ როცა ქვეყნის მომავალს ეხება საქმე, იქ ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს:
„მე, როგორც მასწავლებელი, უნდა ვაყალიბებდე მომავალი პოლიტიკოსების ცნობიერებას. ვცდილობ, რომ ბავშვები იყვნენ თავისუფალი აზროვნებაში და შემდეგ, როცა სრულწლოვნები იქნებიან და ამ სფეროში მოვლენ პოლიტიკოსებად თუ სხვა სფეროში იქნებიან, აკეთონ თავიანთი საკეთებელი. მაგრამ, როცა ქვეყნის მომავალზეა საუბარი, რა თქმა უნდა, სწორი პოზიცია უნდა დავაფიქსირო, როგორც მასწავლებელმა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემხრობა.“
არის თუ არა შემაშფოთებელი, როცა მასწავლებელი იმ მხარეს დგას, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას ემხრობა და ევროინტეგრაციას გვაშორებს? – ვკითხეთ მას.
„საბედნიეროდ, ჩემს სამეგობროში, ჩემს კოლექტივში არ არიან მსგავსი აზროვნების ადამიანები. როგორც მასწავლებელი მივიჩნევ, რომ პედაგოგი ის ადამიანია, რომელიც ქვეყნის მომავალს ქმნის და მისი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მისაბაძი და სამაგალითო. თუ საშიშროებას ხედავს მასწავლებელი, ამაზე სწორად უნდა რეაგირებდეს და განცხადებებსაც უნდა აკეთებდეს, რადგან მის ნებისმიერ ქმედებას უყურებს ბავშვი, მშობელი“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ დირექტორებს ან მასწავლებლებს ამ ყველაფრისგან დისტანცირება? – ვკითხეთ მელორ ცქვიტაიას.
„ჩემთვის არ უკადრებიათ, რომ მსგავს შეხვედრაზე მივსულიყავი, მაგალითად, მუნიციპალიტეტში. ალბათ თვითონ მასწავლებლები უნდა იდგნენ იმ სიმაღლეზე, რომ მათ არ აკადრონ. იძულებითი არაფერი არ არსებობს და თუ ასეთ შეხვედრებზე მათი მისვლა არ არის ნებაყოფლობითი, მაშინაც ცუდად გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ მასწავლებელმა უნდა გააჟღეროს ის, რომ მასზე ზემოქმედებენ.
მე, როგორც მასწავლებელი, თამამად ვამბობ, რომ არასდროს უთქვამთ ჩემთვის, სად მივიდე ან სად არ მივიდე. გადაწყვეტილებას თვითონ ვიღებ.
შეიძლება ჩემთანაა ასეთი ჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ თუ ვიღაცაზე ზეწოლა მოახდინეს, მასწავლებელი ვალდებულია ხმამაღლა განაცხადოს, რადგან ეს მანკიერი მხარეა და კიდევ უფრო მანკიერ მხარეს შობს, რაც ქვეყანას წინ არ წაიყვანს.
და თუ მასწავლებელი ნებაყოფლობით დგას ძალადობრივი იდეოლოგიის მხარეს, რა თქმა უნდა, ესეც სახიფათოა. მასწავლებელი, რომელიც სწორი ღირებულებების მატარებელი არ არის, ვერ გაზრდის ისეთ თაობას, რომელიც გადაიბარებს ამ ქვეყანას და მონაწილეობას მიიღებს მის მშენებლობაში.
რთული პერიოდები ყოველთვის ედგა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქართულ საზოგადოებას გამოუნახავს გამოსავალი და დარწმუნებული ვარ, ახლაც იპოვის სწორ გამოსავალს და არჩევანსაც ისეთს გააკეთებს, რაც ქვეყანას სწორ გზაზე გაიყვანს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორად გადაეცეს მომავალ თაობას. ეს არის ჩვენი თაობის მთავარი დანიშნულება ამ შემთხვევაში“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.
____________
მთავარ ფოტოზე: ხულოს საჯარო სკოლის დირექტორები „ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ცესკო ეხმაურება:
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას.
როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს. გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება. ცხადია ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს.“
საქართველოს მოქალაქე რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ – ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 12 ივნისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ამავე ბრალდებით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენა შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობის გამო. „სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა” – წერს რუსეთის პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისამდე, ივანეიშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში სხვადასხვა ადგილას, როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა.
ივნისის თვეში პროპაგანდისტული მედია TASS-ი ბასმანის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით წერდა, რომ ივანეიშვილი დაიბადა 1995 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბა გელათში. „სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და გაიარა სნაიპერული მომზადება. 2016 წელს იგი ავღანეთში, ნატოს მისიაშიც მონაწილეობდა; ხოლო 2022 წელს შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს უკრაინაში“ – წერს tass-ი.
2022 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვარუსუდან ივანეიშვილი და მისი ქმარი, გელა ბეგლარიშვილი, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის.
10 სექტემბერს, ღამით, რუსეთის ცხრა რეგიონზე უკრაინული დრონების ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის თავდაცვამ 144 დრონი ჩამოაგდო.
მოსკოვის მახლობლად დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა 50-ზე მეტი ბინა.
აქამდე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა დაფიქსირდა 10 სექტემბერს ბრიანსკში, სადაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოაგდეს 72 დრონი.
რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, 20 დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 14 – კურსკის ოლქში, 13 – ტულაში, 8 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 7 -კალუგში. ასევე, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს ვორონეჟის, ლიპეცკისა და ორიოლის რეგიონებში.
დრონების თავდასხმის გამო 10 სექტემბრის დილამდე მოსკოვის სამი აეროპორტის – ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის მუშაობა შეზღუდული იყო. ასევე, დრონის თავდასხმის საფრთხის გამო, შეზღუდული იყო ყაზანის აეროპორტის მუშაობა.
ოფიციალურ კიევს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი 10 სექტემბერს რუსეთზე დრონების მასიური თავდასხმის შესახებ.
__________
ფოტოზე: უკრაინული დრონისგან დაზიანებული კორპუსი მოსკოვის ოლქში, რუსეთში. 2024 წლის 10 სექტემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/YURI KOCHETKOV
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, ბათუმსა და კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათგან 10 პირი ნარკორეალიზატორია.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე.
„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, “მეტამფეტამინი”, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და „ალფა პვპ“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები“ – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დათი ქოქრაშვილი 2022 წლის 31 მარტს თბილისში, პეკინის ქუჩაზე სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად დააზიანა 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობა და შეცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. ბევრმა წამყვანმა კლინიკამ და ქირურგმა უარი თქვა მის მკურნალობაზე. საბოლოოდ, ავარიის შემდეგ დათიმ 26 ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. საქართველოში, ისრაელსა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია ნიუ-იორკში რამდენიმე კვირის წინ ჩაუტარდა.
სწორედ დათის სიცოცხლის გადასარჩენად შედგა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტი 15 ქართველი მომღერლის მონაწილეობით კვირას, 8 სექტემბერს აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში. ღონისძიებაზე დამსწრე ქართველმა ემიგრანტებმა საქველმოქმედო აუქციონშიც მიიღეს მონაწილეობა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: ნინი შერმადინი, გოჩა აბულაძე, სოფი სააკაშვილი, თამთა და ზვიადი, თამრიკო დავითაშვილი, გოგიტა გოგიძე, ნინი წიკლაური, „სეიშენი“, „მალიბუ“, ანუკი ბეჟანიშვილი, ნია დვალიშვილი, გიორგი კალანდაძე და თედო ქორიძე.
საღამოს წამყვანები ვახო ბიჭიკაშვილი და სოსო თოლორაია იყვნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მილენა ბაზინოვა, ლუკა კერატიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და ნათია ჟორჟოლიანი.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, Milena Beauty House-ის დამფუძნებელი და ემიგრანტი ქართველების გამაერთიანებელი ერთ- ერთი დიდი ჯგუფის და ფეისბუქ ჯგუფ მილე-New-მის ადმინისტრატორი მილენა ბაზინოვა ამბობს, რომ საქველმოქმედო აქცია შედგა, ახლა კი ის და მისი თანამოაზრე ქართველი ემიგრანტები აგრძელებენ მცდელობას მოიპოვონ სხვა ფინანსური რესურსები დათის სიცოცხლის გადასარჩენად.
„უკვე ორი წელია დათი და მისი ოჯახი შეუპოვრად იბრძვის, ახლა ჩვენი ჯერია მათ გვერდით დავდგეთ“ – ამბობენ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ნიუ იორკში.
ისინი კვლავ აქტიურად ავრცელებენ მოწოდებებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ჯგუფში და აგრძელებენ ემიგრანტებს შორის ფინანსების მობილიზებას.
ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს დღესაც აქვთ შანსი თანხა გადაურიცხონ დათის და მისი მშობლებს – ZELLE: 201 973 3833.
_________________
მთავარ ფოტოზე: დათი მილენა ბაზინოვასთან ერთად
საქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინშისაქველმოქმედო კონცერტი ბრუკლინში
თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს.
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.
10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ კურსებზე იწყებს მოსწავლეთა მიღებას და რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოსწავლეთა შერჩევისას, დავალებასთან ერთად, პრიორიტეტი რეგისტრაციის რიგითობას ენიჭება. ამიტომ, არ გადადო და აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი:
ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
UI/UX დიზაინი
ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
მობილური აპლიკაციების შექმნა
გრაფიკული დიზაინი
ციფრული მარკეტინგი
ფოტო-ვიდეოგრაფია
თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 15%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.
ტექსკოლის კურსდამთავრებულები უკვე მონაწილეობენ სასკოლო თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად ახდენენ იდეების რეალიზებას.
თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
„მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან.
საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა. მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი გააკეთა რუსეთმა საქართველოსთვის,“ – ასე იწყებს საუბარს „ბათუმელებთან“ სოფო გეგეჭკორი.
მას ამერიკულ და ქართულ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, არის სპეციალისტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განხრით. სოფო საქართველოს მოქალაქეა, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და ამერიკულ კერძო კომპანიაში მუშაობს.
„ბათუმელებმა“ სოფო გეგეჭკორთან ინტერვიუ ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ ჩაწერა.
ქალბატონო სოფო, როგორ აისახა დასავლური, ამ შემთხვევაში აშშ-ის დახმარება თქვენზე, როგორც ერთ ადამიანზე?
ჩემი პირადი ისტორიით მინდა ავხსნა, რა არის დასავლეთის დახმარება რიგითი ქართველი მოქალაქისთვის.
1993 წლიდან მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, სოხუმელი. ჩემთვის, როგორც დევნილისთვის, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პრიზმაში ორი მთავარი პარამეტრი არსებობს, ერთია სიცოცხლის გადარჩენა, მეორეა განვითარებისა და თვითრეალიზაციის საშუალების მოცემა.
სიცოცხლის გადარჩენის ამბით დავიწყოთ.
საქართველოს მოქალაქეების მეათედს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომიდან დევნილებს, გადარჩენაში ხელშეწყობა მხოლოდ დასავლელი პარტნიორებისგან გვახსოვს. მაშინ როდესაც რუსეთი ოჯახის წევრებს გვიხოცავდა, ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე ამერიკელი ხალხი ზრუნავდა. ვგულისხმობ დახმარებას, რომელიც მოდიოდა USAID-იდან, ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდიდან.
From the American People – ამ წარწერით ჰუმანიტარულმა ტვირთმა გადაგვარჩინა ჩვენ წლები ფიზიკური განადგურებისგან. არა, საქართველოს მთავრობისგან დაწესებული 12 ლარიანი დახმარებით არ გადარჩენილა აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან დევნილი ხალხი, გადარჩა სწორედ რომ USAID-ის ჰუმანიტარული დახმარებით.
ეს რაც შეეხება ფიზიკური გადარჩენის თემას 90-იანებში. მეორედ დევნილები ფიზიკურად აშშ-მ 2008 წლის ომის შემდეგ გადაარჩინა.
2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციის შედეგებზე საპასუხოდ ამერიკის მთავრობამ გამოყო 38 მილიონი დოლარის პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება.
იმ დღეებში, 2008 წლის აგვისტოს თვეში ამერიკამ 100 ათას ტონაზე მეტი დახმარების ტვირთი შემოიტანა ბათუმისა და ფოთის პორტებში. იმავე წლის სექტემბერში, 1 მილიარდი დახმარება გამოუყო საქართველოს აშშ-მა.
ასე რომ ჩემთვის, როგორც დევნილისათვის, ფიზიკური გადარჩენის ძალიან დიდი წვლილი მოდის იგივე ამ ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
მეორე ნაწილი – განვითარებისა და თვითრეალიზაციის მიმართულება ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური გადარჩენის მიღმა არსებობს ის, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას და რა გარემოში.
ჩემი პირადი ისტორია ასეთია – 2005 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდია მოვიპოვე ამერიკაში „მასკის“ პროგრამით სასწავლებლად. რომ არა ეს სტიპენდია, მე და ჩემი ოჯახი ფინანსურად ვერ შევძლებდით უცხოეთში მიმეღო განათლება, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა.
ეს არ იყო მხოლოდ ჩემს თვითგანვითარებაში ჩადებული ინვესტიცია. ეს იყო უფრო დიდი, საქართველოს განათლების სისტემაში ჩადებული ინვესტიცია ჩემი და სხვა ასობით ახალგაზრდის სახით. რომ არა ამერიკის მთავრობის დახმარება, ვერც ფიზიკურად გადავრჩებოდით და ვერც თვითგანვითარების საშუალება მომეცემოდა მე პირადად. მე ვარ ერთ-ერთი მრავალთაგანი.
ამერიკაში გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები ყველაზე მეტი რაოდენობით საქართველოში ბრუნდებოდნენ, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების „მასკელებისგან“.
ეს ნიშნავდა, რომ აქ გაჩნდა ახალი, პროფესიული, საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც თავიანთ ცოდნას თუ გამოცდილებას ახმარდნენ ქვეყნის მშენებლობას, ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების საქმეს.
ეს იყო დასავლური პროფესიული სტანდარტი, რომელიც ისევ ქვეყანას უბრუნდებოდა და ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.
ამერიკა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო საქართველოში განათლების სფეროში, უფრო ფართოდაც რომ განვავრცოთ. აშშ-ის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დახმარებიდან, ძალიან დიდი ნაწილი, მილენიუმის განვითარების კორპორაციის გავლით, საქართველოში მოხმარდა განათლების სისტემის განვითარებას და საბჭოთა პერიოდიდან გაპარტახებული სასკოლო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.
უზარმაზარი თანხა დაიხარჯა ამ მიმართულებით.
რატომ გვეხმარება დასავლეთი? პროპაგანდა ამბობს, ტყუილად არავინ გვეხმარებაო, ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. რა მიზანი აქვს იგივე აშშ-ს, როდესაც 6 მილიარდს ხარჯავს საქართველოსთვის?
ჩემი აზრით, დასავლეთისათვის, წარმატებული და განვითარებული პარტნიორი ბევრად უფრო მომგებიანი მოთამაშეა საერთაშორისო სისტემის და საერთაშორისო მშვიდობის და წესრიგისთვის, ვიდრე განუვითარებელი, ჩამორჩენილი ქვეყანა.
რატომ დაეხმარა ამერიკა გერმანიას ფეხზე დასადგომად, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ქვეყანა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს? დანგრეული გერმანია ხიფათს წარმოადგენდა ევროპული სტაბილურობისთვის და მშვიდობისათვის.
ასევე, საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველივე დღეებიდანვე საქართველო აღიარა ამერიკამ 1991 წლის დეკემბერშივე, როგორც კი საბჭოთა კავშირის ნგრევა აღიარა და დამოუკიდებლობა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების.
1992 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი საელჩო გახსნა თბილისში, საქართველოში. 1992 წლიდან მოყოლებული ამერიკა ეხმარება საქართველოს ისე, რომ როგორც თავის დროზე ეხმარებოდა რუსეთსაც, რომ გამხდარიყო ცივილიზებული, განვითარებული ქვეყანა. არა სრულად დანგრეული, გაპარტახებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, არამედ წარმატებული, განათლებული, განვითარებული ქვეყანა, რომლის მიზანი იქნებოდა ყოფილიყო ცივილიზებული წევრი მშვიდობიანი ევროპის.
ამერიკამ დახმარება გაიღო იმისათვის, რომ ამ იმპერიის ნანგრევები არ გადაქცეულიყო ნაცრისფერ ზონად, ტერორის ზონად სამყაროსთვის, არამედ გამხდარიყო მშვიდობის სივრცე. ამის ერთადერთი და ერთ-ერთი გარანტი იყო ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და საზოგადოებრივი განათლება, განვითარება, თავისუფლება, რაც არის დემოკრატიის ნიშანი. დემოკრატიული სახელმწიფო არ იწყებს ომებს.
ის, რომ ჩვენ გვეხმარებიან, არ არის მარტო ალტრუიზმი, არამედ ჩვენი ჩართვა ცივილიზებულ, მშვიდობიან სივრცეში, მშვიდობიან ევროპაში ყოფნა არის სწორედ იმის გარანტია, რომ ჩვენც გადავრჩებით.
მაგალითად, რუსეთს ამერიკა ყველანაირად ეხმარებოდა, როგორც ფინანსურად, ისე ეკონომიკურად, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. სამწუხაროდ, რუსეთში ტოტალიტარიზმის უფრო დიდი ისტორიაა და გადაწონა.
შესაბამისად, საქართველოს დასავლეთი ეხმარება იმისათვის, რომ გახდეს დემოკრატიული, გახდეს ძლიერი, რომ თვითონ შეეძლოს საკუთარი თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამისათვის მილიარდები გაიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.
1991 წლიდან მოყოლებული, რუსული ოკუპაციის პირობებში, დასავლეთიდან და კონკრეტულად აშშ-დან მიღებული გვაქვს: ჰუმანიტარული, ფინანსური, კონგრესის დონეზე მხარდამჭერი რეზოლუციები და საკანონმდებლო აქტები, თავდაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედრო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები, თავისი „ჯაველინებით“ თუნდაც. სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობითაა დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე. სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობით განვავითარეთ ჩვენი ქვეყანა იმ დონემდე, სადაც ვართ დღეს 90-იანი წლების სიბნელიდან.
მხოლოდ ამერიკამ 1992 წლიდან დღემდე 6 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს.
დამოუკიდებელი, განვითარებული საქართველო, პირველ რიგში, მომგებიანი პარტნიორია დასავლეთისათვის, მომგებიანი წევრია ევროპისათვის, რაც, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის რუსულ ინტერესებთან.
კონგრესში დააინიციირეს კანონპროექტი, „მეგობარი აქტი“, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აშშ-თან ვიზა ლიბერალიზაციას. რას ნიშნავს ეს საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის და რას ნიშნავს ამ ისტორიულ შანსზე უარის თქმა?
30 წლის განმავლობაში ამერიკა მუდმივად მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს. ზემოთჩამოთვლილი ფინანსური დახმარებები, რაც სახელმწიფომ მიიღო, რეალურად ყველაფერი, თითოეულ ქართველამდე დავიდა. ჩვენ ყველა დღესაც ვსარგებლობთ იმ სიკეთეებით, რაც ამ 6 მილიარდი დახმარების შედეგია. მოდი, ავიღოთ თუნდაც მარტივად გასაგები, ჯანდაცვის სფეროში.
90-იანი წლებიდან მოყოლებული ათობით ათასი ქართველი ან ტუბერკულოზით იყო ავად ან C ჰეპატიტით. რომ არა ამერიკული დახმარება და ამერიკული პროგრამები, საქართველოში არ იქნებოდა ამ დაავადებების მკურნალობა შესაძლებელი დღემდე.
გადარჩენილ სიცოცხლეებზე ვსაუბრობ.
30 წლის განმავლობაში ამერიკის ათობით რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უმყარებს ზურგს. დღემდე ამერიკის ძალისხმევით საქართველო ინარჩუნებს ლეგალურად თავის ტერიტორიულ ერთიანობას, თუნდაც დღეს რუსული ოკუპაციის პირობებში.
საქართველო ჯერჯერობით მაინც არაა ბოლომდე ეკონომიკურად განვითარებული, ამიტომ ადამიანებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა. აშშ-ს შემთხვევაში – ძალიან ექსტრემალური გზით. ამერიკული მხარდაჭერა თუნდაც ამ „მეგობარი აქტის“ კონგრესში განხილვით, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეპირებაა.
არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა აშშ-ს ათწლიანი ტურისტული ვიზა აიღონ. ეს შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას არც კი ჰქონია. ეს აშშ-ს მხრიდან იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ გადმოდგმული და დიდი ნდობა გამოცხადებული ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
უვიზო რეჟიმზე ჯერჯერობით ასე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებთ, კონგრესის მიერაა შემოტანილი, მთავრობა განიხილავს და შემდგომ გაითვალისწინებს. მაგრამ ისიც კი, რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოსთვის, აი, ამ ყველაფრით, ჩვენ დღემდე ვარსებობთ.
ჩვენ რომ გვაქვს თუნდაც ის პირობები, რა პირობებშიც ვარსებობთ საქართველო, სწორედ დასავლელი პარტნიორების დახმარებაა. სხვა არავინ დახმარებია საქართველოს. რუსეთი არ დახმარებია საქართველოს.
ევროპული და ამერიკული დახმარებით შევძელით ეკონომიკურად ამ დონემდე მოსვლა. დემოკრატიული ინსტიტუციების ამ დონემდე მოყვანა, ფინანსური სისტემების ამ დონეზე გამართვა, ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროების ამ დონემდე მოყვანა…
სამუშაო ძალიან ბევრია ჯერ კიდევ და ამისათვის არის საჭირო იგივე ამ დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და არა მათი უკუგდება და იგნორირება.
ჩვენ ქვეყანას სხვა რესურსი არ გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსი – ნავთობი, ოქრო ან რამე ისეთი, რაც განვითარებაში ხელს შეგვიწყობდა. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური რესურსი გააჩნია. როდესაც ქვეყანა კარგავს ადამიანურ რესურსს, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია.
ამიტომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ამჟამინდელმაც და მომავალმაც, პირველ რიგში უნდა იზრუნოს, რომ ეს ადამიანური რესურსი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ქვეყანაში და ამ ადამიანური რესურსის განვითარებას შევუწყოთ ხელი. განვითარებას კი კარგად ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის დასავლეთში.
ყველა განცხადება, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოზიციის გამოვლენის შემდეგ გაკეთდა დასავლეთიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ გვემუქრება დასავლური სამყაროდან იზოლაცია. რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო დასავლეთის ფინანსური და პოლიტიკური დახმარების გარეშე?
დასავლეთის პოლიტიკური დახმარების შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. დე იურე ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება რუსეთის წყალობით კი არ ხდება, არამედ ხდება დასავლეთის წყალობით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წყალობით. ამერიკა და ევროპა, ფაქტობრივად, 30 წელია ცდილობენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და ამ შენარჩუნებაში ჩვენს დახმარებას.
ჩვენ, პატარა ერი, არანაირი რესურსის არ მქონე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ვერანაირად ამ დონემდე ვერ ვიქნებოდით მოსული. შესაბამისად, ვერც განვაგრძობთ გზას ცივილიზებული დასავლეთისკენ, ცივილიზებული მშვიდობიანი სამყაროსკენ, ვერ განვაგრძობთ გზას მარტოდ. არ არსებობს ამის რესურსი ჩვენს გეოგრაფიაში და ჩვენი ზომით.
ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ პარტნიორების შენარჩუნება. შესაბამისად, ქართული ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ამ პარტნიორობის გამყარებაზე. 30 წელია ქართული დიპლომატია აშენებს ამ პარტნიორობას ჩვენს დასავლელ მთელს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან. 30 წელია ქართული დიპლომატია მუშაობს ამ თემაზე, ამ 30 წლის ნაღვაწს ასე ჰაერში ვერ გავუშვებთ.
„ღირსებით ევროპისკენ“ წერია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებზე, ქმედებებით კი „ოცნება“ უკან დგამს ნაბიჯებს დასავლეთისგან. როგორ უნდა მიხვდეს რიგითი ამომრჩეველი, რომ ამ სლოგანით რეალურად მმართველი პარტია მას ატყუებს?
ეს სლოგანი – „ღირსებით ევროპისაკენ“ – წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან.
ევროპას არ დაურღვევია ჩვენი მშვიდობა და არ დაურღვევია ჩვენი ღირსება. საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში ჩვენი ღირსება და ჩვენი მშვიდობა დაარღვია მხოლოდ რუსეთმა.
მე პირადად ოჯახის წევრები მყავს დაღუპული სოხუმში. რუსეთის წყალობით სახლიდან ვარ გამოგდებული 33 წელია. არ ვიცი საფლავები ჩემი ოჯახის წევრების. ეს ყველაფერი გააკეთა რუსეთმა საქართველოსთვის. ევროპა და დასავლეთი თვითონ არის გარანტორი მშვიდობის და ღირსების ჩვენთვის.
„რუსეთიდან გამოვიდეთ მშვიდობიან და ღირსეულ დასავლეთში“- აი, ეს არის უფრო სწორი ფორმულირება იმ გზისა, რასაც საქართველო გადის ბოლო 30 წელია.
მავნებელი, აგრესორი რუსეთიდან ვცდილობთ გამოღწევას, რომ შევაღწიოთ მშვიდობიან და ღირსეულ ევროპაში.
ვერცერთი ხელისუფლება მე ვერ შემიყვანს ღირსებით ევროპაში, მე, ღირსეული საქართველო უნდა მიმიღოს ევროპამ, თავის მშვიდობიან და ღირსეულ სავანეში და თანამეგობრობაში.
ამის გარანტორი ხელისუფლება მაშინ იქნება, თუ ქვეყნის შიგნით ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, კორუფციის აღმოფხვრას, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ის კრიტერიუმებია, რასაც ჩვენი მშვიდობიანი დასავლეთელი პარტნიორები სთხოვენ საქართველოს.
ჩვენი შიდა თვითგანვითარება ჩვენსავე ხელშია. ამაში ჩვენ პარტნიორები 30 წელია გვიწყობენ ხელს. ამიტომ აქ მთავარია, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ქვეყნის განვითარება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა, დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არის დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროპასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია და დაახლოება. ამიტომ ყველა მთავრობის, ახლანდელი თუ მომავალის, დავალება ქართველი მოსახლეობისაგან, არის სწორედ ამ სტრატეგიული მიმართულების გაგრძელება.
დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა.
ელჩის განმარტებით, ის ბათუმში ოთხი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული.
„მოხარული, რომ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების, ადგილობრივი ხალხის დახმარებისთვის.
პირველი პროექტი სოფლის მეურნეობის დარგში ხორციელდება. ერთ-ერთ საწარმოს USAID-მა გადასცა აღჭურვილობა, რომელიც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს ხილის გადამუშავებასა და გატანაში სხვადასხვა ბაზარზე.
მეორე პროექტი გახლავთ „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“. ეს ორგანიზაცია ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აჭარაში და აწვდის მათ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისების შესახებ. ეხმარება ადამიანებს ინფორმირებაში.
გუშინ საღამოს ჩვენ დავესწარით კონცერტს, რომელიც ჩატარდა ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ამერიკელმა, გოსფელის მუსიკის ექსპერტმა ქართველ მომღერლებთან ერთად ჩაატარა პოლიფონიური მუსიკის კონცერტი და ჩვენ ყველამ ერთად გავიზიარეთ ის სიხარული, რაც მოაქვს პოლიფონიურ მუსიკას.
დღეს კი ხელმეორედ ვხსნით ბათუმის ამერიკულ კუთხეს, რომელიც გარემონტდა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში“, – ამბობს რობინ დანიგანი.
მისი თქმით, ცენტრში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ინგლისური ენა, ამერიკული კულტურა, სამოქალაქო განათლება და სხვადასხვა საკითხები.
ბოლოს ელჩი შეეხო აშშ-ის წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ პროპაგანდასაც.
„მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონით, იმის შესახებ თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება და ეს ოთხი მაგალითი, რაც ახლა ჩამოვთვალე, ნათლად ასახავს იმას, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა – ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად.
ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის ქართველებისთვის, ქართველ ახალგაზრდებს ეხმარებიან ინგლისური ენის სწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება.
ასე, რომ ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, – განაცხადა ელჩმა ბათუმში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 627 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
ტანკი – 8 640 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 16 925 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 17 880 ერთეული [+50]
MLRS – 1 180 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 942 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 933 ერთეული [+36]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 24 330 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 3 053 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
642 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
31 166 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
17 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
14 358 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
25 825 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.
არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.
ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის ან სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ვებგვერდზე:voters.cec.gov.ge
ამომრჩეველს ასევე შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.
სიებში ცვლილებების შეტანა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
საარჩევნო უბნის მისამართის გაგება შეგიძლიათ ამ ბმულზე. შესაბამის ველში შეიყვანეთ პირადი ნომერი და გვარი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემებს და ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი. შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცესკოს ნომერზე – 2 51 00 51.
შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით? – ცესკოში აცხადებენ, რომ – არა.
„ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაბამის უბანზე და არ განიხილება დროებითი რეგისტრაცია. ხმის მისაცემად უბნის შეცვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ოფიციალურად შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს“, – გვითხრეს ცესკოში.
ანუ, თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია დავუშვათ ბათუმში და ფაქტობრივად ცხოვრობს სხვაგან, მას ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ბათუმში, შესაბამის უბანზე.
იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი გააუქმებს რეგისტრაციას ბათუმში და დარეგისტრირდება სხვაგან [ანუ თუ ამოეწერება და ჩაეწერება სხვაგან], ხმას მიცემს ახალი რეგისტრაციის ადგილზე, შესაბამის უბანში.
ამასთან, რეგისტრაციის ადგილის შეცვლით საარჩევნო უბანი შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შეცვლა მოხდება 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ანუ 9 ოქტომბრამდე.
„ასეთ შემთხვევაში იუსტიცია გვიგზავნის მონაცემებს და ცვლილებები ავტომატურად შედის საარჩევნო სიაში. თუმცა, 9 ოქტომბრიდან ასეთი ცვლილებები საარჩევნო სიაში, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის მიუხედავად, ვეღარ განხორციელდება“, – გვითხრეს ცესკოში.
შესაბამისად, ამომრჩევლებმა, რომლებმაც მუდმივი რეგისტრაციის ადგილი უკვე შეიცვალეს, ან 8 ოქტომბრის ჩათვლით შეიცვლიან, საკუთარი მონაცემები აუცილებლად უნდა გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში. იმ შემთხვევაში, თუ სიაში ცვლილება არ იქნება ასახული, ამომრჩეველმა უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას – ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც 9-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ 18 წელი, მონაცემებს იუსტიცია გზავნის ცესკოში და ამ მოქალაქეებს ხმის მიცემა თავისუფლად შეეძლებათ თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ
არ შეგიძლიათ ხმა მისცეთ დისტანციურად. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში.
არ შეგიძლიათ სხვის მაგივრად მისცეთ ხმა. საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად [მათ შორის მინდობილობით] ხმის მიცემა.
თუ ამომრჩეველი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეც არის, მას შეუძლია არჩევნებზე ხმის მიცემა.
ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყანაში სულ 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 2 262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებებისგამოყენებით გაიმართება. მაგალითად, აჭარაში არის 66 უბანი, სადაც არჩევნები ძველი წესით, არაელექტრონულად ჩატარდება.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კი ამ დროისთვის ერთიან სიაში 3 426 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ნინი ჩანტლაძე 29 წლისაა და უკვე ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ემიგრაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფლების ნაკლებობის გამო მიიღო. ნინი განსაკუთრებულ გამოწვევად საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არასათანადო პირობებს ასახელებს და ამბობს, რომ აფიქრებს ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები და ევროპელი ლიდერების კრიტიკა.
ნინი, რატომ და როგორ წამოხვედით ამერიკაში?
ამერიკის ვიზა სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით მივიღე. 24 წლის ასაკში ჩემი მთავარი მიზანი ამერიკული გამოცდილების მიღება და სხვა ქვეყანაში დროებით ცხოვრების ინტერესი იყო. საქართველოდან
წამოსვლამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იქნებოდა თუ არა ამერიკული თავისუფლება ჩემი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. თავისუფლების ნაკლებობა საქართველოში ყოველთვის აუტანლად რთული მეჩვენებოდა. ამერიკაში ცხოვრებამ, კიდევ უფრო მწვავედ დამანახა ქართული რეალობის სირთულეები.
რა სირთულეებს გულისხმობთ და რა პრობლემები აქვთ ადამიანებს საქართველოში?
უამრავ გამოწვევას შორის, ყველაზე მწვავე ახალგაზრდების პრობლემები მგონია. აქ ამერიკაში, ოჯახების სტაბილური შემოსავლების მიუხედავად, სტუდენტს შეუძლია დღეში რამდენიმე საათი იმუშაოს და ამგვარად დააფინანსოს თავისი პირადი ცხოვრება. საქართველოში კი სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ დროებით სამსახურებზე.
მათთვის შრომის პირობები მონურია ან სიცოცხლისთვის საშიში. ამ რეალობაში, ახალგაზრდა ადამიანმა შეუძლებელია დაგეგმოს პირადი ცხოვრება მშობლების ფინანსური დახმარების გარეშე. ახალგაზრდების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი უსაფრთხოებაცაა. სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც კი არ აქვთ ბავშვებს სექსუალური ცხოვრების დაწყების თაობაზე შესაბამისი განათლება.
სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან.
ხშირია ოჯახში ძალადობა, პარტნიორების ან ქმრების მხრიდან ჩაგვრა. ქალთა და ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა საშინელი სტატისტიკა სკოლიდან იწყება, რომელიც ვერ გახდა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი. პირიქით, დღეს საქართველოში დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობენ, აპირებენ დახურონ მედიასაშუალებები და ისინი ვეღარ ისაუბრებენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე.
ეს კანონი [რუსული კანონი] კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოში ახალგაზრდა ადამიანების რთულ პირობებს.
რა პრობლემას ხედავ “რუსულ კანონში”?
ამერიკიდან, ასე შორიდანაც კი, ჩემთვის სრულიად ნათელია მოსალოდნელი გართულებები. თვალს ვადევნებ ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებებს, ევროპელი ლიდერების კრიტიკას. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვფიქრობ, „რუსული კანონი“ ყველას ცხოვრებას შეზღუდავს და ყველა ადამიანის თავისუფლებას შეეხება.
ჩვენ კი, ვინც ახლა ემიგრაციაში ვართ, ჩვენი ბრძოლა გვაქვს ქვეყნის გადარჩენისთვის.
ეს საინფორმაციო ომია, ბოტებისა და ტროლების პროპაგანდას, ინფორმაციის სწორად გავრცელებით უნდა დავუპირისპირდეთ. ასე მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, რა არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი. მე ვცდილობ ჩემ გარშემო ყველას მივაწოდო ინფორმაცია, მაგალითად ამ კანონის საფრთხეებზე და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას.
ნინი ჩანტლაძე
ჩემი მოსაზრება სამი პროფესიის ადამიანების: მხატვრების, მომღერლების და სპორტსმენების მაგალითზე შემიძლია გითხრათ. მხატვარი თავისუფალი შემოქმედების გარეშე ვერ დახატავს. შეუძლებელია, კარგმა მომღერალმა მოახერხოს შექმნას მუსიკა ხელისუფლების კონტროლით ან სპორტსმენი განვითარდეს, თუ ის არ დაეთანხმება სამინისტროს ან სამთავრობო კურსს.
შეუძლებელია, სამივე ამ პროფესიის ადამიანებმა გადაირჩინონ თავი საკუთარი უნარებით, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, არ გახდებიან გაცვლითი პროგრამების მონაწილეები ან არ ექნებათ წვდომა საერთაშორისო გამოცდილებაზე.
„რუსული კანონი“ ჩაკეტავს ქართველ ადამიანებს და შეზღუდავს შანსს, ყველამ ისარგებლო საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი სიკეთეებით. მე კომპანიონად ვმუშაობდი მხატვართან ამერიკაში. მას კიდევ ორი ადამიანი ჰყავდა დაქირავებული. სურდა, მისი ასაკის გამო გადაადგილება და საზოგადოებაში ინტეგრაცია არ შეფერხებულიყო. ჩვენი ასეთი მხარდაჭერით, 90 წლის ადამიანი ახერხებდა თავისი თავის რეალიზაციას და უზრუნველყოფდა სიბერეს.
ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია ადამიანმა თავი ირჩინოს ხატვით. „რუსული კანონის“ ჩაკეტილობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სიღარიბე ელოდებათ ოჯახებს.
რას ნიშნავს ეს არჩევნები თქვენთვის, აპირებთ მასში მონაწილეობის მიღებას?
არჩევანის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება მგონია. დღეს, რუსეთსა და ევროპულ ღირებულებებს შორის უნდა გავავლოთ მკვეთრი ხაზი. ასეთი განაცხადის გაკეთება დემოკრატიულად სამართლიანი არჩევნებით შეიძლება. მე, ცხადია, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ვისურვებდი, ყველა ემიგრანტმა, ვისაც უფიქრია და ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე, თავისი ნება დააფიქსიროს.
ნინი, თქვენ გიფიქრიათ სამშობლოში დაბრუნებაზე?
სამშობლო მართლაც ერთია ქვეყანაზე. შეუძლებელია მშობლიური ადგილების, ახლობლების და მეგობრების ჩანაცვლება შეძლო სხვა სივრცით. ჩემი მატერიალური თუ პიროვნული განვითარების შესაძლებლობების მიუხედავად, მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ მეშინია.
აქ, ამერიკაში, სახელმწიფოა ჩემ გვერდით და თითქოს მოუგვარებელი პრობლემებიც არ არსებობს. საქართველოს შემთხვევაში კი მეფიქრება, როგორ შემხვდება ჩემი ქვეყანა. არჩევნებშიც სწორედ ამიტომ ვმონაწილეობ – მინდა ეს შეხვედრა უკეთეს რეალობაში დაბრუნება იყოს.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული ადმინისტრატორის უფლებას, მშვიდ გარემოში შეასრულოს თავისი მოვალეობა და 26 ოქტომბერს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.
აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას არჩეული პირების შესახებ:
სულ 24 240 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 425 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის 9 090 ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 111 საკონკურსო განაცხადი, კომისიის წევრების 15 150 ვაკანტურ ადგილზე 15 314 საკონკურსო განაცხადი.
საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.
არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ:
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებიდან, კომისიის მუშაობაში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 870 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.15%-ია.
საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 14 183 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 111 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 479 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათ შორის საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი, დანარჩენ 27 270 წევრს კი, უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.
„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
გაერომ ბავშვთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება სრულად ქართულ ენაზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“. ესეც გაეროს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გადაწყვეტილება სახელმწიფო ენაზე გამოქვეყნებულიყო, თუმცა გაეროს 2024 წლის 24 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას „ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.
იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საუბრობს „ბავშვების დაცვის“ მოტივით, ის რეალურად არ დგამს ნაბიჯს ძალადობის, წამების მსხვერპლი ბავშვების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებას 2021 წლიდან ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევევი არ გამოუძიებია. საქართველოს მთავრობას გაეროს ბავშვთა კომიტეტის სხვა მოთხოვნებსაც არ ასრულებს.
ბავშვთა უფლებების იურისტმა, ანა არგანაშვილმა სამოქალაქო ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2021 წელს მიმართა გაეროს ბავშვთა კომიტეტს ამ საქმეზე. იგი „ბავშვების სტრასბურგს“ უწოდებს ამ ორგანიზაციას და მიიჩნევს, რომ ამ საქმემაც მკაფიოდ აჩვენა საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელობა, რომლის გაუქმებასაც რუსული კანონით „ქართული ოცნება“ აპირებს.
„რომ არა NGO-ს ბრძოლა, ეს შედეგი ვერ დადგებოდა. თუ NGO-ები შეწყვეტენ არსებობს, რაც სამწუხაროდ გვექმურება, ასეთი სარჩელი ვეღარ შევა,“ – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
რატომ არ ასრულებს საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებას? – „ბათუმელები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხებდნენ ჩვენს შეკითხვას. ჯანდაცვის სამინისტროდან კი, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
კონკრეტულად რა დარღვევა დაადგინა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა „ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე?“
„მ.ლ. დაიბადა 2008 წლის 27 სექტემბერს და სამი წლის ასაკში მოთავსებული იქნა პანსიონში. მ.ლ. ხშირად ისჯებოდა, თუ ის საწოლში შარდავდა, აიძულებდნენ ტელევიზორთან ზურგით დაჯდომას სხვა ბავშვების პირისპირ, რომლებსაც ავალებდნენ, რომ დაეცინათ და „ქვეშაფსია“ დაეძახათ მისთვის.
მასწავლებლები ხშირად მოუწოდებდნენ უფროს ბავშვებს მ.ლ.-ისა და სხვა ბავშვების „დისციპლინირებისკენ“, მათი ჯოხებით, სავარცხლებით ან ხელებით ცემით. ერთხელ აღმზრდელმა მ.ლ.-ს შუბლზე ჯოხი დაარტყა, რის შემდეგაც ჭრილობის დასამალად თმა შეჭრა. მ.ლ. დაახლოებით 8 წლის იყო, როცა ის აიძულეს მუხლებზე მდგარიყო და ნახევარი საათის განმავლობაში სკამი დაეჭირა ხელში. 11 წლის ასაკში მ.ლ.-ს დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, რაც მას გამუდმებით ძილს ჰგვრიდა…“ – ეს ერთ-ერთი ისტორიაა, რაც „ნინოწმინდის პანსიონის საქმიდან“ გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში მოხვდა.
„კომიტეტი [გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტი] აღნიშნავს, რომ ბავშვზე ძალადობის ამ შემთხვევის გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმით, რომ მან უნდა გაარკვიოს, დაექვემდებარა თუ არა ავტორი ფიზიკურ დასჯას დაწესებულებაში და მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს ამ ინციდენტებთან დაკავშირებული მტკიცებულებების დაცვა. გარდა ამისა, გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად და გონივრული სისწრაფით,“ – წერია გაეროს ბავშთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
გაეროსთვის საქართველოს მთავრობას ეს მიუწერია:
„მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ 2016 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებამ განახორციელა რამდენიმე სისხლის სამართლის გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან, გაუპატიურებასა და იძულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
მხარე სახელმწიფო ასევე ამტკიცებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლებამ გამოჰკითხა ბავშვები მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით. გამოძიების მსვლელობისას ასობით საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა საჭირო მტკიცებულებების შესაგროვებლად, ხოლო რამდენიმე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ საქართველოს პროკურატურამ 2021 წელს დაიწყო 4 გამოძიება, მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების.
საქართველოს მთავრობას პანსიონში მყოფი ბავშვებისთვის კომპენსაციაც უნდა გადაეხადა, თუმცა ამ დრომდე გაეროს ეს რეკომენდაციაც შეუსრულებელია.
რაც შეეხება სხვა დარღვევებს, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ „მატერიალური საკითხები სრულად იქნა გადაჭრილი ეროვნულ დონეზე“.
„2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო წვდომა, მოინახულა პანსიონი და გაეცნო ყველა სისხლის სამართლის გამოძიებას; 2021 წლის ივნისიდან 27 ბავშვი, მათ შორის 7 შშმ ბავშვი, გაწერილი ან გადაყვანილ იქნა. 27 ბავშვიდან 6 ბავშვის რეინტეგრაცია მოხდა ოჯახში, ხოლო 21 ბავშვი მოთავსებულ იქნა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.
გარდა ამისა, პანსიონიდან 11 ბავშვი გაიყვანეს და დაწესებულებაში მხოლოდ 15 ბავშვი დარჩა, რომელთა უმეტესობას ბიოლოგიურ ოჯახებთან არასდროს ჰქონია რაიმე კონტაქტი;
პანსიონში ჯერ კიდევ მცხოვრები ბავშვები ექვემდებარებიან მუდმივ მონიტორინგს და იღებენ მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას სოციალური მუშაკების მხრიდან; სავარაუდო ძალადობისა და იძულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად, სამსახურიდან გაათავისუფლეს 19 აღმზრდელი, 31-ს შეუჩერეს უფლებამოსილება და მხოლოდ 7 დარჩა დასაქმებული პანსიონში,“ – მიუწერია საქართველოს მთავრობას გაეროსთვის.
ირკვევა, რომ ბავშვებზე ამ მასშტაბის ძალადობის შემდეგ სახელმწიფომ მხოლოდ პანსიონის აღმზრდელები დასაჯა სამსახურიდან გაშვებით.
„…კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბავშვს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო დანარჩენებს განიხილავდნენ მოწმეებად, რომელთა ჩვენებები ადვოკატის დასწრების გარეშე იქნა მოპოვებული და, რომ ამ ბავშვებსა და მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ წვდომა გამოძიების მასალებზე.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ბავშვებს არ მიუღიათ იურიდიული დახმარება არც პოლიციის მიერ გამოკითხვისას და არც სასამართლო ექსპერტიზის დროს და რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბავშვთა საგამოძიებო გამოკითხვის საერთაშორისო ოქმის გამოყენების გარეშე.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არცერთ სხვა ბავშვს ან მათ ადვოკატებს არ მიეცათ წვდომა გამოძიების მასალებზე და, რომ ერთობლივი სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო დანაშაულთა უმეტესობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
კომიტეტი იხსენებს, რომ ყველა სამართალწარმოებაში, რომელშიც მონაწილეობენ ძალადობით დაზარალებული ბავშვები, გამოყენებული უნდა იქნეს სისწრაფის პრინციპი კანონის უზენაესობის დაცვით და, რომ სისხლის სამართლის პროცედურები მკაცრად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა აღმოფხვრილი იქნეს დაუსჯელობის ფართოდ გავრცელებული დე იურე ან დე ფაქტო პრაქტიკა, განსაკუთრებით სახელმწიფო სუბიექტებში.
კომიტეტი აგრეთვე იხსენებს, რომ გამოძიება უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ბავშვისთვის მგრძნობიარე საგამოძიებო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს ძალადობის შემთხვევების სწორად იდენტიფიცირებას და მტკიცებულებებს ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ბავშვთა დაცვისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოებისთვის.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ბავშვებს არ ჰქონდათ წვდომა საჩივრის რაიმე სახის მექანიზმზე და რამდენიმე ბავშვმა, ვინც სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა, ეს დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ადვოკატებთან შეხვედრის სურვილი, არ მიეცათ მათთან შეხვედრის უფლება. გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, თუ როგორ იქნენ ბავშვები მოსმენილი.
ამ კონკრეტულ საქმეში კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყვნენ ბავშვები ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლების, ასეთი დახმარების მნიშვნელობისა და მისი შედეგების შესახებ, რათა მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, სურდათ თუ არა ასეთი დახმარება, ან მათი, როგორც მოწმის როლის შესახებ და, თუ როგორ შეიძლება მას გავლენა ჰქონოდა მათზე,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ეს გადაწყვეტილება სრულდება რეკომენდაციით: „კომიტეტს სურს, მიიღოს მხარე სახელმწიფოსგან, რაც შეიძლება მალე და 180 დღის განმავლობაში, ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მან მიიღო კომიტეტის შეხედულებების განსახორციელებლად.“
ანა არგანაშვილი: „ეს გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, NGO-მ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება… “
„რეალურად სახელმწიფო ორგანოები უპატივცემულობას იჩენენ უკვე არამხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, არამედ გაეროს მიმართაც,“ – ამბობს ანა არგანაშვილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაინც მოუწევს გაეროს გადაწყვეტილების შესრულება.
„როდესაც გაერო მონიტორინგის ფარგლებში შეიტყობს, რომ ამას არ ასრულებს ქვეყანა, მათი მხრიდანაც ველოდებით რეაგირებას – გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე მიერთებას აზრი აქვს, როცა კომიტეტის გადაწყვეტილებებს ქვეყანა არ ასრულებს. თუ ამას დაერქვა სახელი, რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და რეალურად ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებების შეფასებაზე აისახება. ჩვენი სახელმწიფო უწყებები ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.
ჯერჯერობით ჩვენ ამ ბავშვებთან შეხვედრის საშუალება ისევ არ გვეძლევა. ამ ბავშვებმა კომპენსაცია რომ მიიღონ, აუცილებელია, მათ შევხდეთ და მივმართოთ სასამართლოს, როგორც ეს სხვა საქმეებზე მოხდა.
გაერომ დაადასტურა, რომ ამ ბავშვებზე ხდებოდა ძალადობა, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები. 37-ე მუხლი არის წამების და არასათანადო მოპყრობისგან ბავშვის დაცვა, მე-19 მუხლი კი, ძალადობისგან ბავშვის დაცვა. ამ ორი და კიდევ სხვა მრავალი უფლების დარღვევა დაადასტურა გაეროს ბავშვთა კომიტეტმა. რეალურად გაერომ თქვა, რომ ბავშვთა პანსიონი დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდა, არამედ მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ ხან უგულებელყოფის, ხან იგნორირების, შეგნებულად თვალის დახუჭვის ხარჯზე. გაერომ სახელმწიფო ცნო პასუხისმგებლად ამ დარღვევებზე, რაც ბავშვებს წლების განმავლობაში ეხებოდა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.
გაეროს ბავშვთა კომიტეტმა უფლებების დარღვევა 21 ბავშვის შემთხვევაში დააფიქსირა. იურისტი განმარტავს, რომ პრობლემა იყო ბავშვებთან კომუნიკაცია და შესაბამისი მინდობილობის მიღება. სტანდარტული პროცედურის შემთხვევაში, გაეროს ბავშვთა კომიტეტი საჩივარი შესაბამისი მინდობილობის გარეშე არ მიიღებოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სამოქალაქო ორგანიზაციის მნიშვნელობას.
„მხოლოდ ერთ ადამიანს რომ შეეტანა, არ იქნებოდა საკმარისი. მინდობილობის და რწმუნებულების გარეშე საჩივარს დაუშვებლად ცნობენ, მაგრამ ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებს მყარად ვიცავდით და ამიტომაც გვენდო გაერო. ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ მანამდე წლების განმავლობაში ადვოკატირებას ვახდენდით და სახალხო დამცველიც ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შევიდა ამ პანსიონში.
არასამთავრობოების არსებობა იყო გადამწყვეტი, რომ ეს შეფასება გააკეთა გაერომ,“ – უთხრა ანა არგანაშვილმა „ბათუმელებს“.
რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში – მოკლედ
ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა დაწესებულებაა. მან ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 2021 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადებაში თქვა, რომ პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოსი სპირიდონის მითითებით აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არ შეუშვეს.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2021 წლის 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.
ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ამავე წლის 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 2021 წლის 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ, პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.
მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. მოგვიანებით კი, პირველად 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.
მედიაჯგუფ Russia Today-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ აშშ ცდილობს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შეცვალოს „აფხაზი ხალხის კულტურული კოდი“. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი „აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და მისი ისევ საქართველოსთვის მიწებებაა, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად“.
სიმონიანი ამის შესახებ იმ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომლითაც აშშ-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიების „რია ნოვოსტის“, „RT-ს“, „ტვ-ნოვოსტის“, „Rutply-სა“ და „სპუტნიკის“ სანქცირებას ეხმაურება:
„2014 წლიდან (ყირიმის შემდეგ) დასავლური ქვეყნები – აშშ და მისი ე.წ. მოკავშირეები, სატელიტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩაეჭრათ ჩვენთვის შესაძლებლობა ვყოფილიყავით ნორმალური ჟურნალისტური ორგანიზაცია… ყველაფერი დახურეს, გათიშეს ჩვენი ეთერები…რა ვქნათ, ჩვენ დავიწყეთ სიარული პარტიზანული გზებით.
ამის შესახებ „მიხსენებია“, დეტალები, რა თქმა უნდა, არც მაშინ მომიყვანია და არც მოვიყვან. მაგრამ მიხსენებია სხვადასხვა ეთერში საჯაროდ, რომ ჩვენ დავრჩით ამ ქვეყნებში, ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ, უბრალოდ ახლა არასწორხაზოვნად. სინამდვილეში ვისთან ვმუშაობდით და ვისთან არ ვმუშაობდით, არ ვიტყვი.ვიტყვი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – ამბობს ის.
შესასვლელს დაგვიკეტავენ, ჩვენ ფანჯრიდან შევალთ, დაგვიკეტავენ ფანჯარას, სარკმლიდან შევალთ, დაგვიკეტავენ სარკმელს, საკვამურიდან შევალთ, ვნახოთ, კიდევ რა ხვრელები დარჩა აშშ-ს ამ ორგანიზმში.
„დააკვირდით ამასობაში რას აკეთებს თავად ამერიკის შეერთებული შტატები. აი, ცოტა ხნის წინ, ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ვიყავი ჩემს საყვარელ აფხაზეთში და გეტყვით, რომ მოთქვამს, ყვირის პატარა ქვეყანა [საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთზე] შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იქ უკვე თითქმის მცხოვრებლებზე მეტია;
მათი ერთადერთი მიზანია აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და ისევ საქართველოსთვის მიწებება, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად; უფრო სწორად, [მათი მიზანია] მუშაობა აფხაზი ხალხის კულტურული კოდის შეცვლაზე, მუშაობენ ახალგაზრდების მეშვეობით, სხვადასხვა უმცირესობის მეშვეობით, როგორც ჩვენთან ცდილობენ… ისინი მიიჩნევენ, რომ ამ საქმეს თავისუფლებისა და სამართლიანობის სახელით აკეთებენ, მაგრამ ჩვენთვის არ შეიძლება“, – ამბობს სიმონიანი.
რუსული პროპაგანდისტული მედიების სანქცირების მიზეზად, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები“ დასახელდა.
დღეს, 9 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დაასახელეს.
აქედან ერთ-ერთი 2024 წლის 4 ოქტომბერს ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
ფინალში მოხვდნენ:
გიორგი ლიპარიშვილი, რომელიც თბილისის მე-6 საავტორო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია;
ნათია ნარსავიძე, დმანისის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის;
დიმიტრი პოპოვი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
ნათია უჩავაკი თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.
სოფიო ქუხილავა კი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია.
გამარჯვებული პედაგოგი ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარს მიიღებს საჩუქრად, კამპანიის გენერალური სპონსორის „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან, საუკეთესო ათეულის წევრებს კი „ლიბერთი“ დააჯილდოებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
ეს დაჯილდოება საქართველოში უკვე მერვედ იმართება, ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ არის მიმართული და გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა.
როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი.
ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სავარაუდო ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.
გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ სახალხო დამცველთან ერთად გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ჩართულ მხარეებს გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. შესაბამისად, ყველა მსგავსი შემთხვევისას, მნიშვნელოვანია სათანადო რეაგირება მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც სახალხო დამცველის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.
ჩვენი მხრივ გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული თანამშრომლის ღირსებას და გამოიყენებს ყველა ზომას, რომ აღკვეთოს საქალაქო სასამართლოში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტის მსგავსი ფაქტები. ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას მხოლოდ კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების არჩევნების ჩატარებას.