მედიაჯგუფ Russia Today-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ აშშ ცდილობს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შეცვალოს „აფხაზი ხალხის კულტურული კოდი“. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი „აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და მისი ისევ საქართველოსთვის მიწებებაა, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად“.
სიმონიანი ამის შესახებ იმ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომლითაც აშშ-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიების „რია ნოვოსტის“, „RT-ს“, „ტვ-ნოვოსტის“, „Rutply-სა“ და „სპუტნიკის“ სანქცირებას ეხმაურება:
„2014 წლიდან (ყირიმის შემდეგ) დასავლური ქვეყნები – აშშ და მისი ე.წ. მოკავშირეები, სატელიტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩაეჭრათ ჩვენთვის შესაძლებლობა ვყოფილიყავით ნორმალური ჟურნალისტური ორგანიზაცია… ყველაფერი დახურეს, გათიშეს ჩვენი ეთერები…რა ვქნათ, ჩვენ დავიწყეთ სიარული პარტიზანული გზებით.
ამის შესახებ „მიხსენებია“, დეტალები, რა თქმა უნდა, არც მაშინ მომიყვანია და არც მოვიყვან. მაგრამ მიხსენებია სხვადასხვა ეთერში საჯაროდ, რომ ჩვენ დავრჩით ამ ქვეყნებში, ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ, უბრალოდ ახლა არასწორხაზოვნად. სინამდვილეში ვისთან ვმუშაობდით და ვისთან არ ვმუშაობდით, არ ვიტყვი. ვიტყვი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – ამბობს ის.
შესასვლელს დაგვიკეტავენ, ჩვენ ფანჯრიდან შევალთ, დაგვიკეტავენ ფანჯარას, სარკმლიდან შევალთ, დაგვიკეტავენ სარკმელს, საკვამურიდან შევალთ, ვნახოთ, კიდევ რა ხვრელები დარჩა აშშ-ს ამ ორგანიზმში.
„დააკვირდით ამასობაში რას აკეთებს თავად ამერიკის შეერთებული შტატები. აი, ცოტა ხნის წინ, ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ვიყავი ჩემს საყვარელ აფხაზეთში და გეტყვით, რომ მოთქვამს, ყვირის პატარა ქვეყანა [საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთზე] შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იქ უკვე თითქმის მცხოვრებლებზე მეტია;
მათი ერთადერთი მიზანია აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და ისევ საქართველოსთვის მიწებება, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად; უფრო სწორად, [მათი მიზანია] მუშაობა აფხაზი ხალხის კულტურული კოდის შეცვლაზე, მუშაობენ ახალგაზრდების მეშვეობით, სხვადასხვა უმცირესობის მეშვეობით, როგორც ჩვენთან ცდილობენ… ისინი მიიჩნევენ, რომ ამ საქმეს თავისუფლებისა და სამართლიანობის სახელით აკეთებენ, მაგრამ ჩვენთვის არ შეიძლება“, – ამბობს სიმონიანი.
რუსული პროპაგანდისტული მედიების სანქცირების მიზეზად, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები“ დასახელდა.