მთავარი,სიახლეები

ბათუმში 26-სართულიანის მშენებლობის გამო გზა დაიბზარა, მოქალაქეს კი ეზო ენგრევა

01.09.2026
ბათუმში 26-სართულიანის მშენებლობის გამო გზა დაიბზარა, მოქალაქეს კი ეზო ენგრევა

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლების წინ მიმდინარე 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ქუჩაში ასფალტი დაიბზარა, ხოლო ეზოების კედლები ინგრევა.

თემურ ჯიჯავაძე მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ეზოს მესერი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მშენებლობას ემიჯნება, ინგრევა.

ინგრევა თემურის მეზობლის ეზოს კედელიც.

„ყველა გზას ვეძებთ, რომ ჩვენი ეზოები და სახლები გადავარჩინოთ. ახლა ნაწვიმარია და გადაიფარა დახეთქილი ეზო. ოდნავ რომ მოშრება, ჩანს რამხელაზეა გახსნილი. გვერდით, ბესიკის ქუჩაზე, ბზარი თავიდან უმნიშვნელო იყო, ახლა ათი სანტიმეტრი მაინცაა. როცა მშენებლობა მიდის, მთელი სახლი ზანზარებს.

ვრეკავთ 112-ში, ვრეკავთ მუნიციპალურში, ვრეკავთ მერიაში – არავის რეაქცია არ აქვს და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.

ახლა ჯერ ეზოს კედელი დაინგრა, ერთ დილას ჩემი სახლი რომ დაინგრეს, მაგაზე ვინმე პასუხისმგებლობას იღებს?“ – სვამს კითხვას თემურ ჯიჯავაძე.

ბესიკის ქუჩაზე მშენებლობა №75-77-79 ნომრებში მიმდინარეობს. აქ ადრე პატარა, ბარაკული ტიპის სახლები იყო.

მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასული წლის დეკემბერში გასცა. შესაბამის ბრძანებას ხელს ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე აწერს.

1294 კვადრატულ მეტრ მიწაზე მშენებელმა 26-სართულიანი კორპუსი უნდა ააშენოს. მშენებლობის ნებართვა 2030 წლის 8 აგვისტომდე ვადითაა გაცემული.

ბესიკის ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პროექტის დამტკიცებამდე დაიდო საპროექტო შენობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა.

ამ დასკვნის მიხედვით, კორპუსის მშენებლობისას მისი მომიჯნავე შენობა-ნაგებობები რომ არ დაზიანებულიყო, ამისათვის მშენებელს უნდა მოეწყო ე.წ. ლარსენის შპუნტები.

„საპროექტო შენობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე შესაძლო ზემოქმედების აცილების მიზნით საპროექტო შენობის პერიმეტრზე ეწყობა ლარსენის შურფების [სავარაუდოდ, იგულისხმება ლარსენის შპუნტები] –  კედელი, მთელ პერიმეტრზე 9 მეტრი ჩაღრმავების, რომლებიც ამოღებულ იქნება მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ. ლარსენის შურფები ჩაერჭოს გრუნტში ვიბროჩამძირავით.

აღნიშნული სამუშაოების სათანადოდ ჩატარების შემთხვევაში არ ხდება მომიჯნავე შენობების მიმართ მიწისქვეშა ზემოქმედება და გასათვალისწინებელია ასევე, რომ საპროექტო შენობის საძირკვლის ქვეშ სამშენებლო სიღრმეებზე ფიქსირდება გრუნტის წყლები, მაგრამ ზამთარში საპროექტო ადგილისათვის გრუნტის გაყინვის დონე არის 0 სმ,“ – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

თემურ ჯიჯავაძე, რომლის სახლის კედელიც უშუალოდ ემიჯნება ბესიკის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობას, ამბობს, რომ მშენებელს ექსპერტიზის დასკვნა არ გაუთვალისწინებია და მთელი რვა თვე წესების დაცვის გარეშე აწარმოებდა მშენებლობას.

„ისეთ დღეში ჩაგვაგდეს, მოვიკითხეთ და გავარკვიეთ, რომ ამ ლარსენის შპუნტების გაკეთება ძალიან ძვირია. ამიტომ მშენებელმა ჩვენთვის ზიანის მოყენების ხარჯზე გადაწყვიტა ეკონომიის გაკეთება. დღეს კედელი და ეზო ინგრევა, ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

რკინის კარი აქვს ჩემს სახლს. ზოგჯერ დილით კარი უბრალოდ არ იღება, ჩაჭედილია. იწყებენ სამუშაოებს, იწყებს სახლი ზანზარს და მერე კარი სწორდება. ფაქტია, რომ ზიანი გვადგება,“ – ამბობს თემურ ჯიჯავაძე.

მისი თქმით, ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია არაერთგზის გამოიძახეს. ინსპექციიდან მოდიან, თუმცა ტერიტორიას კონკრეტული შედეგის გარეშე ტოვებენ.

მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა წერილით მიმართეს მუნიციპალურ ინსპექციას. სწორედ ამ წერილზე პასუხიდან ირკვევა, რომ ბათუმის მერიამ უგულებელყო ექსპერტიზის დასკვნა და მშენებელს უფლება მისცა ლარსენის შურფების ნაცვლად მშენებლობაზე ლითონის ხიმინჯები გამოეყენებინა.

„2026 წლის 28 ივლისს, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის“ მიერ გაიცა „არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ ბრძანება, რითაც ცვლილება შევიდა ქვაბულის შემომზღუდავი კონსტრუქციის მოწყობის ტექნოლოგიაში და ლარსენის შპუნტების ნაცვლად განისაზღვრა ბურღული ლითონის ხიმინჯების მოწყობა, სამშენებლო მოედნის მთელ პერიმეტრზე,“ – ვკითხულობთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაუგზავნა მოქალაქეს.

ბესიკის ქუჩაზე 26 სართულიან კორპუსს შპს „ჯეო 2020“ აშენებს. კომპანიის ხელმძღვანელი და 70 %-იანი წილის მფლობელი ბეგლარ ბოლქვაძეა.

„ბათუმელები“ ბეგლარ ბოლქვაძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ თუკი მისი მშენებლობის გამო მიადგებათ ზარალი მომიჯნავედ მაცხოვრებლებს, კომპანია მათ ყველა ზარალს აუნაზღაურებს.

„ბესიკის ქუჩაზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ქალაქ ბათუმის მერიას, ავიღეთ პასუხისმგებლობა, დავწერეთ განცხადება, რომ რამდენიმე დღეში მოვრჩებით საძირკვლის სამუშაოებს და სრულად იქნება აღდგენილი კომპანიის მიერ [გზა].

მოსახლეობასაც მივმართე, რომ ჩვენ ჩავატარებთ ექსპერტიზას, თუ რამე ჩვენგან გამოწვეულია ზიანია, სრულად იღებს კომპანია პასუხისმგებლობას და აანაზღაურებს. რამდენიმეჯერ პოლიციაშიც გამოგვიძახეს, მივედით, იგივე დავაფიქსირეთ იქაც. მე ვთქვი – მე მშენებლობა უნდა ვაწარმოო, ჩემგან თუ რამე ზიანი იქნება, ექსპერტიზაც ჩემს მიერ იქნება მოყვანილი, ზიანიც სრულად ჩვენი მიერ იქნება ანაზღაურებული-მეთქი,“ – ამბობს ბეგლარ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ კითხვას – მაშინ, როცა ექსპერტიზის დასკვნაში მომიჯნავედ არსებული შენობებისთვის ზიანის შესამცირებლად გათვალისწინებული იყო ლარსენის შპუნტების მოწყობა, რატომ დაიწყო კომპანიამ მის გარეშე საძირკვლის მოწყობა, ბეგლარ ბოლქვაძე ასე პასუხობს:

„ლარსენის შპუნტები რომ მაქ წასულიყო, ჩვენ გავიარეთ კონსტრუქტორთან ერთად… ლარსენის შპუნტები, თუ იცით, ძალის მიხედვით ეჭედება, იმიტომ, რომ იქითაც იყო მშენებლობა და სახლი ნაწილობრივ დაიშალა მაგის ვიბრაციით… ვიბრაცია (დრაჟენია) მიდის და ეჭედება. ჰოდა, ამის ჩაჭედვით ის სახლები მთლიანად დაიშლებოდა. ჩვენ ვნახეთ ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი, რითაც დაიბურღა ეგ ადგილი, ტრუბები ჩალაგდა ირგვლივ და შეიკრა უსაფრთხოება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, გვაქვს მუდმივი კონტაქტი მოსახლეობასთან. ავუხსენით, რომ მე თვითონ მოვიყვან ექსპერტს, სამხარაული გინდათ – თქვენ მოიყვანეთ, დავთვალოთ ზიანი, რა ზიანიც არის, სრულად ვანაზღაურებთ-მეთქი. პოლიციაშიც რომ ვიყავი გამოძახებული, იქაც დავაფიქსირე და იქაც დევს ეგ განცხადება.

ჩემი პირობაა, ზიანი უნდა დაითვალოს სამხარაულის მიერ – ჩემი მიყენებულია ზიანი თუ მშენებლობის დაწყებამდე იყო, ეს უნდა შეისწავლოს ექსპერტმა. მე ჩემს პასუხისმგებლობას არ ვარიდებ თავს,“ – ამბობს ბეგლარ ბოლქვაძე [სტილი დაცულია].

მშენებარე 26-სართულიან სახლში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების ფასი 1130 დოლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.