1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვების საშუალება მიეცემათ.
ინფორმაცია ამის შესახებ, დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის სპეციალური ბრიფინგის საშუალებით.
გივი მიქანაძის განმარტებით, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2026 წელს იქნება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.
სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, აღნიშნულ პროგრამებზე დარეგისტრირდნენ,“ – თქვა გივი მიქანაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვულმა ცენტრმა 25 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.
1795 აბიტურიენტი, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, ამ დრომდე სასწავლებლებს მიღმა იყვნენ დარჩენილი. ახალი გადაწყვეტილებით კი მათ სწავლის საშუალება ექნებათ.
ამავე თემაზე:
29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი


