მთავარი,სიახლეები

„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

01.09.2026
„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

„მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე და აქვე გვიზიარებს, ეს სადღაც 6 ქართული ბრიგადა გამოდის, ან სრულყოფილი 4 ბრიგადაო.

„ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე შემოვიდა ერთ ღამეში საქართველოში,“ – დასძენს სამხედრო ანალიტიკოსი.

ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, პუტინს ცეცხლის შეწყვეტა ლოგიკურად აწყობს, მაგრამ უცნობია, რა ხდება მის გარშემო. მონაცემების მიხედვით კი, რუსეთს დაახლოებით კიდევ 3 სამი წელი შეუძლია ამ ტემპით იომოს.

ამასობაში, უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კუპიანსკიში. გადამდგარი გენერალი ამბობს, ეჭვი მაქვს, იმ დანაყოფმა მიაღწია წარმატებას, სადაც უცხოელი მოხალისეები არიანო.

რა იცვლება ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, წუხელ 12 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად. რა ხდება საჰაერო თავდაცვითი ბალისტიკური საშუალებების მიწოდების კუთხით უკრაინისთვის? 

რუსეთი რეალურად გადავიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, რაც გამოიხატება ქალაქების დაბომბვით იმ მომენტში, როცა ხალხი ქუჩებშია. რუსები ურტყამენ სავაჭრო ობიექტებს და ასე შემდეგ. წუხელ, მაგალითად, 29 მოხვედრა იყო.

უკრაინამ გუშინ შეძლო 169 ბალისტიკური რაკეტის და ბევრი დრონის ჩამოგდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უკრაინას სჭირდება ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, რომელიც შემცირებული აქვს, ძალიან უჭირს და ამას აცხადებს ზელენსკი მუდმივად იმ ფონზე, როცა ფრონტის ხაზზე ცვლილებები არ არის.

ამავე დროს, უკრაინაც თავის მხრივ ახორციელებს დარტყმებს რუსეთზე – ისე არ არის, რომ ცალ კარში მიდის თამაში. საკმაოდ ეფექტიანად ურტყამენ უკრაინელები რუსეთს. წუხელ დაარტყეს სამხედრო ბაზა ციმბოლოვოს, ორლოვის ოლქში, სადაც რუსებს აქვთ ერთ-ერთი შორი მოქმედების დრონების გამშვები პუნქტი. სხვათა შორის, 10 ბაზა აქვთ რუსებს მოწყობილი, რასაც ეძახიან „დრონო პორტებს“.

რუსების გონიერებას საზღვარი არა აქვს: ეს პუნქტები განალაგეს უკრაინის საზღვართან ახლოს, რათა მისწვდომოდნენ, რაც შეიძლება შორ მანძილზე. ფაქტობრივად, მათი მოქმედების რადიუსში შედის სამხრეთ ფინეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, პოლონეთი, თურქეთი. სამაგიეროდ, რუსეთი თვითონ არის მოწყვლადი – უკრაინელებს შეუძლიათ ძალიან ადვილად მისწვდნენ და ამას აკეთებენ კიდევაც – ახლა ამ დრონოპორტებზე დარტყმები დაიწყეს.

დღეში საშუალოდ 1000-მდე დრონს უშვებს უკრაინა რუსეთის მიმართულებით. გელენჯიკში, სადაც პუტინის რეზიდენციაა მოწყობილი და ძალიან კარგად იყო დაცული, უკრაინელებმა მეთოდურად დაიწყეს მისი დამუშავება: 7 აგვისტოს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს დაარტყეს და ჩაახშვეს ეს საშუალებები – „ვოლნა“, „კუპოლი“, „გარანტი“. ფაქტობრივად, დააბრმავეს. 9 აგვისტოს დაარტყეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, მათ შორის, S-400-ს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყირიმიდან რუსებმა ნაწილობრივ გაიტანეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მოსკოვის დასაცავად. ყირიმში გატანა-შემოტანა მარტივად არ ხდება, ვინაიდან საჰაერო დარტყმებით იზოლირებული აქვს უკრაინას ყირიმი. ამ დარტყმების შედეგად საწვავის და წყლის პრობლემებია. მოწყვეტილია მატერიკს ყირიმი.

ამას მოჰყვება შემდეგი სერიები. ყირიმის სრული იზოლაციისა და ჩახშობისთვის უკრაინას გააჩნია დღეს საჭირო საშუალებების 14%. თუკი უკრაინა შეძლებს, რომ 86%-ს თავი მოუყაროს, მაშინ ყირიმი იქნება განწირული. როგორც მადიარი [უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი] აცხადებს, ყირიმი იყო, პირველ რიგში, დაპყრობილი, ყირიმი იქნება გათავისუფლებული, პირველ რიგში.

  • შეიძლება ამ ომში გარდამტეხი აღმოჩნდეს დრონებით თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე? 

ეს მაინც არის რუსეთის იძულება მოლაპარაკებებისადმი. ჯერჯერობით უკრაინას არ აქვს რესურსი, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა განახორციელოს ფრონტის ხაზზე ისევე, როგორც რუსებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ რაღაც გარღვევა განახორციელონ.

დღეს, მაგალითად, უკრაინელებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხარკოვის რაიონში, კუპიანსკიში და შვიდი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ოპერაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს უცხოელმა მოხალისეებმა. ჩემი მოსაზრებით, ესენი უფრო სამხრეთ-ამერიკელები იყვნენ, კოლუმბიელები და ბრაზილიელები, რომლებიც მრავლად არიან უკრაინის არმიის შემადგენლობაში.

შვიდი კვადრატული კილომეტრი დიდი არაფერია, მაგრამ ტენდენციას აჩვენებს. უკრაინელები ასევე აქტიურობენ დოლგოპოლიეს რაიონში. ამიტომაც, რუსები ფრონტის ხაზზე სტაგნაციის პირობებში არიან და ძირითადი აქცენტი არის საჰაერო ზემოქმედებაზე.

ვფიქრობ, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილება უახლოეს პერიოდში არ იქნება. ყველაფერი გადატანილია დისტანციურ ზემოქმედებაზე.

  • ამ სტაგნაციური მოცემულობის მიუხედავად, რატომ არ ურჩევნია პუტინს ცეცხლის შეწყვეტა? „Economist“-ის ინფორმაციით, პუტინს თავისი გარემოცვისთვის უთქვამს: ჩამომახრჩობენ დონბასის სრულად აღების გარეშეო. პუტინის აზრით, რუსეთი უფრო დიდხანს გაუძლებს გამოფიტვას, ვიდრე დასავლეთი?

დიახ, მაგის ილუზია გააჩნია პუტინს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა ინფორმაციას აწვდიან პუტინს. ჩემი აზრით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ვიზიტი მოსკოვში, გარკვეული წყაროების მონაცემებით, ასევე დაკავშირებული იყო იმასთან, რომ პუტინისთვის დაენახებინათ ის მძიმე, რეალური სურათი და შესაძლებლობა, რაც გააჩნია რუსეთს ამ მიმართულებაზე.

როგორც ინფორმაციამ გაჟონა, თითქოსდა პუტინს ზელენსკის ახალი გეგმა ცეცხლის შეწყვეტაზე წარუდგინეს. პუტინს რომ ნება მისცე რუსეთის ბოლო მოქალაქემდე შეუძლია იომოს – მთავარია, რა პირობებში ჩააყენებენ მას არამარტო უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები, არამედ საკუთარი მომხრეები.

  • რამდენად რეალურია მობილიზაციის გამოცხადების მოლოდინი? ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ჩიხიდან გამოსვლას პუტინი უკან დახევით კი არა, კონფლიქტის ახალი ესკალაციით გეგმავს. თქვენთვის რა ჩანს დღევანდელი გადასახედიდან – ემზადება პუტინი ახალი კამპანიისთვის?

ძალიან რთულია პუტინის პროგნოზირება. ჯერჯერობით, არ ჩანს ახალი კამპანიისთვის გააქტიურების ნიშნები. ჩანს, რომ რუსეთი გააქტიურდა ნატოს მიმართულებით, ნატოს მზადყოფნის შემოწმების მიზნით. ეს გამოიხატება იგივე დრონების შეფრენაში, საზღვრების სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების პროვოკაციებში, სხვა დივერსიულ მოქმედებები. მაგალითად, ჩეხეთში, ერთ-ერთ სამხედრო საწარმოსთან, უცნობმა პირებმა შიშის დათესვის მიზნით დადეს ამ საწარმოს ხელმძღვანელების ფოტოები შავი ლენტით და გლოვის გვირგვინებით.

მობილიზაცია თუ იქნება რუსეთში, იქნება დაახლოებით სექტემბრის 24-დან, ანუ როცა ჩაივლის არჩევნები, თუმცა არა მგონია, პუტინმა გაბედოს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს. ისევ იქნება პერმანენტული, ფარული მობილიზაცია, რაც იყო მანამდეც. მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა.

20 000 კაცი ეს არის – უხეშად რომ ვთქვათ – ექვსი ქართული ბრიგადა ან ოთხი სრულყოფილი, ქვეითი ბრიგადა. ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე ხალხი შემოვიდა ერთ ღამეში საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

  • ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა დივერსიული ქმედების მიღმა, ჩანს უფრო დიდი საფრთხე, მაგალითად, ბალტიისპირეთში? ასევე, ცნობილია, რომ ფინეთმა საზღვრის მონიტორინგისთვის შვედეთს სთხოვა ავიაციითა და სამხედრო ხომალდებით დახმარება.

ისედაც ახორციელებს ნატო ჰაერში პატრულირებას ბალტიის ქვეყნების თავზე. ახლა ალბათ კიდევ უფრო გააძლიერებენ.

ისე რომ მკითხოთ, 2022 წელს, როცა რუსეთი საბრძოლო მზადყოფნის პიკზე იყო, უკრაინის მაგივრად რომ დაერტყა ბალტიის ქვეყნებზე, არა მგონია, ნატოს რეალური პასუხი გაეცა მაშინ. დღევანდელ რეალობაში კი, ეჭვი მეპარება, რუსეთს იმდენი ძალა ჰქონდეს, უკრაინის ფრონტის პარალელურად ახალი ძალები შექმნას ამ მიმართულებაზე.

რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს ბელორუსის დაკავშირებას საომარ მოქმედებებთან. ფაქტია, რომ ბელორუსი არის მნიშვნელოვანი პლაცდარმი რუსეთისთვის უკრაინის მიმართულებაზე თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით, სამხედრო ინფრასტრუქტურით, რომელიც რუსეთს ეხმარება. საწვავიც ბელორუსიდან რუსეთში აქტიურად შედის, სხვა პროდუქტზე აღარაფერს ვამბობ.

ერთადერთი საომარ მოქმედებებში ვერ დაიყოლია პუტინმა ლუკაშენკო, რომელიც ძალიან თეატრალურად აჩვენებს, თქვენიანი ვარო. ნუ დაგვავიწყდება, რუსეთი უფრო მკაცრ ზომებსაც მიიღებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მაგრამ ეშინია, ბელორუსი საერთოდ არ დაკარგოს. ბელორუსი, ფაქტობრივად, ტრამპლინია ევროპაში შესასვლელად რუსეთისთვის.

  • რაში სჭირდება რუსეთს ეს დივერსიული მოქმედებები ნატოს წევრ ქვეყნებთან? 

მოსახლეობაში შიშის დანერგვა: იქნებ, არ დავეხმაროთ უკრაინას და ჩვენ თავს მივხედოთ… თუ არ დავეხმარებით უკრაინას, ომი დასრულდება და ჩვენც კარგად ვიქნებით.

  • ზელენსკის თქმით, ომის დასრულებისთვის არსებული „ფანჯარა“ 2027 წლის ზაფხულამდე იარსებებს, ანუ ვიდრე აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი გააქტიურდება. თქვენი აზრით, რამდენად არსებობს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა დღეს? 

მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ამ წლის ბოლომდე შესაძლოა რაღაც ნაბიჯები გადაიდგას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებები დაიწყოს. მართალია, ამას გასულ წელსაც ვამბობდი, რადგან ლოგიკურად რუსეთს ეს აწყობდა. დღევანდელი მოქმედებები აჩვენებს იმას, რომ მხარეები ემზადებიან მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციებით მივიდნენ.

ლოგიკურად ახლაც შეუძლია რუსეთს ცეცხლი შეწყვიტოს და ამით ის არ დაკარგავს არაფერს და თავის მომხრეებსაც შეუძლია მიყიდოს: აი, წარმატებას მივაღწიეთო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით შიგნით რა ხდება, სამზარეულოში, პუტინის საახლობლოში. რთულია პუტინზე რაღაცის პროგნოზირება.

გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე წინა ინტერვიუში თქვენთან: პუტინს შეუძლია სამი წელი იომოს ისე, რომ მშიერი იქნება. ის, რომ საწვავი არა აქვს რუს მოსახლეობას, მას ნაკლებად ადარდებს მსგავსი პრობლემები.

  • ევროკომისიამ უკრაინისთვის 6,1 მილიარდი ევროს თავდაცვითი შესყიდვები დაამტკიცა. მაშინ თავდაცვითი ბალისტიკური საშუალებების მიწოდება რატომ არის პრობლემა, რის გამოც უკრაინის ქალაქების დაბომბვას პერიოდულად რუსეთი ისევ ახერხებს? 

მისი წარმოება ხერხდება გარკვეული რაოდენობით, მაგრამ არა იმ ოდენობით, რაც ჩვენ გვინდა. რუსეთის მიმართულებით დღეში 1000 დრონამდე როცა ავა ქვეყანა, წარმოიდგინეთ იქ რა მასშტაბის წარმოებაა საჭიროა. მარტო 2026 წლის აგვისტოში 9 ქვეყანასთან დაიდო ხელშეკრულებები. ბოლოს იყო ფინეთთან ხელშეკრულება უპილოტო საჰაერო, საზღვაო სისტემების და სახმელეთო რობოტების ერთობლივი წარმოების შესახებ.

ამავე ხელშეკრულებაში შედის დრონგადამჭერების, ანუ ჰაერსაწინააღმდეგო დრონების წარმოება. ეს იაფი და საკმაოდ ეფექტურია რაკეტებთან შედარებით.

გარდა ამისა, უკრაინელებს ფრანგები აძლევენ ჰაერსაწინააღმდეგო „Aster“-ის წარმოების ნებართვას, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ მოქმედება, ასევე აძლევენ რადარებს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისთვის.

ეს ცალმხრივი პროცესი არ არის: უკრაინაც აწვდის ბევრ რამეს ევროპას, მაგალითად, იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშნეს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი – ფედორევი. ფედოროვი ამჟამად აშშ-შია საქმიანი ვიზიტით. გაჩნდა ინფორმაცია, რომ მასკი უკრაინელებს მისცემს „სტარლინკს“ რუსეთის ტერიტორიაზე სამოქმედოდაც. არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად ზუსტია, მაგრამ თუ ეს სინამდვილეა, ეს ნიშნავს, რომ დარტყმების შესაძლებლობა ხარისხობრივად და რაოდენობრივად რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან გაიზრდება.

უკრაინას უჭირს შეტევითი, ბალისტიკური რაკეტები. იმედია, დაიწყებენ ამის წარმოებას სერიულად. ამის წარმოება დაიწყო და გამოიცადა კიდეც „Fire Point“ – ის მიერ, მაგრამ სერიული წარმოება ჯერ არ არის დაწყებული.

  • ამ რთულ ვითარებაში, როცა ტრამპის პოზიციები ცვალებადია, ხოლო სიტუაცია ირანში დაძაბული, რა მიდგომა აქვს და ექნება ევროპას უკრაინის მიმართ? – თვალსაჩინოა ევროპის და ასევე აშშ-ს უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა, თუმცა დასავლეთი არ აპირებს რუსეთის სამხედრო ძალით დამარცხებას და ელოდება რუსეთის გამოფიტვას? 

დასავლეთის დახმარება გაიზრდება უკრაინის მიმართ. უფრო და უფრო იქოქება სამხედრო  წარმოება, უკრაინულ-დასავლეთის თანამშრომლობა, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო 2023 წელს და თანდათანობით აიღო ინერცია.

უკრაინელები აწვდიან ევროპელებს დეტალურ ინფორმაციას ბრძოლის ველზე გამოჩენილ რუსულ ტექნიკაზე, მათ ტექნიკურ – ტაქტიკურ მახასიათებლებზე. ეს მონაცემები უკვე აღარაა გუგლზე, ან ვიკიპედიაში მოძიებული ინფორმაცია.  აღნიშნული რეალური მონაცემები სჭირდება დასავლეთს სამხედრო ხელოვნური ინტელექტის გასაძლიერებლად.

ამჯერად ფედოროვი სთავაზობს შტატებს, რომ მზად არის დაეხმაროს დრონების საჰაერო ფლოტის შექმნაში და სამაგიეროდ „პატრიოტები“ მოგვაწოდეთ უკრაინასო. სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჟღერდება.

ომი არ არის მხოლოდ სამხედრო ძალა. აქ არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საინფორმაციო – სოციალური შემადგენელი.

  • გაჩნდა სკეპტიკური შეფასება, რომ რეალურად დასავლეთი არ ინდომებს სამხედრო ძალით რუსეთის დამარცხებას და ამ ვითარებაში უკრაინა ელოდება რუსეთის გამოფიტვას. 

ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი საბრძოლო მარაგების კრიტიკული, დასაშვები ზღვარი, რომლის ქვევითაც ის ვერ დაიყვანს თავის შეიარაღებას. გარდა ამისა, ყველა ქვეყანა თვითონ ამ იარაღს აღარ აწარმოებს. ამ ქვეყნებს თავისი ამომრჩეველი არ მისცემს უფლებას და არც სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა მისცემს უფლებას, რომ იარაღი უკრაინას გადასცენ.

ევროპის ქვეყნებში ძველი მარაგები რაც იყო, უკვე გაიცა. ახლა სჭირდებათ ახლის წარმოება. აქ დიდია ბიუროკრატია და ამას შეიძლება შეეხოს კრიტიკა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ უკრაინასა და ცალკეულ ქვეყნებს შორის უკვე ფორმდება ხელშეკრულებები. დრო სჭირდება ამას, რომ დაიწყოს შეარაღების წარმოება, მაგალითად, იგივე „Storm Shadow“-ს წარმოება.

რომ არა დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა, ეჭვი მეპარება, უკრაინა ასეთი წარმატებული ყოფილიყო ბრძოლის ველზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: