ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი
___
2026 წლის 24 აგვისტოს აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარმოადგინა კამპანია „Operation Economic Outcast“, რომელსაც „ეკონომიკური D-Day“ უწოდა. 60-ზე მეტი სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიზანია ირანის ნავთობის კონტრაბანდის, კრიპტოვალუტის არხებისა და რეგიონული დაჯგუფებების დაფინანსების შეჩერება.
ზომებმა ირანი საერთაშორისო საბანკო სისტემას მოწყვიტა, დააჩქარა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაზარდა ინფლაცია. რიგითი მოქალაქეებისთვის ამან საკვებსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, დანაზოგების გაუფასურება და სასიცოცხლო მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია.
რიტორიკა და სტრატეგიული ცვლილება „ატლანტიკური საბჭოს“ დისკუსიაზე, სადაც სანქციები შეაფასეს, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილმა კოორდინატორმა, ელჩმა დენიელ ფრიდმა აღნიშნა, რომ განცხადება შეიცავდა „მკვეთრ რიტორიკას, D-Day-ის შეფასებას და შედარებით მოკრძალებულ სანქციებს“.
მიუხედავად კრიტიკისა, რომ „რიტორიკამ ქმედებებს გაუსწრო“, ფრიდმა სამხედრო გზიდან ეკონომიკურ წნეხზე გადასვლას „უფრო მდგრადი სტრატეგია“ უწოდა, თუკი ვაშინგტონი ძალისხმევას ისეთ „არასაჭირო მიმართულებებზე არ გაფანტავს, როგორიც კანადაა“.
- ჩინეთის ფაქტორი და წნეხი პარტნიორებზე
„ატლანტიკური საბჭოს“ სანქციების ექსპერტმა, მაია ნიკოლაძემ ყურადღება გაამახვილა მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანული ნავთობის „80-დან 90%-მდე ჩინეთში გადის“, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები გადაიქცა „მთავარ სატრანზიტო და სანქციების [ჰაბად]“.
მისი თქმით, ეს ქვეყნები, თურქეთთან და ერაყთან ერთად, „მომავალში წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან“. ნიკოლაძემ ასევე აღნიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ „ირანის მიერ სანქციების არიდებას ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციებით“.
ფრიდმა განმარტა, რომ აუცილებელია მეორადი სანქციების მკაცრი აღსრულება: „ან ჩინეთს უპირისპირდები, ან სერიოზულად არ ხარ განწყობილი“. მან დასძინა, რომ პარტნიორებს აინტერესებთ: “მართლა სერიოზულად ფიქრობს ტრამპის ადმინისტრაცია, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?”
- სანქციების შესაძლებლობები და შეზღუდვები
თეირანი შეზღუდვების გვერდის ავლისთვის ჩრდილოვან ტანკერებსა და კრიპტოვალუტას იყენებს. ნიკოლაძის თქმით, სანქციები ეფექტურია „რეჟიმის შემოსავლების შესამცირებლად და დროთა განმავლობაში მისი ფინანსური დასუსტებისთვის“, თუმცა მან გააფრთხილა გადაჭარბებული მოლოდინების შესახებ: „არასწორი მოლოდინია იმის ფიქრი, რომ სანქციებს თავისთავად შეუძლია საზღვაო ბლოკადის დასრულება“.






