სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა.
მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ ხარჯებზეც, რაც სტუდენტის ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ახლავს – ბინის ქირა, კომუნალურები, საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან არ ეგონათ, რომ მათი შვილები მაღალმთიან აჭარაში მდებარე უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდნენ.
მათი ინფორმაციით, „ამ გაუგებრობაში“ ათობით სტუდენტი აღმოჩნდა. სტუდენტების ნაწილმა პირველ სექტემბერს განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანა და პრობლემის მოგვარება ითხოვა.
„გთხოვთ, დაგვეხმაროთ სწავლის გაგრძელებაში“ – წერია განცხადებაში, რომლის ავტორები სამინისტროს ორი სავარაუდო გამოსავალს სთავაზობენ:
- ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს მისცენ დაშვება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე. ეს არის ერთჯერადი გამონაკლისი იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეს ბარიერი, თუმცა ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხნენ;
- ხიჭაურის უნივერსიტეტმა სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს შესთავაზოს ონლაინ ან ჰიბრიდული სწავლება.
მშობლები, რომლებმაც სამინისტროში განცხადება ჩააბარეს, „ბათუმელებთან” საუბრისას ამბობენ, რომ უწყების წარმომადგენელმა, რომელიც მათ შეხვდა, გაესაუბრა და ოფიციალური განცხადებით მიმართვა ურჩია, მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გამორიცხა.
რაც შეეხება ჰიბრიდული სწავლების შესაძლებლობას, ამის შესახებ სამინისტროსგან პასუხს სტუდენტები და მათი მშობლები უახლოეს პერიოდში ელოდებიან.
„ვიყავი განათლების სამინისტროში, რომ როგორც მრავალშვილიანი დედა, როგორც თბილისში მაცხოვრებელი, გაგვითვალისწინონ.
ჩემთვის ძალიან რთულია – თბილისში ვმუშაობ, უმცროსი შვილები აქ მიდიან სკოლაში და უფროსი უნდა იყოს მოწყვეტილი სახლს. თან, ძალიან მეხმარებოდა პატარა ბავშვების მოვლაში – მიჰყავდა-მოჰყავდა. მე მესმის, რომ რეგიონებიდან თბილისშიც მოდიან სტუდენტები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ მარჯვენა ხელი რომ მოგაცალონ, იგივე იქნება. 4 შვილის დედობა ისედაც რთულია ფინანსურად და იქ თუ გავუშვი, ბინა უნდა ვუქირავო, კომუნალურები, საჭმელი ხომ უნდა?!
არ ვიცოდით მანამდე სად იყო ეს უნივერსიტეტი, არ ჩანდა ცნობარში. ამიტომ მოვყევით ამ გაუგებრობაში.
იქნებ მისცენ მეორადი ჩარიცხვის შანსი, როგორც სხვებს მისცეს. დისტანციური სწავლებაც მოსახერხებელი იქნება”, – ამბობს ხიჭაურის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხული ერთ-ერთი სტუდენტის დედა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
- რატომ შეიქმნა პრობლემა – სტუდენტების განმარტება
ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, აცხადებენ, რომ გაუგებრობა უნივერსიტეტის სახელწოდებამ გამოიწვია.
ხიჭაურის უნივერსიტეტს ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”. სტუდენტების ნაწილს ეს სახელწოდება აერია „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში”, რომელიც თბილისში მდებარეობს, ზოგიერთი სტუდენტი კი ამბობს, რომ რეგიონში მდებარე ყველა უნივერსიტეტის სახელწოდებაში მითითებულია მისი მდებარეობა და რადგან ამ შემთხვევაში ქალაქი დაკონკრეტებული არ იყო, ავტომატურად ჩათვალეს, რომ ეს უნივერსიტეტი თბილისში უნდა ყოფილიყო.
მაგალითად, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდებიდანვე ცხადია, რომ ის ბათუმში მდებარეობს.
ასევეა, მაგალითად, „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა“ და „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შემთხვევაში. ხიჭაურის უნივერსიტეტის სახელწოდებაში კი – როგორც მას არაფორმალურად უწოდებენ, არ არის ნახსენები სოფელი ხიჭაური, ან შუახევის მუნიციპალიტეტი.
„ყველა უნივერსიტეტს, რომელიც თბილისის გარეთ მდებარეობს, მითითებული აქვს, მაგალითად, ქალაქი ქუთაისი, გორი და ა.შ. ამას არ ჰქონდა მითითებული სად მდებარეობდა. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ თბილისი იყო და ჩავწერეთ. მანდ მოვხვდი. საერთოდ ამ ადგილის შესახებაც არ ვიცოდი, სად იყო.
ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ რაღაცას: არ ვამბობთ, რომ სწავლა არ გვინდა. უმაღლესი განათლების მიღება ყველას გვინდა. თუმცა, ჯერ ერთი, უნივერსიტეტი მდებარეობს საკმაოდ შორის. მეორე – ბინები აღარ არის დარჩენილი, რომ ვიქირავოთ. თუ უნივერსიტეტს უნდა ამდენი ბავშვის მიღება, ხომ უნდა გაითვალისწინონ სად იცხოვრებს ამდენი ადამიანი?! იქნებ დაუშვან, რომ ონლაინ იყოს სწავლება და გამოცდების პერიოდში ჩავიდეთ“, – ამბობს ნიკა გიგაური, რომელიც თბილისში ცხოვრობს, სწავლის გაგრძელებასაც თბილისში გეგმავდა, მაგრამ ხიჭაურის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
გარდა ამისა, სტუდენტები ამბობენ, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მათი პრიორიტეტი არ იყო და სარეიტინგო სიაში 1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილებზე იმ უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები მიუთითეს, სადაც სურდათ ჩარიცხვა. ძირითადად, საუბარია თბილისში მდებარე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ასევე – ტექნიკურ უნივერსიტეტზე.
ხიჭაურის უნივერსიტეტი სტუდენტებს პრიორიტეტული სიის ბოლოს ადგილებზე ეწერათ, ამიტომ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია არ მოიძიეს.
თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელსაც განათლების ექსპერტები ხშირად „განათლების დეფორმას“ უწოდებენ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კვოტები შემცირდა, რამაც გაზარდა კონკურენცია აბიტურიენტებს შორის, ამიტომ ბევრი სტუდენტი ვერ მიხვდა იმ უნივერსიტეტში, რომელიც მისი პრიორიტეტების სიაში 1-ელ, მე-2, ან მე-3 ადგილზე ჰქონდა მითითებული.
ასე აღმოჩნდა აბიტურიენტთა ნაწილი იმ უნივერსიტეტში, რომელიც სიაში „ყოველი შემთხვევისთვის“ ჩაწერა.
მაგალითად, მარი ხაბაზიშვილს პრიორიტეტულ ჩამონათვალში სულ 15 პროგრამა ჰქონდა მითითებული. მათგან 14 თბილისში მდებარე უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები იყო და მხოლოდ ერთი, როგორც მოგვიანებით აღმოაჩინა – შუახევის მუნიციპალიტეტში. მას წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მე-9 ადგილას ეწერა და სწორედ იქ მოხვდა.
ახლა მარი ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნა ჰიბრიდული სწავლების შესახებ არ დაკმაყოფილდება, დროებით გადავა საცხოვრებლად შუახევში, შემდეგ კი ეცდება მობილობით თბილისში მდებარე რომელიმე უნივერსიტეტში გადავიდეს.
„თავიდან მეგონა, რომ მარტო მე ვიყავი ასე, მაგრამ იმდენი გამოჩნდა – 100-ზე მეტნი ვართ, ვისაც ჩემსავით აერია, თუ არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არ გვაქვს ყველას ამდენი შესაძლებლობა ფინანსურად, ან თუნდაც ფსიქოლოგიურად, რომ იქ წავიდეთ და იქ ვისწავლოთ.
სამინისტროში როცა განცხადება დავტოვეთ, გვითხრეს, რომ რადგან ბევრი ხართ, შეიძლება რამე გეშველოთო. თუ ამ განცხადება რაიმე ცვლილება მოახდინა, ვთქვათ, ონლაინ რომ ჩავერთოთ და გამოცდების ჩასაბარებლად ჩავიდეთ, კარგი იქნება. თუ არა და, არ მინდა, რომ შრომა წყალში ჩამეყაროს და განათლების გარეშე დავრჩე. ალბათ, გადავალთ იქ და ვეცდები, რომ მობილობით გადმოვიდე მერე ისევ აქ“, – ამბობს მარი ხაბაზიშვილი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ სტუდენტები და მათი მშობლები განცხადებაზე პასუხს განხილვის შემდეგ მიიღებენ.
რაც შეეხება საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს, აქ როგორც კი გაიგეს, რომ „ბათუმელებიდან“ ვუკავშირდებოდით, მობილური გათიშეს და არც განმეორებით ზარებს და არც შეტყობინებებს აღარ უპასუხეს.
„ბათუმელები“ ესაუბრა განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას. ის მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება, თუ ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს ხელახალი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.
სიმონ ჯანაშია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მათთვის სასურველი პროგრამების შესარჩევად და პრიორიტეტების განსასაზღვრად წელს აბიტურიენტებს გაცილებით ნაკლები დრო ჰქონდათ და არაერთ შემთხვევაში, გაუგებარი იყო კონკრეტული პროგრამის ბედი.
„ღიად ამბობს ხალხი, რომ ვერ მიხვდნენ, რომ ეს იყო ზემო აჭარაში. სამართლიანი იქნება, რომ მისცენ ხელახლა რეგისტრაციის უფლება, როცა მეორად ჩარიცხვებს გააკეთებენ. სხვა საკითხია, არის თუ არა ადგილები იმ პროგრამებზე, რომლებზეც ეს აბიტურინენტები აბარებდნენ და ჩააბარეს. მაშინ სხვა რამე უნდა გაკეთდეს: ან კვოტები უნდა გაიზარდოს, ან უნივერსიტეტებს უნდა მისცენ უფლება, რომ თვითონ გადაანაწილონ ის ადგილები, რაც დარჩათ.
მაგალითად, თუ უნივერსიტეტს დარჩა ადგილები ფიზიკაზე, მაგრამ იქ არ უნდა ჩაბარება და უნდათ, ვთქვათ, სოციოლოგიაზე, სადაც აღარ არის ადგილები, უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს, გადაანაწილოს. ეს იქნება, ჩემი აზრით, სამართლიანი”, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. სტუდენტებს 2 კვირაზე ნაკლები აქვთ სამინისტროსგან პასუხის მიღებისა და გადაწყვეტილების მისაღებად.
ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლა 15 სექტემბერს იწყება.






