განათლება,მთავარი,სიახლეები

ხულოს სკოლის დირექტორები „ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე

10.09.2024 •
ხულოს სკოლის დირექტორები „ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე

ხულოში 3 სექტემბერს, ასევე 7-8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამომრჩეველთან. წინასაარჩევნო შეხვედრას ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეც.

„ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პარტიულ შეხვედრაზე მიყვანა? – ვკითხეთ ხულოს რესურსცენტრის უფროსს, რამაზ გელაძეს.

მისი თქმით, სკოლის დირექტორები შეხვედრაზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და იძულებას ადგილი არ ჰქონია.

„ვინც გადაწყვიტა, მოვიდა. საიდან გაიგეს და სხვადასხვა წყაროებიდან. სოციალური ქსელით ან პირადი ურთიერთობებით“, – გვითხრა რამაზ გელაძემ.

მას ვკითხეთ, იზიარებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ პათოსს, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებს, რუსული კანონით კი ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას?

„ამ კითხვაზე არ გცემთ პასუხს. ეს არის პოლიტიკური კითხვა. მე გახლავართ რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაქვს ჩემი მოვალეობები, ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, ეს პოლიტიკოსების თემაა“, – გვითხრა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა.

ფიქრობთ, რომ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობა პარტიულ შეხვედრაზე ყოფნაა? – ვკითხეთ მას.

„იქ რომ მივედი, გარკვეულწილად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კითხვა…

რუსული კანონი რას ჰქვია არ ვიცი, არ ვიცნობ ასეთ კანონს, გამჭვირვალობის კანონის მომხრე ვარ, რატომაც არა“, – ამბობს რამაზ გელაძე.

ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რამაზ გელაძე და სკოლის დირექტორები „ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.

„ბათუმელები“ პარტიული შეხვედრის მონაწილე რამდენიმე დირექტორსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, იზიარებენ თუ არა „ოცნების“ პოლიტიკას, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციას გაქრობით ემუქრება და მისაღებია თუ არა მათთვის რუსული კანონი, რომელმაც შეაფერხა საქართველოს ევროინტეგრაცია, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის არსებობას ქვეყანაში?

სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი, რომან საგინაძე ამბობს, რომ პარტიულ შეხვედრას არასამუშაო საათებში დაესწრო და შეხვედრაზეც თავისი სურვილით მივიდა. თუმცა „ოცნების“ დაპირებაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციას გააუქმებს, არაფერი სმენია.

„მე არ ვიცი რა შეხედულებები აქვთ, არ ვიცი გააუქმებენ თუ არა, არ ვიცი მსგავსი არაფერი. შეიძლება გამომრჩა რაღაც, არ გამიგია, არ მომისმენია ასეთი რამ.

იქ წარადგინეს კანდიდატები, მეტი სხვა არაფერი იყო ისეთი. შესრულებულ საქმეებზე უფრო მეტი ყურადღება იყო. ჩვენთან მთავარი გზის პრობლემაა, ეს გააკეთეს და მე კმაყოფილი ვარ, პირადად“, – გვითხრა რომან საგინაძემ.

მურად ძირკვაძე პროგრამირების მასწავლებელია. მასაც ვკითხეთ, იზიარებს თუ არა „ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას და რას ფიქრობს რუსულ კანონზე. თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.

ერთადერთი, რაზეც მან გვიპასუხა, ისაა, რომ შეხვედრაზე საკუთარი სურვილით წავიდა.

„ბათუმელები“ ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორს, არკადი ართმელაძესაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ თათბირი ჰქონდა და მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

მსგავსი კითხვები დავუსვით სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორს, ლია ბოლქვაძესაც, რომელიც ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.

ლია ბოლქვაძემაც ჯერ პედსაბჭო მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა, მოგვიანებით კი არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრის ფოტოებზე ჩანს მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძეც, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია ხულოს საკრებულოში.

„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს: არსენ შავაძე – ბოძაურის სკოლის დირექტორი, გულნარა მუშამბაძე – საციხურის სკოლის დირექტორი, მალხაზ მახარაძე – სოფელ ძმაგულას საჯარო სკოლის დირექტორი, ბადრი ბერიძე – ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი, რამაზ ლომაძე – ბეღლეთის სკოლის დირექტორი და მურად ძირკვაძე – მათემატიკის მასწავლებელი სოფელ დიოკნისში.

ასევე, ფოტოზე არიან გამოსახულნი ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გელაძე და მისი თანამშრომლები: გენადი აბაშიძე და გია დეკანაძე.

მეტყველებს თუ არა აღნიშნული ფაქტი იმაზე, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი, გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ფაქტი განვიხილოთ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც გულისხმობს დაქვემდებარებული პირის იძულებით მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში.

გიგი ჩიხლაძე

„ამ შემთხვევაში, დაქვემდებარებული პირები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები – სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები და სხვა საჯარო მოსამსახურეები და არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც მათ პირდაპირ თუ არაპირდაპირ აიძულებდნენ პარტიის ღონისძიებაზე დასწრებას.

ეს გავრცელებული პრობლემაა წლებია და მასშტაბური ხასიათი აქვს.

მძიმე შემთხვევებში, ეს შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულამდეც კი მიდიოდეს“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.

მის თქმით, არის შემთხვევები, როცა საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ მათი ნებით ესწრებიან ასეთ შეხვედრებს, თუმცა იძულების მტკიცებულებების შემთხვევაშიც კი არ რეაგირებენ შესაბამისი ორგანოები.

„ეს არის მთავარი სირთულე, რომ ადამიანები ხშირად არ აღიარებენ, რომ მათ აიძულებენ შეხვედრებზე დასწრებას.

მეორე მხრივ, გაუმჯობესებული პრაქტიკაა ის, რომ არასამუშაო დღეებში იმართება საარჩევნო შეხვედრები და ადამიანს აღარ უწევს კანონის დარღვევა, მაგრამ როცა სამუშაო დღეებში იმართებოდა, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ შვებულება და ამის გადამოწმებაც იყო რთული. არ გასცემენ ან დაგვიანებით გასცემენ ხოლმე საჯარო უწყებები ასეთ ინფორმაციას, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს შვებულებებიც იძულებითია“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევებით საოლქო კომისია უნდა ინტერესდებოდეს და ჰქონდეს რეაგირება, თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მოსაგვარებელი არ არის.

„სისტემური პრობლემაა, რადგან თავად საჯარო სამსახურებშია ისეთი გარემო შექმნილი, რომ ნორმალიზებულია ასეთი დავალების შესრულება.

საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეს შესაძლოა არ უნდოდეს პარტიულ შეხვედრებზე წასვლა, მაგრამ ის გრძნობს ან პირდაპირ ეუბნებიან, რომ საფრთხე შეექმნება მის სამსახურს. პროკურატურის როლია ის, რომ მკაცრად ეკიდებოდეს ამ საკითხს და თითოეული ასეთი შემთხვევის მიმართ ჰქონდეს გონივრული ეჭვი.

როცა საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებ, ეს ადამიანებისთვის სიგნალია, რომ იძულება არ არის წახალისებული, არის დასჯადი და ამას უყურადღებოდ არ დატოვებენ.

ასე არ ხდება და ბევრ ადმინისტრაციულ ორგანოში პირიქით, ნორმალურია ასეთი ქმედება“, – ამბობს გიგი ჩიხლაძე.

რას ნიშნავს, როცა მასწავლებელი იმ პოლიტიკური ძალის მხარეს დგას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოების ერთი ნაწილის დასჯას, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას აანონსებს? ან მისივე მიღებული რუსული კანონით ეწინააღმდეგება ხალხის ნებას, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?

ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტს, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მელორ ცქვიტაიას ესაუბრა.

როდესაც ამ ტიპის შეხვედრებზე ხედავთ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, ფიქრობთ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ზეწოლის მსხვერპლი, თუ ეს შეიძლება იყოს მათი არჩევანი? – ვკითხეთ მას.

მელორ ცქვიტაია/მასწავლებელი

„მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კანონს არ ვემხრობი და არც მსგავს შეხედულებებს, ვფიქრობ, ყველას აქვს უფლება მივიდეს იქ, სადაც მიიჩნევს, რომ უნდა იყოს.

მე როგორც მასწავლებელი, როგორც მოქალაქე, ვერ ვიტყვი იმას, რომ არ უნდა დადიოდნენ თუნდაც ასეთ შეხვედრებზე. უბრალოდ, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სად მივიდნენ და სად არა.

მე, მაგალითად, არ მივიდოდი იქ, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ უნდა იყოს, თავისუფალი აზროვნება არ უნდა არსებობდეს, კრიტიკული მედია არ უნდა არსებობდეს. ნამდვილად ვერ მივალ, რადგან მასწავლებელი ვარ და ეროვნული სასწავლო მიზნების მიხედვით უნდა აღვზარდო ბავშვები იმ ღირებულებებზე, რაც კეთილდღეობას მოუტანს სამომავლოდ ამ ქვეყანას“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.

იგი ხაზს უსვამს, რომ ნაკლებად აინტერესებს პარტიული დაპირისპირებები, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები უნდა მოქმედებდნენ, მაგრამ როცა ქვეყნის მომავალს ეხება საქმე, იქ ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს:

„მე, როგორც მასწავლებელი, უნდა ვაყალიბებდე მომავალი პოლიტიკოსების ცნობიერებას. ვცდილობ, რომ ბავშვები იყვნენ თავისუფალი აზროვნებაში და შემდეგ, როცა სრულწლოვნები იქნებიან და ამ სფეროში მოვლენ პოლიტიკოსებად თუ სხვა სფეროში იქნებიან, აკეთონ თავიანთი საკეთებელი. მაგრამ, როცა ქვეყნის მომავალზეა საუბარი, რა თქმა უნდა, სწორი პოზიცია უნდა დავაფიქსირო, როგორც მასწავლებელმა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემხრობა.“

არის თუ არა შემაშფოთებელი, როცა მასწავლებელი იმ მხარეს დგას, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას ემხრობა და ევროინტეგრაციას გვაშორებს? – ვკითხეთ მას.

„საბედნიეროდ, ჩემს სამეგობროში, ჩემს კოლექტივში არ არიან მსგავსი აზროვნების ადამიანები. როგორც მასწავლებელი მივიჩნევ, რომ პედაგოგი ის ადამიანია, რომელიც ქვეყნის მომავალს ქმნის და მისი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მისაბაძი და სამაგალითო. თუ საშიშროებას ხედავს მასწავლებელი, ამაზე სწორად უნდა რეაგირებდეს და განცხადებებსაც უნდა აკეთებდეს, რადგან მის ნებისმიერ ქმედებას უყურებს ბავშვი, მშობელი“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.

როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ დირექტორებს ან მასწავლებლებს ამ ყველაფრისგან დისტანცირება? – ვკითხეთ მელორ ცქვიტაიას.

„ჩემთვის არ უკადრებიათ, რომ მსგავს შეხვედრაზე მივსულიყავი, მაგალითად, მუნიციპალიტეტში. ალბათ თვითონ მასწავლებლები უნდა იდგნენ იმ სიმაღლეზე, რომ მათ არ აკადრონ. იძულებითი არაფერი არ არსებობს და თუ ასეთ შეხვედრებზე მათი მისვლა არ არის ნებაყოფლობითი, მაშინაც ცუდად გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ მასწავლებელმა უნდა გააჟღეროს ის, რომ მასზე ზემოქმედებენ.

მე, როგორც მასწავლებელი, თამამად ვამბობ, რომ არასდროს უთქვამთ ჩემთვის, სად მივიდე ან სად არ მივიდე. გადაწყვეტილებას თვითონ ვიღებ.

შეიძლება ჩემთანაა ასეთი ჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ თუ ვიღაცაზე ზეწოლა მოახდინეს, მასწავლებელი ვალდებულია ხმამაღლა განაცხადოს, რადგან ეს მანკიერი მხარეა და კიდევ უფრო მანკიერ მხარეს შობს, რაც ქვეყანას წინ არ წაიყვანს.

და თუ მასწავლებელი ნებაყოფლობით დგას ძალადობრივი იდეოლოგიის მხარეს, რა თქმა უნდა, ესეც სახიფათოა. მასწავლებელი, რომელიც სწორი ღირებულებების მატარებელი არ არის, ვერ გაზრდის ისეთ თაობას, რომელიც გადაიბარებს ამ ქვეყანას და მონაწილეობას მიიღებს მის მშენებლობაში.

რთული პერიოდები ყოველთვის ედგა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქართულ საზოგადოებას გამოუნახავს გამოსავალი და დარწმუნებული ვარ, ახლაც იპოვის სწორ გამოსავალს და არჩევანსაც ისეთს გააკეთებს, რაც ქვეყანას სწორ გზაზე გაიყვანს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორად გადაეცეს მომავალ თაობას. ეს არის ჩვენი თაობის მთავარი დანიშნულება ამ შემთხვევაში“, – ამბობს მელორ ცქვიტაია.

____________

მთავარ ფოტოზე: ხულოს საჯარო სკოლის დირექტორები „ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: