10 სექტემბერს, ღამით, რუსეთის ცხრა რეგიონზე უკრაინული დრონების ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის თავდაცვამ 144 დრონი ჩამოაგდო.
მოსკოვის მახლობლად დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა 50-ზე მეტი ბინა.
აქამდე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა დაფიქსირდა 10 სექტემბერს ბრიანსკში, სადაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოაგდეს 72 დრონი.
რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, 20 დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 14 – კურსკის ოლქში, 13 – ტულაში, 8 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 7 -კალუგში. ასევე, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს ვორონეჟის, ლიპეცკისა და ორიოლის რეგიონებში.
დრონების თავდასხმის გამო 10 სექტემბრის დილამდე მოსკოვის სამი აეროპორტის – ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის მუშაობა შეზღუდული იყო. ასევე, დრონის თავდასხმის საფრთხის გამო, შეზღუდული იყო ყაზანის აეროპორტის მუშაობა.
ოფიციალურ კიევს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი 10 სექტემბერს რუსეთზე დრონების მასიური თავდასხმის შესახებ.
__________
ფოტოზე: უკრაინული დრონისგან დაზიანებული კორპუსი მოსკოვის ოლქში, რუსეთში. 2024 წლის 10 სექტემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/YURI KOCHETKOV