„მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და Deep State-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე მალადოი“ – ასე დაიწყო თავისი სიტყვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
„თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში.
ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა ნაკლები გავაკეთო ვინმეზე.
რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერი, კვამლს რომ უშვებს, მხოლოდ ფერს, მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.
რაც შეეხება, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა – ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.
გირაოზეც მინდა რომ გითხრათ, ეს შეგიძლიათ თქვენ განსაზღვროთ, მაგრამ მე გთხოვთ, რომ გირაო დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით.
თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს ოთხიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის“ კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ“- თქვა ონისე ცხადაძემ და ასანთის კოლოფი ისროლა პროკურატურის მხარის მიმართულებით. მოსამართლის შენიშვნას მან უპასუხა, რომ „ამ წამიდან გაითვალისწინებს“.
28 წლის სთენდაფერი, იუმორისტი ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა მას სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დებს ბრალს: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ელის.
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რეზო კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმის განხილვა.
______________
ფოტოზე: ონისე ცხადაძე. თბილისის საქალაქო სასამართლო, 10 იანვარი