მთავარი,სიახლეები

საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა

11.01.2025
საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა

დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაიშალა საპროტესტო აქციების 8 მონაწილის სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი.

სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას. „შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – სკანდირებდნენ დარბაზთან მოქალაქეები.

ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა ჩახუთული ჰაერის გამო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი გამოიძახეს. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგად ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ გაჰყვნენ დამსწრეებიც, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს დაკავებულებიც.

სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდება. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლეს შეუძლია სხდომა გააგრძელოს ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო ადვოკატები დაუნიშნოს.

დღეს სასამართლოს უნდა განეხილა შემდეგი დაკავებულების საქმეები: თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].

დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: