მთავარი,სიახლეები

რა იხუმრა თბილისში სტენდ-აპ კომიკოსმა, რის გამოც იგი რუსეთში დააკავეს

10.09.2024
რა იხუმრა თბილისში სტენდ-აპ კომიკოსმა, რის გამოც იგი რუსეთში დააკავეს

რუსეთში, სტენდ-აპ კომიკოსი დიმიტრი გავრილოვი 13 დღით დააპატიმრეს. მიზეზი გახდა კომიკოსის გამოსვლის თბილისში ჩაწერილი ვიდეო, რომელიც მის იუთუბ არხზე 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

დიმიტრი გავრილოვს 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა და იგი დამნაშავედ ცნო სიძულვილის ან მტრობის გაღვივებაში, ასევე ადამიანის ღირსების შელახვაში. გადაწყვეტილება სასამართლომ 9 სექტემბერს მიიღო, ინფორმაცია ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოჩნდა.

საუბარია გავრილოვის თბილისში გამოსვლაზე, სადაც წარმოდგენის დროს კომიკოსი ჰყვება თავის ცხოვრებაზე თბილისში და ასევე ასახიერებს რუს სამხედროს: „ასე გამოიყურება რუსი ოფიცერი, უბრალოდ ამაზე კიდევ უფრო მეცინება, ზოგჯერ სარკეში ვიყურები და ვფიქრობ – აი ის, რუსი ოფიცერი!”

„არის აქ ვინმე, ვინც უკეთესად ცხოვრობს აქ, ვიდრე რუსეთში ცხოვრობდა? არ შეგრცხვეთ, ასეც უნდა, მე სწორედ ასე ვცხოვრობ, […] თბილისში რუსოფობიას საერთოდ ვერ ვგრძნობ, ხოლო იმისთვის, რომ არ მოვდუნდე, სახლში კედელზე დავიწერე: Fuck Russians, უბრალოდ იმისთვის რომ არ დამავიწყდეს სად ვარ. …შევწყვიტე რუსულ ენაზე პორნოს ყურება, ვთვლი, რომ ეს ოკუპანტის ენაა” – ამბობს გავრილოვი ვიდეოში.

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კომიკოსის ბოდიშის მოხდის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ განყოფილებაშივეა ჩაწერილი:

„მე, დიმიტრი ვალერიევიჩ გავრილოვმა, ჩემს სტენდ-აპ ვიდეოში თავს უფლება მივეცი შეურაცხმყოფელი განცხადებები გამეკეთებინა, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისკენ ან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ჩემს შეცდომას სრულად ვაღიარებ, ვნანობ ნათქვამ სიტყვებს, პოზიცია შევიცვალე, იმედია არავინ დამიზიანებია“.

კომიკოსს საქართველოში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ის გამოვიდა ბათუმშიც.

დიმა გავრილოვი არის TNT-ზე შოუ StandUp-ის და სხვა კომედიური პროექტების მონაწილე. რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრილოვი რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრა.

როგორც rbc წერს, 6 სექტემბერს გავრილოვმა დაიწყო ტურნე რუსეთში, მან წარმოდგენა გამართა იჟევსკსა და ყაზანში, 8 სექტემბერს კი ნიჟნი ნოვგოროდში გამოსვლას ელოდა, მაგრამ დააკავეს. კომიკოსის წარმოდგენა რუსეთის სხვა ქალაქებში გაუქმდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: