რა პირობებით გადასცემს სახელმწიფო ასეულობით ჰექტარ მიწას კერძო ინვესტორს და რა ვალდებულებებს იღებენ მხარეები? რა სარგებელს მიიღებს ამ გარიგებიდან საზოგადოება და როგორია გარემოსდაცვითი თუ სოციალური რისკები? – სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისსა და გონიოში დაგეგმილი „იგლ-ჰილსის“ პროექტის ანალიზს აქვეყნებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ „იგლ-ჰილსის“ პროექტი ხორციელდება არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, მასში არ მონაწილეობს საზოგადოება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული.
„იგლ-ჰილსის“ პროექტის ირგვლივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეკითხვა უკავშირდება მისი განხორციელების მოდელს, რაც ინვესტორი კომპანიისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმოს კაპიტალში 800 ჰექტარზე მეტი სახელმწიფო მიწების შეტანას გულისხმობს.
შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ არის დაცული ამ პროცესში საჯარო ინტერესი და არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ სარგებლის მიღების გონივრული გარანტია.
საგულისხმოა, რომ მიწის ამ ფორმით განკარგვის ალტერნატივას წარმოადგენს მოდელი, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები საჯარო აუქციონის წესით სხვისდება, ბიუჯეტი იღებს შესაბამის ანაზღაურებას და, ამასთან, სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს სატენდერო პირობები, რომელიც ინვესტიციის მოცულობას, ხასიათს და სხვა პარამეტრებს შეეხება და საჯარო ინტერესის დაცვა ამ გზით უზრუნველყოს.
ეკონომისტების შეფასებით, ამ შემთხვევაში გამოყენებულ მოდელში – მიწების კომპანიისთვის პირდაპირ გადაცემა – სახელმწიფოს მხრიდან სარგებლის მიუღებლობის ან ნომინალური სარგებლის მიღების რისკი არსებობს როგორც პროექტის განხორციელების, ისე მისი ჩავარდნის შემთხვევაში.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფომ, ძვირადღირებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, პროექტის განხორციელების შემდეგ მიღებული მოგება უნდა გაინაწილოს. თუმცა ზოგიერთის აზრით, ეს მოდელი პრობლემურია, რამდენადაც ბუნდოვანია, ზუსტად რა მოგებას მიიღებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა მოგებას ერთობლივი საწარმო, რომლის წილებსაც სახელმწიფო ფლობს (არსებობს დაშვება, რომ მოგებას, უპირატესად, ოფშორებში რეგისტრირებული კონტრაქტორი, სამშენებლო კომპანიები მიიღებენ),“ – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევაში.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება შეფერხდება ან რამე მიზეზის გამო ჩავარდება, გაურკვეველია, რა მექანიზმები არსებობს საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად.
კვლევის ავტორები წერენ, რომ ხელშეკრულების გასაიდუმლოება შეუსაბამოა ინფორმაციის საჯაროობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის უფლებებთან.
„იგლ-ჰილს“-ის პროექტის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულების, სულ მცირე, ზოგადი დებულებები, რომელიც მხარეთა უფლება-მოვალეობებს ადგენს, კოდექსის განმარტებით კომერციული ღირებულების მქონე ინფორმაციად ვერ ჩაითვლება. მით უფრო, რომ მეორე მხარეს არსებობს გაცილებით წონადი საჯარო ინტერესი, რომელიც ხელშეკრულების ღიაობას მოითხოვს.
პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 800 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთების კომპანიისთვის გადაცემას, რაც უზარმაზარი საჯარო რესურსების კონკრეტული პროექტისთვის გამოყენებას ნიშნავს.
შესაბამისად, არსებითი საჯარო კონტრიბუციის ფონზე, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა პირობებით გადაეცა მიწა პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, როგორია ინვესტორის შემხვედრი ვალდებულებები, როგორ არის დაცული საჯარო ინტერესი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელება შეფერხდება, როგორია სახელმწიფოსთვის მიწის დაბრუნების პირობები და ა.შ.“ – ვკითხულობთ პროექტის ანალიზში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, წერს რომ „იგლ-ჰილს“-ის პროექტი სერიოზულ ეჭვებს ბადებს როგორც საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ისე საჯარო, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის თვალსაზრისით.
პირველ რიგში, პროექტის შემუშავებისას უხეშად დაირღვა გამჭვირვალობის და საჯაროობის მოთხოვნები.
„საინვესტიციო ხელშეკრულების“, „პარტნიორთა შეთანხმების“ და პროექტთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის სრულად კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა შეუთავსებელია როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ და გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან, ისე ორჰუსის კონვენციასთან.
კერძოდ, კომერციული საიდუმლოება ვერ იქნება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ავტომატური საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაციის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო მიწების განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი კონტროლის საგანი უნდა იყოს, ხოლო მათი გასაიდუმლოება შესაძლოა წარმოადგენდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას.
„მსგავსი გასაიდუმლოება მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს პროექტის ირგვლივ დამატებითი შეკითხვებისა და სპეკულაციების გაჩენას.
„იგლ-ჰილს“-ის ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებით იმთავითვე გამოირიცხა ინფორმირებული, ფაქტებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი დებატების შესაძლებლობა, რითაც დაზიანდა საჯარო ინტერესი.
დამატებით, ასევე, უნდა დაისვას შეკითხვა, რამდენად მიზანშეწონილია, ურბანული განვითარების ის მიმართულება, რომელსაც ეს პროექტი განასახიერებს. დანარჩენი ქალაქის სოციალური ქსოვილისგან მოწყვეტილი დახურული სამეზობლოები ხელს უწყობს სივრცით სეგრეგაციას მდიდრებსა და ღარიბებს შორის, აღრმავებს უთანასწორობას და ძირს უთხრის სოციალურ სოლიდარობას.
ეს შეკითხვა რელევანტურია, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ამგვარი განკერძოების ტენდენცია, საქართველოში მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსებით არ შემოიფარგლება და ვრცელდება სხვა სერვისებზეც, მათ შორის, სკოლებსა და ბაღებზეც.
შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც ის სოციალური ჯგუფი, რომელიც ფლობს ძალაუფლებას და რესურსებს, ეტაპობრივად ტოვებს საერთო სივრცეებსა და ინსტიტუტებს. „იგლ ჰილს“-ის პროექტიც ამ დინამიკის კიდევ უფრო უხეში გაგრძელებაა, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური მიწები, რომელსაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და ეკოლოგიური დატვირთვა აქვს, კერძო „ელიტურ“ საცხოვრებელ კომპლექსად იქცევა, რომელიც, უძრავი ქონების ღირებულების გათვალისწინებით, მოსახლეობის უმრავლესობას ჩანაფიქრშივე გამორიცხავს,“- ვკითხულობთ პროექტის ანალიზში.
მთავარ ფოტოზე: ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელ მოჰამედ ალი ალაბართან ერთად ხსნიან „იგლ ჰილს საქართველოს“ ოფისს. თბილისი, 2025 წლის 21 ოქტომბერი
ამავე თემაზე:
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ






