სიახლეები

ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ TV პირველი ცესკოს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

12.09.2024 •
ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ TV პირველი ცესკოს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და  გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს“.  მას დღესვე გამოეპასუხა კრიტიკის ადრესატი, „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ცესკოს თავმჯდომარე მუქარაში დაადანაშაულა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე:

„იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა  სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს.

ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

….ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა“ – განაცხადა მან.

დღესვე, 12 სექტემბერს, ცესკოში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება.

მელაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ რესპონდენტის ტელეფონის ნომრის გაგება, მისთვის კითხვების დასასმელად და ფაქტების გადასამოწმებლად, პერსონალური მონაცემის უკანონოდ დამუშავება არ არის:

„ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო?“ — ამბობს ნოდარ მელაძე.

მელაძის თქმით, საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ უწყება „გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას“:

„ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?“ — განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მელაძის თქმით, დიდი რისკია „ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად“. შესაბამისად, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ განცხადება რეალურ მუქარად აღიქმება:

„მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხონ კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლა ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: