მთავარი,სიახლეები

„ბათუმელების“ დამფუძნებელთან ადვოკატს არ უშვებენ – „მივმართეთ გენერალურ ინსპექციას“

12.01.2025
„ბათუმელების“ დამფუძნებელთან ადვოკატს არ უშვებენ – „მივმართეთ გენერალურ ინსპექციას“

დღეს 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს.

ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ.

„დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ არის.

პირველი დაკავების შემთხვევაშიც შეფერხდა ადვოკატების შესვლა დაკავებულთან და მეორე დაკავების შემდეგაც არ გვიშვებენ.

რა მუხლით დააკავეს, არ ვიცით, ფაქტობრივი გარემოებები უცნობია ჩვენთვის, რადგან შიგნით ვერ შევდივარ, რომ გავარკვიო“- ამბობს პაატა დიასამიძე.

მზია ამაღლობელთან ერთად პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. ასევე უცნობია, რა გახდა მათი დაკავების მიზეზი.

11-12 იანვარს ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯამში 12 ადამიანი დააკავა. აქედან რამდენიმე დაკავებული: ციალა ქათამიძე, ნანა შავაძე და თეონა ბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს მზია ამაღლობელიც, რომელიც მალევე ხელახლა დააკავეს.

_________

ფოტოზე: მზია ამაღლობელი, პაატა დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: