აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიწყო მზადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.
მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, ფლორიდაში, 9 იანვარს. მან თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ახლა ამ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვამზადებთ“, – თქვა ტრამპმა. მას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ დაადასტურა, რომ შეხვედრა განიხილება.
კრემლს ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ 20 იანვარის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი განაგრძობს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, ამას მოსკოვში მიესალმებიან.