მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ სტუდენტებმა აჭარაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთებს გადასცეს უსასყიდლოდ.
სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ივერი შაინიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი განათლება და ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს.
„დავიწყეთ კამპანია „ილიას გზით განათლებისთვის“. უკვე ვიყავით სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. ამ კამპანიის მიზანია იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, შვილებს სასკოლო ნივთები შეუძინონ.
ხელმოკლე ოჯახებს გადავეცით სასკოლო-საკანცელარიო ნივთები და ამ ფორმით ვცდილობთ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფითი პრობლემები.
115-მდე ბავშვი გავახარეთ სამ რეგიონში. ახლა აჭარის დროა. ვიქნებით ყველა მუნიციპალიტეტში. ქობულეთში ორ ოჯახს უკვე გადავეცით ნივთები. დღეს ბათუმის ოთხ ოჯახში ვაპირებთ მისვლას, ასევე – ხელვაჩაურშიც. პირველ სექტემბერს კი მაღალმთიან აჭარაში მივდივართ.
როცა ოჯახებში მივდივართ, მარტო ნივთებს არ გადავცემთ, ვესაუბრებით ამ ადამიანებს. ერთმა ბავშვმა გვითხრა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე არისო“- გვეუბნება ივერი შაინიძე.
ვესაუბრეთ „დაიცავი ილიაუნის“ კიდევ ერთ წევრს, ლაშა ჯანჯღავას.
მისი თქმით, ყველა შემოწირულება, რომელსაც ამ კამპანიის ფარგლებში საზოგადოებისგან იღებენ, ბავშვების საჭიროებებს ხმარდება.
„ხალხი რა თანხასაც გვირიცხავს, ყველაფერი იხარჯება ბავშვებისთვის. გავდივართ ხან ლილოში, ხან საბითუმო საკანცელარიო მაღაზიებში ასე ვყიდულობთ ბავშვებისთვის საჭირო ნივთებს.
წიგნები სულაკაურის გამომცემლობამ და „ბიბლუსმა“ გვაჩუქეს. ზოგჯერ თვითონ მოაქვთ პირადი ბიბლიოთეკიდან და გვჩუქნიან. ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ კამპანიაში.
ივერი აჭარაში პოულობს ოჯახებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, მე სამეგრელოში ვეძებ, მეზობლებიც გვაწვდიან ხოლმე ინფორმაციას, თუ ვის უჭირს სოფელში და ვის შეგვიძლია დავეხმაროთ.
ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში დავეხმარეთ ოჯახებს და კიდევ ვაგროვებთ ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაციას“- ამბობს ლაშა ჯანჯღავა.
სტუდენტების თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ბევრ ოჯახს შეუწყვიტა სოციალური შემწეობა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობა, ამიტომ ასეთ ოჯახებში ბავშვები კვლავ საჭიროებენ სოციალურ მხარდაჭერას.
„გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ოჯახში მეზობლები მოვიდნენ და მადლობა გადაგვიხადეს, რომ ამ ოჯახს დავეხმარეთ“- იხსენებს ლაშა.
ივერი შაინიძის თქმით, განათლების მხარდაჭერა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან „ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმამ არათუ ხელი შეუწყო, არამედ, პირიქით, ზიანი მიაყენა განათლების ხელმისაწვდომობას.
„ჩვენი მოძრაობა შეიქმნა ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ ვიცავთ ილიაუნს, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ილიაუნი დააზიანა ამ „რეფორმამ“. ასევე, ჩვენი მიზანია დავიცვათ განათლების უფლება ამ ქვეყანაში.
განათლების ხელმისაწვდომობა არის მთავარი, რადგან „ოცნება“ სწორედ ამ ხელმისაწვდომობას უშლის ხელს. ეს რეფორმა მარტო სტუდენტების წინააღმდეგ არ არის, ზოგადად ახალგაზრდების წინააღმდეგაა და ამიტომაც გვინდა ახალგაზრდების გაძლიერება.
გვსურს, რომ მარტო ნივთები კი არა, მხარდაჭერა დავანახოთ ამ ოჯახებს“- გვეუბნება ივერი შაინიძე.
ლაშა ჯანჯღავა კი მიიჩნევს, რომ მთავარია, ამ ბრძოლაში საკუთარი ძალების რწმენა.
„პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს რწმენა, რომ ამ რეფორმას გავაწვევინებთ და გავიმარჯვებთ. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ სტუდენტური მოძრაობა ამ მიმართულებით, გაჩერებას არ ვაპირებთ. განათლების მინისტრი მიქანაძე უნდა დაჯდეს სტუდენტებთან, პროფესორებთან და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს“ – ამბობს ლაშა.






