რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თავის მორიგ სიუჟეტში საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ახალ დეტალებს ამატებს.
მათი თქმით, ვაშინგტონი გეგმავს საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტი აამოქმედოს – კერძოდ, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.
იქამდე რუსეთის დაზვერვამ საქართველოს მმართველი პარტიის მსგავსად თქვა, რომ აშშ საქართველოში რევოლუციას გეგმავს, რათა არ დაუშვას „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), როგორც ინსტრუმენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა ხელი შეუშალოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რომელიც არ მოსწონს ვაშინგტონს“, – იტყობინება რუსული სპეცსამსახური.
დღეს, 11 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკამ მდინარაძემაც პრაქტიკულად რუსეთის დაზვერვის ეს შეთქმულების თეორია გააჟღერა, როდესაც მან თქვა: „პოლიტიკურ ველზე ვიღაც პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. მათი პატრონები ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისთვისო“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის „ინფორმაციის მიხედვით“ კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ჩარევის ახალი ინსტრუმენტი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რათა აღკვეთოს, ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამერიკელები შეთანხმდნენ „თანამშრომლობაზე“ „ეუთოს/ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია ТASS დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ „დოკუმენტზე“ დაყრდნობით.
„დაგეგმილია, რომ ეუთო/ოდირი კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, სადაც დაასკვნის, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად… პირველი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.
რუსეთი საგარეო დაზვერვის სამსახური აშშ-ის ადანაშაულებს, რომ იგი ამით საბაბს აძლევს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით“.
რუსეთის დაზვერვა „წუხს“, რომ ეუთო/ოდირი „ასეთ მაქინაციებში მონაწილეობს და მიიჩნევს, რომ „დაფინანსების შემცირებით უნდა შესუსტდეს ამ ერთ დროს პატივცემული საერთაშორისო სტრუქტურის დესტრუქციული საქმიანობა“.
„განსაკუთრებით აღვნიშნავთ ბიუროს მზადყოფნას, კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე ცნოს ის, როგორც არადემოკრატიული“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული სპეცსამსახურის ბრალდება განსაკუთრებით სარკასტულია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის კარგად დოკუმენტირებულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
4 სექტემბერს აშშ-მ დაასანქცირა რუსული პროპაგანდისტული მედიები – „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“, რის მიზეზადაც „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები“ დასახელდა.