მთავარი,სიახლეები

350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

10.01.2025 •
350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ხელფასები გაიზარდა. პარლამენტარების ხელფასი 2025 წლიდან 6 340 ლარით გაიზარდა – პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600, პირველი მოადგილის 13 140 ლარი გახდა. მინისტრების ხელფასი 12 410 იქნება. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ახალი წლიდან 14 500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, მაშინ, როცა პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა.

ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ისევ 45 ლარია. გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ხალხი ღარიბია, მთავრობის წევრები კი მდიდრდებიან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელს, მარიამ ჯანიაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო მარიამ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ გაიზარდა ხელფასები მაშინ, როცა მოწყვლადი ჯგუფების შემწეობა მიზერულად იზრდება ან საერთოდ არ იზრდება. რასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება ასე?

როგორც ვიცით, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გაცემული ყოველთვიური შემწეობა თვეში 30- 60 ლარია. ავიღოთ ერთი რიგითი პარლამენტარის ხელფასი – 11 680 ლარი და გავყოთ. 60 ლარის შემთხვევაში ამ თანხით სახელმწიფო დაახლოებით 195 ადამიანს უზრუნველყოფს, 30 ლარის შემთხვევაში კი –  390 ადამიანს.

იმ თანხით , რასაც ერთი პარლამენტარი იღებს თვეში ხელფასის სახით, ქვეყანაში 390 ადამიანი არსებობს. რაც ძალიან შემაშფოთებელია.

რატომ ხდება ასე? – აქედანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს არსებულ ხელისუფლებას ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

მარიამ ჯანიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი შეეცვალათ სიღარიბეში მყოფი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაინც ისე დატოვეს ყველაფერი, რაც ადრე იყო და ვერანაირად ვერ უზრუნველყვეს ამ ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრება.

„ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ არნახული ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, რომ სიღარიბეს ამარცხებენ, ეკონომიკა ვითარდება და ასე შემდეგ. ფაქტობრივად კი, საპირისპიროს გვეუბნება რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ.

არა მხოლოდ ის რიცხვები, რაც გვიჩვენებს, თუ რამდენია გასაცემელი, არამედ იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ყოველთვიურად საარსებო შემწეობას იღებს.

2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რეესტრში 690 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. თუ ყოველთვიურად შევხედავთ დინამიკას, სოციალურად დაუცველთა რიცხვი თვეების მიხედვით იზრდება. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი.

  • დღეს არსებული რეჟიმი ამ ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერს ეუბნება, რომ უნდა იცხოვრო 450 ლარით. მაშინ, როცა ინფლაცია იზრდება და არის ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების პროგნოზიც „ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. რა ლოგიკით გადაწყვიტა „ოცნებამ“, რომ მათი ხელფასები 6-7 ათასი ლარით უნდა გაზრდილიყო, მოწყვლადი ჯგუფების კი არა?

რა თქმა უნდა, ინფლაცია ყოველწლიურად გვაქვს სახეზე და ეს კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული, მაგრამ ასეთი დრამატული სხვაობა პარლამენტარების ხელფასებსა და იმ ადამიანების შემწეობებს შორის, რომლებიც სიღარიბეში არიან, არ უნდა არსებობდეს.

შშმ ადამიანებს, სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება და ეს არ არის სახელმწიფოს ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის კეთილი ნება, სახელმწიფო ვალდებულია მოწყვლადი ადამიანები უზრუნველყოს შესაბამისი გასაცემლებით.

ასეთი კონტრასტული სხვაობა იმის მაჩვენებელია, რომ არსებულ მმართველებს მოსახლეობის საჭიროებები არ აინტერესებთ. ყველაზე ირონიულია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას მთელი რიგი სერვისებით.

თვალშისაცემია ასევე ისიც, რომ ცალკეულ ჯგუფებზე დაწესებული გასაცემელი 2025 წელს, საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა.

  • რომელია ეს ჯგუფები?

მაგალითად, შშმ ბავშვების შემწეობა წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად იზრდებოდა და დღეს მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სახელმწიფო შემწეობა 425 ლარია, მაგრამ გვყავს სხვა შშმ პირები, რომელთა შემწეობა 230 ლარია. ხოლო ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შშმ პირების შემწეობა – 190 ლარი.

კითხვები, ცხადია, არსებობს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებითაც, რადგან დღეს 262 ლარია საარსებო მინიმუმი ქვეყანაში. როგორ შეიძლება ადამიანი 262 ლარად გადარჩე?

ამ გამოთვლის ადეკვატურობაზეც არაერთხელ დაწერილა და ჩვენგანაც იყო მითითებები, რომ ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური, რადგან ვერ ასახავს ადამიანის რეალურ საჭიროებებს, ამ დროს კი ამაზე ნაკლები გასაცემელი აქვთ ადამიანებს სახელმწიფოსგან დაწესებული, რაც წარმოუდგენელია.

შშმ ადამიანებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, სახელმწიფო კი არც შემწეობას სთავაზობს ადეკვატურს და არც დასაქმებას. ეს ადამიანები ფაქტობრივად გარიყულნი არიან შრომითი ბაზრიდან, ზოგი სახლიდანაც კი ვერ გადის გარეთ.

ზუსტად არც იმის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, ჰყავდათ თუ არა შშმ ადამიანები დასაქმებული სახელმწიფო პროგრამით – სახელმწიფო არ აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს ამის შესახებ და არც გვაწვდის.

  • დევნილებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას, რადგან ამბობენ, რომ მთელი ეს წლები 45 ლარია მათი დახმარება და არასდროს უფიქრია ხელისუფლებას მათზე.

რამდენადაც ვიცი, არც ახლა გაზრდილა დევნილთა შემწეობა და აქ სხვა პრობლემაც იჩენს თავს, რადგან თუ ვარ დევნილი და ვარ სოციალურად დაუცველიც, ორმაგად მოწყვლადი ვარ, არა? თუ 45 ლარს 60 ლარს დავუმატებ, 105 ლარს მივიღებ, მაგრამ სახელმწიფო მათ არჩევანს სთავაზობს, ან დევნილის შემწეობა უნდა აიღონ, ან სოციალური დახმარება.

სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობასაც არ იღებს და ეუბნება, რომ ერთ-ერთი უნდა აირჩიონ.

  • სახელმწიფოს გამოთვლებით, დღეს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 945 ლარია. საკმარისია ეს თანხა ღირსეული ცხოვრებისთვის?

2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, 56 ათასზე მეტმა ადამიანმა 300-ზე ნაკლები ლარი ხელფასი აიღო.

355 ათასზე მეტმა კი აიღო ხელფასი, რომელიც იყო 1200-ზე ნაკლები ლარი.

რეალურად, 300 ლარზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ 56 ათასზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს.

დღეს სულ ცოტა, 1860 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ერთ ადამიანს იმისთვის, რომ მინიმალური საჭიროებები დაფაროს.

  • ამ დღეებში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ნინო წილოსანი ხალხს გუდაურში დასასვენებლად იწვევდა, – ნახეთ, რა კარგია, ამოდითო. ამ მონაცემებით, რაც ახლა განვიხილეთ, შეუძლიათ კი ადამიანებს თუნდაც სამი დღით გუდაურში დასვენება?

იმ სოციალური გასაცემლების გათვალისწინებით, ასევე იმ ანაზღაურებით, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, არათუ დასვენების ხარჯების გაწევაა შეუძლებელი, იმ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება ფიზიკურად გადარჩენისთვის.

რეალურად, ეს ადამიანები, ყოველდღიურად იბრძვიან იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ.

  • ევროინტეგრაციის მომხრე იმიტომაა ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად დაძლევს ხალხი სოციალურ უთანასწორობას. ამიტომ „ოცნების“ მიერ ამ პროცესის შეჩერება მოსახლეობამ აღიქვა მათი კეთილდღეობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. როდის უნდა დაწყებულიყო ამ უსამართლობის წინააღმდეგ მოძრაობა?

დიახ, ასეა ნამდვილად, რადგან დღეს ძალიან დიდია სოციალური უთანასწორობის განცდა ამ ქვეყანაში.

კატასტროფული შედეგები გვაქვს ბავშვების სიღარიბესთან დაკავშირებით და როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვა უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს უფლებები ირღვევა სხვადასხვა პროპაგანდის სახელით და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ მოაგვაროს ხალხის რეალური პრობლემები, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა იმ პოლიტიკური ძალის ქმედებები, რომელიც ფაქტობრივად მართავს დღეს ქვეყანას.

ამ დროს კი ბავშვები და მათი მშობლები ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან.

კატასტროფული შედეგები გვაქვს არა მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვებთან მიმართებით, იგივე „იუნისეფის“ მონაცემებით, ბავშვების 38 პროცენტი მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონეა და ეს მონაცემები კიდევ უფრო მაღალია სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში, სადაც ბავშვების 40 პროცენტზე მეტი განიცდის მატერიალურ დანაკლისს.

ასეთ ვითარებაში რომელ კეთილდღეობასა და დასვენებაზე ვლაპარაკობთ, როცა ბავშვების 5 %-ზე მეტს აქვს ხილისა და ბოსტნეულის მიღების დეფიციტი, 14 %-ზე მეტს ბავშვს აქვს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა საჭიროებების დანაკლისი.

ელემენტარულად, სათამაშოებიც კი არ აქვს ბავშვების ნაწილს. აღარ ვსაუბრობთ საკვების დანაკლისზე, რაც ძალიან სერიოზულია. ამ ყველაფრის ფონზე კი „ოცნების“ წარმომადგენლები გვიყვებიან იმაზე, რომ ყველაფერი რა ძალიან კარგად არის.

  • ერთ-ერთი ლექტორი (საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციაზე) ამბობდა, რომ მას 1 ლექციაში სახელმწიფო 6 ლარს უხდის, ანუ ადამიანები იძულებულნი არიან, რამდენიმე სამსახურში დასაქმდნენ იმისათვის, რომ გადარჩნენ. რატომ გვყავს მდიდარი მაღალჩინოსნები მაღალი პრივილეგიებით, თუ სახელმწიფო ხალხისთვის ვერ ქმნის სამართლიან სოციალურ გარემოს?

ეს არის იმის მიმანიშნებელი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალები ვერ აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. აიგნორებენ მოსახლეობას და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულნი.

გვყავს დე ფაქტო მმართველი პარტია, რომელიც ხალხის ბიუჯეტიდან იღებს სიკეთეებს, ხალხის საჭიროებებზე კი მინიმალურად არ ზრუნავს.

ვხედავთ იმასაც, როგორ იყენებს „ოცნება“ სოციალურ მოწყვლადობას პარტიული ინტერესებისთვის. მათ შორის, ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის.

ეს გამოჩნდა არჩევნებამდე პერიოდში, ეს გამოჩნდა არჩევნების დროსაც, როდესაც „ოცნებამ“ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების მოწყვლადობა გამოიყენა მათზე ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, რომ მათ შეუჩერებდნენ სახელმწიფო დახმარებას, თუ არ მისცემდნენ  ხმას.

ამიტომ სიღარიბე ყოველთვის ძალიან დიდ რისკს შეიცავს, რომ პარტია ამას გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის.

  • დღეს რეალურად ხალხს არა მარტო თვითგადარჩენისთვის, უკვე სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც უწევს ბრძოლა, რადგან როგორც ვხედავთ, ქვეყანას მართავს არაღიარებული ხელისუფლება. თუმცა ამ ქვეყანაში ყოველთვის სუსტი იყო სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლა. რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ კრიზისის დასაძლევად სამომავლოდ?

როცა სახეზე გვყავს არალეგიტიმური მთავრობა, ამ ტიპის ცვლილებების გატარება და რეალურად ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება, ცხადია, შეუძლებელია.

სოციალური სისტემაც ისეა მოწყობილი, რომ მარტივად შესაძლებელია სახელმწიფო აპარატი გამოიყენო ადამიანის წინააღმდეგ. ამიტომ, რა ტიპის მოთხოვნები უნდა იყოს ან რა ტიპის ბრძოლა უნდა აწარმოოს საზოგადოებამ ამ უსამართლობის დასაძლევად, ამაზე სამწუხაროდ არ არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრებები საზოგადოებაში. ფაქტია, რომ სამომავლოდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: