საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს, სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში იმყოფება.
ზუგდიდის ცენტრში, სადაც საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მან მოსახლეობას მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ ზუგდიდში იწყება, ასე ვთქვათ, ჩემი რეგიონული ტური. ეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და ეს არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. ზუგდიდი არის ის ადგილი ბოლოს და ბოლოს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება სწორედ იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებულები ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის მეორე მხარე შავი ზღვის და ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.
დღეს არ არსებობს საქართველოში ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. აქ არ არის ორი საქართველო, არის ერთი საქართველო და ვიღაც ადამიანები, რომლებიც უკვე ამ ფორმით, თავიანთი ლექსიკით, თავიანთი სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და არიან რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან აქ დგას და საქართველოს ყველა ქალაქში დგანან ის ნაწილი საზოგადოების, ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო მეტად უყვართ ქვეყანა, სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია.
ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად ყველა თქვენგანის, თითოეულის იმედი, იმიტომ, რომ ახლა არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება, რომ მოიგო ბელადის ხელით, ვიღაცის იმედით, რომ შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება. არა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ბოლომდე ვიქნებით ჩართული, როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარე პროტესტის გამოძახილია:
„მე თქვენ სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. ჩვენ იქ გვყავს ძალიან ბერი მეგობარი დღეს, რომელსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან.
იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი, გინდა აშშ-ში, გინდა ევროპაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იმიტომ გყავს ამდენი მეგობარი, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს, მაშინ ისინი არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ. ეს ყველაფერი გადაბმულია“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე მიუსამძიმრა ზუგდიდის მოსახლეობას გალში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი დღეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან მივიდა ზუგდიდში და მის ხსოვნას პატივი მიაგო.