მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლება გაანეიტრალო „ოცნების“ შეთქმულების თეორიები – ომი გინდა, Deep State

11.01.2025 •
როგორ შეიძლება გაანეიტრალო „ოცნების“ შეთქმულების თეორიები – ომი გინდა, Deep State

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. „ოცნების“ ლიდერები გამუდმებით ამახინჯებენ რეალობას, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ ფართომასშტაბიან პროტესტს „მცირე ჯგუფის პროტესტად“ მოიხსენიებენ, ხოლო „ოცნების“ დამფუძნებლის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას შეთქმულების თეორიით ხსნიან „გლობალური ომის პარტიის შესახებ“.

„ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის ან ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც აშკარად ტყუილია და მარტივად შეიძლება ამ ტყუილის გადამოწმება.

მკვლევრები ამბობენ, რომ კონსპირაციის თეორიების გავრცელებით „ქართული ოცნება“ ცდილობს სიმართლესა და სიცრუეს შორის განსხვავება წაშალო,. ამით კი ის ელის სარგებელს, რომ დააბნევს და დათრგუნავს ქართულ  საზოგადოებას.

  • რა არის გლობალური ომის პარტია

„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

„ქართული ოცნება“ ამ ტერმინს აქტიურად იყენებდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დროებით „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლეს ახალი ტერმინით Deep State.

თუმცა 8 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ორივე ტერმინი ერთად მოიხსენია. „ოცნების“ კონსპირაციული თეორიის თანახმად, „დიფ სთეითი“ გლობალური ომის პარტიის „არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება“.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსპირაციის თეორია კიდევ უფრო გაართულა და ახლა ამტკიცებს, რომ ე.წ. Deep State-საც გლობალური ომის პარტია მართავს. რატომ გააცოცხლა „ოცნებამ“ ისევ „გლობალური ომის პარტია? – ვკითხეთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს.  

„გაცოცხლებაზე მეტად, რატომ ილაპარაკეს ახლა და არა სხვა დროს – ეს არის საკითხავი. „ქართულ ოცნებას“ საქმე არ აქვს საკეთებელი, იმიტომ, რომ ყველა ეტაპირება, რაც მან გააკეთა თავის დროზე, მიბმული იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე. ახლა ე.წ. ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს – არ აქვს ლეგიტიმაცია, არანაირი საერთაშორისო ვიზიტები არ იქნება. პოლიტიკურ დღის წესრიგს კი ქმნის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში.

ვფიქრობ, უბრალოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ როგორც პოლიტიკოსებმა და თან შეგვახსენეს, რომ ისინი არსებობენ.

ვფიქრობ, მათი ძირითადი საქმიანობა მომავალშიც ეს იქნება. რიტორიკა იქნება იმ დრომდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძის თქმით, ახლა „ოცნება“ ცდილობს, თავისებურად მოუყვეს თავის ამომრჩეველს არსებული სიტუაცია და დაარწმუნოს ისინი, რომ რაღაც პროცესები მიდის.

„სინამდვილეში „ოცნება“, რაღაც დედლაინებს აწესებს თავისი ამომრჩევლისთვის. ჯერ 20 რიცხვი იყო დედლაინი. ახლა შეხედეს, რომ ტრამპი მთლად ისე არ ლაპარაკობს გარკვეულ საკითხებზე, როგორც ივანიშვილის რეჟიმი ლაპარაკობდა თავის დროზე, ამიტომ დაიწყეს ფიქრი, რომ არა, ცოტა მერე იქნება რაღაცა. ბოლო განცხადებაში კი ჩაწერეს, რომ 2030-მდე რაღაცნაირად დიფსთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ევროკავშირი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

„ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას საზოგადოების ნაწილი ხშირად იყენებს ისეთ ზედსართავებს, როგორიცაა – „აბსურდი“, „ბოდვა“ ან წერენ, რომ „ესენი [ოცნების ლიდერები] ფსიქიატრთან არიან წასაყვანები.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებად წარმოჩენა კონტრპროდუქტიულია:

„არავითარი ფსიქიატრია. როგორც პირადობის მოწმობების შემთხვევაში დააჯერეს მოსახლეობის ნაწილი, რომ სატანურია (ეს სოციალური ექსპერიმენტი იყო), ისე უნდათ ახლა დააჯერონ ეს გლობალური ღომის პარტია თუ დიფ საცივი. მოსახლეობის ამ სეგმენტზე აქვთ ამჟამინდელი “მესიჯბოქსი” გაანგარიშებული რუსულ სპეცსამსახურებს. როგორც ჩანს, ეს სეგმენტიღაა „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩეველი (გარდა კორუმპირებული მდიდარი ელიტისა). ამ სეგმენტთან ეს მესიჯბოქსი მუშაობს, ნაცადი ხერხია.

ამიტომ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ, თორემ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზების გარდა, სხვა შედეგს ვერ მოვიმკით. სასურველია, მავანისა და მავანის უწესო ქცევა არ ავხსნათ ფსიქიკური აშლილობით, ამას ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მოჰყვება,“ – განმარტა ჯანა ჯავახიშვილმა.

ლევან ღამბაშიძის აზრით, ის რა ნარატივსაც ახლა „ოცნება“ ავითარებს, დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ.

„საბჭოთა კავშირს და ფაშისტურ გერმანიასაც ჰქონდა მსგავსი ნარატივი. ვიცით, რა მოდელს იყენებს და  რა მოდელზე უნდა გასვლა. ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომელსაც ოცნება მოიაზრებს საკუთარ ამომრჩევლად, უნდა დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად ანტიევროპული განცხადებები გააკეთა, ხოლო შემდეგ მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ იძალადა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, შეიცვალა „ოცნების“ მხარდამჭერთა ქცევა.

„თუ ისინი პროპაგანდას აქამდე ადვილად იჯერებდნენ, ახლა ისე ადვილი აღარაა, როგორც თუნდაც ერთი თვის წინ. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს, რომ იქ Deep State-მა რამე არ მოგვახვიოს თავზე, მაგრამ ჩვენ უფრო გვეშინია სახელმწიფოსი, რომელიც აქციის მონაწილეებს მოიტაცებს და სისტემურად აწამებს წინასწარ გამზადებულ სივრცეებში. გვეშინია სასამართლოსი, რომელიც ნოტარიუსადაა ქცეული და ადამიანებს ციხეში უშვებს სრულიად უსაფუძვლოდ.

ის, რაც უკვე „ქართული ოცნების“ საქართველოა, ჩვენთვის, თავისუფალი ადამიანებისთვის, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება გააგრძელოს „ოცნებამ“ კონსპირაციის თეორიებით არსებობა და რა შედეგზე გასვლა აქვთ მიზნად, ფილოსოფოსი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს ეყოფა ძალა პროტესტს.

„არ ვიცი. მთავარია, რამდენი ხანი გვექნება ჩვენ გამძლეობა, რომ სისტემას აღვუდგეთ წინ ყველა მის გამოვლინებაში. ჯერჯერობით ჩვენ დაღლაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ამ სისულელეს „ქართული ოცნება“.

ტექნიკურად, კარგი პროპაგანდა შეგიძლია აწარმოო მანამდე, სანამ ხელისუფლებაში ხარ. როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ახალი არჩევნები იქნება, შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება პროპაგანდას. პროპაგანდა მუშაობს ძალაუფლებასთან კომბინაციაში,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

მისი თქმით, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დაუპირისპირდეს და ებრძოლოს პროპაგანდას.

„ოცნების ომის პროპაგანდამ იმუშავა არამარტო იმიტომ, რომ ოცნებამ კარგად იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარე აღმოჩნდა თავის დროზე ძალიან უსუსური.

ორი წელია მაგ პროპაგანდას ავრცელებენ და ორი წლის განმავლობაში წესიერი პასუხი არავინ არ გასცა, მცირე ჯგუფებს თუ არ ჩავთვლით. დიდი საინფორმაციო  კამპანია არ ყოფილა.

დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, მილიონი სხვადასხვა ადამიანი გაჩნდა, რომელიც ამბობს – აქამდე ვიყავი ჩუმად, მაგრამ მოდი, ახლა ამიხსენი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა შევაჩერო.

საუბარია ხალხზე, რომელსაც რაღაცა ეთქმის ამ ქვეყანაში. იქნებიან ესენი მწერლები, მსახიობები, უნივერსიტეტის პროფესორები – ისინი, ვისაც ნდობა აქვს საზოგადოების. უკვე იგრძნობა, რომ პროტესტმა დაიწყო ოცნების პროპაგანდის განეიტრალება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: