მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რა უნდათ „ოცნების“ მოლაპარაკე თავებს?

02.01.2025 •
რა უნდათ „ოცნების“ მოლაპარაკე თავებს?

ავტორი: გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის ლექტორი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი

_____________________________

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართული საზოგადოება საკმაოდ უცნაური მოვლენის მოწმე გახდა. „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები, ძირითადად ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, გია ვოლსკი და შალვა პაპუაშვილი, მართავენ ბრიფინგებს და ერთობ უცნაურ განცხადებებს აკეთებენ: ორასათასიან მიტინგებს დამცინავად მოიხსენიებენ რამდენიმე ასეული კაცის შეკრებად, გვიყვებიან გლობალური ომის პარტიასთან მათი წარმატებული ბრძოლების შესახებ, გვარწმუნებენ, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისგან ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სანქციების სახით მიიღო ჯილდო და ა.შ.

ეს განცხადებები საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქციას იწვევს. ზოგი მათ ხსნის, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ მომხრეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზოგი ფიქრობს, რომ ისინი ტყუილების საშუალებით სისტემის ჩამოშლის პრევენციას ცდილობენ, ზოგიც „ოცნების“ მოლაპარაკე თავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას ურჩევს.

ყველა ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამ ბრიფინგების სახით უფრო საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე რომელიც ყურადღებით ანალიზს იმსახურებს. ამასთანავე, ამ მოვლენის სწორი გააზრება დაგვეხმარება იმ ზოგადი კატასტროფული მდგომარეობის არსის ზუსტად დანახვაში, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა ჩააყენა.

1986 წელს გამოჩენილმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰარი ფრანკფურტმა გამოაქვეყნა მისი ცნობილი სტატია სათაურებით – „On Bullshit“. სამწუხაროდ, ინგლისური სიტყვა bullshit-ის ზუსტი თარგმანი ქართულ ენაში არ არსებობს. შინაარსობრივად ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი ქართული სიტყვა ჩმახვაა, თუმცა bullshit ალბათ უფრო ვულგარული სიტყვაა, ვიდრე მისი ეს ქართული შესატყვისი.

ფრანკფურტის სტატია ჩვენთვის საინტერესოა, რამდენადაც ის, რითაც არიან დაკავებულნი „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები, წარმოადგენს არა ტყუილების ლაპარაკს (როგორც ამას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს) არამედ bullshit-ს. განსხვავება მოტყუებასა (შეცდომაში შეყვანას) და bullshit-ს შორის, ფრანკფურტის თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ვინმე გვატყუებს, ის ცდილობს, რომ რეალობა სწორად ვერ აღვიქვათ და მისი დამახინჯებული ვერსია დავიჯეროთ. ამდენად, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მატყუარა არაპირდაპირად აღიარებს და აფასებს სიმართლეს და რეალობის სწორ აღქმას.

მოტყუებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ თვლი, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია და ამდენად ცდილობ, რომ ის მიუღწეველი გახადო მათთვის, ვისაც ატყუებ.

მატყუარასგან განსხვავებით, bullshiter-ის [მჩმახავის, მროშავის] მიზანს საერთოდ არ წარმოადგენს ვინმეს მოტყუება. მისთვის სიმართლესა და სიცრუეს შორის განსხვავება საერთოდ არარელევანტური და აზრსმოკლებულია. ის არ ცდილობს ჩვენ დაგვაჯეროს თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, მისი მიზანია, რომ მსმენელებზე მოახდინოს თავისთვის სასურველი გავლენა, შეძლოს მათი მანიპულირება და მათთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა.

ფრანკფურტის აზრით, bullshit გაცილებით უფრო საშიში ფენომენია, ვიდრე მოტყუება, რამდენადაც ის სიმართლის, ობიექტური რეალობის არსებობას აღიარებას ძირს უთხრის და სიმართლესა და სიყალბეს შორის განსხვავებას სპობს.

„ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების მიზანს არც საკუთარ მომხრეთა და არც მოწინააღმდეგეთა შეცდომაში შეყვანა არ წარმოადგენს. ისინი არ იტყუებიან, ისინი ჩმახავენ.

მათი მიზანია, ერთის მხრივ, ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური დათრგუნვა და მასში უიმედობის განცდის გაღვივება და მეორეს მხრივ – სისტემაში მომუშავე მხარდამჭერთა გამხნევება და შეგულიანება.

საზოგადოებას არაპირდაპირ გვეუბნებიან, რომ ორასი ათასი კი არა, მილიონიც რომ გამოხვიდეთ ქუჩაში – ვერაფერს დაგვაკლებთო. მათ უნდათ, რომ უსუსურობის განცდა გაგვიჩინონ და სასოწარკვეთაში ჩაგვაგდონ; ხოლო სისტემაში მომუშავე მხარდამჭერებს ამხნევებენ – ნუ გეშინიათ, უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო ვერავინ დაგსჯით, ჩვენ მაგრად ვდგავართ და ბოლომდე დაგიცავთ, ასე რომ ყოჩაღად იყავითო.

ამდენად საზოგადოების მხრიდან სწორი სტრატეგია არა „ოცნების“ მოლაპარაკე თავების „ტყუილებში“ მხილებაა, არამედ ერთის მხრივ იმისი მუდმივი ხაზგასმაა რომ ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა და ვიმყოფებით კონსტიტუციურ კრიზისში, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და დარწმუნებულნი ვართ ჩვენ გამარჯვებაში და მეორეს მხრივ – ძალადობრივი სისტემის შიდა რყევების მაქსიმალურად სააშკარაოზე გამოტანაა.

გარდა ამისა, „ოცნების“ მოლაპარაკე თავების საქციელის სწორი გააზრება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ იმ კატასტროფის არსი, რომლისკენაც ივანიშვილი მიაქანებს ქვეყანას.

დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციები და ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ძირეული პრინციპები ემყარება ობიექტური რეალობის არსებობისა და სიმართლის ცნებებს, რომელთა გარეშეც ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა: არჩევნები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, და ა.შ., შინაარსისგან იცლებიან. მაგალითად, არჩევნებს აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვაღიარებთ როგორც ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება საკუთარი თავისა და თავისი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის. არჩევნების ფუნქციაა ამ ობიექტური ფაქტის აღიარება და მოქალაქეთა ნების ასახვა. ხოლო როდესაც ობიექტური სიმართლის ცნება უფასურდება და ისპობა, მას ანაცვლებს ამა თუ იმ დიქტატორის ნება.

ჩვენ ამ დღეებში მოწმენი ვართ ივანიშვილის მცდელობისა, რომ საკუთარ ნებას დაუმორჩილოს მთელი ქართველი ერი. ამდენად სიმართლესთან, როგორ ასეთთან, ბრძოლა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის და მისი დაჯგუფების მიერ სახელმწიფოს მიტაცების და დიქტატურული რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესის ქვაკუთხედს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ „ოცნების“ მოლაპარაკე თავები არათუ იტყუებიან, არამედ ჩმახავენ. თუ მათ თავიანთი გაიტანეს და ივანიშვილის ნებით ჩაანაცვლეს სიმართლე, ეს იქნება იმ პროექტის დასასრული (ან ძალიან დიდი ხნით დაკონსერვება) რომელსაც ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა დაუდეს საფუძველი – მოდერნული ქართული ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

და ბოლოს, ეს მოკლე ანალიზი მინდა დავამთავრო ამონარიდით ჯორჯ ორუელის ცნობილი „1984“-დან, რომელიც გვაძლევს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ რას წარმოადგენს ობიექტური სიმართლის დიქტატორის ნებით ჩანაცვლება.

ეს არის ეპიზოდი, რომელშიც აზროვნების პოლიციის ოფიცერი ო’ბრაიენი დაკითხვას უწყობს ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს, უინსტონ სმიტს და ცდილობს მას ათქმევინოს, რომ 2 + 2 შეიძლება იყოს 5, თუ ასეთია პარტიის ნება.

ო’ბრაიენი: გახსოვს, როგორ წერდი დღიურში: „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე როგორც ორს პლუს ორი არის ოთხი“?

უინსტონი: მახსოვს.

ო’ბრაიენმა მარცხენა ხელი ზემოთ აიშვირა. ცერი დამალული ჰქონდა, დანარჩენი ოთხი თითი – გამართული.

ო’ბრაიენი: რამდენ თითს ხედავ უინსტონ?

უინსტონი: ოთხს.

ო’ბრაიენი: და თუ პარტია იტყვის, რომ ეს ოთხი კი არა, ხუთია, მაშინ?

უინსტონი: ოთხი.

ამის თქმა და სასტიკი ტკივილის მოვარდნა ერთი იყო …

ო’ბრაიენი: რამდენი თითია უინსტონ?

უინსტონი: ოთხი. შეჩერდით, შეჩერდით! როგორ განაგრძობთ ამას! ოთხი! ოთხი!

ო’ბრაიენი: რამდენი თითია უინსტონ?

უინსტონი: ხუთი! ხუთი! … ოთხი! ხუთი! ოთხი! რაც გნებავთ, ის იყოს…

_________________

ფოტოზე: გიორგი ლებანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: