„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
გაერომ ბავშვთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება სრულად ქართულ ენაზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“. ესეც გაეროს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გადაწყვეტილება სახელმწიფო ენაზე გამოქვეყნებულიყო, თუმცა გაეროს 2024 წლის 24 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას „ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.
იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საუბრობს „ბავშვების დაცვის“ მოტივით, ის რეალურად არ დგამს ნაბიჯს ძალადობის, წამების მსხვერპლი ბავშვების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებას 2021 წლიდან ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევევი არ გამოუძიებია. საქართველოს მთავრობას გაეროს ბავშვთა კომიტეტის სხვა მოთხოვნებსაც არ ასრულებს.
ბავშვთა უფლებების იურისტმა, ანა არგანაშვილმა სამოქალაქო ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2021 წელს მიმართა გაეროს ბავშვთა კომიტეტს ამ საქმეზე. იგი „ბავშვების სტრასბურგს“ უწოდებს ამ ორგანიზაციას და მიიჩნევს, რომ ამ საქმემაც მკაფიოდ აჩვენა საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელობა, რომლის გაუქმებასაც რუსული კანონით „ქართული ოცნება“ აპირებს.
„რომ არა NGO-ს ბრძოლა, ეს შედეგი ვერ დადგებოდა. თუ NGO-ები შეწყვეტენ არსებობს, რაც სამწუხაროდ გვექმურება, ასეთი სარჩელი ვეღარ შევა,“ – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
რატომ არ ასრულებს საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებას? – „ბათუმელები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხებდნენ ჩვენს შეკითხვას. ჯანდაცვის სამინისტროდან კი, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
- კონკრეტულად რა დარღვევა დაადგინა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა „ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე?“
„მ.ლ. დაიბადა 2008 წლის 27 სექტემბერს და სამი წლის ასაკში მოთავსებული იქნა პანსიონში. მ.ლ. ხშირად ისჯებოდა, თუ ის საწოლში შარდავდა, აიძულებდნენ ტელევიზორთან ზურგით დაჯდომას სხვა ბავშვების პირისპირ, რომლებსაც ავალებდნენ, რომ დაეცინათ და „ქვეშაფსია“ დაეძახათ მისთვის.
მასწავლებლები ხშირად მოუწოდებდნენ უფროს ბავშვებს მ.ლ.-ისა და სხვა ბავშვების „დისციპლინირებისკენ“, მათი ჯოხებით, სავარცხლებით ან ხელებით ცემით. ერთხელ აღმზრდელმა მ.ლ.-ს შუბლზე ჯოხი დაარტყა, რის შემდეგაც ჭრილობის დასამალად თმა შეჭრა. მ.ლ. დაახლოებით 8 წლის იყო, როცა ის აიძულეს მუხლებზე მდგარიყო და ნახევარი საათის განმავლობაში სკამი დაეჭირა ხელში. 11 წლის ასაკში მ.ლ.-ს დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, რაც მას გამუდმებით ძილს ჰგვრიდა…“ – ეს ერთ-ერთი ისტორიაა, რაც „ნინოწმინდის პანსიონის საქმიდან“ გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში მოხვდა.
„კომიტეტი [გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტი] აღნიშნავს, რომ ბავშვზე ძალადობის ამ შემთხვევის გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმით, რომ მან უნდა გაარკვიოს, დაექვემდებარა თუ არა ავტორი ფიზიკურ დასჯას დაწესებულებაში და მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს ამ ინციდენტებთან დაკავშირებული მტკიცებულებების დაცვა. გარდა ამისა, გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად და გონივრული სისწრაფით,“ – წერია გაეროს ბავშთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
გაეროსთვის საქართველოს მთავრობას ეს მიუწერია:
„მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ 2016 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებამ განახორციელა რამდენიმე სისხლის სამართლის გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან, გაუპატიურებასა და იძულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
მხარე სახელმწიფო ასევე ამტკიცებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლებამ გამოჰკითხა ბავშვები მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით. გამოძიების მსვლელობისას ასობით საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა საჭირო მტკიცებულებების შესაგროვებლად, ხოლო რამდენიმე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ საქართველოს პროკურატურამ 2021 წელს დაიწყო 4 გამოძიება, მათგან 3 ძალადობის მუხლითაა დაწყებული, ერთი კი, გაუპატიურების.
საქართველოს მთავრობას პანსიონში მყოფი ბავშვებისთვის კომპენსაციაც უნდა გადაეხადა, თუმცა ამ დრომდე გაეროს ეს რეკომენდაციაც შეუსრულებელია.
რაც შეეხება სხვა დარღვევებს, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ „მატერიალური საკითხები სრულად იქნა გადაჭრილი ეროვნულ დონეზე“.
„2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო წვდომა, მოინახულა პანსიონი და გაეცნო ყველა სისხლის სამართლის გამოძიებას; 2021 წლის ივნისიდან 27 ბავშვი, მათ შორის 7 შშმ ბავშვი, გაწერილი ან გადაყვანილ იქნა. 27 ბავშვიდან 6 ბავშვის რეინტეგრაცია მოხდა ოჯახში, ხოლო 21 ბავშვი მოთავსებულ იქნა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.
გარდა ამისა, პანსიონიდან 11 ბავშვი გაიყვანეს და დაწესებულებაში მხოლოდ 15 ბავშვი დარჩა, რომელთა უმეტესობას ბიოლოგიურ ოჯახებთან არასდროს ჰქონია რაიმე კონტაქტი;
პანსიონში ჯერ კიდევ მცხოვრები ბავშვები ექვემდებარებიან მუდმივ მონიტორინგს და იღებენ მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას სოციალური მუშაკების მხრიდან; სავარაუდო ძალადობისა და იძულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად, სამსახურიდან გაათავისუფლეს 19 აღმზრდელი, 31-ს შეუჩერეს უფლებამოსილება და მხოლოდ 7 დარჩა დასაქმებული პანსიონში,“ – მიუწერია საქართველოს მთავრობას გაეროსთვის.
ირკვევა, რომ ბავშვებზე ამ მასშტაბის ძალადობის შემდეგ სახელმწიფომ მხოლოდ პანსიონის აღმზრდელები დასაჯა სამსახურიდან გაშვებით.
„…კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბავშვს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო დანარჩენებს განიხილავდნენ მოწმეებად, რომელთა ჩვენებები ადვოკატის დასწრების გარეშე იქნა მოპოვებული და, რომ ამ ბავშვებსა და მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ წვდომა გამოძიების მასალებზე.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ბავშვებს არ მიუღიათ იურიდიული დახმარება არც პოლიციის მიერ გამოკითხვისას და არც სასამართლო ექსპერტიზის დროს და რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბავშვთა საგამოძიებო გამოკითხვის საერთაშორისო ოქმის გამოყენების გარეშე.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არცერთ სხვა ბავშვს ან მათ ადვოკატებს არ მიეცათ წვდომა გამოძიების მასალებზე და, რომ ერთობლივი სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო დანაშაულთა უმეტესობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
კომიტეტი იხსენებს, რომ ყველა სამართალწარმოებაში, რომელშიც მონაწილეობენ ძალადობით დაზარალებული ბავშვები, გამოყენებული უნდა იქნეს სისწრაფის პრინციპი კანონის უზენაესობის დაცვით და, რომ სისხლის სამართლის პროცედურები მკაცრად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა აღმოფხვრილი იქნეს დაუსჯელობის ფართოდ გავრცელებული დე იურე ან დე ფაქტო პრაქტიკა, განსაკუთრებით სახელმწიფო სუბიექტებში.
კომიტეტი აგრეთვე იხსენებს, რომ გამოძიება უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ბავშვისთვის მგრძნობიარე საგამოძიებო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს ძალადობის შემთხვევების სწორად იდენტიფიცირებას და მტკიცებულებებს ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ბავშვთა დაცვისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოებისთვის.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ბავშვებს არ ჰქონდათ წვდომა საჩივრის რაიმე სახის მექანიზმზე და რამდენიმე ბავშვმა, ვინც სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა, ეს დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ადვოკატებთან შეხვედრის სურვილი, არ მიეცათ მათთან შეხვედრის უფლება. გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, თუ როგორ იქნენ ბავშვები მოსმენილი.
ამ კონკრეტულ საქმეში კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყვნენ ბავშვები ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლების, ასეთი დახმარების მნიშვნელობისა და მისი შედეგების შესახებ, რათა მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, სურდათ თუ არა ასეთი დახმარება, ან მათი, როგორც მოწმის როლის შესახებ და, თუ როგორ შეიძლება მას გავლენა ჰქონოდა მათზე,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
ეს გადაწყვეტილება სრულდება რეკომენდაციით: „კომიტეტს სურს, მიიღოს მხარე სახელმწიფოსგან, რაც შეიძლება მალე და 180 დღის განმავლობაში, ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მან მიიღო კომიტეტის შეხედულებების განსახორციელებლად.“
- ანა არგანაშვილი: „ეს გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, NGO-მ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება… “
„რეალურად სახელმწიფო ორგანოები უპატივცემულობას იჩენენ უკვე არამხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, არამედ გაეროს მიმართაც,“ – ამბობს ანა არგანაშვილი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაინც მოუწევს გაეროს გადაწყვეტილების შესრულება.
„როდესაც გაერო მონიტორინგის ფარგლებში შეიტყობს, რომ ამას არ ასრულებს ქვეყანა, მათი მხრიდანაც ველოდებით რეაგირებას – გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე მიერთებას აზრი აქვს, როცა კომიტეტის გადაწყვეტილებებს ქვეყანა არ ასრულებს. თუ ამას დაერქვა სახელი, რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და რეალურად ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებების შეფასებაზე აისახება. ჩვენი სახელმწიფო უწყებები ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.
ჯერჯერობით ჩვენ ამ ბავშვებთან შეხვედრის საშუალება ისევ არ გვეძლევა. ამ ბავშვებმა კომპენსაცია რომ მიიღონ, აუცილებელია, მათ შევხდეთ და მივმართოთ სასამართლოს, როგორც ეს სხვა საქმეებზე მოხდა.
გაერომ დაადასტურა, რომ ამ ბავშვებზე ხდებოდა ძალადობა, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები. 37-ე მუხლი არის წამების და არასათანადო მოპყრობისგან ბავშვის დაცვა, მე-19 მუხლი კი, ძალადობისგან ბავშვის დაცვა. ამ ორი და კიდევ სხვა მრავალი უფლების დარღვევა დაადასტურა გაეროს ბავშვთა კომიტეტმა. რეალურად გაერომ თქვა, რომ ბავშვთა პანსიონი დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდა, არამედ მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ ხან უგულებელყოფის, ხან იგნორირების, შეგნებულად თვალის დახუჭვის ხარჯზე. გაერომ სახელმწიფო ცნო პასუხისმგებლად ამ დარღვევებზე, რაც ბავშვებს წლების განმავლობაში ეხებოდა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.
გაეროს ბავშვთა კომიტეტმა უფლებების დარღვევა 21 ბავშვის შემთხვევაში დააფიქსირა. იურისტი განმარტავს, რომ პრობლემა იყო ბავშვებთან კომუნიკაცია და შესაბამისი მინდობილობის მიღება. სტანდარტული პროცედურის შემთხვევაში, გაეროს ბავშვთა კომიტეტი საჩივარი შესაბამისი მინდობილობის გარეშე არ მიიღებოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სამოქალაქო ორგანიზაციის მნიშვნელობას.
„მხოლოდ ერთ ადამიანს რომ შეეტანა, არ იქნებოდა საკმარისი. მინდობილობის და რწმუნებულების გარეშე საჩივარს დაუშვებლად ცნობენ, მაგრამ ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებს მყარად ვიცავდით და ამიტომაც გვენდო გაერო. ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ მანამდე წლების განმავლობაში ადვოკატირებას ვახდენდით და სახალხო დამცველიც ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შევიდა ამ პანსიონში.
არასამთავრობოების არსებობა იყო გადამწყვეტი, რომ ეს შეფასება გააკეთა გაერომ,“ – უთხრა ანა არგანაშვილმა „ბათუმელებს“.
- რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში – მოკლედ
ნინოწმინდის პანსიონი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა დაწესებულებაა. მან ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 2021 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა ოფიციალური განცხადებაში თქვა, რომ პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოსი სპირიდონის მითითებით აპარატის წარმომადგენლები პანსიონში არ შეუშვეს.
ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2021 წლის 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.
ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ამავე წლის 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 2021 წლის 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ, პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.
მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. მოგვიანებით კი, პირველად 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.