1 სექტემბრის ღამეს რუსეთი კიევში რკინიგზის დეპოს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.
თავდასხმის ადგილას ხანძარი გაჩნდა, რკინიგზის ორი მონაკვეთი დროებით დაიკეტა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულთაგან 6 დეპოს თანამშრომელია.
კიევის ცნობით, 1 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დარტყმა განახორციელა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით და 218 დრონით. დარტყმა 28 ადგილას დაფიქსირდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 199 სამიზნე გაანეიტრალა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ჯამში 12 ადამიანი, მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალაქე, დაიღუპა.
„რუსეთი მხოლოდ მაშინ აღწევს წარმატებას, როდესაც საჰაერო თავდაცვის საშუალებები არასაკმარისია. რუსული ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია ახალი დახმარების პაკეტზე“ – განაცხადა მან.






