საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს.
8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ.
„დაახლოებით 7 საათისთვის მივედით აქციაზე ბალაკლავით. შევამჩნიე, რომ ერთ ჯგუფად იდგნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩემი გამოჩენისთანავე მწკრივიდან გამოიწვიეს პოლიციის ორი თანამშრომელი. უკვე ვიცოდი, რისთვისაც დაუძახეს და მოვამზადე კამერა.
კერენს მეორედ შეუდგინეს ოქმი გუშინ. ცალსახად სოლიდარობა გამომიცხადა. პოლიციელები უკვე მწკრივში ბრუნდებოდნენ, როცა კერენმა უთხრა, მეც ვიკეთებ, მოდით, ჩაიწერეთო. მისი მხრიდან ეს ძალიან დასაფასებელია“, – გვიყვება 8 იანვრის შემთხვევაზე მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მარიამ სიჭინავას, კერენ ესაბუას და ცაბუნია ვართაგავას ბალაკლავის ტარების გამო პირველად ოქმი 30 დეკემბერს შეუდგინეს.
„მე მეორედ 3 იანვარს შემიდგინეს ოქმი. ეტყობა 31 დეკემბერი, 1-2 იანვარი, რადგან სადღესასწაულო დღეები იყო, თავისუფლად სუნთქვის საშუალება მოგვცეს. 3-ში ისევ მოვიდნენ. ჩემგან იგივე პასუხი მიიღეს, რომ მე მათ არ ვემორჩილები, არც სასამართლოში მისვლას ვაპირებ და არც აღსრულების ნაწილში… როცა გადასახადს დამაკისრებენ, არც მის გადახდას ვაპირებ.
ამის შემდეგ იყო მესამედ, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, იმიტომ, რომ მეგონა, უბრალოდ მობეზრდებოდათ და მიხვდებოდნენ, რომ ნამდვილად არ ვემორჩილები და არ ვეთამაშები. სრულიად გასიგრძეგანებული მაქვს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც არიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ ხელდასხმულები, არ უნდა დავემორჩილო არც მოწოდების ნაწილში, არც აღსრულების ნაწილში და საერთოდ არაფერში.
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემს წინააღმდეგ ახლა დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება… რადგანაც დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ, ოქმები არ ჩავიბარეთ. არ მივსულვართ ოქმის ჩასაბარებლად [პოლიციის სამმართველოში], არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ ვიცით, როდის არის სასამართლო დანიშნული. ვიდეო არსებობს, სადაც ამბობენ, რომ 174-ე პირველი პრიმა მუხლით იწყებენ საქმის წარმოებას. ესაა მუხლი დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც შეტანილია ის ცვლილებები, რისი მიხედვითაც აქციებზე და დემონსტრაციებზე იკრძალება სახის დაფარვა”, – ამბობს მარიამ სიჭინავა.
კერენ ესაბუა, არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი 30 დეკემბრის ღამეს იხსენებს.
„რადგან ზუგდიდი პატარა ქალაქია, ყველა იცნობს ერთმანეთს. პოლიციელებს იცნობენ აქციის მონაწილეები და პირიქით.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრძანების გარეშეც და ბრძანების შემთხვევაშიც, ძალიან რთული იქნება ზუგდიდის პოლიციისთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდეს. როგორც კი ეს კანონი შემოვიდა და საშუალება მიეცათ ამით საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების და ჩვენს წინააღმდეგ ამუშავების – გამოიყენეს.
30 დეკემბერს კანონი შევიდა ძალაში, რომელიც გვიზღუდავს და გვიკრძალავს საკუთარი უფლებებისთვის იმ ფორმით ბრძოლას, რაც გარანტირებულად გვქონდა აქამდე. ვგულისხმობ კანონებს, რომლებიც გვიკრძალავს პიროტექნიკის გამოყენებას, სახის დაფარვას, იმიტომ, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი გავხდეთ პოლიციისთვის და მარტივად შეეძლოთ ჩვენი დაჭერა, ჩვენზე შემდგომი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური.
3 დეკემბერს გვეხურა ბალაკლავები, მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და ცალ-ცალკე მოგვმართა სამივეს. მე და მარიამ სიჭინავას სახელებით მოგვმართავდა, ანუ ჩვენი იდენტიფიცირება მას შეეძლო, იცოდა ვის ესაუბრებოდა. გვაქვს ვიდეოც, სადაც კარგად ისმის, როგორ მოგვმართავს სახელებით. ვუთხარით, რომ ეს ჩვენი პროტესტის ფორმაა, რომ არ ვემორჩილებით და ეს კანონები არალეგიტიმურად, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. შემდეგ უკვე გაგვაფრთხილა, რომ ჩვენს წინააღმდეგ იწყებოდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, დაგვიბარებდნენ სასამართლოში და შემდგომ უკვე სასამართლო გამოგვიწერდა ჯარიმას.
ჩვენ პიროტექნიკაც ავუშვით იმავე საღამოს.
როგორც არ უნდა ჟღერდეს, გულწრფელად გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა – ვერ გვაშინებს და არ გვიტოკავს არც ერთი ნერვი არ ყველაფრის დროს, იმიტომ, რომ გაგვაჩნია საკმარისი ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“. როგორც არ უნდა გამომდიოდეს ახლა ეს ფრაზა. მართლა დაჯგუფებადაა უკვე გადაქცეული, რომელიც პარაზიტირებს ქართველი ხალხის სხეულზე, სახელმწიფოზე.
როცა დაგვიკავშირდნენ, ბათუმში მოვდიოდით აქციაზე, სოლიდარობის გამოსახატად. კრიმინალურმა პოლიციამ დაგვირეკა. დაგვიბარეს ოქმისთვის ხელი მოგვეწერა და წაგვეღო, გავცნობოდით. მე უარი ვუთხარი და განვაცხადე, რომ არ მივდივარ სამმართველოში, არ ვაღიარებთ ამ ოქმს და არ ვაწერთ ხელს.
რამდენადაც ვიცი, ახლა გამოგვიძახებენ სასამართლოში. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ მივალ, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ სასამართლოშიც მქონდეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ განვუცხადო მოსამართლეს, რომ არ ვაღიარებთ ამ კანონს, კლანურ სასამართლოს და პოლიციასაც, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მოქმედებს“, – გვეუბნება კერენ ესებუა.
ცაბუნია ვართაგავას აქამდე მხოლოდ ერთხელ, 30 დეკემბერს შეუდგინეს ოქმი ბალაკლავის ტარების გამო.
„მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მისვლის შემდეგ გავიკეთე, ამასთან მთელი თვის მანძილზე იგივე პოლიციელები ყოველ დღე მხედავდნენ აქციაზე და უმეტესი მათგანი ისედაც მიცნობს, პოლიციელმა განმიცხადა, რომ ჩემს იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა და მომთხოვა ნიღბის მოხსნა. ამაზე გარკვევით ვუპასუხე, რომ არ ვემორჩილებოდი თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონს.
რამდენიმე დღის შემდეგ იგივე პოლიციელმა დამირეკა და ამ ჯარიმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოცხადება მთხოვა.
ამ ჯარიმას არავითარი მიზანი არ აქვს, გარდა აქციის მონაწილეების დაშინებისა. თუმცა, რუსული რეჟიმის მოლოდინები არ გამართლდა, წინააღმდეგობა გრძელდება, არავინ დაშინებულა. მოუწევთ როგორც ამ კანონის (და ჯარიმების) უკან წაღება, ასევე ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რაც აქციის მონაწილეებს გვაქვს“, – გვეუბნება ცაბუნია ვართაგავა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა შეკრებიდან დაახლოებით 2 კვირაში დაჩქარებული წესით განიხილა და შეცვალა არაერთი კანონი. უფლებადამცველების შეფასებით, ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა და მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას. განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების ნაწილში.
საკანონმდებლო ცვლილებებს შორის აღსანიშნავია ორი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებები.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებულ რეპრესიულ კანონებს. აღნიშნული კანონები ძალაში 30 დეკემბრიდან შევიდა.
თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლეს მაინც შეუძლია აქტივისტების დაჯარიმება, იმის მიუხედავად, გამოცხადდებიან ისინი სასამართლოში თუ არა:
„ოქმის ან უწყების ჩაბარებაზე უარი ვერ იქნება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი.
მოსამართლეს მაინც შეუძლია ჩაატაროს პროცესი მხოლოდ ერთი მხარის დასწრებით. ამ შემთხვევაში ოქმის შემდგენი მხარე დაესწრება პროცესს და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იქნება საქმეში და წარდგენილი მოწმე – არსებობის შემთხვევაში. გამოვა ისე, რომ მეორე მხარეს მოსამართლე ვერ მოუსმენს.
მოსამართლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მუხლითაა გათვალისწინებული. მოსამართლეს შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება პირთან მიმართებით, მაგრამ ეს მოლოდინი ნაკლებად მექნება იმის გათვალისწინებით, რაც, მაგალითად, ბათუმში ხდება – მოსამართლეები ან პატიმრობას იყენებენ ან ჯარიმას.
თუ ჯარიმას გამოიყენებს მოსამართლე, თეორიულად შესაძლებელია, რომ ყადაღა დაედოს აქციის მონაწილეების ანგარიშებს და იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყოს. სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ მოქალაქეებს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა არც სააპელაციო სასამართლოსგან მექნებოდა რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი.
საინტერესოა, მოსამართლე როგორ იმსჯელებს, რა სამართლებრივ ლიტერატურას, გადაწყვეტილებების პრაქტიკას გამოიყენებს იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაამართლოს, თუკი ის დააკმაყოფილებს ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნას, იმიტომ, რომ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.
პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა მოქალაქეს ეკრძალება რაიმე ფორმით ნიღბის ტარება შეკრების ადგილზე“, – განმარტავს თამარ წულუკიძე.