„არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა.

მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ ხარჯებზეც, რაც სტუდენტის ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ახლავს – ბინის ქირა, კომუნალურები, საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან არ ეგონათ, რომ მათი შვილები მაღალმთიან აჭარაში მდებარე უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდნენ.

მათი ინფორმაციით, „ამ გაუგებრობაში“ ათობით სტუდენტი აღმოჩნდა. სტუდენტების ნაწილმა პირველ სექტემბერს განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანა და პრობლემის მოგვარება ითხოვა.

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ სწავლის გაგრძელებაში“ – წერია განცხადებაში, რომლის ავტორები სამინისტროს ორი სავარაუდო გამოსავალს სთავაზობენ:

  1. ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს მისცენ დაშვება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე. ეს არის ერთჯერადი გამონაკლისი იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეს ბარიერი, თუმცა ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხნენ;
  2. ხიჭაურის უნივერსიტეტმა სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს შესთავაზოს ონლაინ ან ჰიბრიდული სწავლება.

მშობლები, რომლებმაც სამინისტროში განცხადება ჩააბარეს, „ბათუმელებთან” საუბრისას ამბობენ, რომ უწყების წარმომადგენელმა, რომელიც მათ შეხვდა, გაესაუბრა და ოფიციალური განცხადებით მიმართვა ურჩია, მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გამორიცხა.

რაც შეეხება ჰიბრიდული სწავლების შესაძლებლობას, ამის შესახებ სამინისტროსგან პასუხს სტუდენტები და მათი მშობლები უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

„ვიყავი განათლების სამინისტროში, რომ როგორც მრავალშვილიანი დედა, როგორც თბილისში მაცხოვრებელი, გაგვითვალისწინონ.

ჩემთვის ძალიან რთულია – თბილისში ვმუშაობ, უმცროსი შვილები აქ მიდიან სკოლაში და უფროსი უნდა იყოს მოწყვეტილი სახლს. თან, ძალიან მეხმარებოდა პატარა ბავშვების მოვლაში – მიჰყავდა-მოჰყავდა. მე მესმის, რომ რეგიონებიდან თბილისშიც მოდიან სტუდენტები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ მარჯვენა ხელი რომ მოგაცალონ, იგივე იქნება. 4 შვილის დედობა ისედაც რთულია ფინანსურად და იქ თუ გავუშვი, ბინა უნდა ვუქირავო, კომუნალურები, საჭმელი ხომ უნდა?!

არ ვიცოდით მანამდე სად იყო ეს უნივერსიტეტი, არ ჩანდა ცნობარში. ამიტომ მოვყევით ამ გაუგებრობაში.

იქნებ მისცენ მეორადი ჩარიცხვის შანსი, როგორც სხვებს მისცეს. დისტანციური სწავლებაც მოსახერხებელი იქნება”, – ამბობს ხიჭაურის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხული ერთ-ერთი სტუდენტის დედა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

  • რატომ შეიქმნა პრობლემა – სტუდენტების განმარტება

ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, აცხადებენ, რომ გაუგებრობა უნივერსიტეტის სახელწოდებამ გამოიწვია.

ხიჭაურის უნივერსიტეტს ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”. სტუდენტების ნაწილს ეს სახელწოდება აერია „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში”, რომელიც თბილისში მდებარეობს, ზოგიერთი სტუდენტი კი ამბობს, რომ რეგიონში მდებარე ყველა უნივერსიტეტის სახელწოდებაში მითითებულია მისი მდებარეობა და რადგან ამ შემთხვევაში ქალაქი დაკონკრეტებული არ იყო, ავტომატურად ჩათვალეს, რომ ეს უნივერსიტეტი თბილისში უნდა ყოფილიყო.

მაგალითად, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდებიდანვე ცხადია, რომ ის ბათუმში მდებარეობს.

ასევეა, მაგალითად, „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა“ და „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შემთხვევაში. ხიჭაურის უნივერსიტეტის სახელწოდებაში კი – როგორც მას არაფორმალურად უწოდებენ, არ არის ნახსენები სოფელი ხიჭაური, ან შუახევის მუნიციპალიტეტი.

„ყველა უნივერსიტეტს, რომელიც თბილისის გარეთ მდებარეობს, მითითებული აქვს, მაგალითად, ქალაქი ქუთაისი, გორი და ა.შ. ამას არ ჰქონდა მითითებული სად მდებარეობდა. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ თბილისი იყო და ჩავწერეთ. მანდ მოვხვდი. საერთოდ ამ ადგილის შესახებაც არ ვიცოდი, სად იყო. 

ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ რაღაცას: არ ვამბობთ, რომ სწავლა არ გვინდა. უმაღლესი განათლების მიღება ყველას გვინდა. თუმცა, ჯერ ერთი, უნივერსიტეტი მდებარეობს საკმაოდ შორის. მეორე – ბინები აღარ არის დარჩენილი, რომ ვიქირავოთ. თუ უნივერსიტეტს უნდა ამდენი ბავშვის მიღება, ხომ უნდა გაითვალისწინონ სად იცხოვრებს ამდენი ადამიანი?! იქნებ დაუშვან, რომ ონლაინ იყოს სწავლება და გამოცდების პერიოდში ჩავიდეთ“, – ამბობს ნიკა გიგაური, რომელიც თბილისში ცხოვრობს, სწავლის გაგრძელებასაც თბილისში გეგმავდა, მაგრამ ხიჭაურის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

გარდა ამისა, სტუდენტები ამბობენ, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მათი პრიორიტეტი არ იყო და სარეიტინგო სიაში 1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილებზე იმ უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები მიუთითეს, სადაც სურდათ ჩარიცხვა. ძირითადად, საუბარია თბილისში მდებარე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ასევე – ტექნიკურ უნივერსიტეტზე.

ხიჭაურის უნივერსიტეტი სტუდენტებს პრიორიტეტული სიის ბოლოს ადგილებზე ეწერათ, ამიტომ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია არ მოიძიეს.

თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელსაც განათლების ექსპერტები ხშირად „განათლების დეფორმას“ უწოდებენ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კვოტები შემცირდა, რამაც გაზარდა კონკურენცია აბიტურიენტებს შორის, ამიტომ ბევრი სტუდენტი ვერ მოხვდა იმ უნივერსიტეტში, რომელიც მისი პრიორიტეტების სიაში 1-ელ, მე-2, ან მე-3 ადგილზე ჰქონდა მითითებული.

ასე აღმოჩნდა აბიტურიენტთა ნაწილი იმ უნივერსიტეტში, რომელიც სიაში „ყოველი შემთხვევისთვის“ ჩაწერა.

მაგალითად, მარი ხაბაზიშვილს პრიორიტეტულ ჩამონათვალში სულ 15 პროგრამა ჰქონდა მითითებული. მათგან 14 თბილისში მდებარე უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები იყო და მხოლოდ ერთი, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინა – შუახევის მუნიციპალიტეტში. მას წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მე-9 ადგილას ეწერა და სწორედ იქ მოხვდა.

ახლა მარი ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნა ჰიბრიდული სწავლების შესახებ არ დაკმაყოფილდება, დროებით გადავა საცხოვრებლად შუახევში, შემდეგ კი ეცდება მობილობით თბილისში მდებარე რომელიმე უნივერსიტეტში გადავიდეს.

„თავიდან მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ასე, მაგრამ იმდენი გამოჩნდა – 100-ზე მეტნი ვართ, ვისაც ჩემსავით აერია, თუ არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არ გვაქვს ყველას ამდენი შესაძლებლობა ფინანსურად, ან თუნდაც ფსიქოლოგიურად, რომ იქ წავიდეთ და იქ ვისწავლოთ.

სამინისტროში როცა განცხადება დავტოვეთ, გვითხრეს, რომ რადგან ბევრი ხართ, შეიძლება რამე გეშველოთო. თუ ამ განცხადება რაიმე ცვლილება მოახდინა, ვთქვათ, ონლაინ რომ ჩავერთოთ და გამოცდების ჩასაბარებლად ჩავიდეთ, კარგი იქნება. თუ არა და, არ მინდა, რომ შრომა წყალში ჩამეყაროს და განათლების გარეშე დავრჩე. ალბათ, გადავალთ იქ და ვეცდები, რომ მობილობით გადმოვიდე მერე ისევ აქ“, – ამბობს მარი ხაბაზიშვილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ სტუდენტები და მათი მშობლები განცხადებაზე პასუხს განხილვის შემდეგ მიიღებენ.

რაც შეეხება საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს, აქ როგორც კი გაიგეს, რომ „ბათუმელებიდან“ ვუკავშირდებოდით, მობილური გათიშეს და არც განმეორებით ზარებს და არც შეტყობინებებს აღარ უპასუხეს.

„ბათუმელები“ ესაუბრა განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას. ის მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება, თუ ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს ხელახალი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მათთვის სასურველი პროგრამების შესარჩევად და პრიორიტეტების განსასაზღვრად წელს აბიტურიენტებს გაცილებით ნაკლები დრო ჰქონდათ და არაერთ შემთხვევაში, გაუგებარი იყო კონკრეტული პროგრამის ბედი.

„ღიად ამბობს ხალხი, რომ ვერ მიხვდნენ, რომ ეს იყო ზემო აჭარაში. სამართლიანი იქნება, რომ მისცენ ხელახლა რეგისტრაციის უფლება, როცა მეორად ჩარიცხვებს გააკეთებენ. სხვა საკითხია, არის თუ არა ადგილები იმ პროგრამებზე, რომლებზეც ეს აბიტურინენტები აბარებდნენ და ჩააბარეს. მაშინ სხვა რამე უნდა გაკეთდეს: ან კვოტები უნდა გაიზარდოს, ან უნივერსიტეტებს უნდა მისცენ უფლება, რომ თვითონ გადაანაწილონ ის ადგილები, რაც დარჩათ. 

მაგალითად, თუ უნივერსიტეტს დარჩა ადგილები ფიზიკაზე, მაგრამ იქ არ უნდა ჩაბარება და უნდათ, ვთქვათ, სოციოლოგიაზე, სადაც აღარ არის ადგილები, უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს, გადაანაწილოს. ეს იქნება, ჩემი აზრით, სამართლიანი”, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. სტუდენტებს 2 კვირაზე ნაკლები აქვთ სამინისტროსგან პასუხის მიღებისა და გადაწყვეტილების მისაღებად.

ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლა 15 სექტემბერს იწყება.

მეწყერმა ქობულეთის სოფელ აჭში სახლი დააზიანა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში მეწყრის შედეგად ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მეწყერმა დარეჯან სალუქვაძის საცხოვრებელი სახლის კედელი შეანგრია. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც, თუმცა სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა.

მერიის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

„გუშინვე გამოძახებული იყვნენ გეოლოგები და მოხდება მდგომარეობის შესწავლა. ამ ეტაპზე სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახია დაზარალებული“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

_______________

ფოტოზე: აჭში მეწყრის შედეგად დაზიანებული სახლი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 491 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 324 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 263 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 49 016 ერთეული [+62]
  • MLRS – 2 081 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 598 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 494 146 ერთეული [+1 969]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 464 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 142 715 ერთეული [+383]
  • სპეცტექნიკა – 4 625 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 070 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

„მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე და აქვე გვიზიარებს, ეს სადღაც 6 ქართული ბრიგადა გამოდის, ან სრულყოფილი 4 ბრიგადაო.

„ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე შემოვიდა ერთ ღამეში საქართველოში,“ – დასძენს სამხედრო ანალიტიკოსი.

ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, პუტინს ცეცხლის შეწყვეტა ლოგიკურად აწყობს, მაგრამ უცნობია, რა ხდება მის გარშემო. მონაცემების მიხედვით კი, რუსეთს დაახლოებით კიდევ 3 სამი წელი შეუძლია ამ ტემპით იომოს.

ამასობაში, უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კუპიანსკიში. გადამდგარი გენერალი ამბობს, ეჭვი მაქვს, იმ დანაყოფმა მიაღწია წარმატებას, სადაც უცხოელი მოხალისეები არიანო.

რა იცვლება ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, წუხელ 12 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად. რა ხდება საჰაერო თავდაცვითი ბალისტიკური საშუალებების მიწოდების კუთხით უკრაინისთვის? 

რუსეთი რეალურად გადავიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, რაც გამოიხატება ქალაქების დაბომბვით იმ მომენტში, როცა ხალხი ქუჩებშია. რუსები ურტყამენ სავაჭრო ობიექტებს და ასე შემდეგ. წუხელ, მაგალითად, 29 მოხვედრა იყო.

უკრაინამ გუშინ შეძლო 169 ბალისტიკური რაკეტის და ბევრი დრონის ჩამოგდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უკრაინას სჭირდება ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, რომელიც შემცირებული აქვს, ძალიან უჭირს და ამას აცხადებს ზელენსკი მუდმივად იმ ფონზე, როცა ფრონტის ხაზზე ცვლილებები არ არის.

ამავე დროს, უკრაინაც თავის მხრივ ახორციელებს დარტყმებს რუსეთზე – ისე არ არის, რომ ცალ კარში მიდის თამაში. საკმაოდ ეფექტიანად ურტყამენ უკრაინელები რუსეთს. წუხელ დაარტყეს სამხედრო ბაზა ციმბოლოვოს, ორლოვის ოლქში, სადაც რუსებს აქვთ ერთ-ერთი შორი მოქმედების დრონების გამშვები პუნქტი. სხვათა შორის, 10 ბაზა აქვთ რუსებს მოწყობილი, რასაც ეძახიან „დრონო პორტებს“.

რუსების გონიერებას საზღვარი არა აქვს: ეს პუნქტები განალაგეს უკრაინის საზღვართან ახლოს, რათა მისწვდომოდნენ, რაც შეიძლება შორ მანძილზე. ფაქტობრივად, მათი მოქმედების რადიუსში შედის სამხრეთ ფინეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, პოლონეთი, თურქეთი. სამაგიეროდ, რუსეთი თვითონ არის მოწყვლადი – უკრაინელებს შეუძლიათ ძალიან ადვილად მისწვდნენ და ამას აკეთებენ კიდევაც – ახლა ამ დრონოპორტებზე დარტყმები დაიწყეს.

დღეში საშუალოდ 1000-მდე დრონს უშვებს უკრაინა რუსეთის მიმართულებით. გელენჯიკში, სადაც პუტინის რეზიდენციაა მოწყობილი და ძალიან კარგად იყო დაცული, უკრაინელებმა მეთოდურად დაიწყეს მისი დამუშავება: 7 აგვისტოს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს დაარტყეს და ჩაახშვეს ეს საშუალებები – „ვოლნა“, „კუპოლი“, „გარანტი“. ფაქტობრივად, დააბრმავეს. 9 აგვისტოს დაარტყეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, მათ შორის, S-400-ს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყირიმიდან რუსებმა ნაწილობრივ გაიტანეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მოსკოვის დასაცავად. ყირიმში გატანა-შემოტანა მარტივად არ ხდება, ვინაიდან საჰაერო დარტყმებით იზოლირებული აქვს უკრაინას ყირიმი. ამ დარტყმების შედეგად საწვავის და წყლის პრობლემებია. მოწყვეტილია მატერიკს ყირიმი.

ამას მოჰყვება შემდეგი სერიები. ყირიმის სრული იზოლაციისა და ჩახშობისთვის უკრაინას გააჩნია დღეს საჭირო საშუალებების 14%. თუკი უკრაინა შეძლებს, რომ 86%-ს თავი მოუყაროს, მაშინ ყირიმი იქნება განწირული. როგორც მადიარი [უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი] აცხადებს, ყირიმი იყო, პირველ რიგში, დაპყრობილი, ყირიმი იქნება გათავისუფლებული, პირველ რიგში.

  • შეიძლება ამ ომში გარდამტეხი აღმოჩნდეს დრონებით თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე? 

ეს მაინც არის რუსეთის იძულება მოლაპარაკებებისადმი. ჯერჯერობით უკრაინას არ აქვს რესურსი, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა განახორციელოს ფრონტის ხაზზე ისევე, როგორც რუსებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ რაღაც გარღვევა განახორციელონ.

დღეს, მაგალითად, უკრაინელებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხარკოვის რაიონში, კუპიანსკიში და შვიდი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ოპერაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს უცხოელმა მოხალისეებმა. ჩემი მოსაზრებით, ესენი უფრო სამხრეთ-ამერიკელები იყვნენ, კოლუმბიელები და ბრაზილიელები, რომლებიც მრავლად არიან უკრაინის არმიის შემადგენლობაში.

შვიდი კვადრატული კილომეტრი დიდი არაფერია, მაგრამ ტენდენციას აჩვენებს. უკრაინელები ასევე აქტიურობენ დოლგოპოლიეს რაიონში. ამიტომაც, რუსები ფრონტის ხაზზე სტაგნაციის პირობებში არიან და ძირითადი აქცენტი არის საჰაერო ზემოქმედებაზე.

ვფიქრობ, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილება უახლოეს პერიოდში არ იქნება. ყველაფერი გადატანილია დისტანციურ ზემოქმედებაზე.

  • ამ სტაგნაციური მოცემულობის მიუხედავად, რატომ არ ურჩევნია პუტინს ცეცხლის შეწყვეტა? „Economist“-ის ინფორმაციით, პუტინს თავისი გარემოცვისთვის უთქვამს: ჩამომახრჩობენ დონბასის სრულად აღების გარეშეო. პუტინის აზრით, რუსეთი უფრო დიდხანს გაუძლებს გამოფიტვას, ვიდრე დასავლეთი?

დიახ, მაგის ილუზია გააჩნია პუტინს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა ინფორმაციას აწვდიან პუტინს. ჩემი აზრით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ვიზიტი მოსკოვში, გარკვეული წყაროების მონაცემებით, ასევე დაკავშირებული იყო იმასთან, რომ პუტინისთვის დაენახებინათ ის მძიმე, რეალური სურათი და შესაძლებლობა, რაც გააჩნია რუსეთს ამ მიმართულებაზე.

როგორც ინფორმაციამ გაჟონა, თითქოსდა პუტინს ზელენსკის ახალი გეგმა ცეცხლის შეწყვეტაზე წარუდგინეს. პუტინს რომ ნება მისცე რუსეთის ბოლო მოქალაქემდე შეუძლია იომოს – მთავარია, რა პირობებში ჩააყენებენ მას არამარტო უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები, არამედ საკუთარი მომხრეები.

  • რამდენად რეალურია მობილიზაციის გამოცხადების მოლოდინი? ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ჩიხიდან გამოსვლას პუტინი უკან დახევით კი არა, კონფლიქტის ახალი ესკალაციით გეგმავს. თქვენთვის რა ჩანს დღევანდელი გადასახედიდან – ემზადება პუტინი ახალი კამპანიისთვის?

ძალიან რთულია პუტინის პროგნოზირება. ჯერჯერობით, არ ჩანს ახალი კამპანიისთვის გააქტიურების ნიშნები. ჩანს, რომ რუსეთი გააქტიურდა ნატოს მიმართულებით, ნატოს მზადყოფნის შემოწმების მიზნით. ეს გამოიხატება იგივე დრონების შეფრენაში, საზღვრების სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების პროვოკაციებში, სხვა დივერსიულ მოქმედებები. მაგალითად, ჩეხეთში, ერთ-ერთ სამხედრო საწარმოსთან, უცნობმა პირებმა შიშის დათესვის მიზნით დადეს ამ საწარმოს ხელმძღვანელების ფოტოები შავი ლენტით და გლოვის გვირგვინებით.

მობილიზაცია თუ იქნება რუსეთში, იქნება დაახლოებით სექტემბრის 24-დან, ანუ როცა ჩაივლის არჩევნები, თუმცა არა მგონია, პუტინმა გაბედოს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს. ისევ იქნება პერმანენტული, ფარული მობილიზაცია, რაც იყო მანამდეც. მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა.

20 000 კაცი ეს არის – უხეშად რომ ვთქვათ – ექვსი ქართული ბრიგადა ან ოთხი სრულყოფილი, ქვეითი ბრიგადა. ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე ხალხი შემოვიდა ერთ ღამეში საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

  • ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა დივერსიული ქმედების მიღმა, ჩანს უფრო დიდი საფრთხე, მაგალითად, ბალტიისპირეთში? ასევე, ცნობილია, რომ ფინეთმა საზღვრის მონიტორინგისთვის შვედეთს სთხოვა ავიაციითა და სამხედრო ხომალდებით დახმარება.

ისედაც ახორციელებს ნატო ჰაერში პატრულირებას ბალტიის ქვეყნების თავზე. ახლა ალბათ კიდევ უფრო გააძლიერებენ.

ისე რომ მკითხოთ, 2022 წელს, როცა რუსეთი საბრძოლო მზადყოფნის პიკზე იყო, უკრაინის მაგივრად რომ დაერტყა ბალტიის ქვეყნებზე, არა მგონია, ნატოს რეალური პასუხი გაეცა მაშინ. დღევანდელ რეალობაში კი, ეჭვი მეპარება, რუსეთს იმდენი ძალა ჰქონდეს, უკრაინის ფრონტის პარალელურად ახალი ძალები შექმნას ამ მიმართულებაზე.

რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს ბელორუსის დაკავშირებას საომარ მოქმედებებთან. ფაქტია, რომ ბელორუსი არის მნიშვნელოვანი პლაცდარმი რუსეთისთვის უკრაინის მიმართულებაზე თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით, სამხედრო ინფრასტრუქტურით, რომელიც რუსეთს ეხმარება. საწვავიც ბელორუსიდან რუსეთში აქტიურად შედის, სხვა პროდუქტზე აღარაფერს ვამბობ.

ერთადერთი საომარ მოქმედებებში ვერ დაიყოლია პუტინმა ლუკაშენკო, რომელიც ძალიან თეატრალურად აჩვენებს, თქვენიანი ვარო. ნუ დაგვავიწყდება, რუსეთი უფრო მკაცრ ზომებსაც მიიღებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მაგრამ ეშინია, ბელორუსი საერთოდ არ დაკარგოს. ბელორუსი, ფაქტობრივად, ტრამპლინია ევროპაში შესასვლელად რუსეთისთვის.

  • რაში სჭირდება რუსეთს ეს დივერსიული მოქმედებები ნატოს წევრ ქვეყნებთან? 

მოსახლეობაში შიშის დანერგვა: იქნებ, არ დავეხმაროთ უკრაინას და ჩვენ თავს მივხედოთ… თუ არ დავეხმარებით უკრაინას, ომი დასრულდება და ჩვენც კარგად ვიქნებით.

  • ზელენსკის თქმით, ომის დასრულებისთვის არსებული „ფანჯარა“ 2027 წლის ზაფხულამდე იარსებებს, ანუ ვიდრე აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი გააქტიურდება. თქვენი აზრით, რამდენად არსებობს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა დღეს? 

მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ამ წლის ბოლომდე შესაძლოა რაღაც ნაბიჯები გადაიდგას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებები დაიწყოს. მართალია, ამას გასულ წელსაც ვამბობდი, რადგან ლოგიკურად რუსეთს ეს აწყობდა. დღევანდელი მოქმედებები აჩვენებს იმას, რომ მხარეები ემზადებიან მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციებით მივიდნენ.

ლოგიკურად ახლაც შეუძლია რუსეთს ცეცხლი შეწყვიტოს და ამით ის არ დაკარგავს არაფერს და თავის მომხრეებსაც შეუძლია მიყიდოს: აი, წარმატებას მივაღწიეთო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით შიგნით რა ხდება, სამზარეულოში, პუტინის საახლობლოში. რთულია პუტინზე რაღაცის პროგნოზირება.

გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე წინა ინტერვიუში თქვენთან: პუტინს შეუძლია სამი წელი იომოს ისე, რომ მშიერი იქნება. ის, რომ საწვავი არა აქვს რუს მოსახლეობას, მას ნაკლებად ადარდებს მსგავსი პრობლემები.

  • ევროკომისიამ უკრაინისთვის 6,1 მილიარდი ევროს თავდაცვითი შესყიდვები დაამტკიცა. მაშინ თავდაცვითი ბალისტიკური საშუალებების მიწოდება რატომ არის პრობლემა, რის გამოც უკრაინის ქალაქების დაბომბვას პერიოდულად რუსეთი ისევ ახერხებს? 

მისი წარმოება ხერხდება გარკვეული რაოდენობით, მაგრამ არა იმ ოდენობით, რაც ჩვენ გვინდა. რუსეთის მიმართულებით დღეში 1000 დრონამდე როცა ავა ქვეყანა, წარმოიდგინეთ იქ რა მასშტაბის წარმოებაა საჭიროა. მარტო 2026 წლის აგვისტოში 9 ქვეყანასთან დაიდო ხელშეკრულებები. ბოლოს იყო ფინეთთან ხელშეკრულება უპილოტო საჰაერო, საზღვაო სისტემების და სახმელეთო რობოტების ერთობლივი წარმოების შესახებ.

ამავე ხელშეკრულებაში შედის დრონგადამჭერების, ანუ ჰაერსაწინააღმდეგო დრონების წარმოება. ეს იაფი და საკმაოდ ეფექტურია რაკეტებთან შედარებით.

გარდა ამისა, უკრაინელებს ფრანგები აძლევენ ჰაერსაწინააღმდეგო „Aster“-ის წარმოების ნებართვას, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მოქმედება, ასევე აძლევენ რადარებს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისთვის.

ეს ცალმხრივი პროცესი არ არის: უკრაინაც აწვდის ბევრ რამეს ევროპას, მაგალითად, იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშნეს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი – ფედორევი. ფედოროვი ამჟამად აშშ-შია საქმიანი ვიზიტით. გაჩნდა ინფორმაცია, რომ მასკი უკრაინელებს მისცემს „სტარლინკს“ რუსეთის ტერიტორიაზე სამოქმედოდაც. არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად ზუსტია, მაგრამ თუ ეს სინამდვილეა, ეს ნიშნავს, რომ დარტყმების შესაძლებლობა ხარისხობრივად და რაოდენობრივად რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან გაიზრდება.

უკრაინას უჭირს შეტევითი, ბალისტიკური რაკეტები. იმედია, დაიწყებენ ამის წარმოებას სერიულად. ამის წარმოება დაიწყო და გამოიცადა კიდეც „Fire Point“ – ის მიერ, მაგრამ სერიული წარმოება ჯერ არ არის დაწყებული.

  • ამ რთულ ვითარებაში, როცა ტრამპის პოზიციები ცვალებადია, ხოლო სიტუაცია ირანში დაძაბული, რა მიდგომა აქვს და ექნება ევროპას უკრაინის მიმართ? – თვალსაჩინოა ევროპის და ასევე აშშ-ს უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა, თუმცა დასავლეთი არ აპირებს რუსეთის სამხედრო ძალით დამარცხებას და ელოდება რუსეთის გამოფიტვას? 

დასავლეთის დახმარება გაიზრდება უკრაინის მიმართ. უფრო და უფრო იქოქება სამხედრო  წარმოება, უკრაინულ-დასავლეთის თანამშრომლობა, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო 2023 წელს და თანდათანობით აიღო ინერცია.

უკრაინელები აწვდიან ევროპელებს დეტალურ ინფორმაციას ბრძოლის ველზე გამოჩენილ რუსულ ტექნიკაზე, მათ ტექნიკურ – ტაქტიკურ მახასიათებლებზე. ეს მონაცემები უკვე აღარაა გუგლზე, ან ვიკიპედიაში მოძიებული ინფორმაცია.  აღნიშნული რეალური მონაცემები სჭირდება დასავლეთს სამხედრო ხელოვნური ინტელექტის გასაძლიერებლად.

ამჯერად ფედოროვი სთავაზობს შტატებს, რომ მზად არის დაეხმაროს დრონების საჰაერო ფლოტის შექმნაში და სამაგიეროდ „პატრიოტები“ მოგვაწოდეთ უკრაინასო. სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჟღერდება.

ომი არ არის მხოლოდ სამხედრო ძალა. აქ არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საინფორმაციო – სოციალური შემადგენელი.

  • გაჩნდა სკეპტიკური შეფასება, რომ რეალურად დასავლეთი არ ინდომებს სამხედრო ძალით რუსეთის დამარცხებას და ამ ვითარებაში უკრაინა ელოდება რუსეთის გამოფიტვას. 

ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი საბრძოლო მარაგების კრიტიკული, დასაშვები ზღვარი, რომლის ქვევითაც ის ვერ დაიყვანს თავის შეიარაღებას. გარდა ამისა, ყველა ქვეყანა თვითონ ამ იარაღს აღარ აწარმოებს. ამ ქვეყნებს თავისი ამომრჩეველი არ მისცემს უფლებას და არც სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა მისცემს უფლებას, რომ იარაღი უკრაინას გადასცენ.

ევროპის ქვეყნებში ძველი მარაგები რაც იყო, უკვე გაიცა. ახლა სჭირდებათ ახლის წარმოება. აქ დიდია ბიუროკრატია და ამას შეიძლება შეეხოს კრიტიკა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ უკრაინასა და ცალკეულ ქვეყნებს შორის უკვე ფორმდება ხელშეკრულებები. დრო სჭირდება ამას, რომ დაიწყოს შეარაღების წარმოება, მაგალითად, იგივე „Storm Shadow“-ს წარმოება.

რომ არა დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა, ეჭვი მეპარება, უკრაინა ასეთი წარმატებული ყოფილიყო ბრძოლის ველზე.

მზია ამაღლობელის საქმის ცრუმოწმე პოლიციელი გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის უფროსად დანიშნეს

გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილება 2 თვის წინ განხორციელდა.

გოჩა ვანაძის სახელი და გვარი ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმიდან“ გახდა – გოჩა ვანაძე ამ საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია. იგი ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო, როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავეს.

გოჩა ვანაძემ მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით თავად დააკავა. სინამდვილეში კი, აქციაზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს და მოსამართლემ სალიხ შაინიძემაც დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც ჯერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციიდან გაუშვეს და ბოლო ცნობებით, სამშენებლო კომპანიის დაცვის უფროსად დაასაქმეს.

2025 წლის 6 აგვისტოს, როცა მზია ამაღლობელს მოსამართლე სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები გოჩა ვანაძის გამოჩენას სკანდირებით – „ცრუმოწმე! ცრუმოწმე“ – შეხვდნენ. 

ამ თემაზე:

სასამართლომ მზია ამაღლობელს თავის დაცვის უფლება ჩამოართვა – ადვოკატების განცხადება

Letter Five: Garibashvili Names Kobakhidze and Raises Questions Over Several Suicides Under His Government

Imprisoned former Prime Minister Irakli Garibashvili has issued his fifth public letter from prison, this time addressing Mamuka Mdinaradze’s resignation and accusing Mdinaradze and Prime Minister Irakli Kobakhidze of causing “grave and irreparable damage” to the country, its people, and the Georgian Dream party.

Garibashvili also returns to the claims outlined in his first letter, in which he alleged that he had received a blackmail letter and published a photograph of the printed document. In his latest letter, he seeks to explain what he says prompted the suspicions against him and ultimately led to attempts to eliminate him politically and prosecute him on corruption charges.

According to Garibashvili, the suspicions were linked to an interview with human rights defender Lazare Jorbenadze published in the newspaper Asaval-Dasavali. In the interview, Jorbenadze claimed that he had seen Kobakhidze sign a document concerning the transfer to Azerbaijan of territories belonging to the David Gareji monastery complex that, according to the claim, had been promised by Saakashvili to Aliyev. Garibashvili says Mdinaradze and Kobakhidze suspected that the article had been commissioned by him, reinforcing their belief that he was behind critical publications and prompting a desire to “eliminate even a 1% possibility of his return to politics” by prosecuting him under corruption charges.

Garibashvili further writes that he recently learned that Jorbenadze had died by suicide, which, he says, raises questions about the circumstances of his death. He also points to ‘several other suicides that occurred during the Kobakhidze–Mdinaradze government’, arguing that unanswered questions remain surrounding those deaths

“I believe the public is now convinced that the letter I published is authentic and that the facts stated in it are true. Mamuka Mdinaradze made such serious and egregious mistakes in this matter that they resulted not only in his removal from office, but also in his departure from politics. However, I would like to make my position clear to the public: removing Mdinaradze from politics cannot erase the grave and irreparable damage inflicted on the country, its people, and Georgian Dream with the involvement of both him and Irakli Kobakhidze.

I would once again like to explain to the public what the first part of the letter sent to me meant. It mentioned journalist Dito Chubinidze, Irma Inashvili, and the perceptions and suspicions that had arisen because of their activities. On this matter, Ms. Irma Inashvili herself has made it clear that I had no involvement, and have no involvement, in their political or journalistic activities. I might never have said anything at all about journalist Dito Chubinidze’s articles had I not learned, quite by chance, of a disturbing fact a few days ago. It was precisely because of this that I decided to share additional information with the public — information that is directly connected to the letter sent to me by the authorities and to an incident that took place in February of this year.

On February 12, at the instruction of Kobakhidze and Mdinaradze, I was sent an article from the February 2, 2026 issue of the newspaper Asaval-Dasavali. In that article, journalist Dito Chubinidze interviewed former human rights defender Lazare Jorbenadze. The article was primarily devoted to criticism of Kobakhidze and serious allegations made against him.

I was given a confrontational message containing a suspicion based on an entirely false perception — namely, whether I might have been behind the aforementioned article. I am deliberately leaving out other details, but the central accusation and grievance was precisely that they believed they could see my involvement behind such critical articles.

My reaction was, of course, extremely negative. I made it clear to them that they should not come to me again with questions and accusations of this kind; that such commissioned articles were not my way of doing things, but rather characteristic of them. Later, these critical accusations were repeatedly voiced on the air by the television channel Obieqtivi as well.

Now the picture is clear to me, and the answer to all these questions has become apparent: this explains why the first part of the letter stated that “supporters like Dito Chubinidze and Irma Inashvili” had raised serious suspicions and seriously harmed the interests of the Kobakhidze–Mdinaradze team.

This entire story probably would not have been something I needed to make public had I not learned, quite by chance, that some time after the publication of Dito Chubinidze’s aforementioned article, the person interviewed in the article, human rights defender Lazare Jorbenadze, took his own life…

I also learned that, in connection with the death of the late human rights defender Lazare Jorbenadze, the newspaper Asaval-Dasavali itself openly raised questions and cast doubt on the suicide theory.

The following question must be answered: What was the real cause of the death of human rights defender Lazare Jorbenadze?

I am raising this question publicly because questions surrounding the deaths by suicide of several people that occurred during the rule of the Kobakhidze–Mdinaradze government remain unanswered in the public sphere to this day,” – reads the fifth letter sent out by imprisoned ex-prime minister Irakli Garibashvili.

Lazare Jorbenadze; Cover photo of the newspaper Asaval-Dasavali, February 2, 2026 issue

ბათუმში 26-სართულიანის მშენებლობის გამო გზა დაიბზარა, მოქალაქეს კი ეზო ენგრევა

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლების წინ მიმდინარე 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ქუჩაში ასფალტი დაიბზარა, ხოლო ეზოების კედლები ინგრევა.

თემურ ჯიჯავაძე მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ეზოს მესერი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მშენებლობას ემიჯნება, ინგრევა.

ინგრევა თემურის მეზობლის ეზოს კედელიც.

„ყველა გზას ვეძებთ, რომ ჩვენი ეზოები და სახლები გადავარჩინოთ. ახლა ნაწვიმარია და გადაიფარა დახეთქილი ეზო. ოდნავ რომ მოშრება, ჩანს რამხელაზეა გახსნილი. გვერდით, ბესიკის ქუჩაზე, ბზარი თავიდან უმნიშვნელო იყო, ახლა ათი სანტიმეტრი მაინცაა. როცა მშენებლობა მიდის, მთელი სახლი ზანზარებს.

ვრეკავთ 112-ში, ვრეკავთ მუნიციპალურში, ვრეკავთ მერიაში – არავის რეაქცია არ აქვს და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.

ახლა ჯერ ეზოს კედელი დაინგრა, ერთ დილას ჩემი სახლი რომ დაინგრეს, მაგაზე ვინმე პასუხისმგებლობას იღებს?“ – სვამს კითხვას თემურ ჯიჯავაძე.

ბესიკის ქუჩაზე მშენებლობა №75-77-79 ნომრებში მიმდინარეობს. აქ ადრე პატარა, ბარაკული ტიპის სახლები იყო.

მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასული წლის დეკემბერში გასცა. შესაბამის ბრძანებას ხელს ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე აწერს.

1294 კვადრატულ მეტრ მიწაზე მშენებელმა 26-სართულიანი კორპუსი უნდა ააშენოს. მშენებლობის ნებართვა 2030 წლის 8 აგვისტომდე ვადითაა გაცემული.

ბესიკის ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პროექტის დამტკიცებამდე დაიდო საპროექტო შენობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა.

ამ დასკვნის მიხედვით, კორპუსის მშენებლობისას მისი მომიჯნავე შენობა-ნაგებობები რომ არ დაზიანებულიყო, ამისათვის მშენებელს უნდა მოეწყო ე.წ. ლარსენის შპუნტები.

„საპროექტო შენობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე შესაძლო ზემოქმედების აცილების მიზნით საპროექტო შენობის პერიმეტრზე ეწყობა ლარსენის შურფების [სავარაუდოდ, იგულისხმება ლარსენის შპუნტები] –  კედელი, მთელ პერიმეტრზე 9 მეტრი ჩაღრმავების, რომლებიც ამოღებულ იქნება მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ. ლარსენის შურფები ჩაერჭოს გრუნტში ვიბროჩამძირავით.

აღნიშნული სამუშაოების სათანადოდ ჩატარების შემთხვევაში არ ხდება მომიჯნავე შენობების მიმართ მიწისქვეშა ზემოქმედება და გასათვალისწინებელია ასევე, რომ საპროექტო შენობის საძირკვლის ქვეშ სამშენებლო სიღრმეებზე ფიქსირდება გრუნტის წყლები, მაგრამ ზამთარში საპროექტო ადგილისათვის გრუნტის გაყინვის დონე არის 0 სმ,“ – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

ქუჩა დაიბზარა, სახლების ეზოების კედლები ინგრევა - ხალხი 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შედეგზე

თემურ ჯიჯავაძე, რომლის სახლის კედელიც უშუალოდ ემიჯნება ბესიკის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობას, ამბობს, რომ მშენებელს ექსპერტიზის დასკვნა არ გაუთვალისწინებია და მთელი რვა თვე წესების დაცვის გარეშე აწარმოებდა მშენებლობას.

„ისეთ დღეში ჩაგვაგდეს, მოვიკითხეთ და გავარკვიეთ, რომ ამ ლარსენის შპუნტების გაკეთება ძალიან ძვირია. ამიტომ მშენებელმა ჩვენთვის ზიანის მოყენების ხარჯზე გადაწყვიტა ეკონომიის გაკეთება. დღეს კედელი და ეზო ინგრევა, ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

რკინის კარი აქვს ჩემს სახლს. ზოგჯერ დილით კარი უბრალოდ არ იღება, ჩაჭედილია. იწყებენ სამუშაოებს, იწყებს სახლი ზანზარს და მერე კარი სწორდება. ფაქტია, რომ ზიანი გვადგება,“ – ამბობს თემურ ჯიჯავაძე.

მისი თქმით, ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია არაერთგზის გამოიძახეს. ინსპექციიდან მოდიან, თუმცა ტერიტორიას კონკრეტული შედეგის გარეშე ტოვებენ.

მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა წერილით მიმართეს მუნიციპალურ ინსპექციას. სწორედ ამ წერილზე პასუხიდან ირკვევა, რომ ბათუმის მერიამ უგულებელყო ექსპერტიზის დასკვნა და მშენებელს უფლება მისცა ლარსენის შურფების ნაცვლად მშენებლობაზე ლითონის ხიმინჯები გამოეყენებინა.

„2026 წლის 28 ივლისს, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის“ მიერ გაიცა „არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ ბრძანება, რითაც ცვლილება შევიდა ქვაბულის შემომზღუდავი კონსტრუქციის მოწყობის ტექნოლოგიაში და ლარსენის შპუნტების ნაცვლად განისაზღვრა ბურღული ლითონის ხიმინჯების მოწყობა, სამშენებლო მოედნის მთელ პერიმეტრზე,“ – ვკითხულობთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაუგზავნა მოქალაქეს.

ბესიკის ქუჩაზე 26 სართულიან კორპუსს შპს „ჯეო 2020“ აშენებს. კომპანიის ხელმძღვანელი და 70 %-იანი წილის მფლობელი ბეგლარ ბოლქვაძეა.

„ბათუმელები“ ბეგლარ ბოლქვაძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ თუკი მისი მშენებლობის გამო მიადგებათ ზარალი მომიჯნავედ მაცხოვრებლებს, კომპანია მათ ყველა ზარალს აუნაზღაურებს.

„ბესიკის ქუჩაზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ქალაქ ბათუმის მერიას, ავიღეთ პასუხისმგებლობა, დავწერეთ განცხადება, რომ რამდენიმე დღეში მოვრჩებით საძირკვლის სამუშაოებს და სრულად იქნება აღდგენილი კომპანიის მიერ [გზა].

მოსახლეობასაც მივმართე, რომ ჩვენ ჩავატარებთ ექსპერტიზას, თუ რამე ჩვენგან გამოწვეულია ზიანია, სრულად იღებს კომპანია პასუხისმგებლობას და აანაზღაურებს. რამდენიმეჯერ პოლიციაშიც გამოგვიძახეს, მივედით, იგივე დავაფიქსირეთ იქაც. მე ვთქვი – მე მშენებლობა უნდა ვაწარმოო, ჩემგან თუ რამე ზიანი იქნება, ექსპერტიზაც ჩემს მიერ იქნება მოყვანილი, ზიანიც სრულად ჩვენი მიერ იქნება ანაზღაურებული-მეთქი,“ – ამბობს ბეგლარ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ კითხვას – მაშინ, როცა ექსპერტიზის დასკვნაში მომიჯნავედ არსებული შენობებისთვის ზიანის შესამცირებლად გათვალისწინებული იყო ლარსენის შპუნტების მოწყობა, რატომ დაიწყო კომპანიამ მის გარეშე საძირკვლის მოწყობა, ბეგლარ ბოლქვაძე ასე პასუხობს:

„ლარსენის შპუნტები რომ მაქ წასულიყო, ჩვენ გავიარეთ კონსტრუქტორთან ერთად… ლარსენის შპუნტები, თუ იცით, ძალის მიხედვით ეჭედება, იმიტომ, რომ იქითაც იყო მშენებლობა და სახლი ნაწილობრივ დაიშალა მაგის ვიბრაციით… ვიბრაცია (დრაჟენია) მიდის და ეჭედება. ჰოდა, ამის ჩაჭედვით ის სახლები მთლიანად დაიშლებოდა. ჩვენ ვნახეთ ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი, რითაც დაიბურღა ეგ ადგილი, ტრუბები ჩალაგდა ირგვლივ და შეიკრა უსაფრთხოება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, გვაქვს მუდმივი კონტაქტი მოსახლეობასთან. ავუხსენით, რომ მე თვითონ მოვიყვან ექსპერტს, სამხარაული გინდათ – თქვენ მოიყვანეთ, დავთვალოთ ზიანი, რა ზიანიც არის, სრულად ვანაზღაურებთ-მეთქი. პოლიციაშიც რომ ვიყავი გამოძახებული, იქაც დავაფიქსირე და იქაც დევს ეგ განცხადება.

ჩემი პირობაა, ზიანი უნდა დაითვალოს სამხარაულის მიერ – ჩემი მიყენებულია ზიანი თუ მშენებლობის დაწყებამდე იყო, ეს უნდა შეისწავლოს ექსპერტმა. მე ჩემს პასუხისმგებლობას არ ვარიდებ თავს,“ – ამბობს ბეგლარ ბოლქვაძე [სტილი დაცულია].

მშენებარე 26-სართულიან სახლში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების ფასი 1130 დოლარია.

ღარიბაშვილი ახალ წერილში კობახიძის მმართველობისას მომხდარ საეჭვო თვითმკვლელობაზე წერს

პატიმრობაში მყოფი „ოცნების“ ექსპრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

ღარიბაშვილი წერს, რომ მდინარაძემ და კობახიძემ „ოცნებას“ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენეს, იხსენებს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და აღნიშნავს, რომ ამ ინტერვიუს რესპონდენტმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავი მოიკლა, რაც ეჭვებს აჩენს.

„ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“  – წერს ღარიბაშვილი.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.

„ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.

ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს.

12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.

ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც.

ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.

მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…

ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“ – წერს ღარიბაშვილი.

სასულიერო პირების ანაზღაურებაზე მინიმუმ 1.3 მილიონი ლარი დაიხარჯება სასკოლო კლუბებში  

განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლებში დასაქმებულ სასულიერო პირებს, კლუბურ მუშაობაში, ხელფასის სახით თვეში 650 ლარს გადაუხდის.

ამის შესახებ „ბათუმელების“ მიერ განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი.

განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 141 საჯარო სკოლაში [სულ 175 კლუბი] ფუნქციონირებს ე.წ „ღირებულებითი განათლების კლუბები“. ბიუჯეტიდან ამ კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარი დაიხარჯება, რაც წელიწადში მინიმუმ 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გამოდის.

როგორც სამინისტროდან წერილობით გვაცნობეს, კლუბებში სასულიერო პირები მოსწავლეებს „ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო უნივერსალურ ღირებულებებთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრებიან და „ასე უწყობენ ხელს მოსწავლეებში ღირებულებების გაძლიერებას“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კლუბებისთვის სასულიერო პირები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გადაამზადა.

ფოტოზე: კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირები. ფოტო: განათლების სამინისტრო.

_______________

ამავე თემაზე:

„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

დღეს, პირველ სექტემბერს, ზღვაში იპოვეს ქალის ცხედარი.

ქალს მაშველები 30 აგვისტოდან ეძებდნენ.

ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.

2 000 ცალ ყავის ფინჯანს 98 ათას ლარად იყიდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2 ათასი ცალი ყავის ფინჯანს დამზადება-შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 ათასი ლარია დღგ-ს გარეშე.

ჭიქების დამზადება-შესყიდვა, როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყდა „აჭარის ტრადიციული ნაქარგობებისა და აჭარული ორნამენტების პოპულარიზაციის მიზნით“.

ტენდერის პირობის მიხედვით, უნდა დამზადდეს „აჭარული ნაქარგობების დიზაინით მომზადებული საპრომოციო – ბრენდირებული ყავის ჭიქა თეფშით, სპეციალური წარწერითა და სასაჩუქრე ყუთით“.

ფინჯნის ტევადობა – 200 მლგ; მასალა – კერამიკა; ფინჯანზე და ლამბაქზე დატანილი უნდა იყოს აჭარული ნაქარგობის ამსახველი ორნამენტი; ფინჯნის ძირზე – ლოგო და წარწერა; ასევე უნდა დამზადდეს საინფორმაციო ბარათი, რომელიც უნდა იყოს ორენოვანი.

ტენდერს თან ახლავს ესკიზები:

წყარო: ტენდერი

„საპრომოციო მასალა უნდა მომზადდეს მაღალი ხარისხით, ფერები უნდა დაიპრინტოს დიზაინის მიხედვით, პრინტი უნდა იყოს გამძლე. ჭიქა და თეფში შეხვეული უნდა იყოს დამცავი ქაღალდით ან მასალით, რომ არ გატყდეს. ჭიქა და თეფში ჩალაგებული უნდა იყოს ინდივიდუალურად სასაჩუქრე მუყაოს ყუთში. სასაჩუქრე ყუთს არ უნდა ჰქონდეს წარწერები“, – წერია ტენდერის პირობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა საქონელი ტურიზმის დეპარტამენტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

„შესყიდვის ობიექტის მიწოდებას და მის დასაწყობებას [გადაზიდვას] მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. ქვეკონტრაქტორი არ დაიშვება“, – წერია ტენდერში.

ტურიზმის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის კვლევის შედეგებით დაადგინეს:

„ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ. ბაზრის კვლევა გამოცხადდა დღგ-ს გარეშე. ერთი კომპანის მიერ წარმოდგენილი ფასია 104 000 ლარი, მეორე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასია – 100 000 ლარი, ხოლო მესამე კომპანიის ფასია – 98 000 ლარი“, – წერია ოქმში.

ამავე თემაზე:

სონიას ნაქარგები [ვიდეო]

„დაიცავი ილიაუნის“ წევრები სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარებიან რეგიონებში

მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ სტუდენტებმა აჭარაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთებს გადასცეს უსასყიდლოდ.

სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ივერი შაინიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი განათლება და ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს.

„დავიწყეთ კამპანია „ილიას გზით განათლებისთვის“. უკვე ვიყავით სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. ამ კამპანიის მიზანია იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, შვილებს სასკოლო ნივთები შეუძინონ.

ხელმოკლე ოჯახებს გადავეცით სასკოლო-საკანცელარიო ნივთები და ამ ფორმით ვცდილობთ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფითი პრობლემები.

115-მდე ბავშვი გავახარეთ სამ რეგიონში. ახლა აჭარის დროა. ვიქნებით ყველა მუნიციპალიტეტში. ქობულეთში ორ ოჯახს უკვე გადავეცით ნივთები. დღეს ბათუმის ოთხ ოჯახში ვაპირებთ მისვლას, ასევე – ხელვაჩაურშიც. პირველ სექტემბერს კი მაღალმთიან აჭარაში მივდივართ.

როცა ოჯახებში მივდივართ, მარტო ნივთებს არ გადავცემთ, ვესაუბრებით ამ ადამიანებს. ერთმა ბავშვმა გვითხრა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე არისო“- გვეუბნება ივერი შაინიძე.

ვესაუბრეთ „დაიცავი ილიაუნის“ კიდევ ერთ წევრს, ლაშა ჯანჯღავას.

მისი თქმით, ყველა შემოწირულება, რომელსაც ამ კამპანიის ფარგლებში საზოგადოებისგან იღებენ, ბავშვების საჭიროებებს ხმარდება.

„ხალხი რა თანხასაც გვირიცხავს, ყველაფერი იხარჯება ბავშვებისთვის. გავდივართ ხან ლილოში, ხან საბითუმო საკანცელარიო მაღაზიებში ასე ვყიდულობთ ბავშვებისთვის საჭირო ნივთებს.

წიგნები სულაკაურის გამომცემლობამ და „ბიბლუსმა“ გვაჩუქეს. ზოგჯერ თვითონ მოაქვთ პირადი ბიბლიოთეკიდან და გვჩუქნიან. ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ კამპანიაში.

ივერი აჭარაში პოულობს ოჯახებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მე სამეგრელოში ვეძებ, მეზობლებიც გვაწვდიან ხოლმე ინფორმაციას, თუ ვის უჭირს სოფელში და ვის შეგვიძლია დავეხმაროთ.

ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში დავეხმარეთ ოჯახებს და კიდევ ვაგროვებთ ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაციას“- ამბობს ლაშა ჯანჯღავა.

სტუდენტების თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ბევრ ოჯახს შეუწყვიტა სოციალური შემწეობა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობა, ამიტომ ასეთ ოჯახებში ბავშვები კვლავ საჭიროებენ სოციალურ მხარდაჭერას.

„გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ოჯახში მეზობლები მოვიდნენ და მადლობა გადაგვიხადეს, რომ ამ ოჯახს დავეხმარეთ“- იხსენებს ლაშა.

ივერი შაინიძის თქმით, განათლების მხარდაჭერა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან „ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმამ არათუ ხელი შეუწყო, არამედ, პირიქით, ზიანი მიაყენა განათლების ხელმისაწვდომობას.

„ჩვენი მოძრაობა შეიქმნა ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ ვიცავთ ილიაუნს, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ილიაუნი დააზიანა ამ „რეფორმამ“. ასევე, ჩვენი მიზანია დავიცვათ განათლების უფლება ამ ქვეყანაში.

განათლების ხელმისაწვდომობა არის მთავარი, რადგან „ოცნება“ სწორედ ამ ხელმისაწვდომობას უშლის ხელს. ეს რეფორმა მარტო სტუდენტების წინააღმდეგ არ არის, ზოგადად ახალგაზრდების წინააღმდეგაა და ამიტომაც გვინდა ახალგაზრდების გაძლიერება.

გვსურს, რომ მარტო ნივთები კი არა, მხარდაჭერა დავანახოთ ამ ოჯახებს“- გვეუბნება ივერი შაინიძე.

ლაშა ჯანჯღავა კი მიიჩნევს, რომ მთავარია, ამ ბრძოლაში საკუთარი ძალების რწმენა.

„პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს რწმენა, რომ ამ რეფორმას გავაწვევინებთ და გავიმარჯვებთ. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ სტუდენტური მოძრაობა ამ მიმართულებით, გაჩერებას არ ვაპირებთ. განათლების მინისტრი მიქანაძე უნდა დაჯდეს სტუდენტებთან, პროფესორებთან და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს“ – ამბობს ლაშა.

ჩაუბარებელი უწყება საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება – წვევამდელთა გაწვევა

წვევამდელი თუ სამხედრო აღრიცხვის ან/და სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისს არ ჩაიბარებს, ან ამ უწყისის მისთვის ჩაბარებას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში უწყისი [ასევე შეტყობინებაც] გამოქვეყნდება საჯაროდ.

საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს სამხედრო აღრიცხვისა თუ სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისი/შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება. აქედან 10 დღის ვადაში კი წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფში.

2026 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში“, რომელიც დღეიდან, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

ახალი ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, ან ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება – მათ შორის, თუ მოქალაქე შეტყობინებას SMS-ზე ან ელფოსტაზე 2 სამუშაო დღეში არ უპასუხებს, ან ფოსტით შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია – სააგენტო უწყებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

ასეთ შემთხვევაში, უწყება/შეტყობინება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება და პირი ვალდებულია  შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან [ანუ საჯაროდ გამოქვეყნებიდან] 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [სასკ] 196-ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ პირის გამოძახების შემთხვევაში მისი საპატიო მიზეზის გარეშე [დადგენილ ვადაში] გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ამავე სასკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში [დადგენილ ვადაში] გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

თუ გამოუცხადებლობა, სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით მეორდება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის მიხედვით კი წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

წვევამდელებთან დაკავშირებით ამ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე „ოცნების“ ხელისუფლებამ მუშაობა 5 თვის წინ დაიწყო.

ამ თემაზე ვრცლად:

თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში

ბათუმში ყინულის სასახლის თანამშრომლის სახლს ჩხრეკენ – რას ამბობს პროკურატურა

ბათუმში „ყინულის სასახლის“ ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი სამედიცინო დახმარების ექთანია.

„ბათუმელებს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

პროკურატურაში არ აზუსტებენ, რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ყინულის სასახლის ადმინისტრაციასაც. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები „არ უკავშირდება სპორტული ცენტრის, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საქმიანობას“-მოგვწერეს ადმინისტრაციიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში სექტემბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელი ძირითადად უნალექო ამინდი.

სვანეთში 20 წლის ქალს ეძებენ

სვანეთში 20 წლის ქალს ეძებენ.

დაკარგული, სავარაუდოდ, ტურისტია რუსეთიდან.

როგორც ფეისბუქში წერენ, ქალის ავტომობილი ბოლოს ჭალაადის მყინვართან ნახეს.

„მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.

გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაადის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი უცნობია“ – წერენ ფეისბუქში.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დღეს, პირველ სექტემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტრანსპორტის გადაჭარბებული ხმაური დაჯარიმდება 100 ლარით

პირველი სექტემბრიდან, შსს საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას დაიწყებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ხმაურის დონის შემოწება საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით.

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები მთავრობის დადგენილებით არის რეგულირებული.

„დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.

იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას“- წერს შსს.

რუსეთის ღამის თავდასხმა უკრაინაზე რაკეტებით – დაიღუპა 12 ადამიანი

1 სექტემბრის ღამეს რუსეთი კიევში რკინიგზის დეპოს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

თავდასხმის ადგილას ხანძარი გაჩნდა, რკინიგზის ორი მონაკვეთი დროებით დაიკეტა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულთაგან 6 დეპოს თანამშრომელია.

კიევის ცნობით, 1 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დარტყმა განახორციელა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით და 218 დრონით. დარტყმა 28 ადგილას დაფიქსირდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 199 სამიზნე გაანეიტრალა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ჯამში 12 ადამიანი, მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალაქე, დაიღუპა.

„რუსეთი მხოლოდ მაშინ აღწევს წარმატებას, როდესაც საჰაერო თავდაცვის საშუალებები არასაკმარისია. რუსული ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია ახალი დახმარების პაკეტზე“ – განაცხადა მან.

 

ირანში სამხედრო გზიდან ეკონომიკურ წნეხზე გადასვლა – შეფასებები ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

2026 წლის 24 აგვისტოს აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარმოადგინა კამპანია „Operation Economic Outcast“, რომელსაც „ეკონომიკური D-Day“ უწოდა. 60-ზე მეტი სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიზანია ირანის ნავთობის კონტრაბანდის, კრიპტოვალუტის არხებისა და რეგიონული დაჯგუფებების დაფინანსების შეჩერება.

ზომებმა ირანი საერთაშორისო საბანკო სისტემას მოწყვიტა, დააჩქარა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაზარდა ინფლაცია. რიგითი მოქალაქეებისთვის ამან საკვებსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, დანაზოგების გაუფასურება და სასიცოცხლო მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია.

რიტორიკა და სტრატეგიული ცვლილება „ატლანტიკური საბჭოს“ დისკუსიაზე, სადაც სანქციები შეაფასეს, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილმა კოორდინატორმა, ელჩმა დენიელ ფრიდმა აღნიშნა, რომ განცხადება შეიცავდა „მკვეთრ რიტორიკას, D-Day-ის შეფასებას და შედარებით მოკრძალებულ სანქციებს“.

მიუხედავად კრიტიკისა, რომ „რიტორიკამ ქმედებებს გაუსწრო“, ფრიდმა სამხედრო გზიდან ეკონომიკურ წნეხზე გადასვლას „უფრო მდგრადი სტრატეგია“ უწოდა, თუკი ვაშინგტონი ძალისხმევას ისეთ „არასაჭირო მიმართულებებზე არ გაფანტავს, როგორიც კანადაა“.

  • ჩინეთის ფაქტორი და წნეხი პარტნიორებზე

„ატლანტიკური საბჭოს“ სანქციების ექსპერტმა, მაია ნიკოლაძემ ყურადღება გაამახვილა მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანული ნავთობის „80-დან 90%-მდე ჩინეთში გადის“, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები გადაიქცა „მთავარ სატრანზიტო და სანქციების [ჰაბად]“.

მისი თქმით, ეს ქვეყნები, თურქეთთან და ერაყთან ერთად, „მომავალში წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან“. ნიკოლაძემ ასევე აღნიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ „ირანის მიერ სანქციების არიდებას ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციებით“.

ფრიდმა განმარტა, რომ აუცილებელია მეორადი სანქციების მკაცრი აღსრულება: „ან ჩინეთს უპირისპირდები, ან სერიოზულად არ ხარ განწყობილი“. მან დასძინა, რომ პარტნიორებს აინტერესებთ: “მართლა სერიოზულად ფიქრობს ტრამპის ადმინისტრაცია, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?”

  • სანქციების შესაძლებლობები და შეზღუდვები

თეირანი შეზღუდვების გვერდის ავლისთვის ჩრდილოვან ტანკერებსა და კრიპტოვალუტას იყენებს. ნიკოლაძის თქმით, სანქციები ეფექტურია „რეჟიმის შემოსავლების შესამცირებლად და დროთა განმავლობაში მისი ფინანსური დასუსტებისთვის“, თუმცა მან გააფრთხილა გადაჭარბებული მოლოდინების შესახებ: „არასწორი მოლოდინია იმის ფიქრი, რომ სანქციებს თავისთავად შეუძლია საზღვაო ბლოკადის დასრულება“.

ოზურგეთში დააკავეს 63 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 63 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.

მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“- წერს შსს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________________

ამ თემაზე:

სოფელ ნასაკირალში 60-წლამდე ქალი მოკლეს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 489 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 320 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 257 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 48 954 ერთეული [+71]
  • MLRS – 2 079 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 597 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 492 177 ერთეული [+1 775]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 452 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 142 332 ერთეული [+412]
  • სპეცტექნიკა – 4 623 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 060 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run],“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მას რუსეთში ბანკებიდან მასობრივად თანხების განაღდებაზე ვესაუბრეთ: რა დაეტყო უკვე რუსეთის ეკონომიკას და საითკენ მიდის პროცესი?

„განსაკუთრებით ბათუმში ალბათ ძალიან კარგად შეიმჩნევა, რატომაც იქცევიან ასე რუსეთის მოქალაქეები – ბოლო პერიოდში გაიზარდა მობილიზაციის შიშით საქართველოში ჩამოსული რუსების რაოდენობა. ეს პროცესი სავარაუდოდ უკავშირდება მოსალოდნელი მობილიზაციის შიშს.

რუსები მაქსიმალურად ცდილობენ თანხები გარეთ გაიტანონ, კრიპტოვალუტა შეიძინონ და ასე შემდეგ. მოქალაქეები რუსეთში მაქსიმალურად ცდილობენ, თანხები გაარიდონ რუსეთის სისტემას,“ – გვიყვება ეკონომისტი.

„ბათუმელებმა“ ეკონომისტ ზაზა ბროლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ზაზა, რის მაჩვენებელია რუსეთში ბანკებიდან ნაღდი ფულის მასობრივად გატანის ტენდენცია? რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 2 ტრილიონი რუბლი [24 მილიარდი დოლარი] გაიტანეს ბანკიდან მოქალაქეებმა. 

ანაბრებიდან დიდი რაოდენობით თანხების გატანის მეორე ეტაპია ეს. პირველი დაიწყო 2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მაშინ ეს მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. დაახლოებით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო მეორე ეტაპი და ახლა არის, შეიძლება ითქვას, პიკური სიტუაცია – მიმდინარე წლის ივლისში წლის ყველაზე დიდი გადინება იყო. პრინციპში ეს ტენდენციაა.

ამის შესახებ წერდა „ვაშინგტონ პოსტიც“, რომ 2026 წლის პირველ 7 თვეში ბანკებიდან დაახლოებით 27 – 28 მილიარდი დოლარი გავიდა, ანუ თვეში დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი.

როგორც გითხარით, ივლისი ყველაზე პიკური თვე იყო და სადღაც 643 მილიარდი რუბლი, ანუ 7.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა მიმოქცევაში ნაღდი ფული. აგვისტოს პირველ ნახევარშიც დაახლოებით 300 მილიარდი რუბლი გაიტანეს…

ზაზა ბროლაძე

განსაკუთრებით ბათუმში ალბათ ძალიან კარგად შეიმჩნევა, რატომაც იქცევიან ასე რუსეთის მოქალაქეები – ბოლო პერიოდში გაიზარდა მობილიზაციის შიშით საქართველოში ჩამოსული რუსების რაოდენობა.

  • ეს ციფრები რამდენად მასშტაბურია რუსეთის ეკონომიკისთვის? შეიძლება ამ ტენდენციამ მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, ომის რესურსებზე? 

ანაბრებიდან გატანილი თანხები დაახლოებით წლის ბოლომდე იქნება 6 ტრილიონ რუბლამდე, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, დაახლოებით 70 მილიარდ დოლარამდე გაიტანენ ნაღდ ფულს რუსეთის კომერციული ბანკებიდან. მთლიანი ანაბრების ოდენობა არის სადღაც 69 ტრილიონ რუბლამდე –  დაახლოებით 792 მილიარდი დოლარია, გამოდის, რომ მთლიანი თანხის დაახლოებით 6%-მდე გამოიტანეს.

სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run].

ამ ეტაპზე მკვეთრი ინფლაციური პროცესები არ მიმდინარეობს – ინფლაცია 6%-მდეა ოფიციალური სტატისტიკით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სცოდავს როსსტატი ინფორმაციის გამოქვეყნების მხრივ. რუსეთის ცენტრალური ბანკი აკეთებს ცალკე კვლევებს, სადაც ითვლიან მოსახლეობის ინფლაციურ მოლოდინებს, სადაც მეტ-ნაკლებად რეალური ციფრებია. ინფლაციური მოლოდინები მოსახლეობას აქვს სადღაც 14-15%-ის ფარგლებში.  მოლოდინი არსებობს, რომ წლის ბოლოსთვის იქნება დაახლოებით 15%-მდე ინფლაცია, რაც რეალურია.

არავის არ სჯერა ომში მყოფი რუსეთის სტატისტიკის სამსახურის. მაგალითად, პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა. ყველა მაჩვენებელი მიუთითებდა, რომ სიტუაცია არ გამოსწორებულა, პირიქით, უფრო გაუარესდა და ამ დროს როსტატმა 1.3%-იანი ზრდა აჩვენა მეორე კვარტალში. გამორიცხულია რუსეთს მზარდი ციფრები ჰქონდეს, მით უმეტეს არსებული სანქციების გათვალისწინებით.

  • სხვადასხვა წყაროს მონაცემით, რუსეთიდან ასევე 2026 წელს 321 მლრდ რუბლი რუსებმა საზღვარგარეთ გადარიცხეს. ეს რაზე მიანიშნებს და როგორ ხერხდება რუსეთიდან საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვა? 

დიახ, უცხოეთში გზავნილებიც იზრდება.

თანხების გადარიცხვის სისტემები „ვიზა“ და „მასტერქარდი“ რუსეთში, მოგეხსენებათ, შეზღუდულია საერთაშორისო სანქციების გამო, ასევე, „სვიფტის“ გამო. უცხოეთში თანხის გადარიცხვა პრობლემურია. ამ ფონზე ცდილობენ რუსები მაქსიმალურად გარეთ გაიტანონ თანხები – კრიპტოვალუტა შეიძინონ და ასე შემდეგ.

დასავლელი ანალიტიკოსების გაანგარიშებით, როგორც არ უნდა წავიდეს ეს პროცესი ეკონომიკაში – თუნდაც კოლაფსი და სტაგნაცია არ მოხდეს – რუსეთს აქვს რესურსი, რომ 2027 წლის ბოლომდე მინიმუმ შეძლოს ომის დაფინანსება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები აქვთ დაგროვებული. ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ამ სცენარისთვის. რუსეთში შექმნეს ე.წ. ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, სადაც დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდეა, ამის გარდა 2300 ტონამდე ოქრო აქვთ ცენტრალური ბანკის დეპოზიტებზე განთავსებული.

ჯერჯერობით სრული ემბარგო რუსულ ნავთობისა და გაზის ექსპორტზე მსოფლიოს არ შეუძლია. შესაბამისად, რუსებს მიმდინარე შემოსავლებიც აქვთ, რაც აძლევთ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ეკონომიკური სიძნელეების პირობებშიც 2027 წლის ბოლომდე მინიმუმ შეძლებენ ომის გაგრძელებას და ეკონომიკის შენარჩუნებას.

ჩემი აზრით, რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი არ ექნებათ, თუმცა სერიოზული პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში უკვე არსებობს.

  • რა სახით გამოჩნდა ეს პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში? 

2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-იანი შემცირება იყო. ინფლაცია საკმაოდ მაღალია – 6-7% და ცენტრალურ ბანკს მიზნობრივი ინფლაცია აქვს 4%.

როგორც უკვე გითხარით, ინფლაციური მოლოდინები მოსახლეობას აქვს 14-15%-ის ფარგლებში. თავად ცენტრალური ბანკი აღნიშნავს პრობლემას და ივლისის გადაწყვეტილებაში წერს, რომ მოსახლეობის, ბიზნესისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეების ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ეს ოფიციალური უწყება, სადაც მართლაც სერიოზული ანალიტიკოსები მუშაობენ. სამთავრობო უწყება რომ ამას ამბობს, ეს დაახლოებით დოჩანაშვილის პერსონაჟს მახსენებს: „ყველაფერი არც თუ ისე გენიალურადაა“.

შრომის ბაზარი არის ძალიან საინტერესო – დემოგრაფიული კლება აქვთ მობილიზაციისა და ემიგრაციის გამო. შრომის დეფიციტია რუსეთში. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი არის 2.2%. რუსეთში კვალიფიციური კადრები ზოგი გაიქცა, ზოგი – ომში წაიყვანეს. მიგრანტების ხარჯზე არიან და ის მიგრანტები კვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ვერ ავსებენ. ამიტომაც, სერიოზული პრობლემები აქვთ.

ბიუჯეტში საკმაოდ მაღალი დეფიციტია – მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ასევე, ცხადია, რომ დაეცა ნავთობისა და გაზის შემოსავლები – 2026 წლის პირველ კვარტალში 45%-ით.

  • როგორ აისახება ეს კრიზისი მოსახლეობაზე? შეიძლება, მაგალითად, პენსიების გაცემა რუსეთში მთავრობას გაუჭირდეს? 

როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთს აქვს უზარმაზარი რეზერვი, იგივე 2300 ტონა ოქრო. ამიტომაც, ჩემი აზრით, რუსეთში მსგავს მიმდინარე პრობლემებს არ დაუშვებენ. არ აწყობთ უამრავი პრობლემის ფონზე, რომ პენსიებმაც დაიგვიანოს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება, პენსია რომ ვერ დარიგდეს, ან საბანკო ანაბრები გაიყინოს? მერე დაიწყებენ ვიდეოების ჩაწერას: „ვერნიტე მაი დენგი“ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მართლა კოლაფსი მოხდება და ეს არ აწყობთ.

წითელი ხაზები არსებობს, რაც იციან, რომ არ უნდა გადაკვეთონ.

მე ვახსენე „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“ და ამ ფონდში ომის დაწყებამდე ჰქონდათ დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. დღეისთვის ამ ფონდში კიდევ დარჩათ 48 მილიარდი დოლარი. 2280 ტონა ოქროა ჯამურად დეპოზიტებზე, რაც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულება. ამიტომაც, რეზერვები საკმაოდ დიდი აქვთ.

  • პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გარდა, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს უახლოეს პერიოდში? 

დავაკვირდეთ სოფლის მეურნეობას: ქვეყანაში არ შედის დასავლური ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერიოზული დეფიციტია. ამას ემატება დიზელის დეფიციტი, ცნობილი მიზეზების გამო – უკრაინელები მიზანმიმართულად და სწორად ბომბავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთში. ნელ-ნელა მათ სოფლის მეურნეობას კრიზისის ნიშნები უჩნდება: მოსავლის მოყვანასა და აღებაში პრობლემა აქვთ, ამ მოყვანილი პროდუქციის ექსპორტის პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ ჩაკეტილია, ხომ? ცალკეა ემბარგო, მერე მხრივ, უკრაინა ცალკე უზღუდავს საზღვაო მიმართულებას.

იგივე ავიაციაში სერიოზული პრობლემები აქვთ – ძირითადად იმპორტული იყო სათადარიგო ნაწილები.

  • შემოვლითი გზებით და სხვა ქვეყნების გამოყენებით რუსეთი ვერ ახერხებს ამ ტექნიკის შეძენას?  

ახერხებენ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, გაცილებით ძვირად და სტანდარტი დაბალია. არცერთი დასავლური კომპანია ღიად ე.წ. შემოვლით სქემებში არ მიიღებს მონაწილეობას დასანქცირების შიშით.

  • რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს რუსეთში არსებული საბანკო კრიზისის გაღრმავებაზე? ცნობილია, რომ რუსეთში ომამდე ამუშავდა ეკონომიკური სისტემების ახალი მოდელი, რასაც დასავლეთში უწოდეს „ციხესიმაგრე რუსეთი“ [Fortress Russia]. ამ მოდელით რუსეთი მოემზადა იზოლაციისთვის. როგორ მუშაობს ეს მოდელი? 

დიახ, ათწლეულებია რუსები ამ მოდელს აშენებენ და საკმაოდ დიდი თანხები მოაგროვეს. შექმნეს სარეზერვო ფონდი, ასევე ალტერნატიული საგადახდო სისტემები – მოსალოდნელი იყო და გაუჩერეს კიდევაც „სვიფტის“ არხით სარგებლობა. დღეს მათ აქვთ ალტერნატიული, რუსული საგადახდო საშუალებები. მაგალითად, „ვიზას“ მაგივრად იყენებენ გადახდის სისტემას „მირს“ და ამით ძირითადად ჩინეთზე არიან მიბმულები

ასევე, კრიპტოვალუტის მიმოქცევა განავითარეს სერიოზულად, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოც ეხმარება. მათ აქვთ თანხების მოძრაობის ალტერნატიული საშუალებები შექმნილი. უცხოური ინვესტიციებიც შეზღუდეს და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ხალხს დაუკავშირეს სტრატეგიული ბიზნესი.

ალტერნატიული, დახურული ინტერნეტიც აქვთ შექმნილი, რითაც შეუძლიათ, რომ დასავლეთის ინტერნეტთან კავშირი მაქსიმალურად შეზღუდონ…

იმდენად დიდი რესურსები იყო წლების განმავლობაში ამ ყველაფერში ჩადებული, რომ დღემდე რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ეს ზუსტად ამ „ციხესიმაგრე ეკონომიკის“ დამსახურებაა – ამ სისტემამ შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა. რა თქმა უნდა, ჩინეთის როლიც საკმაოდ სერიოზულია, თუმცა მხოლოდ ჩინეთის იმედზე ვერ დარჩებოდა რუსეთის ეკონომიკა.

მყისიერად რუსეთის ეკონომიკა ვერ ჩამოიშლება. ირანის ეკონომიკა გაცილებით დაბალი მასშტაბისაა და ირანის ეკონომიკაც კი ინარჩუნებს ძირითად მაჩვენებლებს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაა იქ ჩარეული და სერიოზული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუზიანა, ირანის ეკონომიკაც კი, არ ჩამოიშალა. ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს და უკრაინის გამარჯვება უფრო თვალსაჩინო იყოს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება – რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა უახლოეს მომავალში არ მოხდება.

ეს ომი არის გამოფიტვაზე. ერთ მხარეს არის უკრაინა და მას მხარს უჭერს დასავლეთი. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩინეთი უდგას გვერდით. ამიტომაც, ეს გრძელვადიანი პროცესია. რამდენი ხანია ფრონტის ხაზი, ფაქტობრივად, გაყინულია და მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არცერთი მიმართულებით არ ხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას უკან დასავლეთია და გაცილებით ძლიერი ეკონომიკები, დარწმუნებული ვარ, რუსეთი აუცილებლად გამოიფიტება, თუმცა ისე სწრაფად ეს არ მოხდება, როგორც გვინდა.

  • საბანკო კრიზისი რუსეთში აისახება საქართველოზე, რადგან აქ რუსეთიდან ათასობით მოქალაქე შემოდის? 

რუბლებში ქართულ ბანკებში ანაბრები ძალიან დაბალია – სადღაც 100 მილიონ ლარამდეა [38 მილიონი დოლარი], ამიტომაც, ეს უმნიშვნელოა. თუმცა არაპირდაპირი არხი არის ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში, რომელიც კლებულობს სერიოზულად. სადღაც 42 მილიონი დოლარი იყო, მაგალითად, 2026 წლის ივლისში. ეს ნაკადი კლებადია. ომის დაწყების შემდგომ რუსული გზავნილების ბუმი იყო საქართველოში – რუსები გამორბოდნენ და თან გადმოჰქონდათ ფული. შემდეგ ეს ტენდენცია შეწყდა და დასტაბილურდა. ახლა იმაზე ნაკლებია, რაც ომამდე იყო.

თეორიულად რუსული საბანკო კრიზისი თუ გაღრმავდა, ამას შეიძლება პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს, რადგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძლება დანაზოგები უფრო სტაბილურ იურისდიქციაში, ამ შემთხვევაში საქართველოში გადმოიტანონ. ეს მოხდა 2022 წელს, ანაბრები გახსნეს აქ, რაც ქართულ საბანკო სექტორს პოზიტიურად წაადგა. სხვა საქმეა, რამდენად მორალურად გამართლებული იყო ეს, მაგრამ ფაქტია, რომ პოზიტიურად წაადგათ.

ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში პროევროპული აქციის 2 მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალით ჩანს, რომ გამვლელი აგინებს და ემუქრება აქციის მონაწილეებს.

„ჩამოარეს და მითხრეს, რატომ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო… შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პლაკატით იყო მისული: „რუსეთი ოკუპანტია“. მას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს – მარიამ ქაჯაიას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

„მე დავინახე, რომ ჩემგან ცოტა მოშორებით გამვლელმა დარიკო ჩიტაძეს ხელი ჩაარტყა… მივედი და ვუთხარი, რას აკეთებთ, კამერას ჩავრთავ-მეთქი და მეც დამიწყო ჩხუბი… ბავშვიც ახლდათ და ამით მანიპულირებდნენ. გამოირკვა, რომ ეს გზავნილი „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთი ტერორისტია“ არ მოეწონათ.

მე ქალმა ხელები გადამიგრიხა და ჩამარტყა ქოლგა… აქვეა მუდმივად პოლიცია, მაგრამ პოლიციას საერთოდ არ ჰქონია რეაგირება,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ნახეთ ვიდეო: 

პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ფეისბუქში აგინებს ყველა ოპონენტს, რატომ არ აჯარიმებს მას „ოცნება“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ, 2026 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ქარდი გამოაქვეყნა წარწერით – „ყ*ლეო შენ“.

გიორგი გამსახურდია რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს, ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა.

აქვს დიპლომატიური პასპორტი და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც გათვალისწინებულია პოლიციის ატაშეებისათვის.

გიორგი გამსახურდიას ფეისბუქ პოსტების შინაარსში არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ „სიძულვილის ენას ბრძოლა გამოუცხადა“ – ის ისევ აგინებს და ლანძღავს ნებისმიერ ოპონენტს.

თუმცა თავისი თანამშრომლის მიმართ შს სამინისტროს არავითარი სადამსჯელო მექანიზმი არ გამოუყენებია. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ეს მაშინ, როცა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, საქართველოში 2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე არაერთი ადამიანი გაასამართლეს და ადმინისტრაციული ჯარიმებიც დააკისრეს.

შსს-მ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო სწორედ პირველ ივნისს შეიქმნა.

ამ სამმართველოს ხალხმა „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ დაარქვა.

13 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა სამმართველომ 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევა გამოავლინა.

დააჯარიმეს ის ადამიანებიც კი, ვინც ფეისბუქზე სხვა პირს აგინა ან შეურაცხყო, მაგრამ მათთვის არავის უჩივლია – ისინი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა სამმართველომ თვითინიციატივით გამოავლინა და დააჯარიმა კიდეც.

რატომ არ რეაგირებს გიორგი გამსახურდიას გინებებზე სამმართველო? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვერ შეძლო. იმ შემთხვევაში თუკი შსს გვიპასუხებს, მასალა განახლდება.

„ბიძინა ყ*ეა? – არა – კი“ – სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში მსგავსი შინაარსის მქონე ბანერი ეჭირა, 26 ივლისის საღამოს თბილისში, ქალაქის საკრებულოსთან დააკავეს.

იმავე საღამოს, პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც საკრებულოსთან მივიდნენ იდენტური წარწერის მქონე ბანერებით.

31 ივლისს თორნიკე თოშხუა მეორედ დააკავეს ბანერის გამო, რომელზეც ამჯერად ეწერა – „ბიძინა ყ არაა? არის?“. გაასამართლეს და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ამას გარდა, საპროტესტო ბანერების გამო დაკავებულების ნაწილს სასამართლომ სამი, ხუთი და ექვსი ათასლარიანი ჯარიმები დააკისრა, ნაწილს კი პატიმრობა.

აქტივისტებმა, მათ შორის ქალებმა, ხუთ-ხუთი და ათ-ათი დღე გაატარეს პატიმრობაში.

კანონი, რომელიც მოქმედებს რიგით მოქალაქეებზე, ვერ ხედავს პირველი პრეზიდენტის შვილის სავარაუდო სამართალდარღვევას.


ფოტოზე: მარცხნივ, სქრინი გიორგი გამსახურდიას ფეისბუქიდან – “ყ*ეო შენ” – წერს გიორგი გამსახურდია მესამე პრეზიდენტის მისამართით. მარჯვნივ, აქტივისტ თორნიკე თოშხუას აკავებენ ბანერზე წარწერის გამო. მოგვიანებით მას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ

თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, გიორგი გამსახურდია აქტიურად აკომენტარებს საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ამბებს.

მისი პოსტები შეიცავს გინებას და უხამს ლექსიკას ოპოზიციის, აქტივისტების, ჟურნალისტების თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიმართ, ვისაც კი თავისი პოზიცია გამოუხატავს „ქართული ოცნების“ მისამართით.

გიორგი გამსახურდია განსაკუთრებით ესხმის თავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

პრეზიდენტისათვის მას არაერთი პოსტი აქვს მიძღვნილი და უმეტესობა დამამცირებელი, უხამსი ლექსიკის მატარებელია.

გიორგი გამსახურდია ასევე აგინებს და უხამსად მოიხსენიებს რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს. გიორგი გამსახურდია აგინებს პუტინსაც.

„ბათუმელებმა“ გიორგი გამსახურდიას ბოლო ერთი თვის ფეისბუქ აქტივობა შეისწავლა.

გიორგი გამსახურდიას გვერდი ფეისბუქში ვერიფიცირებულია და საჯაროა.

„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები

1500-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მასწავლებლები მოითხოვენ, გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ხელფასი.

ნატო ტიღაშვილი თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. იგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და დამრიგებელია. როგორც დამრიგებელს, ანაზღაურების სახით 79 ლარი და 38 თეთრი ერიცხება, მაშინ როცა მისი ყურადღება და პასუხისმგებლობა 27 ბავშვზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

ნატო ტიღაშვილის თქმით, მძიმე შრომის, მაღალი პასუხისმგებლობისა და დაბალი ანაზღაურების გამო, სკოლებში დამრიგებლობა ბევრ მასწავლებელს აღარ უნდა, რადგან „ხელფასი შეურაცხმყოფელია და აცდენილია რეალობას“.

„უბრალოდ, დაწყებით კლასში, სადაც კომბინირებულზე ვართ დასაქმებული მასწავლებლები, ვერ ვამბობთ დამრიგებლობაზე უარს, რადგან ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ეს საქმე“- ამბობს მასწავლებელი.

„იმიტომ, რომ სამ საგანს ვასწავლით, რეალურად, მართლა ჩვენზე არიან ეს ბავშვები მოკედლებულები და არ გამოდის სხვანაირად. ამ ბავშვებსაც სჭირდებათ ვიღაც, ვისთანაც მივლენ რაღაც პრობლემის დროს.

დამრიგებლის შრომა არის შრომატევადი, იქნება ეს დოკუმენტაციის მოწესრიგება, მშობლებთან კომუნიკაცია და ბევრი სხვა დეტალია, რომელიც ითხოვს დიდ ძალისხმევას. ამიტომ ეს 79 ლარი არის დაცინვა, რადგან თუ ამ თანხას 27 ბავშვზე გავყოფთ, 2 ლარი და თეთრები გამოდის. პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, რადგან თუ რამე მოხდება პირველი ეს კითხვა ისმის, – „სად იყო დამრიგებელი?“, „დამრიგებელი სად გყავდათ?“. პასუხი პირველ რიგში მოეთხოვება დამრიგებელს და თუ ჩვენ ამხელა პასუხისმგებლობას ვიკიდებთ, მაშინ ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, ხომ?!

უკვე აღარავის უნდა ეს დამრიგებლობა, გადავალ მაშინ სპორტის მასწავლებლად და ამით საათებს მაინც შევივსებ“ – ამბობს ნატო ტიღაშვილი.

მისი თქმით, უკვე შვიდი წელია, რაც სკოლაშია დასაქმებული და ამ წლების განმავლობაში დამრიგებლის ხელფასი არ გაზრდილა.

„ვინც სკოლის სტრუქტურაში ან განათლების სექტორშია დასაქმებული, ამას მშვენივრად ხვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ფიქრობენ, რომ დამრიგებლის ხელფასი გაზარდონ. ალბათ იმიტომ, რომ დამრიგებლების ნაწილიც თანახმაა ამ ყველაფერზე… ვიღაცას სამსახურის დაკარგვის შიში აქვს, ვიღაცამ თავისი უფლებები არ იცის, ვიღაცას შესაძლოა პენსიაც ერიცხება, სკოლის ხელფასიც და ეს მისთვის მისაღებია. ბევრი მიზეზია.

მეორეა ის, რომ როცა ჩვენ ხელფასების ზრდაზე ვიწყებთ საუბარს, გვეუბნებიან რომ ფინანსები არ არის“ – ამბობს ნატო ტიღაშვილი.

წელს განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მოითხოვა 700 000 ლარის დახარჯვა იმისთვის, რომ ღონისძიებაზე „ოცნების“ მთავრობის წევრებმა სიტყვით მიმართონ პირველკურსელებს.

თუ ასეთი შემთხვევების დროს არსებობს ფინანსები, დამრიგებლის ხელფასების დროს რატომ ჩნდება ხოლმე „კრიზისი“, რას გეუბნებიან? – ვკითხეთ მასწავლებელს.

მისი თქმით, სამინისტროს პასუხია, რომ ასეთ თანხებს ერთჯერადად ხარჯავს, მაგრამ ყოველწლიურად რომ გაიღოს თუნდაც იგივე ხარჯი ხელფასებზე, არ სურს.

„თავს არიდებენ ამხელა თანხების გაღებას ჩვენი ხელფასებისთვის. მაგრამ აქ ბავშვის უსაფრთხოებაზეა საუბარი, კრიზისების მართვაზე. ამის მიუხედავად, შეუძლიათ გვითხრან – „თუ არ მოგწონთ, წადით სამსახურიდან“. ეს მიდგომაა“-ამბობს ნატო ტიღაშვილი.

რამდენად აქვს სკოლას, განათლების სამინისტროს იმის რესურსი, რომ ამდენ მასწავლებელს უთხრას – „თუ არ მოგწონს, წადი?“- ვკითხეთ მას.

ნატო ტიღაშვილის თქმით, ბევრი ახალგაზრდა აბარებს საგნობრივ გამოცდებს და ცდილობენ სისტემაში შესვლას. მისი თქმით, „ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე მეტად იღებს ხმას და დაბალ ანაზღაურებასაც აპროტესტებს“.

„რამდენიმე დღეა, რაც პეტიცია გავაკეთე და ვითხოვთ, რომ დამრიგებლის ხელფასი სულ ცოტა 300 ლარი გახდეს ხელზე დარიცხული, რადგან მე ახლა პირველი სადამრიგებლო კლასი მყავს და მინიმუმ 300 ლარი პირველი სასწავლო დღისთვის მჭირდება, რომ კლასი გავალამაზო, ბავშვებს შემოსვლა უხაროდეთ.

რა თქმა უნდა, ამისთვის რესურსებს მე ვყიდულობ. ფერადი ფურცელი გჭირდება, ფერადი პრინტერი თითქმის ყოველდღე, რომ რაღაც თვალსაჩინოება ამოვბეჭდოთ და სხვა ბევრი რამ, რასაც ყოველთვის სკოლა ვერ მოგცემს. ეს ხომ პირადი ხარჯია. ამიტომ 76 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რესურსებიც ვიყიდოთ და ჩვენი შრომაც დაფასდეს. მითუმეტეს, ახალი სახელფასო ცვლილების ფონზე.

კიდევ ერთი პეტიცია მაქვს გაკეთებული იმაზე, რომ დაწყებითი მასწავლებლის 13-საათიანი ანაზღაურება გაუთანაბრდეს 18-საათიანი დატვირთვის ანაზღაურებას. დაწყებითებში საათები რეალურად არასდროს მოგვემატება, რადგან ბავშვს 6 გაკვეთილზე ვერ დასვამ. შესაბამისად, ჩვენ 13 საათი უნდა ჩაგვეთვალოს სრულ დატვირთვად და უნდა მოგვეცეს სრული ანაზღაურება“- ამბობს ნატო ტიღაშვილი.

მისი თქმით, პეტიციაზე, სადაც მასწავლებლები დამრიგებლის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ, უკვე მოაწერა ხელი 1400-მდე პირმა. პეტიციის შედეგები გადაეგზავნება განათლების სამინისტროს რეაგირებისთვის.

„თუ არადა მე თვითონ მივიტან ამ შედეგებს სამინისტროში და დავარეგისტრირებ, რომ პასუხი მივიღო სამინისტროსგან ჩვენს მოთხოვნაზე“ – გვეუბნება ნატო ტიღაშვილი.

„ბათუმელები“ კერძო სკოლის მასწავლებელსაც ესაუბრა დამრიგებლის ხელფასებთან დაკავშირებით.

ეკატერინე ჩიქოვანი სკოლა „ნიუჯი-ახალი თაობაში“ მუშაობს და მიიჩნევს, რომ მათი ანაზღაურებაც, საჯარო სკოლების მსგავსად, საკმაოდ დაბალია.

„არის კერძო სკოლები, რომლებიც უფრო მეტს იხდიან სადამრიგებლო საათებში და არის ისეთი სკოლებიც, რომლებიც საერთოდ არ უხდიან დამრიგებელს. სადამრიგებლოც შედის მასწავლებლის ანაზღაურებაში და ამიტომ. პირობითაც ვამბობ, თუ სკოლა გიხდის 1700 ლარს, ამაში შედის სადამრიგებლოც. ცალკე არ გიხდიან.

არის ისეთი კერძო სკოლებიც, სადაც ძალიან დაფასებულია დამრიგებლის შრომა, თუმცა ასეთი სკოლები იშვიათია.

არც ის მესმის, რატომ არიან ასე დაყოფილი კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლები სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენც მომავალი თაობის აღზრდასა და მათ უსაფრთხოებას ვემსახურებით. იგივე პასუხისმგებლობები გვაქვს ჩვენც, ამიტომ შრომითი უფლებები ყველგან თანაბრად უნდა იყოს დაცული“- ამბობს ეკატერინე ჩიქოვანი.

მისი თქმით, დამრიგებელს, სადამრიგებლო კლასის გარდა სხვა პასუხისმგებლობაც აქვს აღებული, ამიტომ მისი შრომა ორმაგდება.

„სადამრიგებლოს გარდა ჩვენ გვაბარია სხვა კლასებიც, სადაც კონკრეტულ საგანს ვასწავლით. მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სხვა კლასებში, მაგრამ მყავს სადამრიგებლო, მე-11 კლასი.

წარმოიდგინეთ, ჩემი მოვალეობა რამდენად უფრო მაღლა იწევს და რამდენად უფრო მეტი სამუშაო მაქვს, რადგან გაკვეთილის ჩატარების პარალელურად სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებზეც უნდა ვიზრუნო.

აი, მაგალითად, დილას ვიწყებთ 9 საათზე, ხომ? რა თქმა უნდა, ჯერ სადამრიგებლო კლასში შედიხარ და ამოწმებ, მოვიდნენ თუ არა მოსწავლეები დროულად, ვინმემ ხომ არ დააგვიანა. თუ რომელიმე ბავშვი აკლია, უნდა დაუკავშირდე მშობელს და მოიკითხო. იქნებ მშობელმა გამოუშვა სახლიდან და ბავშვი არ მოსულა კლასში?! თუ ასე არ მოვიქცევი, პასუხს მე მომთხოვენ.

მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა მშობელმა დამირეკა და გამაფრთხილა, რომ ბავშვი 5 წუთით დააგვიანებსო. თუმცა გავიდა 5 წუთზე ბევრად მეტი და ბავშვი არ გამოჩნდა. ამ დროს მე ჩემს გაკვეთილზე ვარ. ვთხოვე სხვა მასწავლებელს, რომ ჩამნაცვლებოდა. გამოვედი და დავურეკე მშობელს. სანამ გავარკვევდით თუ რა მოხდა, ერთი სიკვდილი დავამთავრე, როგორც იტყვიან.

აღმოჩნდა, რომ ბავშვმა იქვე სკოლასთან მაღაზიაში შეიარა და ამიტომ დააგვიანდა.

დამრიგებელი ვალდებულია იცოდეს სად არის ბავშვი, რატომ არ არის, როგორ არის. რაიმე რომ მოხდეს, პირველი რასაც იკითხავენ, არის – „დამრიგებელი სად იყო?“

თუ სკოლაში არ დადიოდა, იქ შესაძლოა ჩამორჩენა ჰქონდეს რომელიმე საგანში და ამაზეც დამრიგებელმა უნდა იზრუნოს. მე საფიქრალი მაქვს სადამრიგებლო კლასზეც და იმ კლასებზეც, სადაც საგანს ვასწავლი.

ნებისმიერი მასწავლებლის უკან დგას ოჯახი და დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ანაზღაურებისთვისაც. იმიტომ, რომ მყავს 8 წლის შვილი და მასაც აქვს საჭიროებები, ვიღაცას ჰყავს 3 შვილი, ვიღაცას ხანდაზმული მშობლები, რომლებსაც მზრუნველობა სჭირდებათ და ნამდვილად არ არის სამარცხვინო, თუ ვითხოვთ ღირსეულ, ჩვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას.

რა თქმა უნდა, ბავშვებიც გვიყვარს, პასუხისმგებლობასაც ვიღებთ, მაგრამ მოვითხოვთ ამ შრომის დაფასებას. კიდევ ვამბობ ხაზგასმით, რომ არ არის სირცხვილი მასწავლებელმა ისაუბროს თავის ხელფასზე, ისაუბროს იმაზე, რომ რასაც აკეთებს პირნათლად, ამაში უნდა აიღოს ანაზღაურება“- ამბობს ეკატერინე ჩიქოვანი.

მისი თქმით, 79 ლარი, რომელსაც საჯარო სკოლაში დამრიგებლებს უხდიან, მშობლებთან ზარების განხორციელებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

„მე მაქვს მაგალითად, ულიმიტო პაკეტი, რომელიც თვეში ღირს 30 ლარი. თუ არ ჩავრთე, როგორ დავუკავშირდე მოსწავლეს, მშობელს? რაიმე რომ მოხდეს, ხომ უნდა გავარკვიო სასწრაფოდ. 79 ლარს რომ ვიღებ და ნახევარს ტელეფონში ვიხდი, აქ მაინც ხომ შეიძლება იყოს შეღავათები ჩვენთვის? ხომ შეუძლიათ კომპანიებს მოელაპარაკონ და ნაკლები ტარიფები არსებობდეს ჩვენთვის?!

თუ რამე მოხდა, „დამრიგებელი არ ვარგოდა“, „დამრიგებელია პასუხისმგებელი“, „დამრიგებელი სითბოს არ იჩენს“ – ამბობენ.

გავიდნენ და ნახონ, როგორი ფასებია გარეთ, პურის ფასი მოიკითხონ, ცხოვრება რა ღირს, ეს მოიკითხონ. გადასახადებმა მოიმატა, მასწავლებელმაც ხომ უნდა არჩინოს ოჯახი. თუ ყველაფერი ძვირდება, ეს ჩვენი ხელფასი რატომ ტრიალებს ერთი და იმავე ადგილას?!“ – კითხვას სვამს ეკატერინე ჩიქოვანი.

კირვალიძეს საპროცესო გაუუქმდა, მიქელაძის განაჩენი უცვლელი დარჩა – სააპელაციოს გადაწყვეტილება

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულის საქმე განიხილეს: გიორგი კირვალიძეს 2 თვის წინ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს, მანუჩარ მიქელაძისთვის მისჯილი 5-წლიანი განაჩენი კი ძალაში დატოვეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

კირვალიძისა და მიქელაძის საქმეები პირველ ინსტანციაში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განიხილა. მან კირვალიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 11 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. შეთანხმების პირობების მიხედვით, დაკავებულებს 3-წლიანი პირობით მსჯავრთან ერთად, რეალური საპატიმრო დრო 1 წლით განესაზღვრათ. ეს ნიშნავს, რომ მათ ციხე ოქტომბერში უნდა დაეტოვებინათ.

თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გიორგი კირვალიძე, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა საპროცესოს, ანუ აღიარა წარდგენილი ბრალი და მოინანია ჩადენილი დანაშაული –  მოულოდნელად წამოდგა და თქვა, რომ უარს ამბობდა აღიარებაზე.

სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს შეთანხმების დამტკიცების შემდეგ მასზე უარის თქმის შესაძლებლობას.

ამავე თემაზე: „არასდროს არავის უთქვამს უარი საპროცესოზე მისი დამტკიცების შემდეგ” – პროკურორი კირვალიძეზე 

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პროკურორმა გაასაჩივრა მის მიერ გაფორმებული შეთანხმება.

კირვალიძის ადვოკატი, ბორის (ჩელე) ყურუა აცხადებს, რომ პროკურატურამ შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით ბრალდებული „გადააგდო“.

„იქ იყო კვალიფიციური მოსამართლე [თამარ მახარობლიძე], რომელსაც შეეძლო დაენახა ეს უარი და მისი ვალდებულებაც კი იყო, რომ არ დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება თუ აღიარება, როგორც საპროცესო შეთანხმების საფუძველი, არ იყო სახეზე. დღეს დამტკიცდა რაღაც ახალი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ.

მოცემული სასამართლოს პირობებში არ ვიცი ამას რამდენად აქვს აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური ელფერი.

[…] მაშინ, როცა ჩვენ დაცვის ყველა სტრატეგიაზე ვთქვით უარი, ვენდეთ ბრალდების მხარეს, მივაღწიეთ მათთან შეთანხმებას და გამოვიდა, რომ ბრალდების მხარემ „გადაგვაგდო“, – განაცხადა ადვოკატმა.

სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ შეთანხმებულ საპროცესოზე უარი აღელვების გამო თქვა და რეალურად, მაშინაც ეთანხმებოდა საპროცესოს პირობებს – ბრალის აღიარება და მონანიება. მან თქვა, რომ დღეებს ითვლის შვილებთან შეხვედრამდე.

პროკურორმა ხინთიბიძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ წერილობით დაფიქსირებული აღიარების მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში კირვალიძემ სხვა პოზიცია დააფიქსირა.

„განაჩენის გამოცხადების დროს მან [გიორგი კირვალიძემ] განმარტა, რომ აღარ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და გაგვეუქმებინა საპროცესო შეთანხმება. ვინაიდან განაჩენის გამოცხადება დასრულებული არ იყო, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის აღიარება, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს საპროცესო შეთანხმებას. ამის გამო გააუქმა სააპელაციომ აღნიშნული განაჩენი”, – განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი კირვალიძის საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.

რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, სააპელაციოს მოსამართლე კერატიშვილმა ძალაში დატოვა საქალაქოს მოსამართლე მახარობლიძის გადაწყვეტილება 5-წლიანი პატიმრობის შესახებ. მიქელაძე საქალაქო სასამართლოშივე აღიარებდა, რომ ჩაიდინა ქმედება, რასაც ედავებოდნენ, თუმცა არ აღიარა წარდგენილი ბრალი, არ ცნო თავი დამნაშავედ და კატეგორიული უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

პატიმრობის მისჯის შემდეგ „ბათუმელები“ მანუჩარ მიქელაძის ცოლს, დიანა მიქელაძეს ესაუბრა. ის ამბობდა, რომ არ აქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. თუმცა, გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, რადგან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენონ თავიანთი სიმართლის გასაჟღერებლად.

მანუჩარ მიქელაძის ადვოკატი, გურანდა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მიუკერძოებელი სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებდა.

„მარტივად ავუხსენით მოსამართლეს, რომ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვერ დაადასტურა მოწვეულმა მოწმემ, ვერ დაადასტურა საქმეში გამოკვლეულმა ვერცერთმა მტკიცებულებამ. თუმცა, რატომღაც, სასამართლოს შინაგანი რწმენა არ გაუჩნდა იმისა, რომ აღნიშნული პიროვნების [მანუჩარ მიქელაძის] მიმართ არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული კვალიფიკაცია.

თუკი სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თუკი საქმის განხილვა იქნებოდა მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და უნდა მოეხდინა ცვლილება. თუმცა, დღეს მივიღეთ ის შედეგი, რასაც, ალბათ ველოდით, იმიტომ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“ – ამბობს ადვოკატი.

როგორც მანუჩარ მიქელაძეს, ისე გიორგი კირვალიძეს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის ორი მუხლის დარღვევას: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

წაიკითხეთ მანუჩარ მიქელაძის ოჯახის ისტორია:

„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი

კრწანისის ტყეპარკში „არაბული ქალაქის“ კონცეფცია ცნობილია – შენიშვნების წარდგენა დაიწყო

კრწანისის ტყეპარკისა და მიმდებარე ტერიტორიაზე „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. შესაბამისი პროცედურები დაწყებულია შესაბამის სახელმწიფო უწყებებშიც.

„ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. ამასთან, დაახლოებით 6 თვის წინ, „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „იგლ-ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები გასაიდუმლოებულია.

2026 წლის 27 აგვისტოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს; ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია.

პროექტის ვიზუალიზაცია/კონცეფციიდან

აღნიშნულ ეტაპზე უნდა გაიცეს სკოპინგის დასკვნა, რომელიც აუცილებელია სგშ-ს საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად და შემდგომი ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად.

სკოპინგის დასკვნაში უნდა გაიწეროს კონკრეტული მითითებები და პირობები, რომლებიც სგშ-ს ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ მომდევნო ეტაპზე. ამ დასკვნაში უნდა იყოს ასევე საზოგადოების [მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების] და დარგობრივი უწყებების/ექსპერტების მიერ გამოთქმული დასაბუთებული შენიშვნები, რომლებიც შემდეგ უკვე საბოლოო დოკუმენტში უნდა აისახოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით ამ შემთხვევაში სგშ-ის სკოპინგის დასკვნის გამცემი უფლებამოსილი ორგანოებია გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

სგშ-ის სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 2026 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:

  • სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნებისა და მოსაზრებების ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნისას ადრესატად მიუთითოთ: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო);

ასევე:

  • სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ელფოსტაზე: info@ncdc.ge (მის.: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99).

„გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კერძოდ კი სოფელი ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ იგეგმება ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარება, რომელიც მეტ წილად განვითარდება ინდივიდუალური საცხოვრისებით, კერძოდ ვილებისა და თაუნჰაუსების სახით, დასახლების ცენტრალურ ნაწილში კი თავმოყრილი იქნება საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები.“ – წერია კონცეფციაში.

პროექტის ვიზუალიზაცია/კონცეფციიდან

ამავე კონცეფციის მიხედვით,კრწანისის ტერიტორია, რომელიც ფონიჭალის ნაკრძალსა და მდინარე მტკვარს ესაზღვრება, იძლევა იშვიათ შესაძლებლობას შეიქმნას სიცოცხლით სავსე, მყუდრო უბანი. პროექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 633 ჰექტარს, ასახავს ტრანსფორმაციულ ურბანულ ამბიციას – ხელახლა გააცოცხლოს მდინარისპირა ცხოვრება და გააძლიეროს თბილისის აგლომერაციის გლობალური იდენტობა“.

საპროექტო არეალი დოკუმენტების მიხედვით მოიცავს 41 მიწის ნაკვეთს [საერთო ფართობით 633 ჰა]. 41-ივე საკადასტრო ერთეული ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა ისინი „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტითაა გადაცემული.

„საპროექტო წინადადებით იგეგმება არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება მდ. მტკვრის სანაპიროების გათვალისწინებით და შემდგომი გამიჯვნა განაშენიანების დეტალური გეგმების არეალების შესაბამისად.

კონცეფციაში წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და პარამეტრები შესაძლოა შეიცვალოს ან დაზუსტდეს მიმდინარე ტექნიკური კვლევების, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცესის შედეგების საფუძველზე.“ – წერია კონცეფციაში.

„იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განხორციელდეს გონიოშიც, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში კონცეფცია, ასე ვთქვათ, საჯარო დოკუმენტების სახით არ გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გონიოში საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებში და ის საერთაშორისო დონეზე დაცული ტერიტორიაა.

ამ თემაზე ვრცლად:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

360 ათასი ლარი ახალი საჯარო სკოლის პროექტისთვის ბათუმში – კონკურსი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის განათლების სამინისტრომ ბათუმში საჯარო სკოლის დაპროექტებაზე ტენდერი 360 ათასი ლარით გამოაცხადა.

ახალი სკოლის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქ სკოლისთვის ჯამში 7 390 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია გათვალისწინებული.

„გასათვალისწინებელია, რომ სკოლისთვის განკუთვნილ ტერიტორიას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება ქუჩა“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დავალების მიხედვით, სასწავლო კორპუს(ებ)ის სართულიანობა უნდა იყოს 3 სართული + სარდაფის სართული ან ნახევარსართული. მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა კი – 750 მოსწავლე [±50 მოსწავლე] ერთ ცვლაში [25 მოსწავლე ერთ კლასში], ჯამში 1 500 მოსწავლე ორ ცვლაში.

ამასთან, „პროექტირებისას კონკურსანტი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაცია დაამუშაოს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით.

პროექტირების პროცესში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი ზეპირი სახით შეთანხმდება შემსყიდველთან“.

შემსყიდველთან, ანუ სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება ასევე დაზუსტდეს „არქიტექტურული დეტალები და ფერთა გამა“.

კონკურსის მოთხოვნაა, რომ პროექტში გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტაციის ღონისძიებები. „კერძოდ, შენობა-ნაგებობებთან მისასვლელი პირობები, შენობაში შესასვლელი პანდუსები ნორმების გათვალისწინებით, სველი წერტილები. ყველა სართულისათვის მოეწყოს სამგზავრო ლიფტი შშმპ-თვის“ – წერია პირობებში.

კონკურსში გამარჯვებულს დაპროექტებასთან ერთად ევალება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაც. სამომავლოდ, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებითა და შემდეგ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერით დაზუსტდება, რა თანხა იქნება საჭირო „ოცნების ქალაქში“ სკოლის ასაშენებლად. ტენდერით განისაზღვრება მშენებლობის დაწყება-დასრულებისთვის საჭირო ვადებიც.

კონკურსში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს

ბათუმის მერის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს. ის ბათუმის მერმა დღეს, 31 აგვისტოს, წარუდგინა თანამშრომლებს.

მერიის ინფორმაციით, ეთერ მაჭუტაძე განათლებით აგროეკოლოგი, აგრონომი და სატყეო ინჟინერია, არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი:

„წლების განმავლობაში მუშაობდა მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის ბულვარს“.

ეთერ მაჭუტაძე 2017 წელს, ბულვარის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს, მაშინაც, ზურაბ პატარაძე იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. პატარაძის აზერბაიჯანში ელჩად გადაყვანის შემდეგ კი, მაჭუტაძემაც დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

„ამჟამად, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 488 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 316 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 25 255 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 48 883 ერთეული [+50]
  • MLRS – 2 079 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 597 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 440 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 490 402 ერთეული [+2 055]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 442 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 141 920 ერთეული [+467]
  • სპეცტექნიკა – 4 621 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 060 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დონეცკში ელენოვკას კოლონიის უფროსის მოადგილის მანქანა ააფეთქეს

რუსეთში დაპატიმრებულ პროფესორს ომში წასვლას აიძულებენ, ის წარმოშობით უკრაინელია – მედია

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთში დაპატიმრებულ პროფესორს ომში წასვლას აიძულებენ, ის წარმოშობით უკრაინელია – მედია

„რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით დაკავებულმა ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, რომან მელნიჩენკომ განაცხადა, რომ იზოლატორში მას უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას აიძულებდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დევნილი მედია ავრცელებს.

53 წლის პროფესორმა ზეწოლის შესახებ ადვოკატ დმიტრი სოტნიკოვისთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა. მელნიჩენკომ რეკრუტერს ომში წასვლაზე უარი იმით აუხსნა, რომ ეთნიკურად უკრაინელია. გარდა ამისა, მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს – ერთ თვალში მინუს 10%, მეორეში კი მინუს 20%.

ადვოკატმა შეშფოთება გამოთქვა თავისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და წინასწარი დაკავების იზოლატორის დირექტორს შშმ პირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.

2022 წელს პროფესორი ანტისაომარი პოზიციის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ის დევნას განიცდიდა, სასამართლოში დავობდა იუსტიციის სამინისტროსთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო და ამაზე საჯაროდაც საუბრობდა.

მელნიჩენკოს დაკავების შესახებ ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი.

პროფესორი დააკავეს შეიარაღებული უწყებების თანამშრომლებმა, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით. ისინი იურისტის ბინაში შეიჭრნენ და სახით იატაკზე დააწვინეს.

პოლიციის ვერსიით, გასული წლის სექტემბერში პროფესორმა ინტერნეტში განათავსა „ვიდეომასალა, რომელიც შეიცავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ ინფორმაციას“. უცნობია, კონკრეტულად რომელ ჩანაწერებზეა საუბარი.

მელნიჩენკოს კომპიუტერი, მიკროფონები, ვებკამერა და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. პროფესორი ტელეგრამ-არხს მართავდა და ონლაინ ლექციებს ატარებდა.

1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვების უფლება მიეცემა – გივი მიქანაძე

1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვების საშუალება მიეცემათ.

ინფორმაცია ამის შესახებ, დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის სპეციალური ბრიფინგის საშუალებით.

გივი მიქანაძის განმარტებით, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2026 წელს იქნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.

სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ,“ – თქვა გივი მიქანაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვულმა ცენტრმა 25 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.

1795 აბიტურიენტი, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, ამ დრომდე სასწავლებლებს მიღმა იყვნენ დარჩენილი. ახალი გადაწყვეტილებით კი მათ სწავლის საშუალება ექნებათ.

ამავე თემაზე:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რეგისტრირებულია 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი

60 ჭრილობა დანით – ოზურგეთში სასტიკად მოკლული ქალი დაკრძალეს

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში, დღეს, 30 აგვისტოს, დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე. ქალი, რომელიც 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს ყაჩაღებმა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

„მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო,“ – უთხრა „ბათუმელები“ ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა. მოკლულის ოჯახის ერთ-ერთ  წევრს, ეს ინფორმაცია საჯაროდაც აქვს გამოქვეყნებული.

მარგო ზოიძე ნასაკირალში, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მისი მეუღლე მთელი ზაფხული გომისმთაზე მუშაობდა, მკვლელობის ღამეს ქალი სახლში მარტო იყო.

„28 აგვისტოს, გვიან ღამე, ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები. გაუგია მარგოს, როგორ ცდილობდნენ მეტალოპლასტმასის ფანჯრის შემტვრევას, ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია.

სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა თურმე. ეუბნებოდა არ მაქვს ფული, არაფერს მოგცემთო. ერთი მარგოს იჭერდა, ორი სახლში ფულს ეძებდა. მარგოს უბრძოლია – ვინც იჭერდა იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვია „გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან არ მაქვს ფულიო“.

სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში.

დანით დაჩეხეს. 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს.

ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – „ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო“. მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა თურმე მარგოს.

მეზობლებს იმ ღამეს გაუგიათ ხმაური. კართანაც მისულან – მარგო, მარგოო ეძახდნენ, მაგრამ ხმა არ გაუცია.

მეორე დღეს იპოვეს უკვე გარდაცვლილი და პოლიცია გამოიძახეს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით.

„ბათუმელებმა“ შსს-ს ჰკითხა, დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებულები.

შსს-ს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები“.

შსს-ში ასევე არ დაგვიდასტურეს რაიმე ჩანაწერის არსებობა, რომელიც მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

ამავე თემაზე:

სოფელ ნასაკირალში 60-წლამდე ქალი მოკლეს

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა და აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

აფეთქების ტალღამ დააზიანა იქვე მდგომი სხვა ავტომობილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

ბათუმის დინამო სეზონის დარჩენილ საშინაო თამაშებზე დიდ გათამაშებას იწყებს. სტადიონზე მისულ ნებისმიერ ქომაგს შეუძლია ავტომობილი ან სხვა ფულადი პრიზები მოიგოს.

წესი უმარტივესია – ყოველი ბილეთი, რომელსაც ბათუმში თამაშზე დასასწრებად იყიდი, სეზონის ბოლოს შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

დინამო ბათუმი:

„ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს. ყველა გამარჯვება თქვენი დამსახურებაცაა. ეს გათამაშება ჩვენი მადლობაა იმ ერთგულებისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობთ. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორ კროკოს, რომელმაც ეს იდეა რეალობად აქცია.“

კლუბში ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ქომაგების დაფასება და სტადიონზე კიდევ უფრო მაგარი მუხტის შექმნაა. მთავარ საჩუქარს და ფულად პრიზებს გუნდის გენერალური სპონსორი კროკო აფინანსებს.

ეს გათამაშება კროკოს ახალი კამპანიის, „შენი ხმის“ ნაწილია, რომელიც ზოგადად ქართველი ქომაგების მხარდაჭერას ემსახურება.

„ბათუმის ტრიბუნების ენერგია განსაკუთრებული რამაა – ფეხბურთს სწორედ ერთგული ქომაგი ქმნის. გვინდა, გუნდსა და გულშემატკივარს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ტრიბუნის ხმა ფეხბურთელებისთვის უდიდესი ძალაა და ჩვენი ახალი კამპანია „შენი ხმაც“ სწორედ ამიტომ დავიწყეთ ბათუმიდან. შევხვდებით სტადიონზე!“ – ნიკო ადეიშვილი, კროკოს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ნახე დეტალები ბმულზე: https://bit.ly/DinamoRaffle

Exit mobile version