თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს, 11 იანვარს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 8 მონაწილე.
ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში, სადაც არც ადვოკატები იმყოფებოდნენ, არც ბრალდებულები და არც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.
მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი და დაძაბული დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო პროცესი დილას დაიწყო. დარბაზი სხდომაზე დასწრების მსურველთათვის მცირე ზომის იყო, დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი კარს მიღმა დარჩა, სივიწროვე იყო დარბაზშიც, რის გამოც, როგორც ადგილზე მყოფები ამბობდნენ, სუნთქვაც ჭირდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.
მოსამართლემ გადაწყვეტილება არც მას შემდეგ შეცვალა, როცა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი თორნიკე მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა უჰაერობის გამო და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.
ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულებთან შეთანხმებით, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ბრალდებული გახდა ცუდად, ექიმის დასკვნა გიდევთ წინ და წერია – „უჟანგბადობის გამო“. თქვენ არ აძლევთ საშუალებას ბრალდებულებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით – ისუნთქონ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს დარბაზი. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება.. ახლაც, მე ლაპარაკი მიჭირს, იმიტომ, რომ ჟანგბადი არ მაქვს, თქვენო ღირსებავ. შესაბამისად, ვეთანხმები ჩემი კოლეგების და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოწოდებას და ვტოვებთ აღნიშნულ პროცესს“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.
ადვოკატების გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში მოჰყვა და შეძახილები სასამართლოს მისამართით – „მონებო!“ ამის შემდეგ ადვოკატებმა, დამსწრეებმა და დაკავებულებმა დატოვეს დარბაზი.
სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდებოდა. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ სხდომა გააგრძელა ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო, ე.წ. სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.
სასამართლო იხილავდა შემდეგ დაკავებულების საქმეებს:
თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ინსაფ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
ვინ არიან დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესი იყო დღეს, 11 იანვარს:
- ზვიად ცეცხლაძე 19 წლის სტუდენტია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში.
- ირაკლი მიმინოშვილი 19 წლის სტუდენტია, პარალელურად კურიერად მუშაობს. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში. დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი ჩხრეკა.
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია. დააკავეს 30 ნოემბერს. ადვოკატის თქმით, მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.
- თორნიკე გოშაძე 24 წლისაა, ჰყავს დედა და და. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
- გიორგი გიორგაძე 20 წლის სტუდენტია, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
- ინსაფ ალიევი 34 წლისაა. ის ოჯახთან ერთად სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და თვითდასაქმებულია. მან ქართული არ იცის. რადიო „თავისუფლება“ მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობას არ იღებდა და რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას შემთხვევით მოხვდა.
- ვეფხვია კასრაძე მსახიობია. იგი პარტია „ლელოს“ წევრია. კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს.
- ვასილ კაძელაშვილი ასევე პარტია „ლელოს“ წევრია, იგი 4 დეკემბერს დააკავეს ვეფხია კასრაძესთან ერთად.